საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w96 3/1 გვ. 28-31
  • შეასრულე ქორწინების აღთქმა!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეასრულე ქორწინების აღთქმა!
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • საკითხები, რის შესახებაც უნდა დავფიქრდეთ
  • „შეასრულე აღთქმული“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • ცოლ-ქმრებო, ხელი შეუწყვეთ თქვენი ოჯახის ბედნიერებას!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • სიხარული პოვეთ ქორწინებაში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
w96 3/1 გვ. 28-31

შეასრულე ქორწინების აღთქმა!

ქორწილის დღე სიხარულით აღსავსე დღეა. ეს დღე, აგრეთვე ძალიან სერიოზულ საკითხთან არის დაკავშირებული. ნეფე და პატარძალი საზეიმოდ დებენ აღთქმას, რომელიც მათი ცხოვრების შემდგომ ნაწილზე მოახდენს გავლენას. ქორწილზე მოწვეული სტუმრები, ამ საზეიმო აღთქმის მოწმეებს წარმოადგენენ, მაგრამ ყველაზე მთავარი მოწმე არის იეჰოვა ღმერთი.

ბიბლია არ მოითხოვს განსაკუთრებულ რიტუალებს ან სპეციალურ საქორწინო ცერემონიას. მაგრამ, რადგან ვიცით ღვთისგან არის დადგენილი, ჩვეულებისამებრ ქორწილის დროს საზეიმო აღთქმის წარმოთქმა ხდება რელიგიური ცერემონიალისას. წლების მანძილზე იეჰოვას მოწმეები დაქორწინებისას წარმოთქვამდნენ შემდეგ აღთქმას: „მე, — —, ვაცხადებ, რომ ვქორწინდები შენზე — —, რომ შენ იყო ჩემი მეუღლე (ცოლი/ქმარი), მეყვარები, სათუთად ვიზრუნებ შენზე (პატარძალი: და ღრმა პატივს მოგაგებ) ღვთიური კანონის თანახმად, როგორც წმინდა წერილშია მოხსენიებული ქრისტიანი (ქმრებისთვის/ცოლებისთვის), მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში დედამიწაზე ღმერთის მიერ დადგენილი ქორწინების ღონისძიებასთან შეთანხმებულად“a.

საკითხები, რის შესახებაც უნდა დავფიქრდეთ

თუ შენ გადაწყვეტილი გაქვს ოჯახის შექმნა, სასარგებლო იქნებოდა, რომ სანამ ქორწილის დღე იქნება, დაუფიქრდე ამ აღთქმის სიღრმესა და მნიშვნელობას. სოლომონმა თქვა: „ნუ გისწრებს ენა და გული შენი ნუ გაჩქარის სიტყვის წარმოთქმას ღვთის წინაშე“ (ეკლესიასტე 5:1). როგორ უნდა მოიქცე, თუ უკვე დაქორწინებული ხარ? შენთვის სასარგებლო იქნება, თუ იფიქრებ საზეიმო აღთქმის იმ უდიდესი მნიშვნელობის შესახებ, რომელიც იეჰოვას წინაშე წარმოთქვი. ასრულებ თუ არა მას? ქრისტიანები თავიანთ აღთქმას დიდი სერიოზულობით ეკიდებიან. შემდეგ სოლომონი ამბობს: „რასაც აღუთქვამ, აღუსრულე. სჯობს არ აღუთქვა, ვიდრე აღთქმული არ აღუსრულო. ნუ ათქმევინებ შენს ბაგეებს ისეთ სიტყვას, რომ ცოდვაში ჩაიგდო თავი; ნურც იმართლებ თავს ანგელოსის წინაშე, შევცდიო“ (ეკლესიასტე 5:3–5).

ქორწინების აღთქმის ყოველი ფრაზის განხილვა, ეჭვგარეშეა, უფრო მეტ ცოდნას შეგძენს ამ საზეიმო აღთქმის შესახებ.

„მე — — ვქორწინდები შენზე“: ამ სიტყვებით იწყება აღთქმა. ეს ფრაზა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შენ საკუთარ თავზე იღებ პასუხისმგებლობას, რადგან გადაწყვიტე ოჯახის შექმნა.

ქრისტიანულ ორგანიზაციაში არავითარი ბიბლიური ვალდებულება არ არსებობს დაქორწინებისთვის. თავად იესო ქრისტე არ იყო დაქორწინებული და სხვებსაც ურჩევდა დაუქორწინებელნი ყოფილიყვნენ, თუკი ‘შეძლებდნენ შეთვისებას’ (მათე 19:10–12). მეორე მხრივ, იესოს მოციქულებიდან უმრავლესობა დაქორწინებული იყო (ლუკა 4:38; 1 კორინთელთა 9:5). ნათელია, რომ დაქორწინების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ადამიანის პირადი საკითხია. არც ერთ ადამიანს არა აქვს საღვთო წერილიდან გამომდინარე უფლება, რომ დააძალოს სხვას დაქორწინება.

მაშასადამე, თავად შენზეა პასუხისმგებლობა, გადაწყვიტო დაქორწინება. ამისათვის შენ ირჩევ პიროვნებას, ვისთანაც გსურს ოჯახის შექმნა. როდესაც შენ ამბობ ქორწინების აღთქმას, სიტყვებით: „მე ვქორწინდები შენზე —,“ შენ ქორწინდები, ანუ ღებულობ ამ პიროვნებას ყველა თავისი ღირსებით და ასევე მრავალი ნაკლით.

დროთა განმავლობაში, ალბათ, შენი მეუღლის ხასიათში აღმოაჩენ წინასწარ გაუთვალისწინებელ მხარეებს. შესაძლოა, დროდადრო იმედგაცრუებაც იგრძნო. ბიბლია ამბობს: „ვინაიდან ყველამ შესცოდა. . . მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელთა 3:23). ასე რომ, გესაჭიროება მიაღწიო შეთანხმებას, იმისთვის რომ შეეგუო მეუღლეს. ეს, შესაძლოა, ძნელი იყოს და შესაძლოა, დროდადრო ხელიც კი ჩაიქნიო. მაგრამ გახსოვდეს, ქორწინების აღთქმა დაიდო იეჰოვას თანდასწრებით. ის დაგეხმარება, მიაღწიო წარმატებას.

„რომ შენ იყო ჩემი მეუღლე (ცოლი/ქმარი)“: პირველი ქორწილისას, როდესაც ევა მიუყვანა ადამს, იეჰოვამ უთხრა მათ, რომ ‘ერთხორცად ყოფილიყვნენ’ (დაბადება 2:24; მათე 19:4–6). ამგვარად, საქორწინო კავშირი არის უახლოესი ურთიერთობა, რომელიც ორ ადამიანს შორის არსებობს. ქორწინების შემდეგ იძენ ახალ ახლობელს. შენ აირჩიე ერთი პიროვნება, რომ დაქორწინდე მასზე და იყოს შენი „ცოლი“ ან „ქმარი“. ეს არაფრით არ ჰგავს სხვა ნებისმიერ ურთიერთობას. ისეთმა საქციელმა, რომელიც სხვებთან ურთიერთობისას, შესაძლოა, ცოტა საწყენი იყოს, დაქორწინებულ წყვილში შეიძლება უდიდესი გულისტკივილი გამოიწვიოს.

მაგალითისთვის გავიხსენოთ ბიბლიაში მოცემული რჩევა, რომელიც ჩაწერილია ეფესელთა 4:26-ში. ბიბლია ამბობს: „განრისხდით, ოღონდ ნუ შესცოდავთ: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე“. შესაძლოა, ყოველთვის ისე სწრაფად ვერ გადაგიწყვეტია პრობლემა ნათესავებსა და მეგობრებთან, როგორც უნდა გადაგეწყვიტა. მაგრამ შენი მეუღლე უფრო ახლობელია შენთვის, ვიდრე სხვა ნებისმიერი ნათესავი ან მეგობარი. თუ სასწრაფოდ არ გადაწყვეტ პრობლემას შენს მეუღლესთან, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობას.

ხომ არ რთავ ნებას საკუთარ თავს, რომ რაღაც უთანხმოება შენსა და შენს მეუღლეს შორის გადაიზარდოს წყენისა და გაღიზიანების უწყვეტ წყაროდ? რამდენიმე დღის მანძილზე ხომ არ გრძელდება გაუგებრობა და წყენა? შენი აღთქმა რომ შეასრულო, როდესაც პრობლემების წინაშე აღმოჩნდები, არ დაუშვა, დღემ ისე ჩაიაროს, რომ მშვიდობიანი ურთიერთობა არ აღადგინო შენს მეუღლესთან. ეს ნიშნავს, მიუტევო და დაივიწყო ყველაფერი ისე, რომ გაიცნობიერო საკუთარი დანაშაული და შეცდომები (ფსალმუნი 50:5; ლუკა 17:3, 4).

„მეყვარები“: ნეფის აღთქმაა, რომ „ეყვარება და იზრუნებს“ თავის პატარძალზე. ეს სიყვარული ასევე აღსავსე უნდა იყოს რომანტიკული სიყვარულით, რის საფუძველზეც ისინი დაუახლოვდნენ ერთმანეთს. მაგრამ რომანტიკული სიყვარული საკმარისი არ არის. სიყვარულის აღთქმა, რომელსაც ქრისტიანი წარმოთქვამს თავისი მეუღლის წინაშე უფრო ღრმა არის და ფართო.

ეფესელთა 5:25-ში ნათქვამია: „მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის“. იესოს სიყვარული თავისი კრების მიმართ, რა თქმა უნდა, არ არის ის რომანტიკული სიყვარული, რომელიც ორი სხვადასხვა სქესის ადამიანს შორის არსებობს. საღვთო წერილში გამოყენებული სიტყვები, „მოსიყვარულე“ და „საყვარელი“, წარმოიშვა სიტყვიდან „ა·გა΄პე“, რაც შეეხება სიყვარულს, რომელსაც ნორმები ხელმძღვანელობს. ბიბლია უბრძანებს ქმრებს, რომ გამოავლინონ მტკიცე, პირდაპირი, მოთმინებით აღსავსე სიყვარული თავიანთი ცოლების მიმართ.

ეს არ არის მხოლოდ ემოციების გამოხატვა: „მე მიყვარხარ იმიტომ, რომ შენ გიყვარვარ“. ქმარი უფრო ცოლის კეთილდღეობისთვის იღწვის, ვიდრე საკუთარი თავის და ცოლებსაც მსგავსად უნდა უყვარდეთ თავიანთი ქმრები (ფილიპელთა 2:4). პარტნიორის მიმართ ღრმა სიყვარულის განვითარება დაგეხმარება, რომ შეასრულო ქორწინების აღთქმა.

„სათუთად ვიზრუნებ“: ერთ-ერთი ლექსიკონის თანახმად ზრუნვა ნიშნავს, რომ „შენთვის ძვირფასი პიროვნების მიმართ იგრძნო ან გამოავლინო სიყვარული“. სიყვარული უნდა გამოხატო როგორც სიტყვებით, ასევე საქმეებით! ქალს განსაკუთრებით ესაჭიროება ქმრისგან ყოველთვის სიყვარულის გამოვლენა. მეუღლემ შეიძლება შესანიშნავად იზრუნოს ქალის ფიზიკურ მოთხოვნილებებზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მრავლადაა ისეთი ქალები, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან საკვებითა და კომფორტაბელური ბინებით, მაგრამ უკიდურესად უბედურები არიან, რადგან უყურადღებოდ არიან მიტოვებული მეუღლის მიერ ან სავსებით უგულებელყოფილი არიან.

სხვა მხრივ, ქალს, რომელმაც იცის, რომ მეუღლეს უყვარს და ზრუნავს მასზე, აქვს საფუძველი, იყოს ბედნიერი. რასაკვირველია, იგივე შეიძლება ითქვას ქმარზეც. ნამდვილი სიყვარული უსაზღვროდ იზრდება, როდესაც სრული გულწრფელობით ავლენ სიყვარულს. სოლომონის „ქებათა ქებაში“ მიჯნური მწყემსი ამბობს: „რაოდენ საამოა შენი ალერსი, სძალო, დაო ჩემო! რაოდენ ტკბილია შენი ალერსი, ღვინის უმჯობესი!“ (ქებათა ქება 4:10).

„ღრმა პატივს მოგაგებ“: საუკუნეების განმავლობაში არსებობდნენ მამაკაცები, რომლებიც აუპატიურებდნენ და ამცირებდნენ მრავალ ქალს. თვით დღესაც, ჟურნალი „მსოფლიო ჯანდაცვა“ (World Health) აღნიშნავს, რომ „ქალებზე ძალადობა ხდება ყველა ქვეყანაში, ყველა სოციალურ და ეკონომიკურ ფენაში. მრავალი ერის ადათ-წესის თანახმად, ცოლების ფიზიკური შეურაცხყოფა მამაკაცის უფლებაში შედის“. მრავალი მამაკაცი, შესაძლოა, არც არის დამნაშავე ასეთ მოქმედებებში. მაგრამ, ჯერ კიდევ შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი მათგანი ვერ ავლენს გულწრფელ ინტერესს იმ საკითხების მიმართ, რაც ქალებს შეეხება. შედეგად, მრავალ ქალს უარყოფითი თვალსაზრისი აქვს მამაკაცების მიმართ. მრავალი ამბობს: „მე მიყვარს ჩემი მეუღლე, მაგრამ არ შემიძლია პატივისცემის გრძნობა მქონდეს მის მიმართ!“

იეჰოვა ღმერთი აფასებს ისეთ ქალს, რომელიც ისწრაფის, მეუღლის პატივისცემისკენ — თვით იმ შემთხვევაშიც, თუკი ქმრის მოქმედებით იმედგაცრუებულია. ქალმა უნდა იცოდეს, რომ მამაკაცს აქვს ღვთისგან ბოძებული დანიშნულება, ანუ მდგომარეობა (1 კორინთელთა 11:3; ეფესელთა 5:23). ქმრის მიმართ ღრმა პატივისცემის გრძნობა თაყვანისმცემლობის ნაწილია და იეჰოვასადმი მორჩილების გამოვლენა. ღმერთი არ ივიწყებს ღვთისმოშიში ქალის მორჩილებას (ეფესელთა 5:33; 1 პეტრე 3:1–6; შეადარე ებრაელთა 6:10).

ქორწინებაში ურთიერთპატივისცემა უნდა გამოვლინდეს და ეს პატივისცემა უნდა დაიმსახუროს თითოეულმა და არა თავისთავად უნდა მოელოდეს ან მოითხოვდეს. მაგალითად, სარკასტული ან აგრესიული ხასიათის საუბარს ქორწინებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. სიყვარულისა და პატივისცემის გამომხატველი არ იქნებოდა დამამცირებელი კომენტარები ქმრის ან ცოლის შესახებ. სიკეთის მომტანი არ იქნებოდა თუკი მეუღლის ნაკლზე სხვების თანდასწრებით ისაუბრებდი ან საჯაროდ გამოიტანდი მეუღლის უარყოფით მხარეებს. თვით ხუმრობაშიც შეიძლება რომელიმე მათგანმა მეუღლის მიმართ გამოავლინოს უდიდესი უპატივცემლობა. ეფესელთა 4:29, 32-ში ჩაწერილი სიტყვები ეხება როგორც ქმარს, ასევე ცოლსაც. ბიბლია ამბობს: „არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი აღსაშენებლად. . . იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს“.

„ღვთიური კანონის თანახმად, როგორც წმინდა წერილშია მოხსენიებული“: ღმერთს სურს, რომ ჩვენ ვისარგებლოთ არჩევნისა და მოქმედების თავისუფლებით. დაქორწინებულ წყვილს ცხოვრების მოსაწყობად იეჰოვა არ ადებს ამოუწურავი კანონების მძიმე ტვირთს. მაგრამ ისევ და ისევ ჩვენი კეთილდღეობისთვის, მან მოგვცა სახელმძღვანელო მითითებები.

დღეს უხვადაა ქორწინებასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი ლიტერატურა და მრავალ ადამიანს აქვს საკუთარი ფილოსოფია. მაგრამ ფრთხილად იყავი! ქორწინებასთან დაკავშირებით არსებობს ისეთი ინფორმაციები, რომლებიც ეწინააღმდეგება ბიბლიას.

გაითვალისწინე ისიც, რომ სხვადასხვა წყვილში ვითარებებიც სხვადასხვანაირია. დაქორწინებული წყვილები რაღაცით თოვლის ფანტელებს ჰგვანან; შორიდან ისინი ერთნაირები ჩანან, მაგრამ ახლოდან თითოეული უნიკალური და ერთმანეთისგან განსხვავებულია. თავად შენი და შენი მეუღლის შეთავსებული ცხოვრება არ არის აბსოლუტურად მსგავსი სხვა ნებისმიერი წყვილისა. ნუ აჩქარდები გაითვალისწინო სხვების პირადი თვალსაზრისი. რადგან ადამიანის მიერ დადგენილი არც ერთი ფორმულა არ შეესაბამება ყველა დაქორწინებულს!

ზემოთქმულისგან განსხვავებით, ბიბლიაში მოცემული მითითებები ჭეშმარიტი და მისაღებია. პავლე მოციქული წერდა: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში“ (2 ტიმოთე 3:16; ფსალმუნი 118:151). თუ შენ კითხულობ ბიბლიას და მის სწავლებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებ, შესძლებ შეასრულო ქორწინების აღთქმა (ფსალმუნი 118:105).

„მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში დედამიწაზე“: ეს სიტყვები მიუთითებს დიდი ხნის მანძილზე ერთად ყოფნას. ღმერთმა ბრძანა, რომ „მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს“ (დაბადება 2:24). იეჰოვას სურს რომ ცოლ-ქმარი ერთად იყოთ. ერთად ემსახუროთ ღმერთს. ერთად ისწავლოთ ღვთის სიტყვა. დაგეგმოთ დრო, რომ ერთად ისეირნოთ, ერთად დასხდეთ, ერთად მიირთვათ საჭმელი. სიამოვნება იგრძნოთ ერთად ცხოვრებით!

ზოგიერთი წყვილი ცდილობს გამოყოს დრო ერთმანეთთან საუბრისთვის. თვით მრავალწლიანი ერთად ცხოვრების დროსაც ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ერთობა.

„ღმერთის მიერ დადგენილი ქორწინების ღონისძიებასთან შეთანხმებულად“: ქორწინება ღვთის მიერ ბოძებული ძღვენია, თვით იეჰოვამ დაადგინა ქორწინება (იგავნი 19:14). თუ არ ითვალისწინებ მის დადგენილებას, ეს ზიანს მიაყენებს არა მარტო ბედნიერ ქორწინებას, არამედ თვით შენს ურთიერთობასაც შემოქმედთან. გარდა ამისა, როდესაც როგორც ქმარი, აგრეთვე ცოლიც ავითარებს კარგ ურთიერთობას იეჰოვასთან, — რაც მისი ღონისძიების მიმართ მორჩილებაში ვლინდება, — მათ ექნებათ მშვიდობიანი ურთიერთობა როგორც სხვებთან, ასევე ურთიერთ შორისაც (იგავნი 16:7).

არასოდეს დაგავიწყდეს, რომ იეჰოვა შენი ქორწინების აღთქმის მთავარი მოწმეა. შეეცადე კვლავაც შეასრულო ეს საზეიმო აღთქმა და შენი ქორწინება იეჰოვა ღმერთისთვის დიდებისა და ქების მომტანი წყარო იქნება!

[სქოლიო]

a ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლოა აუცილებელი იყოს ამ აღთქმის სათანადო ვერსია იმისთვის, რომ ადგილობრივ კანონებს შეესაბამებოდეს (მათე 22:21). უმეტეს ქვეყნებში ქრისტიანი წყვილები იყენებენ ზემოხსენებულ აღთქმას.

[ჩანართი 31-ე გვერდზე]

დაქორწინებული წყვილები რაღაცით თოვლის ფანტელებს ჰგვანან; შორიდან ისინი ერთნაირები ჩანან, მაგრამ ახლოდან თითოეული უნიკალური და ერთმანეთისგან განსხვავებულია.

[საავტორო უფლება]

Snow Crystals/Dover

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება