მოძველებულია თუ არა მარხვა?
„მოზარდობის ასაკიდან ყოველ ორშაბათს ვმარხულობ“, — ამბობს მრუდულაბენი, მდიდარი 78 წლის ინდოელი ქალი. ეს დღემდე არის მისი თაყვანისმცემლობის ნაწილი, ბედნიერი ქორწინების, ჯანმრთელი შვილებისა და მისი ქმრის დაცვის გარანტიის საშუალება. ახლა ის ქვრივია და აგრძელებს ორშაბათობით მარხვას კარგი ჯანმრთელობისა და თავისი შვილების წარმატებებისთვის. მის მსგავსად, ინდუიზმის მიმდევარ ქალთა უმრავლესობა რეგულარულად მარხვას თავისი ცხოვრების ნაწილად იხდის.
პრაკაში, საშუალო ასაკის ბიზნესმენი, რომელიც ინდოეთში მუმბაის (ბომბეის) გარეუბანში ცხოვრობს, ამბობს, რომ ყოველწლიურად სავანის (შრავანის) ორშაბათს მარხულობს. ინდუიზმის კალენდრით სავანი განსაკუთრებული, რელიგიურად მნიშვნელოვანი თვეა. პრაკაში ამბობს: „მარხვა რელიგიურ საფუძველზე დავიწყე, მაგრამ ახლა დამატებით სტიმულს მისი გაგრძელებისთვის ჯანმრთელობის საკითხი მაძლევს. მუსონის დასასრულს, სავანის დადგომამდე, მარხვა ჩემს ორგანიზმს საშუალებას აძლევს, თავისთავად განიწმინდოს წვიმიანი სეზონისთვის დამახასიათებელი დაავადებებისგან.
ზოგს მიაჩნია, რომ მარხვა ადამიანს ფიზიკურად, გონებრივად და სულიერად ეხმარება. მაგალითად, ერთ-ერთი ენციკლოპედია იუწყება: „ახლახან ჩატარებული მეცნიერული კვლევა-ძიების შედეგად ვარაუდობენ, რომ მარხვა შეიძლება გამომაჯანსაღებელი იყოს, და როცა მას ზედმიწევნით იცავ, ამან შეიძლება გამოიწვიოს აღქმისა და რეაგირების უნარის გაუმჯობესება“ (Grolier International Encyclopedia). ამბობენ, რომ ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი ათი ან მეტი დღის განმავლობაში მარხულობდა, ხოლო მათემატიკოსი პითაგორა თავის მოწაფეებს სწავლების დაწყების წინ აშიმშილებდა.
ზოგიერთისთვის მარხვა ნიშნავს დადგენილი დროის განმავლობაში საკვებისა და წყლისაგან სრულ თავშეკავებას, მაშინ, როცა სხვები მარხვის განმავლობაში ღებულობენ სითხეებს. ბევრისთვის მარხვა გარკვეულ საკვებზე უარის თქმას ან ყოველგვარი საკვებისგან თავშეკავებას ნიშნავს. მაგრამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში უკონტროლო მარხვა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს. ჟურნალისტი პარულ შეთი ამბობს, რომ სხეულში ნახშირწყლების მარაგის გამოლევის შემდეგ კუნთებში არსებული ცილები გადაიქცევა გლუკოზად, ხოლო შემდეგ ჯერი მიდგება სხეულში არსებულ ცხიმებზე. ცხიმების გლუკოზად გარდაქმნის დროს გამოიყოფა ტოქსიკური პროდუქტები, რომლებსაც კეტონური სხეულები ეწოდება. როცა სხეულში გროვდება კეტონური სხეულები, ისინი გადადიან თავის ტვინში და აზიანებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას. „ამ დროს შეიძლება მარხვა საშიში აღმოჩნდეს, — ამბობს შეთი. — შენ შეიძლება გონება აგერიოს, ორიენტაცია დაკარგო და უარესიც დაგემართოს. . . [ამან შეიძლება გამოიწვიოს] კომა და ბოლოს სიკვდილი“.
საშუალება და რიტუალი
მარხვას იყენებენ პოლიტიკური თუ სოციალური მიზნების მისაღწევ მძლავრ იარაღად. გამოჩენილი ინდოელი პიროვნება, რომელმაც იცოდა, თუ როგორ გამოეყენებინა ეს საშუალება, იყო მოჰანდას კ. განდი. ის სარგებლობდა ასობით მილიონი ადამიანის დიდი პატივისცემით და მან მარხვა გამოიყენა, რათა დიდი გავლენა მოეხდინა ინდოეთში 4მცხოვრებ ინდუსებზე. მუშებსა და ფაბრიკის მფლობელებს შორის, კონფლიქტის გადაჭრის მიზნით, თავისი ერთ-ერთი მარხვის აღწერისას, განდიმ თქვა: „ამის საბოლოო შედეგი იყო საყოველთაო კეთილმოსურნეობის ატმოსფერო. ფაბრიკის მფლობელთა გული მოლბა. . . გაფიცვა შეწყდა მას შემდეგ, რაც მე მხოლოდ სამი დღით ვიშიმშილე“. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ნელსონ მანდელა პოლიტიკური პატიმრობის წლებში მონაწილეობას ღებულობდა ხუთდღიან შიმშილობაში.
მიუხედავად ამისა, მათი უმრავლესობა, ვინც მარხულობს, ამას რელიგიურ საფუძველზე აკეთებს. მარხვა ინდუიზმში ცნობილი რიტუალია. წიგნი „მარხვა და დღესასწაულები ინდოეთში“ (Fast and Festivals of India) ამბობს, რომ გარკვეულ დღეებში „სრულიად მარხულობენ. . . წყალსაც კი არ სვამენ. როგორც კაცები, ასევე ქალები მკაცრად იცავენ მარხვას. . . რათა მიიღონ ბედნიერება, წარმატება და დანაშაულისა და ცოდვების პატიება“.
მარხვა ფართოდ არის გავრცელებული ჯაინიზმში. ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია: «ჯაინიზმის მიმდევარი ბომბეელი [მუმბეელი] „მუნი“ [ბრძენი] 201 დღის განმავლობაში დღეში მხოლოდ ორ ჭიქა ადუღებულ წყალს სვამდა. მან დაიკლო 33 კილოგრამი» (The Sunday Times of India Review). ზოგი იმ დონემდეც კი მარხულობს, რომ სიკვდილის პირამდე მიდის და დარწმუნებულია, რომ ეს ხსნას მოუტანს.
ჩვეულებრივ, ისლამის მიმდევარი მოზრდილი მამაკაცი ვალდებულია, იმარხულოს რამაზანის თვეში. მთელი თვის განმავლობაში, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, არავითარი საჭმლისა და წყლის მიღება არ შეიძლება. ყველამ, ვინც ავად არის ან მგზავრობაშია ამ პერიოდის განმავლობაში, სხვა დროს უნდა იმარხულოს იმავე რაოდენობის დღეებში. „დიდი მარხვა“, 40 დღიანი პერიოდი, რომელიც წინ უძღვის აღდგომას, არის მარხვის დრო ქრისტიანული სამყაროს ზოგიერთი წარმომადგენლისთვის, აგრეთვე განსაკუთრებულ დღეებში მრავალი სხვა რელიგიური ორდენის წევრები იცავენ მარხვას.
მარხვას, სინამდვილეში, არსებობა არ შეუწყვეტია. და, ვინაიდან დღესაც ის ასე მრავალი რელიგიის ნაწილია, შეიძლება დავსვათ კითხვა: მოითხოვს თუ არა მას ღმერთი? არის შემთხვევები, როცა ქრისტიანს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ იმარხულოს? შეიძლება ეს სასარგებლო იყოს? ეს საკითხები განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.
[სურათი 3 გვერდზე]
ჯაინიზმში მარხვას სულის ხსნის საშუალებად მიიჩნევენ.
[სურათი 4 გვერდზე]
მოჰანდას კ. განდი მარხვას პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების მოსაგვარებლად იყენებდა.
[სურათი 4 გვერდზე]
ისლამში რამაზანის თვეში მარხვა სავალდებულოა.
[საავტორო უფლება]
Garo Nalbandian