რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
„ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია“ (1 იოანე 5:3).
1, 2. რატომ არ არის გასაკვირი, რომ ღმერთს მოთხოვნები აქვს მათდამი, ვისაც მოსაწონად სურს მისადმი თაყვანისმცემლობა?
„ჩემი რელიგია სავსებით მაკმაყოფილებს!“ განა ამას არ ამბობენ ხშირად ადამიანები? მაგრამ, სინამდვილეში, კითხვა ასეთი უნდა იყოს: „სიამოვნებს ღმერთს ჩემი რელიგია?“ დიახ, ღმერთს მოთხოვნები აქვს მათდამი, ვისაც სურს თაყვანისცემით ასიამოვნოს მას. განა უნდა გვიკვირდეს ეს? სიმართლე რომ ვთქვათ, არა. წარმოიდგინე, რომ გაქვს მშვენიერი სახლი, რომლის სულ ახლახან განახლება ძვირი დაგიჯდა. დაუშვებდი, რომ ნებისმიერს ეცხოვრა იქ? რასაკვირველია, არა! ვინც არ უნდა ყოფილიყო მდგმური, მას შენი მოთხოვნების გაცნობა მოუწევდა.
2 მსგავსად ამისა, იეჰოვამ ადამიანთა ოჯახს დედამიწა მისცა სახლად. მისი სამეფოს მმართველობით დედამიწა მალე „განახლებული“ იქნება — გადაიქცევა შესანიშნავ სამოთხედ. იეჰოვა შეასრულებს ამას. მან საკუთარი ძე შეწირა ამის განსახორციელებლად, რაც ძალიან ძვირად დაუჯდა. ნამდვილად, ღმერთს უნდა ჰქონდეს მოთხოვნები მათ მიმართ, ვინც იქ იცხოვრებს! (ფსალმუნი 113:24; მათე 6:9, 10; იოანე 3:16).
3. როგორ შეაჯამა სოლომონმა, რას მოელის ღმერთი ჩვენგან?
3 როგორ შეგვიძლია გავიგოთ, რა მოთხოვნები აქვს ღმერთს? იეჰოვამ შთააგონა ბრძენ მეფე სოლომონს, რომ შეეჯამებინა ის, რასაც ღმერთი ჩვენგან მოელის. იმ ყველაფერზე ფიქრის შემდეგ, რასაც ეძებდა — სიმდიდრის, სამშენებლო პროექტების, მუსიკალური ინტერესებისა და რომანტიკული სიყვარულის ჩათვლით — სოლომონმა შეიგნო: „მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი“ (ეკლესიასტე 12:13).
„მისი მცნებები მძიმე როდია“
4–6. ა) რას ნიშნავს სიტყვასიტყვით ბერძნულიდან გადმოთარგმნილი სიტყვა „მძიმე“? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვთის მცნებები მძიმე არ არის?
4 „დაიცავი მცნებანი მისნი“. ძირითადად, სწორედ ამას მოელის ღმერთი ჩვენგან. ძალიან ბევრს ხომ არ მოითხოვს? არავითარ შემთხვევაში. მოციქული იოანე რაღაც ძალიან დამარწმუნებელს გვეუბნება ღვთის მცნებებზე, ანუ მოთხოვნებზე. მან დაწერა: „ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია“ (1 იოანე 5:3).
5 ბერძნულიდან გადმოთარგმნილი სიტყვა, „მძიმე“, სიტყვასიტყვით ნიშნავს „ძნელს“. ის შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რაც ძნელი შესაგუებელი ან რთული შესასრულებელია. მათეს 23:4-ში ის გამოყენებულია ‘მძიმე ტვირთის’, ადამიანის შექმნილი კანონებისა და ადათ-წესების აღსაწერად, რომლებსაც მწიგნობრები და ფარისევლები ხალხს აკისრებდნენ. თუ სწვდები იმ დასკვნას, რომელიც ხნიერმა მოციქულმა იოანემ გამოიტანა? ღვთის მცნებები მძიმე ტვირთი არ არის, არც მათი შესრულებაა ძალიან რთული (შეადარე მეორე რჯული 30:11). პირიქით, თუ გვიყვარს ღმერთი, მისი მოთხოვნების შესრულება გვაბედნიერებს. ეს ძვირფას შესაძლებლობას გვაძლევს, გამოვავლინოთ ჩვენი სიყვარული იეჰოვასადმი.
6 ღვთისადმი სიყვარულის გამოსავლენად ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვიცოდეთ, რას მოელის ის ჩვენგან. მოდი, ახლა განვიხილოთ ღვთის მოთხოვნებიდან ხუთი. ამის გაკეთებისას გვახსოვდეს, რაც იოანემ დაწერა: ‘ღვთის მცნებები მძიმე არ არის’.
მიიღე შემეცნება ღვთის შესახებ
7. რაზე არის დამოკიდებული ჩვენი გადარჩენა?
7 პირველი მოთხოვნა არის ღვთის შესახებ შემეცნების მიღება. განვიხილოთ იოანეს მე-17 თავში ჩაწერილი იესოს სიტყვები. აღწერილია დედამიწაზე იესოს ყოფნის ბოლო ღამე. თავისი წასვლის გამო საღამოს უმეტესი ნაწილი მან მოციქულების მომზადებას დაუთმო. ის მათ მომავალზე, მარადიულ მომავალზე, ზრუნავდა. მან ცას მიაპყრო თვალები და ილოცა მათთვის. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ (ინგლ.) მიხედვით, მესამე მუხლში ვკითხულობთ: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ იღებდნენ შემეცნებას შენს შესახებ, ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის შესახებ, და ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს შესახებ“. დიახ, მათი გადარჩენა დამოკიდებული იყო ღვთისა და ქრისტეს შესახებ ‘შემეცნების მიღებაზე’. ეს ჩვენც გვეხება. გადარჩენისთვის ჩვენ ასეთი შემეცნება უნდა გვქონდეს.
8. რას ნიშნავს ღვთის შესახებ ‘შემეცნების მიღება’?
8 რას ნიშნავს ღვთის შესახებ ‘შემეცნების მიღება’? ‘შემეცნების მიღებად’ გადმოთარგმნილი ბერძნული სიტყვა ნიშნავს „გაცნობას, შეგნებას“ ან „სრულად გაგებას“. აგრეთვე დაუკვირდი, რომ თარგმანში „იღებდნენ შემეცნებას“, იგულისხმება, რომ ეს უწყვეტი პროცესია. ამრიგად, ღვთის შესახებ შემეცნების მიღება მის გაცნობას ნიშნავს, მაგრამ ზერელეს კი არა, არამედ ღრმა შეცნობას, მასთან გულისხმიერი მეგობრობის განვითარებით. ღმერთთან ხანგრძლივ დამოკიდებულებას მოაქვს არნახულად მზარდი შემეცნება მის შესახებ. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს მარადიულად, რადგან ჩვენ ვერასდროს შევიცნობთ იეჰოვას ბოლომდე (რომაელთა 11:33).
9. რის სწავლა შეგვიძლია იეჰოვას შესახებ შემოქმედების წიგნიდან?
9 როგორ ვეცნობით ღმერთს? ამ საკითხში დასახმარებლად არსებობს ორი წიგნი. პირველი შემოქმედების წიგნია. იეჰოვას შემოქმედების ნაყოფი — სულიერი და უსულო — გარკვეულწილად გვაგებინებს, როგორი პიროვნებაა ის (რომაელთა 1:20). განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. დიდებული ჩანჩქერის ხმაური, აღელვებული ზვირთების მძიმე დაცემა, ნათელ ღამეს ვარსკვლავებით მოფენილი ცის ხედი — განა ყოველივე ეს არ გვასწავლის, რომ იეჰოვა ‘ყოვლადძლიერი’ ღმერთია? (ესაია 40:26). ბავშვის სიცილი, როცა ლეკვის კუდის თამაშს ან ძაფის გორგალთან მოთამაშე კნუტს უყურებს — განა ეს არ გვიჩვენებს, რომ იეჰოვას, ‘ბედნიერ ღმერთს’, იუმორის გრძნობა აქვს? (1 ტიმოთე 1:11). გემრიელი კერძის გემო, მდელოში ყვავილების სასიამოვნო სურნელი, ნაზი პეპლის მკვეთრი ფერები, გაზაფხულზე ჩიტების ჭიკჭიკი, საყვარელი ადამიანის ალერსიანი მოხვევა — განა ყოველივე ამის შემხედვარეს, არ გვესმის, რომ ჩვენი შემოქმედის, სიყვარულის ღმერთის, სურვილია, დავტკბეთ სიცოცხლით? (1 იოანე 4:8).
10, 11. ა) რომელ საკითხებს ვერ ვისწავლით იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ შემოქმედების წიგნიდან? ბ) რომელ კითხვებზე პასუხობს მხოლოდ ბიბლია?
10 მაგრამ იმაში, რის შესწავლაც იეჰოვას შესახებ შემოქმედების წიგნიდან შეგვიძლია, საზღვარი არსებობს. მაგალითად: რა ჰქვია ღმერთს? რატომ შექმნა მან დედამიწა და დაასახლა მასზე ადამიანები? რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას? რა მოგველის მომავალში? ასეთ კითხვებზე პასუხისთვის უნდა მივმართოთ სხვა წიგნს — ბიბლიას, რომელიც იუწყება ღვთის შესახებ. მის ფურცლებზე იეჰოვა გვატყობინებს საკუთარი თავის შესახებ, მათ შორის საკუთარი სახელის, პიროვნებისა და განზრახვების შესახებ — გვატყობინებს ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვერანაირი სხვა წყაროდან ვერ მივიღებთ (გამოსვლა 34:6, 7; ფსალმუნი 83:18 აქ, [82:19, სსგ]; ამოსი 3:7).
11 აგრეთვე, საღვთო წერილის საშუალებით იეჰოვა გვიზიარებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შემეცნებას სხვა პირებთან დაკავშირებით, რომლებსაც უნდა ვიცნობდეთ. მაგალითად, ვინ არის იესო ქრისტე და რა როლს თამაშობს იეჰოვას განზრახვების შესრულებაში? (საქმეები 4:12). ვინ არის სატანა ეშმაკი? როგორ აცდუნებს ადამიანებს? როგორ შეგვიძლია ავარიდოთ თავი, რომ არ გვაცდუნოს? (1 პეტრე 5:8). ამ კითხვებზე სიცოცხლის გადამრჩენი პასუხების პოვნა შეიძლება მხოლოდ ბიბლიაში.
12. როგორ ახსნიდი, რატომ არ არის მძიმე ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ შემეცნების მიღება?
12 ძნელია თუ არა მივიღოთ შემეცნება ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ? რასაკვირველია, არა! შეგიძლია გაიხსენო, რას გრძნობდი, როცა პირველად გაიგე, რომ ღვთის სახელი არის იეჰოვა, რომ მისი სამეფო აღადგენს სამოთხეს დედამიწაზე, რომ ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად მან თავისი საყვარელი ძე შესწირა და კიდევ სხვა ძვირფასი ჭეშმარიტებები? განა არ ჰგავდა ეს უცოდინარობის საფარის გადაწევასა და პირველად სიცოცხლეში საკითხების ნათლად დანახვას? ღვთის შესახებ შემეცნების მოპოვება არ არის მძიმე. ის სასიამოვნოა! (ფსალმუნი 1:1–3; 118:97).
შევესაბამებოდეთ ღვთის ნორმებს
13, 14. ა) რა ცვლილებების მოხდენა გვჭირდება ცხოვრებაში ღვთის შესახებ შემეცნების მიღებისას? ბ) რომელი უწმინდური ჩვევებისგან მორიდებას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
13 როგორც კი ვეცნობით ღმერთს, ვხვდებით, რომ ცხოვრებაში ცვლილებები უნდა შევიტანოთ. ამას მეორე მოთხოვნასთან მივყავართ. ჩვენ უნდა შევესაბამებოდეთ ღვთის ნორმებს სწორ ყოფაქცევასთან დაკავშირებით და მივიღოთ მისი ჭეშმარიტება. რა არის ჭეშმარიტება? ნამდვილად აქვს მნიშვნელობა ღვთისთვის, თუ რა გვწამს და რას ვაკეთებთ? აშკარაა, რომ დღეს მრავალი ადამიანი არ ფიქრობს ასე. 1995 წელს ანგლიკანური ეკლესია თავის გამოქვეყნებულ ცნობაში გამოთქვამდა აზრს, რომ წყვილის დაუქორწინებლად ცხოვრება არ უნდა ითვლებოდეს ცოდვად. «გამოთქმა „ცოდვილი ცხოვრება“ სახელის გამტეხია და არაფერს ეხმარება», — გამოაცხადა ერთ-ერთი ეკლესიის მღვდელმა.
14 მაშ, „ცოდვილი ცხოვრება“ აღარ არის ცოდვა? იეჰოვა საკმაოდ გარკვევით გვეუბნება, რას ფიქრობს ასეთ ყოფაქცევაზე. მისი სიტყვა, ბიბლია, აცხადებს: „ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი — შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს“ (ებრაელთა 13:4). შესაძლოა, ლიბერალი მღვდლებისა და ეკლესიის მრევლის თვალში ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი არ წარმოადგენდეს ცოდვას, მაგრამ ღვთის თვალში ეს სერიოზული ცოდვაა! და ასეთივე ცოდვაა მრუშობა, სისხლის აღრევა და ჰომოსექსუალიზმი (ლევიანნი 18:6; 1 კორინთელთა 6:9, 10). ღმერთი მოითხოვს, რომ მოვერიდოთ ჩვევებს, რომლებსაც უწმინდურად თვლის.
15. როგორ შეიცავს ღვთის მოთხოვნები სხვებისადმი ჩვენს მოპყრობასა და ჩვენს რწმენას?
15 მაგრამ საკმარისი არ არის, მოვერიდოთ ჩვევებს, რომლებსაც ღმერთი ცოდვად თვლის. ღვთის მოთხოვნები ასევე სხვებთან ჩვენს მოპყრობას ეხება. ის მოელის, რომ ოჯახში ცოლ-ქმარს სიყვარული და ურთიერთპატივისცემა ჰქონდეთ. მშობლებისგან ღმერთი მოითხოვს, რომ შვილების მატერიალურ, სულიერ და ემოციურ მოთხოვნილებებზე იზრუნონ. შვილებს ის ეუბნება, რომ მშობლების მორჩილი იყვნენ (იგავნი 22:6; კოლასელთა 3:18–21). ხოლო რის თქმა შეიძლება ჩვენს რწმენაზე? იეჰოვა ღმერთს სურს, მოვერიდოთ ისეთ რწმენასა და წეს-ჩვეულებებს, რომლებიც თავის დასაბამს ცრუ თაყვანისმცემლობაში იღებს ან ეწინააღმდეგება სუფთა ჭეშმარიტებას, რომელიც ბიბლიამ გვასწავლა (მეორე რჯული 18:9–13; 2 კორინთელთა 6:14–17).
16. ახსენი, რატომ არ არის მძიმე, შევესაბამებოდეთ სწორ ყოფაქცევასთან დაკავშირებულ ღვთის ნორმებს და ვიღებდეთ მის ჭეშმარიტებას.
16 მძიმეა, შევესაბამებოდეთ ღვთის ნორმებს სწორ ყოფაქცევასთან დაკავშირებით და მისი ჭეშმარიტება მივიღოთ? არა, როცა კარგ შედეგებს განვიხილავთ — მაგალითად: ცოლქმრობას, რომელშიც ორივეს უყვარს და ორივე ენდობა ერთმანეთს, ნაცვლად ისეთი ცოლქმრობისა, რომელსაც ღალატი ანგრევს; ოჯახებს, სადაც ბავშვები გრძნობენ, რომ მშობლებს უყვართ და სურთ, ჰყავდეთ ისინი, ნაცვლად იმ ოჯახებისა, სადაც ბავშვები არ უყვართ, სადაც მათ უგულებელყოფენ და არ სურთ; სუფთა სინდისსა და კარგ ჯანმრთელობას, ნაცვლად დანაშაულის გრძნობისა და შიდს-ით ან სქესობრივი კავშირით გადამდები რომელიმე სხვა დაავადების შედეგად გაუბედურებული სხეულისა. უეჭველია, იეჰოვას მოთხოვნები არაფერს გვაკლებს, რაც სიცოცხლისგან სიამოვნების მისაღებად გვჭირდება! (მეორე რჯული 10:12, 13).
გამოავლინე პატივისცემა სიცოცხლისა და სისხლისადმი
17. როგორ უყურებს იეჰოვა სიცოცხლესა და სისხლს?
17 როცა ცხოვრებას ღვთის ნორმებს უთანხმებ, უფრო აფასებ, თუ რა ძვირფასია სიცოცხლე სინამდვილეში. ამიტომ, მოდი განვიხილოთ ღვთის მესამე მოთხოვნა. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ პატივისცემა სიცოცხლისა და სისხლისადმი. იეჰოვასთვის სიცოცხლე წმინდაა. და ასეც უნდა იყოს, რადგან ის არის სიცოცხლის წყარო (ფსალმუნი 35:10). წარმოიდგინე, რომ დედის მუცელში მყოფი ბავშვის სიცოცხლეც კი ძვირფასია იეჰოვასთვის! (გამოსვლა 21:22, 23). მაგრამ სიცოცხლეს სისხლი წარმოადგენს. ამიტომ, სისხლიც წმინდაა ღვთის თვალში (ლევიანნი 17:14). აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს ღვთის მოლოდინი, რომ ჩვენც მის მსგავსად ვუყურებდეთ სიცოცხლესა და სისხლს.
18. რას მოითხოვს ჩვენგან იეჰოვას თვალსაზრისი სიცოცხლესა და სისხლთან დაკავშირებით?
18 რას მოითხოვს ჩვენგან სიცოცხლისა და სისხლისადმი პატივისცემა? როგორც ქრისტიანები, ჩვენ არ მივდივართ ზედმეტ რისკზე მხოლოდ სასიამოვნო განცდებისთვის. ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ უსაფრთხოებაზე და ამიტომ ვრწმუნდებით ჩვენი მანქანებისა და სახლების უსაფრთხოებაში (მეორე რჯული 22:8). ჩვენ არც თამბაქოს ვიყენებთ, არც ბეტელის კაკალს ვღეჭავთ და არც ჩვევის გამომწვევი ან გონების ამრევი ნარკოტიკებით ვსარგებლობთ სიამოვნების მიღების მიზნით (2 კორინთელთა 7:1). რადგან ვუსმენთ ღვთის სიტყვას, ‘თავი შევიკავოთ სისხლისგან’, არ ვრთავთ ნებას ჩვენს სხეულში სისხლის გადასასხმელად (საქმეები 15:28, 29). თუმცა გვიყვარს დღევანდელი სიცოცხლე, ჩვენ არ შევეცდებით მის შენარჩუნებას ღვთის კანონის დარღვევითა და, ამგვარად, მარადიული სიცოცხლის პერსპექტივის საფრთხეში ჩაგდებით! (მათე 16:25).
19. ახსენი, რა სარგებლობას ვიღებთ სიცოცხლისა და სისხლისადმი პატივისცემის გამოვლენით.
19 ძალიან მძიმეა, მოვეპყროთ სიცოცხლესა და სისხლს, როგორც წმინდებს? სულაც არა! დაფიქრდი. მძიმეა, არ გვქონდეს ფილტვების სიმსივნე, რომელსაც თამბაქოს მოწევა იწვევს? მძიმეა, გავექცეთ გონებრივ და ფიზიკურ მიდრეკილებას მავნე ნარკოტიკებისადმი? მძიმეა, დავიცვათ თავი შიდს-ისგან, ჰეპატიტის ან სხვა რომელიმე დაავადებისგან, რომელიც სისხლის გადასხმის შედეგად გადადის? ნათელია, მავნე წესებისა და ჩვევებისგან თავის არიდება ჩვენთვის არის სასარგებლო (ესაია 48:17).
20. როგორი სარგებლობა ნახა ერთმა ოჯახმა სიცოცხლესთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისის გათვალისწინებით?
20 განვიხილოთ ასეთი მაგალითი. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ დას, იეჰოვას მოწმეს, რომელიც ორსულობის დაახლოებით მეოთხე თვეში იყო, ერთ საღამოს ძლიერი სისხლდენა დაეწყო და სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. გასინჯვის შემდეგ მას მოესმა ექიმის ლაპარაკი, რომელიც ერთ-ერთ ექთანს ეუბნებოდა, რომ ორსულობა შესაწყვეტი იქნებოდა. რადგან ქალმა იცოდა იეჰოვას თვალსაზრისი ჯერ არ შობილი ბავშვის სიცოცხლესთან დაკავშირებით, მან მტკიცედ უარყო აბორტი და ექიმს უთხრა: „თუ ცოცხალია, დატოვეთ!“ მას შემდეგ, დროდადრო, ის სისხლის დენით იტანჯებოდა, მაგრამ რამდენიმე თვეში მან ნაადრევად შვა ჯანმრთელი ბიჭუნა, რომელიც ახლა 17 წლისაა. შემდეგ ის ჰყვებოდა: „ყოველივე ეს ჩვენს ბიჭს ვუამბეთ და მას ძალიან გაუხარდა, რომ სანაგვეზე გადასაგდებად არ გაიმეტეს. მან იცის, რომ იეჰოვასადმი მსახურება ერთადერთი მიზეზია, რომლის გამოც ცოცხალია“. ამ ოჯახისთვის სიცოცხლეზე ღვთის თვალსაზრისის გათვალისწინება მართლაც არ იყო მძიმე!
იეჰოვას ორგანიზებულ ხალხთან მსახურება
21, 22. ა) ვისთან მოელის ჩვენს თანამშრომლობას იეჰოვა? ბ) როგორ შეიძლება ღვთის ორგანიზებული ხალხის ამოცნობა?
21 მხოლოდ ჩვენ არ გვიწევს ცვლილებების მოხდენა, რომ ჩვენი ცხოვრება ღვთის ნორმებს შევუსაბამოთ. იეჰოვას ჰყავს დედამიწაზე ხალხი და ის მოელის, რომ ჩვენ ამ ხალხთან ერთად ვემსახუროთ მას. ეს მეოთხე მოთხოვნაზე მიგვითითებს. ჩვენ უნდა ვემსახუროთ იეჰოვას მის ორგანიზაციასთან ერთად, რომელსაც მისივე სული ხელმძღვანელობს.
22 მაგრამ, როგორ შეიძლება ღვთის ორგანიზებული ხალხის ამოცნობა? საღვთო წერილში მოცემული ნორმების თანახმად, მათ ნამდვილად უყვართ ერთმანეთი, ისინი ღრმა პატივისცემით ეპყრობიან ბიბლიას, განადიდებენ ღვთის სახელს, ქადაგებენ მის სამეფოზე და არ არიან ამ ბოროტი ქვეყნიერების ნაწილი (მათე 6:9; 24:14; იოანე 13:34, 35; 17:16, 17). დედამიწაზე არსებობს მხოლოდ ერთი რელიგიური ორგანიზაცია, რომელსაც ჭეშმარიტი ქრისტიანობის ყველა ეს ნიშან-თვისება აქვს — იეჰოვას მოწმეები!
23, 24. როგორ შეგვიძლია თვალსაჩინოდ ვაჩვენოთ, რომ იეჰოვას ორგანიზებულ ხალხთან მსახურება მძიმე არ არის?
23 ძალიან მძიმეა, ვემსახუროთ იეჰოვას მის ორგანიზებულ ხალხთან ერთად? რასაკვირველია, არა! პირიქით, ძვირფასი უპირატესობაა, გვქონდეს ქრისტიანი და-ძმებისგან შემდგარი მსოფლიო ოჯახის სიყვარული და მხარდაჭერა (1 პეტრე 2:17). წარმოიდგინე, რომ გადაიტანე გემის დაღუპვა და წყალში ჩავარდნის მომენტიდან ყველანაირად ცდილობ ზედაპირზე დარჩენას. როცა გრძნობ, რომ ვეღარ ძლებ, მაშველი ნავიდან ხელი გწვდება. დიახ, იქ სხვა გადარჩენილები არიან! მაშველ ნავში ნიჩბის მოსმით ახლა შენ და სხვები მიდიხართ ნაპირისკენ და გზადაგზა სხვა გადარჩენილები ამოგყავთ.
24 განა ჩვენ მსგავს მდგომარეობაში არა ვართ? ამ ბოროტი ქვეყნიერების სახიფათო „წყლებიდან“ ჩვენ იეჰოვას მიწიერი ორგანიზაციის „მაშველ ნავში“ ამოგვიყვანეს. ჩვენ ვმსახურობთ მასში და, ამავე დროს, მივიწევთ სამართლიანი ახალი ქვეყნიერების „ნაპირებისკენ“. თუ ცხოვრების სიძნელეები ჩვენს დაღლილობას იწვევს, როგორი მადლიერები უნდა ვიყოთ ჭეშმარიტი თანაქრისტიანებისგან დახმარებისა და ნუგეშისთვის! (იგავნი 17:17).
25. ა) რა გვავალია მათდამი, ვინც ჯერ კიდევ ამ ბოროტი ქვეყნიერების „წყლებშია“? ბ) ღვთის რომელი მოთხოვნა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?
25 მაგრამ, რის თქმა შეიძლება სხვებზე — გულწრფელ ადამიანებზე, რომლებიც ჯერ „წყალში“ არიან? განა არ გვავალია, დავეხმაროთ იეჰოვას ორგანიზაციაში შესასვლელად? (1 ტიმოთე 2:3, 4). მათ სჭირდებათ დახმარება, რომ ისწავლონ ღვთის მოთხოვნები. აქედან გამომდინარეობს ღვთის მეხუთე მოთხოვნა. ჩვენ უნდა ვიყოთ ღვთის სამეფოს ურყევად ერთგული მაუწყებლები. ხოლო რასაც ეს მოთხოვნა ეხება, განვიხილავთ მომდევნო სტატიაში.
გახსოვს თუ არა?
◻ რატომ არ არის ღვთის მოთხოვნები მძიმე?
◻ როგორ ვიღებთ შემეცნებას ღვთის შესახებ?
◻ რატომ არ არის მძიმე, შევესაბამებოდეთ ღვთის ნორმებს სწორ ყოფაქცევასთან დაკავშირებით და ვიღებდეთ მის ჭეშმარიტებას?
◻ რას მოითხოვს ჩვენგან ღვთის თვალსაზრისი სიცოცხლესა და სისხლთან დაკავშირებით?
◻ ვისთან თანამშრომლობას მოელის ღმერთი ჩვენგან თავისადმი მსახურებაში და როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ისინი?
[სურათი მე-18 გვერდზე]
იეჰოვას შესახებ ჩვენ ვსწავლობთ შემოქმედების წიგნიდან და ბიბლიიდან.
[საავტორო უფლება მე-18 გვერდზე]
ნიანგი: ავსტრალიის საერთაშორისო საზოგადოებრივი კავშირის ნებართვით; დათვი: რამათ-განის (თელ-ავივი) ზოოლოგიური ბაღი („Safari-Zoo“).