ბიოეთიკა და უსისხლო ქირურგია
ბოლო წლებმა მედიცინის სფეროში უპრეცედენტო მიღწევები გვაჩვენა. მაგრამ ზოგმა წარმატებამ, თუმცა სამედიცინო პრობლემები გადაჭრა, ეთიკური პრობლემები წარმოშვა.
ექიმებმა უნდა აწონ-დაწონონ ისეთი დილემები, როგორიცაა: ზოგჯერ შეწყვეტილი უნდა იქნას თუ არა დაჟინებული სამედიცინო მკურნალობა, რათა პაციენტს შეეძლოს საკუთარი ღირსების გრძნობით მოკვდეს? უნდა უგულებელყოს ექიმმა პაციენტის გადაწყვეტილება, თუ გრძნობს, რომ ეს პაციენტისთვის ყველაზე სასარგებლოა? როგორ უნდა იქნას ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნორმირებული, როცა ძვირად ღირებული მკურნალობა ყველასთვის არაა ხელმისაწვდომი?
ასეთმა რთულმა საკითხებმა ფოკუსში მოაქცია სამედიცინო სფერო, რომელსაც ბიოეთიკა ეწოდება. ამ სპეციალობის მიზანია, დაეხმაროს ექიმებსა და მეცნიერებს, განიხილონ ბიოლოგიური გამოკვლევებისა და მედიცინაში წარმატებების ეთიკური მნიშვნელობა. რამდენადაც საავადმყოფოებში ბევრი მეტად ძნელი გადაწყვეტილება მიიღება, მრავალმა საავადმყოფომ ბიოეთიკური კომიტეტები დააარსა. ჩვეულებრივ, კომიტეტის წევრები — ექიმებისა და იურისტების ჩათვლით — ესწრებიან ბიოეთიკის სემინარებს, სადაც მედიცინაში არსებული ეთიკური პრობლემები ანალიზდება.
ასეთ სემინარებზე ხშირად წამოჭრილი კითხვებიდან ზოგი ასეთია: რამდენად უნდა სცენ პატივი ექიმებმა იეჰოვას მოწმეების შეხედულებებს, რომლებიც, უმთავრესად რელიგიური მიზეზებით, უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე? უნდა გაუკეთოს ექიმმა გადასხმა პაციენტს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ სამედიცინო თვალსაზრისით ეს „მიზანშეწონილად“ გამოიყურება? ეთიკური იქნებოდა ასეთი მოქმედება პაციენტის გათვითცნობიერების გარეშე, თითქოს „ის, რაც პაციენტმა არ იცის, გულს არ ატკენს მას“?
ასეთი საკითხების სათანადოდ მოსაგვარებლად ექიმებს ესაჭიროებათ იეჰოვას მოწმეთა თვალსაზრისის ობიექტური გაგება. თავის მხრივ, იეჰოვას მოწმეებს ძლიერ სურთ, ექიმებს საკუთარი მტკიცე პოზიცია აუხსნან, რადგან ესმით, რომ ურთიერთგაგებას დაპირისპირების არიდება შეუძლია.
აზრთა შეთანხმება
პროფესორ დიეგო გრასიას, ბიოეთიკის ცნობილ ესპანელ სპეციალისტს, სურდა, რომ მის ჯგუფს ჰქონოდა ასეთი დიალოგი. „სავსებით მართებულია, რომ თქვენ [იეჰოვას მოწმეებს] მოგეცეთ შესაძლებლობა, გამოთქვათ თქვენი საზრუნავი. . . იმ სიძნელეების მხედველობაში მიღებით, რაც სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით გაქვთ,“ — თქვა პროფესორმა.
ამიტომ 1996 წლის 5 ივნისს იეჰოვას მოწმეთა სამი წარმომადგენელი მიიწვიეს მადრიდის (ესპანეთი) კომპლუტენსის უნივერსიტეტში, რათა აეხსნათ თავიანთი შეხედულება. შეხვედრას ესწრებოდა დაახლოებით 40 ექიმი და სხვა სპეციალისტი.
მოწმეთა მიერ გაკეთებული მოკლე პრეზენტაციის შემდეგ სხდომა შეკითხვებით გაიხსნა. ყველა დამსწრე დაეთანხმა, რომ სრულწლოვან პაციენტს უფლება უნდა ჰქონდეს, უარი თქვას გარკვეულ სამედიცინო მკურნალობაზე. ჯგუფს აგრეთვე მიაჩნდა, რომ გადასხმა არასოდეს უნდა ხდებოდეს პაციენტის გათვითცნობიერების შემდეგ მიღებული თანხმობის გარეშე. მიუხედავად ამისა, მათ აინტერესებდათ მოწმეთა პოზიციის ზოგი მხარე.
ერთი საკითხი ფულთან იყო დაკავშირებული. ზოგჯერ უსისხლო ქირურგიაში შედის სპეციალური მოწყობილობა, როგორც, მაგალითად, ლაზერული ქირურგია, აგრეთვე ძვირად ღირებული მედიკამენტები, როგორიცაა ერითროპოეტინი, რომელიც სისხლის წითელი უჯრედის წარმოშობის სტიმულირებისთვის გამოიყენება. ერთ ექიმს აფიქრებდა, რომ მოწმეები იაფად ღირებულ არჩევანზე (ჰომოლოგიურ სისხლზე) უარს ამბობდნენ, და, შესაძლებელია, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებისგან განსაკუთრებულ პრივილეგიებს მოელიან.
თუმცა აღიარებენ, რომ ფული აუცილებელი ფაქტორია, რომელიც ექიმებმა მხედველობაში უნდა მიიღონ, მოწმეთა წარმომადგენელმა მოიხსენია გამოქვეყნებული გამოკვლევები, რომლებიც ჰომოლოგიური სისხლის გადასხმის გაუთვალისწინებელ ხარჯებს აანალიზებს. ამაში შედის გადასხმით გამოწვეულ გართულებათა მკურნალობა, აგრეთვე ასეთი გართულებების შედეგად გამოწვეული ზარალი. მან ციტატა მოიყვანა შეერთებული შტატების მეცნიერული ნაშრომიდან, რომელიც აჩვენებს, რომ, თუმცა სისხლის საშუალო ერთეულის თავდაპირველი ფასი მხოლოდ 250 ამერიკული დოლარია, სინამდვილეში ჯდება 1300 ამერიკულ დოლარზე მეტი — საწყის თანხაზე ხუთზე მეტჯერ ძვირი. მან აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, ყველა ფაქტორის მხედველობაში მიღებით, უსისხლო ქირურგია მომგებიანია. გარდა ამისა, უსისხლო ქირურგიის ეგრეთ წოდებული დამატებითი ხარჯის დიდ ნაწილს ის აღჭურვილობა შეადგენს, რომელიც ვარგისია კვლავ გამოყენებისთვის.
მეორე საკითხი, რამდენიმე ექიმის თვალსაზრისით, თანამორწმუნეების ზეგავლენას ეხებოდა. რა მოხდებოდა, — აინტერესებდათ მათ, — თუ ყოყმანის შემდეგ მოწმე სისხლის გადასხმაზე დათანხმდებოდა? მოკვეთავდნენ მას მოწმეთა საზოგადოებიდან?
პასუხი დამოკიდებული იქნებოდა რეალურ სიტუაციაზე, ვინაიდან ღვთის კანონის დაუმორჩილებლობა, რასაკვირველია, სერიოზული საკითხია — საკითხი, რომელიც კრების უხუცესებმა უნდა განიხილონ. მოწმეების სურვილი იქნებოდა, დახმარებოდნენ ნებისმიერ პიროვნებას, რომელმაც სიცოცხლისთვის სახიფათო ქირურგიული ტრავმა გადაიტანა და გადასხმაზე დათანხმდა. შესაძლებელია, ასეთი მოწმე თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და აწუხებდა თავისი ურთიერთობა ღმერთთან. ასეთ პიროვნებას შეიძლება დახმარება და გაგება ესაჭიროებოდეს. რამდენადაც ქრისტიანობის არსი სიყვარულია, უხუცესებს ექნებოდათ სურვილი, როგორც ყველა სამართლებრივ საქმეში, სიმტკიცე წყალობასთან გაეწონასწორებინათ (მათე 9:12, 13; იოანე 7:24).
„ხომ არ შეცვლით თქვენს ეთიკურ პოზიციას უახლოეს მომავალში? — იკითხა ბიოეთიკის პროფესორმა, რომელიც შეერთებული შტატებიდან იყო ჩამოსული. — უკანასკნელ წლებში სხვა რელიგიები აკეთებდნენ ამას“.
მას უთხრეს, რომ მოწმეთა პოზიცია სისხლის სიწმინდესთან დაკავშირებით მტკიცე მრწამსია და არა პერიოდულად გადასახედი ეთიკური თვალსაზრისის საგანი. ნათელი ბიბლიური ბრძანება ადგილს არ ტოვებს კომპრომისისთვის (საქმეები 15:28, 29). ასეთი ღვთიური კანონის დარღვევა ისეთივე მიუღებელი იქნებოდა მოწმისთვის, როგორც კერპთაყვანისმცემლობისა და სიძვის შეწყნარება.
იეჰოვას მოწმეები დიდად აფასებენ მადრიდში ბიოეთიკის სემინარზე დამსწრეთა მსგავსი ექიმების მზადყოფნას — პატივი სცენ მათ გადაწყვეტილებას, რომ ეძებონ ალტერნატიული მკურნალობა, რომელიც მათ ბიბლიაზე დაფუძნებულ რწმენასთან თანხმობაშია. უეჭველია, ბიოეთიკა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთდამოკიდებულების გაუმჯობესებაში და პაციენტის სურვილებისადმი უფრო დიდი პატივისცემით მოპყრობაში.
ცნობების თანახმად, გამოჩენილმა ესპანელმა ექიმმა თქვა, რომ ექიმებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი „არასრულყოფილი ხელსაწყოებითა და შეცდომებს დაქვემდებარებული საშუალებებით მუშაობენ“. ამიტომ მათ ესაჭიროებათ იმის „დაჯერება, რომ სიყვარული ყოველთვის უნდა ვლინდებოდეს იქ, სადაც ცოდნა ვერ სწვდება“.