ფუნდამენტალიზმი რა არის ის?
საიდან წარმოიშვა ფუნდამენტალიზმი? წინა საუკუნის დასასრულს თავისუფლად მოაზროვნე თეოლოგები ცვლიდნენ თავიანთ მრწამსს ევოლუციის მსგავს მეცნიერულ თეორიებთან ბიბლიის კრიტიკის შესათანხმებლად. ამის შედეგად ბიბლიისადმი ადამიანთა ნდობა შეირყა. ასეთ მოვლენებზე შეერთებული შტატების კონსერვატიული რელიგიური წინამძღოლების გამოხმაურება გამოვლინდა იმის დაარსებით, რასაც რწმენის ფუნდამენტებიa უწოდეს. XX საუკუნის დასაწყისში ამ ფუნდამენტების საკითხზე მსჯელობა მათ რიგ ბროშურებში გამოაქვეყნეს სათაურით „ფუნდამენტები: ჭეშმარიტების დამოწმება“ (The Fundamentals: A Testimony to the Truth). ტერმინი „ფუნდამენტალიზმი“ სწორედ ამ სათაურიდან წარმოიშვა.
XX საუკუნის პირველ ნახევარში ფუნდამენტალიზმი დროდადრო დისკუსიების საგანი ხდებოდა. მაგალითად, 1925 წელს ტენესის შტატის (აშშ) სკოლის მასწავლებელი ჯონ სკოფსის წინააღმდეგ რელიგიურმა ფუნდამენტალისტებმა სასამართლო პროცესი აღძრეს, რომელიც „სკოფსის სასამართლო პროცესად“ გახდა ცნობილი. რაში შედგებოდა მისი დანაშაული? ის ევოლუციას ასწავლიდა, რაც შტატის კანონს ეწინააღმდეგებოდა. იმ დროს ზოგი ფიქრობდა, რომ ფუნდამენტალიზმი დიდხანს არ იარსებებდა. პროტესტანტულმა ჟურნალმა 1926 წელს გამოაცხადა, რომ ის „ყალბი, ხელოვნური“ და „შემოქმედებით მიღწევებსა თუ ხანგრძლივობის მიმანიშნებელ თვისებებს სრულიად მოკლებული“ იყო (Christian Century). რა მცდარი იყო ეს შეფასება!
ჩვენი საუკუნის 70-იანი წლებიდან ფუნდამენტალიზმი მუდამ ახალი ამბების საგანს წარმოადგენს. კალიფორნიის (აშშ) სრული საღვთისმეტყველო სემინარიის პროფესორი მიროსლავ ვოლფი ამბობს: „ფუნდამენტალიზმი არა მხოლოდ გადარჩა, არამედ აყვავდა კიდეც“. დღეს სიტყვა „ფუნდამენტალიზმი“, პროტესტანტული მიმდინარეობის გარდა, სხვა ისეთ რელიგიებთან დაკავშირებითაც გამოიყენება, როგორიცაა კათოლიციზმი, ისლამი, იუდაიზმი და ინდუიზმი.
ჩვენს პერიოდზე რეაგირება
რატომ ვრცელდება ფუნდამენტალიზმი? მისი მკვლევარები, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც აკუთვნებენ მას ჩვენი დროის მორალურ და რელიგიურ გაურკვევლობას. ადრინდელ წლებში საზოგადოებების უმეტესი ნაწილი ტრადიციულ მსჯელობებზე დაფუძნებული მორალური გარკვეულობის ატმოსფეროში ცხოვრობდა. დღეს ის მსჯელობები კითხვის ქვეშ არის დაყენებული ან უარყოფილია. მრავალი ინტელექტუალი ამტკიცებს, რომ ღმერთი არ არსებობს და რომ ადამიანი ერთადერთი არსებაა ინდიფერენტულ სამყაროში. მრავალი მეცნიერი ასწავლის, რომ კაცობრიობა ევოლუციის შემთხვევითი შედეგია და არა მოსიყვარულე შემოქმედის ქმნილება. გაბატონებულია ყოველივეს დამშვები აზროვნება. ქვეყნიერება დატანჯულია საზოგადოების ყველა ფენაში მორალური ფასეულობების დაკარგვის გამო (2 ტიმოთე 3:4, 5, 13).
ფუნდამენტალისტები მგზნებარედ ისწრაფიან ძველი მსჯელობებისკენ და მათგან ზოგი ყველანაირად ცდილობს, დააბრუნოს თავისი საზოგადოება თუ ერი, მათი თვალსაზრისით, სათანადო მორალურ და დოქტრინულ ფუნდამენტებზე. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც კი ძალა შესწევთ, რათა ძალით აცხოვრონ სხვები „სწორ“ ზნეობასთან დაკავშირებულ კანონთა კრებულსა და დოქტრინულ რწმენაზე დაფუძნებული სისტემის შესაბამისად. ფუნდამენტალისტი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ის მართალია, სხვები კი — არა. თავის წიგნში პროფესორი ჯეიმზ ბარი ამბობს, რომ ფუნდამენტალიზმს „ხშირად განიხილავდნენ მტრულ და აგდებულ ტერმინად, რომელიც მიუთითებდა შეზღუდულობაზე, ფანატიზმზე, ობსკურანტიზმსა და სექტანტობაზე“ (Fundamentalism).
რადგან არავის მოსწონს გონებაჩლუნგი, ფანატიკოსი თუ სექტანტი უწოდონ, ყველა არ ეთანხმება იმას, თუ ვინ არის ფუნდამენტალისტი და ვინ — არა. მაგრამ რელიგიური ფუნდამენტალიზმის დამახასიათებელი რამდენიმე მხარე არსებობს.
ფუნდამენტალიზმის ამოცნობა
ჩვეულებრივ, რელიგიური ფუნდამენტალიზმი არის იმის შენარჩუნების მცდელობა, რასაც თავდაპირველ ტრადიციებად და კულტურის რელიგიურ მრწამსად მიიჩნევენ და ზოგის თვალსაზრისით ქვეყნიური სულისკვეთების წინააღმდეგ მცდელობად. ეს არ ნიშნავს, რომ ფუნდამენტალისტები ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც თანამედროვეა. თავიანთი თვალსაზრისის წინ წასაწევად ზოგი ძალიან ეფექტურად იყენებს თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებს. მაგრამ ისინი იბრძვიან საზოგადოების სეკულარიზაციის წინააღმდეგb.
ზოგ ფუნდამენტალისტს გადაწყვეტილი აქვს არა მხოლოდ თავისთვის დაიცვას დოქტრინებისა თუ ცხოვრებისეული გზის ტრადიციული სტრუქტურა, არამედ სხვებსაც თავს მოახვიოს, რათა სოციალური სტრუქტურა ფუნდამენტალისტის მრწამსის შესაბამისი გახადოს. ამიტომ კათოლიკე ფუნდამენტალისტი არ დაკმაყოფილდება აბორტის უარყოფით. ის ალბათ შეეცდება გავლენა მოახდინოს თავისი ქვეყნის კანონმდებლებზე, აბორტის არაკანონიერებასთან დაკავშირებული კანონების დასადგენად. ერთ-ერთი გაზეთის თანახმად, პოლონეთში ანტიაბორტული კანონის დასამტკიცებლად კათოლიკური ეკლესია «„ომს“ [ატარებდა], რომელშიც მთელ თავის ძალაუფლებასა და გავლენას იყენებდა» (La Republica). ასე მოქმედებით ეკლესიის უფლებამოსილი პირები ძალიან ჰგავდნენ ფუნდამენტალისტებს. შეერთებული შტატების პროტესტანტული ქრისტიანული კოალიციაც მსგავს „ომებს“ ატარებს.
უმთავრესწილად, ფუნდამენტალისტები ცნობილი არიან თავიანთი ფესვებგადგმული რელიგიური მსჯელობებით. ამიტომ, პროტესტანტი ფუნდამენტალისტი ბიბლიის სიტყვასიტყვით განმარტების ურყევი მომხრე იქნება, ალბათ, იმისადმი რწმენის ჩართვითაც, რომ დედამიწა პირდაპირი გაგებით ექვს დღეში შეიქმნა. კათოლიკე ფუნდამენტალისტი ერთი წამითაც არ ეჭვობს პაპის უცოდველობაზე.
ამიტომ გასაგებია, თუ რატომ იწვევს ტერმინი „ფუნდამენტალიზმი“ უგუნური ფანატიზმის წარმოდგენას და რატომ იპყრობს შიში არაფუნდამენტალისტებს, როცა ფუნდამენტალიზმის გავრცელებას ხედავენ. ინდივიდუალურად ჩვენ შეიძლება არ დავეთანხმოთ ფუნდამენტალისტებს და შეშფოთებული ვიყოთ მათი პოლიტიკური ინტრიგებითა და, ზოგჯერ ძალმომრეობითი მოქმედებებით. სინამდვილეში, ერთი რელიგიის ფუნდამენტალისტებს შეიძლება სხვა რელიგიის ფუნდამენტალისტების მოქმედება აძრწუნებდეს! და მაინც, მრავალი მოაზროვნე ადამიანი შეწუხებულია იმით, რაც ფუნდამენტალიზმის გავრცელებას იწვევს — მზარდ ზნეობრივ დაცემას, რწმენის დაკარგვასა და თანამედროვე საზოგადოებაში სულიერობის უარყოფას.
არის თუ არა ასეთი ტენდენციის პასუხი მხოლოდ ფუნდამენტალიზმი? თუ არა, რა არჩევანი არსებობს?
[სქოლიოები]
a ფუნდამენტალიზმის ეგრეთ წოდებული ხუთი პუნქტი, რომელიც 1895 წელს იქნა განსაზღვრული, იყო: „1) საღვთო წერილის სრული ზეშთაგონება და უცოდველობა; 2) იესო ქრისტეს ღვთაებრიობა; 3) ქალწულისგან ქრისტეს შობა; 4) ქრისტეს ჯვარცმის შედეგად შემცვლელი გამოსყიდვა; 5) ხორცში აღდგომა და დედამიწაზე ქრისტეს პირადი და ხორციელი მეორედ მოსვლა“ („თეოლოგიის გამოკვლევა“ [Studi di teologia]).
b „სეკულარიზაცია“ ნიშნავს ქვეყნიურისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას, როგორც სულიერის ან წმინდის საწინააღმდეგოს. ქვეყნიური არ უკავშირდება რელიგიასა თუ რელიგიურ მრწამსს.
[ჩანართი 5 გვერდზე]
1926 წელს პროტესტანტულმა ჟურნალმა აღწერა ფუნდამენტალიზმი, როგორც „ყალბი, ხელოვნური“ და „შემოქმედებით მიღწევებსა თუ ხანგრძლივობის მიმანიშნებელ თვისებებს სრულიად მოკლებული“ მიმდინარეობა.