პატიოსნება — შემთხვევით თუ არჩევნით?
„მართალია, ბუნებით არა ვარ პატიოსანი, მაგრამ ზოგჯერ შემთხვევით პატიოსანი კაცის როლში გამოვდივარ ხოლმე“. ეს თქვა არამზადა ავტოლიკემ უილიამ შექსპირის „ზამთრის ზღაპარში“. ეს ნათლად გვიჩვენებს ადამიანის ძირითად სისუსტეს — ბოროტმოქმედებისკენ ჩვენს მიდრეკილებას, რომელიც ‘უნდო გულიდან’ მომდინარეობს (იერემია 17:9; ფსალმუნი 50:7; რომაელთა 5:12). მაგრამ ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ამ საკითხში არჩევანიც არ გვაქვს? უბრალოდ შემთხვევის საკითხი ხომ არ არის კეთილშობილური ყოფაქცევა? არავითარ შემთხვევაში!
აღთქმულ მიწაზე ისრაელების შესვლამდე მოსე ელაპარაკა მათ, მოაბის ველზე დაბანაკებულებს. მან ორი ნათელი არჩევანი შესთავაზა. ან ღვთის მცნებებისადმი მორჩილები ყოფილიყვნენ და მისგან კურთხევები მიეღოთ, ან უარი ეთქვათ მათზე და ცოდვის მწარე ნაყოფი მოემკათ (მეორე რჯული 30:15–20). არჩევანი მათზე იყო.
როგორც ნების თავისუფლების მქონე ადამიანებს, ჩვენც გვაქვს არჩევანი. ვერავინ — ღვთის ჩათვლით — ვერ გვაიძულებს კეთილისა თუ ბოროტის კეთებას. მაგრამ ზოგმა შეიძლება სამართლიანად იკითხოს: „როგორ შეგვიძლია კეთილად მოქცევა, თუ ჩვენი გულები ბოროტებისკენაა მიდრეკილი?“ დაფიქრდი, კბილის ექიმი ყურადღებით ამოწმებს კბილებს კარიესის ანუ ლპობის აღმოსაჩენად, სანამ უფრო რთულ ფორმებში გადავიდოდეს. მსგავსად ამისა, ჩვენც უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი ფიგურალური გული სისუსტეებისა და ზნეობრივი ლპობის მოსაძებნად. რატომ? იმიტომ რომ, როგორც იესომ თქვა, „გულიდან გამოდის: ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი“ (მათე 15:18–20).
კბილის შესანარჩუნებლად კბილის ექიმმა ბოლომდე უნდა ამოწმინდოს ნაპოვნი ლპობა. მსგავსადვე, გულიდან ‘ბოროტი ზრახვებისა’ და მცდარი სურვილების ამოსაწმენდად გადამწყვეტი მოქმედებაა საჭირო. ღვთის სიტყვის, ბიბლიის, წაკითხვითა და მასზე დაფიქრებით მოქმედებით ჩვენ არა მხოლოდ შემოქმედის გზებს შევიცნობთ, არამედ იმის კეთებასაც ვისწავლით, რაც სწორია (ესაია 48:17).
სწორად მოქმედებისთვის ბრძოლაში ისრაელის მეფე დავითმა სხვა აუცილებელი დახმარება გამოიყენა. ის ლოცულობდა: „სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში“ (ფსალმუნი 50:12). დიახ, ლოცვის საშუალებით იეჰოვა ღმერთზე მინდობით ჩვენც შეგვიძლია ბოროტების კეთებისკენ ჩვენი მიდრეკილების დაძლევა და კეთილის გასაკეთებლად ‘განახლებული სულის’ განვითარება. ასე მოქმედებით ჩვენ არ მივანდობთ პატიოსნებას შემთხვევას. ეს არჩევნის საქმე იქნება.
[სურათი 21 გვერდზე]
იეჰოვასადმი ლოცვა დაგვეხმარება კეთილის კეთებაში, როგორც დავითს.