სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
იეჰოვას თეოკრატიულ ორგანიზაციაში გაქცევა
დიდი ხნის წინათ წინასწარმეტყველი ესაია აღძრულ იქნა, გაეცხადებინა: ‘უნდა ადიდონ იეჰოვა ზღვის კუნძულებზე’ (ესაია 24:15, აქ). იეჰოვას მოწმეები ზღვის კუნძულებს იმ „მსოფლიოს“ ნაწილად თვლიან, რომელზეც იესომ თქვა, რომ „სახარება უნდა ექადაგოს“ (მათე 24:14; მარკოზი 13:10).
მარკიზის კუნძულები მდებარეობს ტაიტის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 1 400 კილომეტრზე. ისინი შედის წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე შორეული კუნძულების ჯგუფში, რომელსაც საფრანგეთის პოლინეზია ეწოდება. ნოყიერი ვულკანური ნიადაგისა და თბილი, ნესტიანი ჰავის საშუალებით ამ კუნძულებზე მცენარეულობა ყვავის. მაგრამ მარკიზის კუნძულები სხვაგვარ ნაყოფსაც იღებს. განიხილე ერთი ოჯახის შემთხვევა, რომელიც სამეფოს ცნობას გამოეხმაურა კუნძულ ჰივა-ოაზე.
ჟანი და მისი მეუღლე ნადინი უკმაყოფილოები იყვნენ დასავლეთ ევროპის ეგრეთ წოდებული ცივილიზებული საზოგადოებით, რომელშიც ცხოვრობდნენ. ამიტომ გადაწყვიტეს, დაეტოვებინათ მშფოთვარე ცხოვრება და შვილთან ერთად მარკიზის კუნძულებზე გადასახლებულიყვნენ. მათი ახალი ბამბუკის სახლი მივარდნილ ველზე იყო მყუდროდ მოწყობილი. უახლოეს მეზობლებამდე მისაღწევად მათ ორი საათი უნდა ევლოთ მთის უსწორმასწორო ბილიკით. უახლოეს სოფლამდე მისვლას, სადაც ექიმი, სკოლა და უნივერმაღი იყო, ჯიპით სამი საათი სჭირდებოდა.
ჟანსა და ნადინს არ აინტერესებდათ რელიგია. მაგრამ ისინი მსჯელობდნენ სიცოცხლის წარმოშობაზე. ხშირად წყვილი დაწვრილებით არჩევდა ევოლუციის რთულ თეორიებს. მაგრამ ვერც ერთმა თეორიამ ვერ დააკმაყოფილა ისინი.
ექვსი წლის განმავლობაში განმარტოებით ცხოვრების შემდეგ ისინი გააოცა იეჰოვას ორი მოწმის სტუმრობამ. მოწმეებმა ჟანისა და ნადინის ადგილსამყოფელზე მეზობელი სოფლელებისგან გაიგეს. რასაკვირველია, საუბარი ევოლუციის თეორიის განხილვამდე მივიდა. წყვილის გასახარად მოწმეებს თან ჰქონდათ ეგზემპლარი იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნისა „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ ჟანმა და ნადინმა სიამოვნებით აიღეს წიგნი, რომელშიც საფუძვლიანად იყო განხილული, თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე.
ცოტა მოგვიანებით დაწყებულ იქნა ბიბლიის შესწავლა. დაახლოებით სამი წლის მანძილზე ჟანი და ნადინი განუწყვეტელ წარმატებას აღწევდნენ. ისინი დარწმუნდნენ, რომ მალე მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცეოდა. მას შემდეგ, რაც მათ ოჯახს კიდევ ორი ბავშვი შეემატა, სამეფო დარბაზში ქრისტიანულ შეხვედრებზე დასასწრებად ოთხსაათიანი მგზავრობა ნამდვილ სირთულედ იქცა. მაგრამ ამან ვერ შეაჩერა ისინი დასწრებისგან. საბოლოოდ, ჟანი და ნადინი იეჰოვაზე მიძღვნის სიმბოლოდ წყალში მოინათლნენ. ეს მათ გააკეთეს მთავარ სოფელში ჩატარებულ კონგრესზე, სადაც დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი 38 იყო!
სამეფოს მაუწყებელთა პატარა ჯგუფის დასახმარებლად ოჯახმა თავისი განმარტოებით მდგარი სახლის დატოვება გადაწყვიტა. ისინი გადასახლდნენ დაახლოებით ათას მაცხოვრებლიან სოფელში, სადაც ახლა იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებაში ჟანი სამსახურებრივ თანაშემწედ მსახურობს. ეს ოჯახი, რომელმაც ადრე ცივილიზაციისგან გასაქცევად კუნძულებს მიაშურა, უპირატესობად თვლის ერთადერთი ჭეშმარიტი თავშესაფრის, იეჰოვას თეოკრატიული ორგანიზაციის, პოვნას.