ტერტოსი — პავლეს ერთგული მდივანი
ტერტოსი რთული დავალების წინაშე იდგა. მოციქულმა პავლემ მოისურვა, რომ მას მდივნობა გაეწია, როცა ვრცელ წერილს სწერდა თანაქრისტიანებს რომში. ეს იოლი საქმე არ იქნებოდა.
რატომ იყო ასე რთული მდივნობა ახ. წ. პირველ საუკუნეში? როგორ სრულდებოდა ეს სამუშაო? რომელ საწერ მასალებს იყენებდნენ იმ დროს?
მდივნები ძველ დროში
ძველ ბერძნულ-რომაულ საზოგადოებაში სხვადასხვა სახის მდივნები არსებობდნენ. ზოგი მამაკაცი მსახურობდა სახელმწიფო მდივნად — სახელმწიფო მოხელედ — რომელიც მუშაობდა კანცელარიაში. აგრეთვე იყვნენ სახალხო მდივნები, რომლებიც ბაზრებში მოქალაქეებს თავიანთ სამსახურს სთავაზობდნენ. მდიდრებსაც ჰყავდათ პირადი მდივნები (ხშირად მონათა რიგებიდან). კიდევ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მზადყოფნით და სიამოვნებით წერდნენ წერილებს მეგობრების მაგივრად. სწავლულ ე. რანდოლფ რიჩარდზის თანახმად, ასეთ არაოფიციალურ მდივნებს „შეიძლება ჰქონოდათ როგორც ენისა და წერის ტექნიკური მხარეების მინიმალური ცოდნა, ასევე სწრაფი, ზუსტი, სათანადო და ლამაზი წერის უმაღლესი დონე“.
ვინ იყენებდა მდივნებს? პირველ ყოვლისა, ვინც წერა-კითხვა არ იცოდა. ძველი დროის მრავალი ხელშეკრულება და საქმიანი წერილი სრულდებოდა შენიშვნებით, რომელშიც მდივანი ადასტურებდა, რომ მან დაწერა ეს საბუთი იმ პიროვნების უუნარობის გამო, რომელმაც ანდო მას ეს საქმე. მდივნების გამოყენების მეორე მიზეზი ნაჩვენებია ძველ წერილში თებედან, ეგვიპტე. ის დაწერილი იყო ვინმე ასკლეპიადესის მაგივრად და დასასრულში ნათქვამი იყო: „ევმელუსმა, ჰერმას ძემ, დაწერა მისთვის. . . რადგან ის სწრაფად ვერ წერს“.
მაგრამ, როგორც ჩანს, მდივნის გამოყენებისთვის წერა-კითხვის ცოდნა არ იყო გადამწყვეტი. ბიბლიის კომენტატორის, ჯონ ლ. მაკ-კენზის თანახმად, „ალბათ, საკითხი იმაშიც კი არ იყო, რომ წასაკითხად მკაფიო ყოფილიყო, არამედ ის ეხებოდა კალიგრაფიას ან, სულ ცოტა, აკურატულობას“ და ამის გამო ადამიანები იძულებული იყვნენ, მიემართათ მდივნის სამსახურისთვის. თვით განათლებულებისთვისაც წერა დამქანცველი იყო, განსაკუთრებით, თუ საქმე ეხებოდა ვრცელ და რთულ ტექსტებს. სწავლული ჟ. ა. ეშლიმანი ამბობს, რომ ნებისმიერი, ვისაც კი შეეძლო ამის გაკეთება, „სიხარულით იცილებდა თავიდან რთულ საქმეს და მონებსა და პროფესიონალ მწერლებს ანდობდა მას“. უფრო მეტიც, თუ განვიხილავთ მასალას, რომელსაც იყენებდნენ, და სამუშაო პირობებს, ადვილი გასაგები ხდება, თუ რატომ არ უყვარდათ ადამიანებს წერილების პირადად წერა.
საწერი მასალა, რომელსაც ახ. წ. პირველ საუკუნეში იყენებდნენ, იყო პაპირუსი, ანუ ჭილი. მისი ღეროების შუაგულს ჩამოთლიდნენ სიგრძეზე და იღებდნენ თხელ ზოლებს. ზოლების ერთ ფენას აწყობდნენ. სხვა ფენას პირველ ფენაზე სწორი კუთხეებით ადებდნენ. ამ ორ ფენას ტკეპნით აწებოებდნენ, რის შედეგადაც გამოდიოდა „ქაღალდის“ ფურცელი.
ასეთ ზედაპირზე წერა ადვილი საქმე არ იყო. ზედაპირი უხეში და ბოჭკოვანი იყო. სწავლულ ანჯელო პენას თანახმად, „ჭილის დასვრეტილი ბოჭკოები მელნის გაშლას უწყობდა ხელს, განსაკუთრებით, იმ პაწაწინა სრუტეების გასწვრივ, რომლებიც რჩებოდა ორ თხელ ზოლს შორის“. მუშაობის დროს მდივანი, შესაძლოა, მიწაზე ფეხებგადაჯვარედინებული იჯდა და ჭილის ფურცელს ხელით აკავებდა ფიცარზე. თუ გამოუცდელი იყო ან თუ მასალა იყო დაბალხარისხოვანი, მისი კალამი, რომელიც ლერწმისგან მზადდებოდა, შეიძლება ჭილს წამოდებოდა და ფურცელი დახეულიყო ან ნაწერი გაურკვეველი გამხდარიყო.
მელანს ამზადებდნენ მურისა და გუმფისის ნარევისგან. მას ყიდიდნენ ძელაკების ფორმით და საწერად გამოყენებამდე სამელნეში წყლის საშუალებით ხსნიდნენ. სხვა ხელსაწყოებს შორის, რომლებსაც ტერტოსის მსგავსი მდივნები იყენებდნენ, ალბათ, ლერწმის კალმის გასათლელი დანა და შეცდომების წასაშლელი სველი ღრუბელი იყო. თითოეული ასო ყურადღებით უნდა დაეწერათ. მაშასადამე, წერა ნელა მიმდინარეობდა და მას გარკვეული სიძნელეებიც ახლდა.
„მოგიკითხავთ მე, ტერტოსი“
მოკითხვებში, რომლებიც რომაელთა მიმართ წერილის ბოლოს არის შეტანილი, ჩართულია პავლეს მდივნის მოკითხვაც, რომელიც წერდა: «მოკითხვას გითვლიან [„მოგიკითხავთ მე“, სსგ] უფალში ტერტოსი, რომელმაც დავწერე ეს წერილი» (რომაელთა 16:22). პავლეს წერილებში ეს ერთადერთი შემთხვევაა, სადაც მისი ერთ-ერთი მდივანი პირდაპირ არის დასახელებული.
ტერტოსის შესახებ ცოტა რამ ვიცით. მის მოკითხვაში მოხსენიებული სიტყვიდან „უფალში“ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერთგული ქრისტიანი იყო. ალბათ, კორინთის კრების წევრი იყო და მრავალ ქრისტიანს იცნობდა რომში. ბიბლიის სწავლული ჯუზეპე ბარბალიო ვარაუდობს, რომ ტერტოსი, შესაძლოა, ან მონა იყო, ან მონობიდან გათავისუფლებული. რატომ? უპირველესად, იმიტომ რომ „მწერლები, საერთოდ, ამ კლასს მიეკუთვნებოდნენ; მეორეც, მისი ლათინური სახელი. . . ძალიან გავრცელებული იყო მონებსა თუ მონობიდან გათავისუფლებულებს შორის“. ბარბალიო ამბობს: „მაშასადამე, ის არ იყო ვინმე პასიური პროფესიონალი მწერალი, არამედ ის იყო თანამშრომელი და ამგვარად ეხმარებოდა პავლეს მისი ყველაზე ვრცელი და დამრიგებლური წერილის შედგენაში: ამ ძვირფასმა სამსახურმა პავლეს დრო და ენერგია დაუზოგა“.
ეჭვგარეშეა, ტერტოსის ეს შრომა დასაფასებელია. ბარუქმა მსგავსი საქმე შეუსრულა იერემიას და სილოვანმა — პეტრეს (იერემია 36:4; 1 პეტრე 5:12). რა დიდებული უპირატესობა ჰქონდათ ამ თანამშრომლებს!
წერილი რომაელების მიმართ
წერილი რომაელების მიმართ დაიწერა, როცა პავლე სტუმრად იყო გაიოზთან, როგორც ჩანს, კორინთში. ეს დაახლოებით ახ. წ. 56 წელს იყო, მოციქულის მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს (რომაელთა 16:23). თუმცა ვიცით, რომ პავლემ წერილის დასაწერად, უეჭველად, ტერტოსი გამოიყენა მდივნად, ზუსტად მაინც არ ვიცით, თუ როგორ გააკეთა ეს. რა მეთოდითაც არ უნდა შესრულებულიყო სამუშაო, იოლი არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ ერთ რამეში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ: ბიბლიის დანარჩენი ნაწილის მსგავსად პავლეს წერილი რომაელთა მიმართ ‘ღვთივსულიერი იყო’ (2 ტიმოთე 3:16, 17).
ამ წერილის დასასრულისას ტერტოსსა და პავლეს უკვე ათასობით სიტყვა ჰქონდათ დაწერილი, რისთვისაც ჭილის რამდენიმე ფურცელი გამოიყენეს. როცა ეს ფურცლები ერთმანეთს გადააწებეს, ალბათ, სამი-ოთხი მეტრის სიგრძის გრაგნილი გამოვიდა. წერილი სათუთად დაახვიეს და დაბეჭდეს. შემდეგ, როგორც ჩანს, პავლემ ის ჩააბარა ერთ დას, სახელად ფიბეს, კენქრედან, რომელიც მალე უნდა გამგზავრებულიყო რომში (რომაელთა 16:1, 2).
პირველი საუკუნიდან მოყოლებული, საწერი მასალის წარმოების მეთოდები ძალიან შეიცვალა. მაგრამ საუკუნეების მანძილზე ღმერთმა შემოინახა რომაელი ქრისტიანებისთვის გაგზავნილი წერილი. რა მადლიერები ვართ იეჰოვას სიტყვის ამ ნაწილის გამო, რომელიც დაწერა პავლეს ერთგულმა და გულმოდგინე მშრომელმა მდივანმა, ტერტოსმა!