როგორ უნდა განსწავლო სინდისი
„პატიოსან კაცს ძილი არ გაუფრთხებაო“. ამ ძველ ანდაზაში ხაზგასმულია შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტი: როცა სინდისის ხმას ყურადღებით ვუსმენთ, შინაგან სიმშვიდესა და ჰარმონიას ვგრძნობთ.
მაგრამ ყველა როდი მოქმედებს ასე. ადოლფ ჰიტლერმა საკუთარი თავი სინდისის, დამამცირებელი ქიმერის ანუ ილუზიისგან კაცობრიობის გამანთავისუფლებელი მისიის მქონედ გამოაცხადა. მისი ტერორისტული ბატონობა ჩვენს თვალწინ იმის სევდიან სურათს ხატავს, თუ რამდენად ულმობელი შეიძლება იყოს ადამიანი სინდისის უგულებელყოფისას. თუმცა არანაკლებ უმოწყალოა მრავალი თანამედროვე გახელებული ბოროტმოქმედი — ის, ვინც სინდისის ქენჯნის გარეშე აუპატიურებს და კლავს. ამ დამნაშავეთა მზარდი რიცხვი არასრულწლოვნებისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ ამ ფენომენის შემსწავლელი წიგნის სათაურია: „ბავშვები სინდისის გარეშე“.
მაშინ, როცა ადამიანთა უმეტესობა არასდროს იფიქრებდა გააფთრებულ ძალადობაზე, მრავალი ყოველგვარი უხერხულობის გარეშე სჩადის სექსუალურ უზნეობას, ცრუობს ან თაღლითობს. ადგილი აქვს მორალის გლობალურ დეგრადირებას. მოციქული პავლე მიუთითებდა ჭეშმარიტი თაყვანისცემიდან დიდ განდგომაზე და წერდა, რომ ზოგი ქრისტიანი წუთისოფლის გავლენის ქვეშ მოექცეოდა და მათი ‘სინდისიც დადაღული’ გახდებოდა (1 ტიმოთე 4:2). მორალური გახრწნილების საშიშროება უფრო დიდია ამ „უკანასკნელ დღეებში“ (2 ტიმოთე 3:1). ამიტომ ქრისტიანებმა თავიანთი სინდისის დაცვას დიდი ძალისხმევა უნდა მოახმარონ. ამის გაკეთება მისი განსწავლითა და განვითარებით შეგვიძლია.
გონება, გული და შენი სინდისი
მოციქულმა პავლემ თქვა: „ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არა ვცრუობ, ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმიდაში“ (რომაელთა 9:1). მაშასადამე, სინდისი შეიძლება მოწმე იყოს. ის ამოწმებს მოქმედებას და ან იწონებს, ან მსჯავრს სდებს მას. სწორისა და არასწორის შესახებ ჩვენი გრძნობებიდან ბევრი ჩვენი შემოქმედის მიერ იყო ჩადებული. მიუხედავად ამისა, სინდისის ფორმირება და განსწავლა შესაძლებელია. როგორ? ღვთის სიტყვიდან ზუსტი შემეცნების მიღების საშუალებით. „შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი,“ — ამბობს მოციქული პავლე (რომაელთა 12:2). თუ გონებაში ღვთის აზრებსა და მის ნებას ჩაინერგავ, შენი სინდისი უფრო მეტად ღვთისმოსაწონად დაიწყებს მოქმედებას.
მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები მილიონებს დაეხმარნენ ‘ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისა და იესო ქრისტეს გაცნობაში’ (იოანე 17:3). ბიბლიის უსასყიდლო საშინაო შესწავლის საშუალებით ისინი გულწრფელ ადამიანებს იეჰოვა ღმერთის ნორმებს ასწავლიან სექსსა და ალკოჰოლურ სასმელებთან, ქორწინებასა და ბიზნესთან, ასევე სხვა მრავალ საკითხთან დაკავშირებითa (იგავნი 11:1; მარკოზი 10:6–12; 1 კორინთელთა 6:9, 10; ეფესელთა 5:28–33). ამ საკითხებზე ‘ზუსტი შემეცნების’ მიღება ღვთის მოსაწონი სინდისის განსავითარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯია (ფილიპელთა 1:9, აქ). რასაკვირველია, მას შემდეგაც კი, როცა ქრისტიანი ბიბლიის გაგებაში მოწიფულობას მიაღწევს, ჯანსაღი სინდისის შესანარჩუნებლად, ღვთის სიტყვით გონების რეგულარულად კვება უნდა განაგრძოს (ფსალმუნი 1:1–3).
ბიბლია სინდისს სიმბოლურ გულსაც უკავშირებს, რომელშიც შედის ჩვენი გრძნობები და ემოციები (რომაელთა 2:15). სინდისი რომ სათანადოდ მოქმედებდეს, გული და გონება ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა იყოს. ეს გონებაში ინფორმაციის თავმოყრაზე უფრო მეტს ნიშნავს. შენ გულის — შენი შინაგანი გრძნობების, სურვილებისა და მისწრაფებების — ფორმირებაც უნდა მოახდინო. ამიტომ იგავნის წიგნი იყენებს მსგავს გამოთქმებს, როგორიცაა: „გული. . . გეწეოდეს“ და „ყურს უგდებდე“ და „დააყენე შენი გული“ (იგავნი 2:2; 23:19; 27:23). ასე მოქმედების ერთ-ერთი საშუალებაა საღვთო წერილზე დაფიქრება. „ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ“, —ამბობს ფსალმუნის 76:13. დაფიქრება გვეხმარება, ჩავწვდეთ ჩვენს იდუმალ გრძნობებსა და აღძვრებს.
მაგალითად, წარმოიდგინე, რომ გაქვს ისეთი ცუდი ჩვევა, როგორიცაა თამბაქოს წევა. მრავალი ადამიანის მსგავსად, ეჭვგარეშეა, შენც კარგად იცი, თუ რა საფრთხეს უქმნის ის ჯანმრთელობას. და მაინც, მეგობრებისა და ოჯახის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, შენთვის ძნელია, შეწყვიტო მოწევა. როგორ შეუძლია ბიბლიის ცნობაზე დაფიქრებას ამ საკითხში, განამტკიცოს შენი სინდისი?
მაგალითად, ეცადე, დაფიქრდე მე-2 კორინთელთა 7:1-ში ჩაწერილ მოციქულ პავლეს სიტყვებზე: „ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როცა ასეთი აღთქმანი გვაქვს, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისაგან, ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმიდე“. ჩაწვდი ამ სიტყვების არსს. შეეკითხე საკუთარ თავს: «კონკრეტულად რა არის „ასეთი აღთქმანი“, რომელზეც პავლე მიუთითებს?» კონტექსტის წაკითხვისას დაინახავ, თუ რას ამბობს წინა მუხლები: „გამოდით მათგან და გამოეყავით! ამბობს უფალი. უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ. ვიქნები თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი“ (2 კორინთელთა 6:17, 18).
პავლეს რჩევას: ‘განვიწმინდოთ სიბილწისგან’, ახლა უფრო მეტი ძალა აქვს! ღმერთი ასე მოქმედების დიდ სტიმულს გვაძლევს, როცა აღგვითქვამს, რომ ‘მიგვიღებს’, ესე იგი ჩვენს დაცვაზე იზრუნებს. „სიამოვნებას მომანიჭებდა თუ არა მასთან ახლო, მამა-შვილური, ურთიერთობა? “ — შეიძლება კითხვა დაუსვა საკუთარ თავს. ნუთუ ძალზე მიმზიდველი არ არის ის აზრი, რომ იყო ‘მიღებული’, ანუ უყვარდე ბრძენ, მოსიყვარულე ღმერთს? თუ ეს აზრი გეუცხოება, გამოიკვლიე, როგორ ავლენს მოსიყვარულე მამა თავისი შვილებისადმი სიყვარულსა და მზრუნველობას. ახლა კი წარმოიდგინე მსგავსი კავშირის არსებობა შენსა და იეჰოვას შორის! რაც უფრო მეტს იფიქრებ ამაზე, მით უფრო გაიზრდება მსგავსი ურთიერთობის სურვილი.
მაგრამ მხედველობაში გქონდეს, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ‘უწმიდურს არ მიეკარები’. შეეკითხე საკუთარ თავს: „განა თამბაქოს მოწევა იმ ‘უწმიდურში’ არ შედის, რასაც ღმერთი განსჯის? იქნებოდა თუ არა მისი გამოყენება ‘ხორცის სიბილწე’, რომელიც ჩემს ჯანმრთელობას მრავალი სახის დაავადების საშიშროებას შეუქმნიდა? რადგან იეჰოვა არის სუფთა, ანუ „წმინდა“, მოიწონებდა თუ არა ღმერთი ჩემი მხრიდან ასეთი სახით განზრახ საკუთარი თავის წაბილწვას? (1 პეტრე 1:15, 16). ყურადღება მიაქციე, რომ პავლე გაფრთხილებას იძლევა ‘სულის სიბილწის’, ანუ გონებრივი მიდრეკილების, წინააღმდეგ. შეეკითხე საკუთარ თავს: „მოწევაზე ფიქრით ხომ არ არის მოცული ჩემი გონება? ყველაფერზე მივდივარ თუ არა ჩემი ჟინის დასაკმაყოფილებლად, რომელიც შესაძლოა ჯანმრთელობის, ოჯახისა და ღვთის წინაშე კარგი სახელის დაკარგვის ფასადაც კი დამიჯდეს? რამდენად დავრთე ნება თამბაქოს მოწევას, რომ ზიანი მოუტანოს ჩემს სიცოცხლეს? “ ამ მტკივნეულ კითხვებზე დაფიქრებამ შეიძლება საგრძნობი ბიძგი მოგცეს, რათა თავი დაანებო მას!
რასაკვირველია, თამბაქოს წევის დასაძლევად სხვების მხრივ შესაძლოა დახმარება და მხარდაჭერა გჭირდება. მაგრამ ბიბლიაზე დაფიქრებას შეუძლია იმდენად განსწავლოს და განამტკიცოს შენი სინდისი, რომ ძლიო მოწევის ჩვევას.
როცა რამე ცუდს ვაკეთებთ
მთელი გულით სწორად მოქმედების მცდელობის მიუხედავად, დროდადრო არასრულყოფილება გვძლევს და ვცდებით. ასეთ შემთხვევაში სინდისი გვქენჯნის, მაგრამ ამ დროს ვვარდებით ცდუნებაში, ვეცადოთ, უგულებელვყოთ სინდისის ხმა. ან შეიძლება იმდენად აგვიცრუვდეს გული, რომ დავნებდეთ და თავი დავანებოთ ღვთისადმი მსახურების ყოველგვარ მცდელობას. მაგრამ გაიხსენე მეფე დავითის შემთხვევა. ბათშებაყთან ცოდვის ჩადენის შემდეგ მას სინდისი აწუხებდა. მან მტანჯველი გრძნობები შემდეგნაირად აღწერა: „დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით“ (ფსალმუნი 31:4). მტანჯველია? რასაკვირველია! მაგრამ ღვთის გულისთვის ასე დანაღვლიანებამ დავითი მონანიებისკენ აღძრა, რასაც ღმერთთან შერიგება მოჰყვა (შეადარე მე-2 კორინთელთა 7:10). მთელი ტანჯული სულით პატიების თხოვნა დავითის გულწრფელი მონანიების აშკარა მტკიცება იყო. რადგან მან მოუსმინა თავის სინდისს, მიიღო დახმარება და საბოლოოდ კვლავ დაუბრუნდა სიხარული (ფსალმუნი 50).
იგივე შეიძლება მოხდეს დღესაც. ზოგი წარსულში სწავლობდა იეჰოვას მოწმეებთან, მაგრამ, როცა გაიგეს, რომ მათი ცხოვრება არ შეესაბამება ღვთის მაღალ ნორმებს, შეწყვიტეს შესწავლა. შესაძლოა ისინი ქორწინების გარეშე ცხოვრობდნენ საპირისპირო სქესის პიროვნებასთან ან რამე უწმინდური ჩვევის მონობაში იყვნენ. მათ სინდისი ქენჯნიდათ!
თუ შენ მსგავს სიტუაციაში ხარ, მხედველობაში მიიღე მოციქულ პეტრეს სიტყვები, რომლებიც ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წარმოთქვა. როცა მან იუდეველ თანამემამულეთა ცოდვები ამხილა, ეს მათ „გულზე მოხვდათ“. ნაცვლად იმისა, რომ გულგატეხილობას მოეცვა, მათ ყურად იღეს მონანიების შესახებ პეტრეს რჩევა და ღვთის მოწონება დაიმსახურეს (საქმეები 2:37–41). შენც შეგიძლია იმავეს გაკეთება! სინდისის ქენჯნის გამო ჭეშმარიტების მიტოვების ნაცვლად, საშუალება მიეცი ამ სინდისს ‘მონანიებისა და მოქცევისკენ’ აღგძრას (საქმეები 3:19). გადაწყვეტილების მიღებისა და ძალისხმევის შედეგად, შეძლებ იმ ცვლილებების მოხდენას, რომლებიც ღვთის მოწონების მისაღწევადაა საჭირო.
„კეთილი სინდისი გქონდეთ“
იმის მიუხედავად იეჰოვას გზების მხოლოდ დამწყები შემსწავლელი ხარ თუ უკვე მრავალი წლის გამოცდილების მქონე მოწიფული ქრისტიანი, მართებულია პეტრეს გაფრთხილება: „კეთილი სინდისი გქონდეთ“ (1 პეტრე 3:16). ეს ტვირთი კი არ არის, არამედ მადლია. ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემული სიბრძნით გონებისა და გულის გამოკვებით, განსწავლე ის. უსმინე სინდისს, როცა გაფრთხილებს. დატკბი სულის შინაგანი სიმშვიდით, რომელიც სინდისის მოსმენას მოაქვს.
უნდა ვაღიაროთ, რომ სინდისის განსწავლა და ფორმირება ადვილი არ არის. მაგრამ შეგიძლია დახმარებისთვის იეჰოვა ღმერთს მიმართო. მისი დახმარებით შეძლებ „კეთილი სინდისითა და უპირფერო რწმენით“ ემსახურო ღმერთს (1 ტიმოთე 1:5).
[სქოლიოები]
a თუ დაინტერესებული ხართ ბიბლიის უსასყიდლო საშინაო შესწავლით, ნუ მოგერიდებათ დაუკავშირდეთ იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებას ან მისწეროთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.
[სურათი 6 გვერდზე]
ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე ფიქრი სინდისის განსწავლაში დაგვეხმარება.