ყრმობიდანვე შეუპოვრად ვემსახურები იეჰოვას
მოგვითხრო რუდოლფ გრაიხენმა
თორმეტი წლის როცა ვიყავი, ჩემს ოჯახს თავს დაატყდა უეცარი ტრაგედია. ჯერ მამაჩემი დააპატიმრეს. შემდეგ მე და ჩემი და სახლს მოგვწყვიტეს და უცხო ადამიანებთან გაგვგზავნეს. მოგვიანებით, მე და დედაჩემი გესტაპომ დაგვაპატიმრა. მე ციხეში წამიყვანეს, მან კი საკონცენტრაციო ბანაკში დაასრულა სიცოცხლე.
მოვლენების ასეთი განვითარებით დაიწყო ის მტკივნეული დევნა, რომელიც ახალგაზრდობაში გადავიტანე როგორც იეჰოვას მოწმემ. სამარცხვინო ნაცისტური გესტაპო და შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიის „შტაზი“ ცდილობდა ღვთისადმი ჩემი ერთგულების შერყევას. ახლა, 50 წლის განმავლობაში მისადმი მიძღვნილი მსახურების შემდეგ, ფსალმუნმომღერალივით შემიძლია ვთქვა: „მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, მაინც ვერ მძლიეს“ (ფსალმუნი 128:2). რა მადლიერი ვარ იეჰოვასი!
მე დავიბადე 1925 წლის 2 ივნისს ლაიფციგის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ლუკაში (გერმანია). ჩემს დაბადებამდე ჩემმა მშობლებმა, ალფრედმა და ტერეზამ, აღიარეს ბიბლიური ჭეშმარიტების ხმა პუბლიკაციებიდან, რომლებსაც გამოსცემდნენ ბიბლიის მკვლევარები (იეჰოვას მოწმეები მაშინ ასე იყვნენ ცნობილი). მახსოვს, ყოველდღე ვუყურებდი ჩვენს სახლში კედლებზე დაკიდებულ ბიბლიური სცენების სურათებს. ერთ სურათზე იყო გამოსახული მგელი და ცხვარი, თიკანი და ვეფხვი, ხბო და ლომი — ყველა მშვიდობიანად იყო ერთმანეთთან და პატარა ბავშვი მიუძღვებოდა წინ (ესაია 11:6–9). ასეთმა სურათებმა ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
როცა კი შესაძლებელი იყო, მშობლები კრების საქმეებში მრთავდნენ. მაგალითად, 1933 წლის თებერვალში, სულ რაღაც რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ჰიტლერმა ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, ჩვენს პატარა ქალაქში უჩვენეს „შემოქმედების ფოტოდრამა“ თავისი სლაიდებით, ფილმებითა და ფირზე ჩაწერილი ტექსტით. რა აღფრთოვანებული ვიყავი, როცა მე, მხოლოდ შვიდი წლის ბიჭუნა, „ფოტოდრამის“ სარეკლამო მარშის მონაწილე, უკან, პიკაპის ძარაში, ვიჯექი და მთელ ქალაქს ვუვლიდი! ამ და სხვა შემთხვევებში, ჩემი მცირე ასაკის მიუხედავად, ძმები მაგრძნობინებდნენ, რომ კრების გამოსადეგი წევრი ვიყავი. ასე რომ, იეჰოვა ყრმობიდანვე მასწავლიდა და მისი სიტყვა გავლენას ახდენდა ჩემზე.
იეჰოვაზე მინდობაში გაწვრთნილი
მტკიცე ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო იეჰოვას მოწმეები არ ერეოდნენ ნაცისტების პოლიტიკაში. შედეგად, 1933 წელს ნაცისტებმა გამოსცეს კანონები, რომლებიც გვიკრძალავდა ქადაგებას, შეხვედრებსა და პირადი ბიბლიური ლიტერატურის კითხვასაც. 1937 წლის სექტემბერში ყველა ძმა ჩვენი კრებიდან, მამაჩემის ჩათვლით, გესტაპომ დააპატიმრა. ამან სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო. მამაჩემს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ოჯახში მდგომარეობა ძალიან გაგვირთულდა. მაგრამ ჩვენ მალე ვისწავლეთ იეჰოვაზე მინდობა. ერთხელ, როცა სკოლიდან დავბრუნდი, დედა „საგუშაგო კოშკს“ კითხულობდა. მას უნდოდა ჩემთვის უბრალო სადილის მომზადება, ამიტომ ჟურნალი კარადის თავზე შემოდო. სადილობის შემდეგ, სანამ ჭურჭელს ვალაგებდით, კარზე ძლიერი კაკუნი გაისმა. ეს პოლიციელი იყო, რომელსაც ჩვენი სახლის გაჩხრეკა უნდოდა ბიბლიური ლიტერატურის გამო. მე ძალიან შემეშინდა.
იმ დღეს უჩვეულოდ ცხელოდა. ამიტომ პირველი, რაც პოლიციელმა გააკეთა — მოიხადა მუზარადი და მაგიდაზე დადო. შემდეგ გაჩხრეკას შეუდგა. მაგიდის ქვეშ რომ იყურებოდა, მისი მუზარადი სადაცაა უნდა ჩამოსრიალებულიყო. დედა უცბად სწვდა მუზარადს და შემოდო კარადაზე — „საგუშაგო კოშკს“ დაადო ზემოდან! პოლიციელმა მთელი სახლი გაჩხრიკა, მაგრამ ვერავითარი ლიტერატურა ვერ იპოვა. რა თქმა უნდა, მას აზრადაც არ მოსვლია, თავისი მუზარადის ქვეშაც ენახა. როცა წასასვლელად გაემზადა, მან ბურტყუნით მოუბოდიშა დედაჩემს და ხელი უკან გაიწოდა მუზარადის ასაღებად. როგორი შვება ვიგრძენი!
ამის მსგავსი შემთხვევები უფრო მძიმე გამოცდებისთვის მამზადებდა. მაგალითად, სკოლაში მაიძულებდნენ ნორჩ ჰიტლერელთა ორგანიზაციაში შესვლას, სადაც ბავშვებს ასწავლიდნენ სამხედრო მომზადებას და ჩააგონებდნენ ნაცისტურ ფილოსოფიას. ზოგ მასწავლებელს პირად მიზნად მოწაფეების ასპროცენტიანი მონაწილეობა ჰქონდა დასახული. ჩემი მასწავლებელი, ბ-ნი შნაიდერი, ალბათ, ფიქრობდა, რომ ის ამ საკითხში სრულიად წარუმატებელი იყო, რადგან, სკოლის სხვა მასწავლებლებისგან განსხვავებით, მის 100%-ს ერთი მოწაფე აკლდა. ის მოწაფე მე ვიყავი.
ერთ დღეს ბ-ნმა შნაიდერმა გამოუცხადა მთელ კლასს: „ბიჭებო, ხვალ მთელი კლასი გავისეირნებთ ქალაქში“. ყველას მოეწონა ეს აზრი. შემდეგ მან დასძინა: „ყველამ ჩაიცვით ნორჩი ჰიტლერელების ფორმები, რათა ქუჩებში მარშით სვლის დროს ყველამ დაგინახოთ, რომ ჰიტლერის ღირსეული ბიჭები ხართ“. მეორე დილას ჩემ გარდა, ყველა ბიჭი, ფორმაში გამოცხადდა. მასწავლებელმა კლასის წინაშე გამომიძახა და მკითხა: „გადახედე სხვა ბიჭებს და მერე შენ თავს შეხედე“. მან დაამატა: „ვიცი, შენ ღარიბი მშობლები გყავს და მათ არ შეუძლიათ შენთვის ფორმის ყიდვა, მაგრამ წამო, რაღაცა უნდა გიჩვენო“. მან მიმიყვანა თავის მაგიდასთან, გამოსწია უჯრა და თქვა: „მინდა, ეს ახალთახალი ფორმა მოგცე. ხომ ლამაზია?“
ნაცისტური ფორმის ჩაცმას სიკვდილი მერჩია. როცა მასწავლებელმა დაინახა, რომ ფორმის ჩაცმას არ ვაპირებდი, გაბრაზდა, და მთელმა კლასმა სტვენა ატეხა. შემდეგ მან გარეთ გაგვიყვანა, მაგრამ ჩემს დაფარვას შეეცადა და დამაყენა ფორმაში გამოწყობილი ბიჭების შუაგულში. მიუხედავად ამისა, ქალაქში მრავალმა დამინახა, რადგან თანაკლასელებისგან გამოვირჩეოდი. ყველამ იცოდა, რომ მე და ჩემი მშობლები იეჰოვას მოწმეები ვიყავით. მე იეჰოვას მადლობელი ვარ, რომ საჭირო სულიერი ძალები მომცა ახალგაზრდობაში.
დევნა ძლიერდება
ერთხელ, 1938 წლის დასაწყისში, მე და ჩემი და გამოგვიყვანეს სკოლიდან, ჩაგვსხეს პოლიციის მანქანაში და წაგვიყვანეს ქალაქ შტატროდაში არსებულ გამოსასწორებელ სკოლაში, რომელიც დაახლოებით 80 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა. რატომ? სასამართლომ გადაწყვიტა მშობლების გავლენისგან ჩვენი მოშორება და ნაცისტურ ბავშვებად გადაქცევა. მალე გამოსასწორებელი დაწესებულების ხელმძღვანელმა პერსონალმა შეამჩნია, რომ ქრისტიანულ ნეიტრალიტეტში ჩვენი სიმტკიცის მიუხედავად, მე და ჩემი და თავაზიანები და მორჩილები ვიყავით. გამგეზე ამან ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მოინდომა, პირადად შეხვედროდა დედაჩემს. გამონაკლისი გააკეთეს და დედას ნება დართეს მოვენახულებინეთ. ჩემი და, დედა და მე გახარებული ვიყავით და იეჰოვას მიმართ მადლიერებას გამოვთქვამდით, რომ საშუალება მოგვცა, მთელი დღის მანძილზე ერთმანეთი გაგვემხნევებინა. ჩვენ ნამდვილად გვჭირდებოდა ეს.
გამოსასწორებელში დაახლოებით ოთხი თვე დავყავით. შემდეგ სოფელ პანაში ერთ ოჯახში გაგვგზავნეს საცხოვრებლად. ისინი დაარიგეს, რომ ნება არ დაერთოთ ჩვენთვის შევხვედროდით ნათესავებს. დედაჩემსაც კი არ ჰქონდა ჩვენი ნახვის უფლება. რამდენჯერმე მან მაინც მოახერხა ჩვენთან დაკავშირება. დედა ამ იშვიათ შემთხვევებს იყენებდა და ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო, რომ ჩაენერგა ჩვენში გადაწყვეტილება, დავრჩენილიყავით იეჰოვას ერთგულები რა გამოცდა და მდგომარეობაც არ უნდა დაეშვა მას (1 კორინთელთა 10:13).
და გამოცდებიც მოგვიწია. 17 წლის ასაკში, 1942 წლის 15 დეკემბერს, გესტაპომ ამიყვანა და მომათავსა ქალაქ გერას საპატიმრო ცენტრში. დაახლოებით ერთ კვირაში დედაც დააპატიმრეს და იმავე ციხეში მოათავსეს. რადგან ჯერ არასრულწლოვანი ვიყავი, სასამართლოს არ შეეძლო ჩემი გასამართლება. ამიტომ მე და დედამ ექვსი თვე დავყავით პატიმრობაში, სანამ სასამართლო ელოდებოდა, როდის გავხდებოდი 18 წლის. იმავე დღეს, როცა 18 წელი შემისრულდა, მე და დედაჩემი სასამართლოს წინაშე წარვდექით.
სანამ რაღაცის გააზრებას მოვასწრებდი, ყველაფერი დამთავრებული იყო. ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, რომ დედას აღარასოდეს ვიხილავდი. მხოლოდ ის მახსოვს, რომ სასამართლოში დედა ჩემ გვერდით იჯდა ხის შავ სკამზე. ორივე დამნაშავეებად გვცნეს. მე მომისაჯეს ოთხწლიანი პატიმრობა, ხოლო დედას — წელიწად-ნახევრიანი.
იმ დროს იეჰოვას ათასობით მოწმე იჯდა ციხეებში და ბანაკებში. მაგრამ მე გადამიყვანეს ქალაქ შტოლბერგის ციხეში, სადაც ერთადერთი მოწმე ვიყავი. ერთ წელზე მეტი სამარტოო ტუსაღობაში დავყავი, მაგრამ იეჰოვა ჩემთან იყო. ჩემი სულიერი გადარჩენის გასაღები იყო სიყვარული, რომელიც მისადმი ყრმობიდანვე განვავითარე.
ციხეში ყოფნის ორ-ნახევარი წლის შემდეგ, 1945 წლის 9 მაისს, სასიხარულო ცნობა მივიღეთ — ომი დამთავრდა! იმ დღეს გამათავისუფლეს. ას ათი კილომეტრის ფეხით გავლის შემდეგ მივედი სახლში, გამოფიტულობისა და შიმშილისგან სრულიად დასნეულებული. ჯანმრთელობის აღდგენისთვის რამდენიმე თვე დამჭირდა.
დაბრუნებისას ძალიან არასასიამოვნო ამბები დამხვდა. პირველი იყო დედის შესახებ. ციხეში წელიწად-ნახევრის მანძილზე ყოფნის შემდეგ ნაცისტებმა მოსთხოვეს ხელი მოეწერა საბუთისთვის, რითაც იეჰოვას მიმართ რწმენა უნდა უარეყო. დედა არ დათანხმდა. ამიტომ გესტაპომ ის რავენსბრიუკის ქალთა საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსა. ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ის იქ ტიფისგან გარდაიცვალა. ის ძალიან მამაცი ქრისტიანი იყო — გულმოდგინე მოღვაწე, რომელიც არასოდეს კარგავდა იმედს. დაე იეჰოვამ კეთილად გაუხსენოს მას.
აგრეთვე დამხვდა ამბავი უფროს ძმაზე, ვერნერზე, რომელსაც თავი არასოდეს მიუძღვნია იეჰოვასათვის. ის შევიდა გერმანიის ჯარში და შემდეგ რუსეთში მოკლეს. მამაჩემი? სახლში დაბრუნდა, მაგრამ სამწუხაროდ, ის იმ მოწმეების მცირერიცხოვან ჯგუფში იყო, რომელმაც ხელი მოაწერა რწმენის უარყოფის სამარცხვინო საბუთზე. როცა ვნახე, ის პირქუშად და გონებრივად მოშლილი გამოიყურებოდა (2 პეტრე 2:20).
ხანმოკლე თავგამოდებული სულიერი საქმიანობა
ლაიფციგში 1946 წლის 10 მარტს ომის შემდეგ პირველად დავესწარი კონგრესს. მღელვარებამ შემიპყრო, როცა გამოცხადდა, რომ ნათლობა იმავე დღეს უნდა მომხდარიყო! თუმცა სიცოცხლე იეჰოვას მანამდე მრავალი წლით ადრე მივუძღვენი, ჩემთვის ეს მონათვლის პირველი შესაძლებლობა იყო. ის დღე არასოდეს დამავიწყდება.
ერთი თვე პიონერად მსახურების შემდეგ, 1947 წლის 1-ლ მარტს, მიმიწვიეს ბეთელში, ქალაქ მაგდებურგში. საზოგადოების ოფისები მთლიანად დაზიანდა დაბომბვის გამო. რა უპირატესობა იყო, აღდგენით სამუშაოებში დავხმარებოდი! იმ წლის შემოდგომაზე სპეციალურ პიონერად დამნიშნეს ქალაქ ვიტენბერგეში. რამდენიმე თვის მანძილზე ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებას ვუთმობდი 200-ზე მეტ საათს. როგორ მიხაროდა, რომ ისევ თავისუფალი ვიყავი — აღარ იყო ომი, აღარც დევნა, აღარც ციხეები!
სამწუხაროდ, ეს თავისუფლება დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ომის შემდეგ გერმანია დაიყო და ის ნაწილი, სადაც მე ვცხოვრობდი, კომუნისტების ძალაუფლების ქვეშ მოექცა. 1950 წლის სექტემბერს აღმოსავლეთ გერმანიის საიდუმლო პოლიციამ, რომელიც ცნობილი იყო როგორც „შტაზი“, დაიწყო ძმების სისტემატური დაპატიმრება. ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები სასაცილო იყო. ამერიკის მთავრობის ჯაშუშობას მაბრალებდნენ. მათ სახელმწიფოში, კერძოდ კი ქალაქ ბრანდერბუგში არსებულ „შტაზის“ ყველაზე ცუდ ციხეში მომათავსეს.
მხარდაჭერა სულიერი ძმებისგან
„შტაზის“ ციხეში დღე არ მაძინებდნენ, ღამე კი დაკითხვებს მიწყობდნენ. ეს წამება რამდენიმე დღე გრძელდებოდა, შემდეგ კი მდგომარეობა გაუარესდა. ერთ დილას, ჩემს საკანში დაბრუნების ნაცვლად, მათ მომათავსეს სამარცხვინო „უ-ბოოტ ცელენ“-ში (U–Boot Zellen), რომელიც წყალქვეშა ნავის საკნებად იყო ცნობილი, რადგან სარდაფის სიღრმეში იყო განლაგებული. მათ გააღეს ძველი, ჟანგიანი რკინის კარი და მიბრძანეს შიგ შევსულიყავი. უნდა გადამებიჯებინა კარის მაღალი ზღურბლისთვის. ნაბიჯის გადადგმისთანავე ვიგრძენი, რომ იატაკი წყლით იყო დაფარული. კარი საშინელი ჭრიალით მიმიჯახუნეს. იქ არც შუქი იყო და არც ფანჯრები. უკუნი სიბნელე იყო.
არც დაჯდომა შემეძლო, არც დაწოლა და არც ძილი, რადგან იატაკი რამდენიმე სანტიმეტრით წყლით იყო დაფარული. რამდენიმე ხანში, რომელიც მარადიულობად მომეჩვენა, ისევ ამომიყვანეს მორიგი დაკითხვისთვის, რომელიც ძლიერი შუქის ქვეშ მიმდინარეობდა. არ ვიცი რა იყო უარესი — მთელი დღე წყალში სრულ სიბნელეში დგომა თუ მთელი ღამის განმავლობაში ჩემსკენ მომართული პროჟექტორების მტკივნეული შუქის ატანა.
რამდენჯერმე დამემუქრნენ დახვრეტით. რამდენიმე ღამის განმავლობაში დაკითხვის შემდეგ ჩემთან მოვიდა მაღალი წოდების რუსი ოფიცერი. შესაძლებლობა მომეცა, მეთქვა მისთვის, რომ გერმანიის „შტაზი“ ნაცისტურ გესტაპოზე უარესად მექცეოდა. მე ვუთხარი მას, რომ იეჰოვას მოწმეები ნეიტრალურები იყვნენ ნაცისტური მთავრობის დროს და ნეიტრალურები იყვნენ კომუნისტების მთავრობის დროსაც და რომ, სადაც არ უნდა ვიყოთ მსოფლიოში, ჩვენ არ ვერევით პოლიტიკაში. ვუთხარი, რომ, ამის საპირისპიროდ, მრავალი, ვინც ახლა „შტაზის“ ოფიცერი იყო, ერთ დროს ნორჩ ჰიტლერელთა ორგანიზაციის წევრები იყვნენ, სადაც მათ, ალბათ, ასწავლეს უდანაშაულო ადამიანების სასტიკი დევნა. ლაპარაკის დროს ჩემი სხეული კანკალებდა სიცივის, შიმშილისა და დაძაბუნებულობისგან.
საკვირველი იყო — რუსი ოფიცერი არ გაბრაზებულა ჩემზე. პირიქით, საბანი დამაფარა და კარგად მომექცა. მისი მოსვლიდან მცირე ხნის შემდეგ უფრო კეთილმოწყობილ საკანში ჩამსვეს. რამდენიმე დღის შემდეგ გადამცეს გერმანიის სასამართლოს. სანამ ჩემს საქმეს განიხილავდნენ, დიდ სიამოვნებას მგვრიდა სხვა ხუთ მოწმესთან ერთად ერთ საკანში ყოფნა. ამდენი საშინელი მოპყრობის ატანის შემდეგ რა გამომაცოცხლებელი იყო ჩემს სულიერ ძმებთან ურთიერთობა! (ფსალმუნი 132:1).
სასამართლომ შპიონაჟში დამდო ბრალი და გამოსასწორებელ კოლონიაში ოთხი წლით პატიმრობა მომისაჯა. ეს ლმობიერ სასჯელად ითვლებოდა. ზოგ ძმას ათ წელზე მეტი მიუსაჯეს. მე კი მაგრად დაცულ გამოსასწორებელ კოლონიაში გამგზავნეს. მეგონა, თაგვიც ვერ გაძვრებოდა ამ ციხიდან — იმდენად ძლიერი დაცვა იყო. მაგრამ იეჰოვას დახმარებით რამდენიმე გულადმა ძმამ ჩუმად შემოიტანა მთლიანი ბიბლია. ის ცალკეულ წიგნებად დაყვეს და ეს წიგნები პატიმარ ძმებში მიმოდიოდა.
როგორ ვაკეთებდით ამას? ეს ძალიან ძნელი იყო. ერთმანეთთან დაკავშირების ერთადერთი შესაძლებლობა აბანოში გვქონდა, სადაც ორ კვირაში ერთხელ მივყავდით. ერთხელ, როცა შხაპს ვღებულობდი, ძმამ მიჩურჩულა, რომ ბიბლიის რამდენიმე გვერდი დამალული ჰქონდა თავის პირსახოცში. დაბანის შემდეგ ჩემი პირსახოცის ნაცვლად მისი უნდა ამეღო.
ერთმა ყარაულმა დაინახა, რომ ძმა მეჩურჩულებოდა, და ძალიან მაგრად სცემა ხელკეტით. მე სწრაფად ვტაცე ხელი პირსახოცს და სხვა პატიმრებში გავერიე. კიდევ კარგი, ბიბლიის ფურცლებით რომ არ დამიჭირეს, თორემ ჩვენი სულიერი კვების პროგრამა საფრთხეში ჩავარდებოდა. ჩვენ კიდევ მრავალი მსგავსი რამ გამოვიარეთ. ბიბლიას მალულად ვკითხულობდით, დიდი საფრთხის ქვეშ. ამ დროს მართლაც დროული იყო მოციქული პეტრეს სიტყვები: „მღვიძარენი იყავით, იფხიზლეთ“ (1 პეტრე 5:8).
რაღაც მიზეზის გამო ხელმძღვანელობა ზოგ ჩვენგანს პერიოდულად ერთი კოლონიიდან მეორეში აგზავნიდა. ოთხი წლის განმავლობაში ათამდე სხვადასხვა გამოსასწორებელ კოლონიაში გადამიყვანეს. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვპოულობდი ძმებს. მე ძალიან შემიყვარდა ის ძმები და ყოველთვის მწყდებოდა გული, როცა ვშორდებოდი მათ.
ბოლოს ლაიფციგის ციხეში გამგზავნეს, საიდანაც გამათავისუფლეს. ციხის მცველი კი, რომელმაც გამომიშვა, არ გამომემშვიდობა, არამედ მითხრა: „მალე ისევ გიხილავთ“. მას თავისი ბოროტი აზროვნებით ისევ ციხეში უნდოდა ჩემი ჩასმა. მე ხშირად ვფიქრობ ფსალმუნის 123-ე თავის მე-2 და მე-3 მუხლების შესახებ, სადაც წერია: „უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგა ჩვენს წინააღმდეგ კაცი, მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ ჩვენზე“.
იეჰოვა თავისი ურყევად ერთგული მსახურების მხსნელია
ახლა მე ისევ თავისუფალი ადამიანი ვიყავი. ჩემი ტყუპისცალი და, სახელად რუთი, სულიერ დასთან, ჰერტა შლენზოგთან ერთად ჭიშკართან მელოდებოდა. ციხეში გატარებული ამ წლების მანძილზე ჰერტა ყოველთვიურად მიგზავნიდა პატარა ამანათებს საჭმლით. დარწმუნებული ვარ: ციხეში მოვკვდებოდი, ეს პატარა ამანათები რომ არა. დაე იეჰოვამ კეთილად გაუხსენოს მას.
გათავისუფლების შემდეგ იეჰოვამ მსახურებაში მრავალი უპირატესობით მაკურთხა. ისევ სპეციალურ პიონერად ვმსახურობდი ქალაქ გრონაუში (გერმანია) და სარაიონო ზედამხედველად გერმანიის ალპებში. მოგვიანებით მიმიწვიეს მისიონერებისთვის განკუთვნილი საგუშაგო კოშკის ბიბლიური სკოლა გალაადის 31-ე კლასში. ჩვენი კლასის გამოშვება მოხდა „იანკის სტადიონზე“ იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო კონგრესის დროს 1958 წელს. მე უპირატესობა მქონდა მიმემართა ძმებისა და დების დიდი აუდიტორიისთვის და მომეთხრო რამდენიმე შემთხვევა.
სკოლის დამთავრების შემდეგ მისიონერად გავემგზავრე ჩილეში. ჩილეს ყველაზე სამხრეთ ნაწილში — სიტყვასიტყვით, დედამიწის კიდეში — ისევ სარაიონო ზედამხედველად ვმსახურობდი. 1962 წელს დავქორწინდი პაცი ბოიტნაგელზე, მშვენიერ მისიონერზე, სან-ანტონიოდან (ტეხასი, აშშ). მასთან ერთად მრავალი შესანიშნავი წლის მანძილზე გატარებულ იეჰოვასადმი მსახურებას სიხარული მოჰქონდა ჩემთვის.
ჩემი ცხოვრების 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მრავალი სიხარული და მწუხარება განვიცადე. ფსალმუნმომღერალმა თქვა: „მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი“ (ფსალმუნი 33:20). 1963 წელს ჯერ ისევ ჩილეში ვიყავით, როცა მე და პაცის ტრაგიკულად დაგვეღუპა ჩვენი პატარა გოგონა. მოგვიანებით პაცი მძიმედ დაავადდა და ჩვენ გადავედით ტეხასში. 43 წლის ასაკში ისიც ტრაგიკულ ვითარებაში დაიღუპა. მე ხშირად ვლოცულობ, რომ იეჰოვამ კეთილად გაიხსენოს ჩემი საყვარელი მეუღლე.
ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფი და მოხუცი ვარ, სიხარულს მგვრის უხუცესად და სრული დროით პიონერად მსახურება ქალაქ ბრეიდიში (ტეხასი). მართალია, ცხოვრება ყოველთვის ადვილი არ არის და შესაძლებელია სხვა გამოცდებიც მელოდება. მაგრამ ფსალმუნმომღერლის მსგავსად შემიძლია ვთქვა: „ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღესაც ვუბნობ შენს საოცრებაზე“ (ფსალმუნი 70:17).
[სურათები 23 გვერდზე]
1) დღეს ვარ უხუცესი და სრული დროით ვმსახურობ პიონერად, 2) პაცისთან, დაქორწინების წინ, 3) ბ-ნ შნაიდერის კლასში, 4) დედაჩემი ტერეზა, რომელიც რავენსბრიუკში დაიღუპა.