იეჰოვას მსახურებაში ხანგრძლივი სიცოცხლისთვის მადლიერი
მოგვითხრო ოტილიე მიდლანმა
მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს გემები ჩამწკრივებული იყო ნორვეგიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კოპერვიკის ნავსადგურში. იმ დროს ქუჩებში ადამიანები და ცხენები დაატარებდნენ ურმებს. ხალხი პარაფინის ლამპებს იყენებდა გასანათებლად და თეთრად შეღებილ ხის სახლებს შეშითა და კოქსით ათბობდა. მე იმ დროს დავიბადე, 1898 წლის ივნისში, და ვიყავი ხუთი შვილიდან მეორე.
მამაჩემი უმუშევარი იყო და ამიტომ 1905 წელს შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. სამი წლის შემდეგ დაბრუნდა ჩემოდნით, რომელიც სავსე იყო საინტერესო საჩუქრებით ჩვენთვის, ბავშვებისთვის, და აბრეშუმის ქსოვილითა და სხვა ნივთებით დედისთვის. მაგრამ მისი ყველაზე ძვირფასი საკუთრება იყო ჩარლზ ტეიზ რასელის ტომები, სახელწოდებით „წერილების გამოკვლევა“.
მამა მეგობრებსა და ნათესავებს უყვებოდა, რასაც იმ წიგნებიდან გებულობდა. შეხვედრებზე ადგილობრივ სამლოცველოში ბიბლიიდან უჩვენებდა, რომ ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი არ არსებობს (ეკლესიასტე 9:5, 10). ერთი წლის შემდეგ, რაც მამა შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა, 1909 წელს ძმა რასელი ჩამოვიდა ნორვეგიაში და წარმოთქვა მოხსენებები ბერგენსა და ქრისტიანიაში (ამჟამად ოსლო). მამა ბერგენში წავიდა მის მოსასმენად.
ხალხის უმრავლესობა მამას ცრუ მოძღვრებების გავრცელებაში ადანაშაულებდა. მე მეცოდებოდა ის და ვეხმარებოდი მეზობლებთან ბიბლიური ტრაქტატების გავრცელებაში. 1912 წელს მღვდლის ქალიშვილს მივეცი ტრაქტატი ჯოჯოხეთზე. მან მე და მამაჩემი გაგვლანძღა. გაოგნებული ვიყავი, რომ მღვდლის ქალიშვილს ასეთი უწმაწური სიტყვების თქმა შეეძლო.
ბიბლიის სხვა მკვლევარები, როგორც მაშინ იეჰოვას მოწმეებს ეწოდებოდათ, დროდადრო გვაკითხავდნენ კოპერვიკში და მათ შორის იყო უნარიანი მომხსენებელი ტეოდორ სიმონსენი. მე ვპატიჟებდი ხალხს მოხსენებებზე, რომლებსაც ის ჩვენს სახლში წარმოთქვამდა. მოხსენებამდე ის ციტრაზე უკრავდა და მღეროდა, მოხსენების შემდეგ კი დასკვნით სიმღერას მღეროდა. ჩვენ მას დიდ პატივს ვცემდით.
ჩვენი ოჯახის სხვა სტუმარი ანა ანდერსენი იყო, წიგნების დამტარებელი, ანუ სრული დროით მსახური. ის ქალაქ-ქალაქ მოგზაურობდა მთელ ნორვეგიაში, ძირითადად ველოსიპედით, და ბიბლიურ ლიტერატურას აძლევდა ადამიანებს. ერთ დროს ის „ხსნის არმიის“ ოფიცერი იყო და იცნობდა „ხსნის არმიის“ რამდენიმე ოფიცერს კოპერვიკში. მათ ნება დართეს, ბიბლიური მოხსენებით გამოსულიყო თავიანთი შეკრების სახლში, მე კი ხალხი დავპატიჟე, რომ მისულიყვნენ და მოესმინათ მისთვის.
წიგნების სხვა დამტარებელი, რომელიც ჩვენთან კოპერვიკში ჩამოდიოდა, იყო კარლ გუნბერი. ეს მოკრძალებული, წყნარი, მაგრამ ხუმარა მამაკაცი პერიოდულად ოსლოში მდებარე ფილიალში მთარგმნელადაც მსახურობდა. რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ იქ ერთად ვმუშაობდით.
რელიგიური შეხედულებების გავლენაში
იმ დროს ხალხის უმრავლესობას არა მხოლოდ ძლიერად სწამდა ღმერთი და ბიბლია, არამედ მათში გამჯდარი იყო ისეთი სწავლებები, როგორიცაა სწავლებები ცეცხლოვან ჯოჯოხეთსა და სამებაზე. ამიტომ საკმაო აურზაური გამოიწვია, როცა ბიბლიის მკვლევარები ასწავლიდნენ, რომ ეს დოგმატები ბიბლიას არ ეთანხმებოდა. ჩემზე იმოქმედა იმან, რომ მეზობლები მამას მწვალებლობაში სდებდნენ ბრალს. ერთხელ მეც ვუთხარი:
— რასაც ასწავლი, არ არის მართალი. ეს მწვალებლობაა!
— მოდი აქ, ოტილიე, — დამიძახა მან, — და ნახე, ბიბლია რას ამბობს.
მან ბიბლიიდან მუხლები ამომიკითხა. შედეგად, ჩემი რწმენა მისი სწავლებისა და მის მიმართ გაძლიერდა. მამამ მითხრა, წამეკითხა „წერილების გამოკვლევა“, ასე რომ 1914 წელს მთელი ზაფხული მე ხშირად ვიჯექი გორაკზე, რომელიც ქალაქს გადაჰყურებდა, და ვკითხულობდი.
აგვისტოში, 1914 წელს, ხალხი შეიკრიბა ადგილობრივი გაზეთის საგამომცემლო შენობასთან და კითხულობდა ცნობას პირველი მსოფლიო ომის დაწყების შესახებ. როცა მამა მოვიდა და დაინახა, თუ რა ხდებოდა. „მადლობა ღმერთს!“ — წამოიძახა მან. ომის დაწყებაში მან ამოიცნო იმ ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულება, რომლის შესახებაც ქადაგებდა (მათე 24:7). მაშინ მრავალ ბიბლიის მკვლევარს სწამდა, რომ მალე ცაში აიტაცებდნენ. როცა ეს არ მოხდა, ზოგს გული აუცრუვდა.
ბიბლიური ჭეშმარიტების მხარეს ვიკავებ
რვა კლასი 1915 წელს დავამთავრე, 17 წლის ასაკში, და დავიწყე მუშაობა ქვეყნიურ სამუშაოზე, სამმართველოში. შემდეგ „საგუშაგო კოშკის“ სისტემატური კითხვა დავიწყე. მაგრამ რეგულარული შეხვედრები კოპერვიკში 1918 წლამდე არ ტარდებოდა. თავიდან ხუთნი ვესწრებოდით. ჩვენ ვკითხულობდით საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციებს, ერთ-ერთი იყო „წერილების გამოკვლევა“, და მასალას კითხვა-პასუხების საშუალებით განვიხილავდით. მიუხედავად იმისა, რომ დედას კარგი შთაბეჭდილება ჰქონდა ბიბლიის მკვლევარებზე და ამას სხვებთანაც ამბობდა, თვითონ არასოდეს შემოგვერთებია.
სამმართველოში, სადაც 1918 წლიდან ვმუშაობდი, გავიცანი ანტონ სალტნესი, რომელსაც დავეხმარე, გამხდარიყო „ბიბლიის მკვლევარი“. იმ დროს მე სისტემატურად ვმსახურობდი მქადაგებლად და 1921 წელს ბერგენში კონგრესზე მოვინათლე.
შვედეთის ქალაქ ერებრუში 1925 წლის მაისში სკანდინავიის ყველა ქვეყნისთვის ჩატარდა კონგრესი. ესწრებოდა 500-ზე მეტი ადამიანი, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტის, ჯოზეფ ფ. რუტერფორდის ჩათვლით. ოსლოდან დაახლოებით ოცდაათი ჩავედით მატარებლით, რომლის ერთი ვაგონი ჩვენთვის იყო დაჯავშნილი.
იმ კონგრესზე გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენში (დანია) გაიხსნებოდა „ჩრდილოეთ ევროპის ფილიალის ბიურო“, რომელიც იზრუნებდა სამქადაგებლო საქმეზე მთელ სკანდინავიასა და ბალტიის ქვეყნებში. შოტლანდიელი უილიამ დეი სამქადაგებლო სამუშაოს ზედამხედველად დანიშნეს. ის ყველას ძალიან უყვარდა და მალე ცნობილი გახდა, როგორც „დიდი შოტლანდიელი“. თავიდან ძმა დეიმ არც ერთი სკანდინავიური ენა არ იცოდა, ასე რომ შეხვედრებისა და კონგრესების დროს უკანა რიგებში იჯდა და ბავშვებს ადევნებდა თვალყურს, რათა მათი მშობლები ყურადღებით ყოფილიყვნენ სცენიდან ნათქვამის მიმართ.
„საგუშაგო კოშკი“ 1925 წლის 1-ლი მარტის გამოცემაში განიხილავდა გამოცხადების მე-12 თავს და განმარტავდა, რომ ეს თავი ღვთის სამეფოს დაბადებას ეხება და რომ ეს დაბადება მოხდა ზეცაში 1914 წელს. ჩემთვის ძნელი იყო ამის გაგება, ამიტომ სტატია რამდენჯერმე გადავიკითხე. საბოლოოდ, როცა გავიგე, ძალიან ბედნიერად ვიგრძენი თავი.
როცა ბიბლიური საკითხების გაგებაში ცვლილებები ხდებოდა, ზოგი ცდუნდებოდა ამაზე და ტოვებდა ღვთის ხალხს. მაგრამ, როცა ასეთი ცვლილება გასაგებად ძნელი იყო, ყოველთვის რამდენჯერმე გადავიკითხავდი მასალას, რომ ჩავწვდომოდი არგუმენტაციას. თუ ახალ განმარტებასაც ვერ ვიგებდი, ველოდებოდი, სანამ მას ნათელი მოეფინებოდა. ჩემი მოთმინება მრავალჯერ დაჯილდოვდა.
ბეთელში მსახურება
რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდი მოანგარიშედ, მდივნად და ოლქის ფინანსთა რევიზორად. 1928 წელს ავად გახდა პიროვნება, რომელიც მეთვალყურეობას უწევდა ჩვენი საზოგადოების საფინანსო ანგარიშებს, და ბეთელის დატოვება მოუწია. რადგან ამ საქმეში გამოცდილება მქონდა, მთხოვეს მისი შესრულება. ბეთელში მსახურება 1928 წლის ივნისში დავიწყე. პერიოდულად ძმა დეი გვეწვეოდა და ამოწმებდა ჩემს ანგარიშებს. ჩვენი ბეთელის ოჯახი აგრეთვე სათავეში უდგა საჯარო ქადაგებას ოსლოში, სადაც მაშინ მხოლოდ ერთი კრება იყო.
ზოგი „ოქროს ხანას“ (ახლა „გამოიღვიძეთ!“) ჩალაგება-შეფუთვასა და გაგზავნის საქმეში ვეხმარებოდით ძმა საკსჰემერს, რომელიც ბეთელში მსახურობდა ლიტერატურის გამგზავნელად. ძმები სიმონსენი და გუნბერიც იმ დამხმარეებს შორის იყვნენ. მუშაობის დრო მხიარულად გადიოდა, რადგან ხშირად ვმღეროდით.
დარწმუნებული ვარ სამეფოს იმედში
ჩვენ 1935 წელს გავიგეთ, რომ „უამრავი ხალხი“ არ წარმოადგენდა მეორად ზეციერ კლასს. არამედ წარმოადგენს იმ ჯგუფს, რომელიც გადარჩება დიდი გასაჭირის დროს და დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა ექნება (გამოცხადება 7:9–14). ამ ახალი გაგების მიხედვით, ზოგი, ვინც გახსენების საღამოზე სიმბოლოებს ღებულობდა, მიხვდა, რომ მიწიერი იმედი ჰქონდა და შეწყვიტა ამის გაკეთება.
თუმცა არასოდეს დავეჭვებულვარ ჩემს ზეციერ იმედში, ხშირად ვფიქრობდი, „მაინცდამაინც მე რატომ ვუნდივარ ღმერთს?“ ასეთი უდიდესი პატივისთვის საკუთარი თავი უღირსი მიმაჩნდა. ჩემთვის, პატარა და გაუბედავი ქალისთვის, უცნაური რამ იყო, ჩემი თავი მეფედ წარმომედგინა, რომელიც ქრისტესთან ერთად იმმართველებს (2 ტიმოთე 2:11, 12; გამოცხადება 5:10). მაგრამ მე ვფიქრობდი მოციქულ პავლეს სიტყვებზე, რომ მოწოდებულთაგან „ბევრი არ არის ძლიერი“, არამედ „წუთისოფლის უძლურნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი“ (1 კორინთელთა 1:26, 27).
მოღვაწეობა მეორე მსოფლიო ომის დროს
გერმანიის ჯარები ნორვეგიაში 1940 წლის 9 აპრილს შემოიჭრნენ და მალე მთელი სახელმწიფო დაიკავეს. ომის გამო წამოჭრილი სიძნელეების შედეგად მრავალი ეხმაურებოდა სამეფოს ცნობას. 1940 წლის ოქტომბრიდან 1941 წლის ივნისამდე გავავრცელეთ 272 000 წიგნი და ბუკლეტი. ეს ნიშნავს, რომ ნორვეგიაში იმ დროს არსებული 470 მოწმიდან იმ ცხრა თვის განმავლობაში თითოეულმა საშუალოდ 570-ზე მეტი წიგნი და ბუკლეტი გაავრცელა!
გესტაპომ ყველა თავმჯდომარე ზედამხედველს 1941 წლის 8 ივლისს მიაკითხა და უთხრა, რომ, თუ არ შეწყვეტდნენ სამქადაგებლო საქმიანობას, მათ საკონცენტრაციო ბანაკებში გააგზავნიდნენ. ხუთი გერმანელი პოლიციელი მოვიდა ბეთელში და კონფისკაცია გაუკეთა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ კუთვნილებას. ბეთელის ოჯახი წაიყვანეს და დაკითხეს, მაგრამ არავინ დაუპატიმრებიათ. ბოლოს, 1941 წლის 21 ივლისს, ჩამოგვართვეს საზოგადოების შენობა, რომელიც მდებარეობდა „ინკოგნიტოგატენ 28 ბ-ზე“, და სამქადაგებლო საქმე აიკრძალა. მე კოპერვიკში დავბრუნდი და, თავი რომ მერჩინა, ქვეყნიური სამსახური ვიშოვე.
იმ დროს მამა პიონერად მსახურობდა. ერთხელ მოვიდნენ ნაცისტები და მამაჩემის სახლი გაჩხრიკეს. მათ წაიღეს მთელი მისი ლიტერატურა, ბიბლიებისა და ბიბლიის სიმფონიების ჩათვლით. იმ პერიოდში ძალიან ცოტა სულიერ საკვებს ვღებულობდით. სულიერად ძლიერები რომ დავრჩენილიყავით, ბევრჯერ ვსწავლობდით ძველ წიგნებს, მათ შორის წიგნს „მთავრობა“ (ინგლ.), და არ ვწყვეტდით ქადაგებას.
სამწუხაროდ, მრავალ ადგილზე ძმებს შორის უთანხმოებები წამოიჭრა. ზოგი გამოთქვამდა აზრს, რომ დაუფარავად უნდა გვექადაგა და გვევლო კარდაკარ, სხვები კი ფიქრობდნენ, რომ უფრო საიდუმლოდ უნდა გვემუშავა და ხალხს სხვა საშუალებებით შევხვედროდით. ამიტომ ხელმძღვანელი ძმები, რომლებიც მანამდე კარგად თანამშრომლობდნენ და რომლებიც ძალიან გვიყვარდა, აღარ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. მათ შორის არსებულმა განხეთქილებებმა უფრო დიდი გულისტკივილი მომაყენა, ვიდრე სხვა სიტუაციებმა, რომლებიც გადამხდა როგორც მოწმეს.
განახლებული მოღვაწეობა ომის შემდეგ
ომის შემდეგ, 1945 წლის ზაფხულში, ძმა დეი გვეწვია ნორვეგიაში და შეხვედრები ჩაატარა ოსლოში, შიენსა და ბერგენში. მან მოუწოდა ძმებს, დაევიწყებინათ ძველი წყენანი, და სთხოვა ყველას, ვისაც ამის გაკეთება სურდა, ფეხზე წამომდგარიყო. ყველა ადგა! დავა სამუდამოდ გადაწყდა 1945 წლის დეკემბერში, როცა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელი პრეზიდენტი, ნეიტან ჰ. ნორი ჩამოვიდა.
ამასობაში, 1945 წლის 17 ივლისს, ტელეგრამა მივიღე ფილიალის მსახურისგან, ძმა ენოკ ემენისგან, რომელიც მწერდა: „როდის შეძლებ ბეთელში დაბრუნებას?“ ზოგი ამბობდა, რომ 70 წელს გადაცილებულ მამასთან უნდა დავრჩენილიყავი და მისთვის მომევლო. მაგრამ მამამ გამამხნევა და მითხრა, ისევ დამეწყო ბეთელში მსახურება, ასეც მოვიქეცი. 1946 წელს ძმა მარვინ ფ. ანდერსონი შეერთებული შტატებიდან გახდა ჩვენი ფილიალის ზედამხედველი და სამქადაგებლო საქმე განახლდა.
ყოველ ზაფხულს შვებულებით კოპერვიკში ჩავდიოდი ჩემი ოჯახის სანახავად. ჩემი ორი ძმა და ორი და არ გამხდარან მოწმეები, მაგრამ მე და მამას კარგად გვეპყრობოდნენ. ერთ-ერთი ძმა ნავსადგურისა და ლოცმანების უფროსი გახდა, მეორე კი — მასწავლებელი. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად იმდენად უზრუნველყოფილი არ ვიყავი, მამაჩემი ეუბნებოდა მათ: „ოტილიე თქვენზე მდიდარია“. და ეს მართლაც ასე იყო! ის, რაც მათ შეიძინეს, ვერც კი შეედრებოდა იმ სულიერ სიმდიდრეს, რომელიც მე მქონდა! მამა 78 წლის ასაკში მოკვდა 1951 წელს. დედა კი მანამდე — 1928 წელს.
ჩემი ცხოვრების ყველაზე აღსანიშნავი მომენტი იყო იეჰოვას ხალხის საერთაშორისო კონგრესზე დასწრება ნიუ-იორკ სიტიში 1953 წელს. იმ წელს მთელ მსოფლიოში მაუწყებელთა რიცხვი გადასცდა 500 000-ს და კონგრესზე 165 000-ზე მეტი ესწრებოდა! 1953 წელს გამართულ კონგრესამდე ერთი კვირა იეჰოვას მიწიერი ორგანიზაციის მთავარ სამმართველოში, ბრუკლინის ბეთელში, ვიმუშავე.
ვაკეთებ, რაც შემიძლია
ბოლო წლებში კატარაქტას გამო მხედველობა დამიქვეითდა. მაგრამ ცოტათი მაინც შემიძლია დიდი შრიფტის წაკითხვა ძლიერი სათვალეებისა და გამადიდებელი შუშის დახმარებით. კვირაში ორჯერ ქრისტიანი დები მოდიან ჩემთან და მიკითხავენ, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ.
ჩემი სამქადაგებლო მსახურებაც შეზღუდულია. ზაფხულის პერიოდში ქრისტიან დებს ზოგჯერ გამოვყავარ გარეთ ინვალიდის სავარძელში ისეთ ადგილზე, სადაც ცოტას მაინც ვქადაგებ. აგრეთვე რეგულარულად ვაგზავნი ჟურნალებსა და ბროშურებს კოპერვიკის სკოლებში, მათ შორის იმ დაწყებით სკოლაში, რომელშიც დაახლოებით 100 წლის წინათ მოწაფე ვიყავი. მახარებს ის, რომ ჯერ კიდევ შემიძლია რეგულარულ მაუწყებლად ყოფნა.
საბედნიეროდ, სასადილო, სამეფო დარბაზი და ჩემი ოთახი ერთ სართულზეა ბეთელში, რომელიც 1983 წლიდან იტრე ენებაკში, ქალაქ ოსლოს გარეთ, მდებარეობს. ასე რომ, გადასაადგილებელი საშუალების დახმარებით არ მიჭირს მისვლა დილის თაყვანისცემაზე, სადილსა და ჩვენს შეხვედრებზე. და ბედნიერი ვარ, რომ ჯერ კიდევ შემიძლია პატარა და დიდ კონგრესებზე დასწრება. მრავალი წლის ნაცნობ მეგობრებთან, ახალ და-ძმებსა და მრავალ მშვენიერ ბავშვთან შეხვედრა სიამოვნებას მანიჭებს.
რწმენის შენარჩუნება ბოლომდე
კურთხევაა იყო აქტიურ, სასიამოვნო და სულიერ ადამიანებს შორის აქ, ბეთელში. როცა ბეთელში მსახურება დავიწყე, მთელი ოჯახი ზეციერი იმედის მქონე პიროვნებებისგან შედგებოდა (ფილიპელთა 3:14). ახლა ბეთელში ყველა, ჩემს გარდა, მოუთმენლად ელის დედამიწაზე მარადიულად ცხოვრებას.
მართალია, ჩვენ ველოდებოდით, რომ იეჰოვა უფრო ადრე დაიწყებდა თავის მოქმედებას. მაგრამ მიხარია, როცა ვხედავ, რომ უამრავი ხალხი იზრდება და იზრდება რიცხობრივად. რა დიდებული ზრდა ვიხილე! როცა მსახურება დავიწყე, მთელ მსოფლიოში დაახლოებით 5 000 მაუწყებელი იყო. ახლა კი 5 400 000-ზე მეტია! მართლაც, მე ვიხილე, რომ ‘მცირე ათასად გადაიქცა და უმრწემესი — ძლიერ ხალხად’ (ესაია 60:22). ჩვენ განუწყვეტლივ უნდა ველოდოთ იეჰოვას, როგორც წინასწარმეტყველმა აბაკუმმაც დაწერა: „თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება“ (აბაკუმი 2:3).