სამართლიანი ქვეყნიერება მხოლოდ ოცნება არ არის!
„სამართლიანობა კაცობრიობის უდიდესი საზრუნავია“, აღნიშნავს ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე დანიელ უებსტერი. ბიბლია კი ამბობს: „უფალი სამართლის მოყვარულია“ (ფსალმუნი 36:28). ღვთის მსგავსად შექმნილ ადამიანთა პირველ წყვილს ღვთიური თვისებები ჰქონდა, რომლებშიც სამართლიანობაც შედიოდა (დაბადება 1:26, 27).
საღვთო წერილი აგრეთვე ლაპარაკობს ‘წარმართებზე, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, მაგრამ ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ’. ამგვარად ისინი „აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ“ (რომაელთა 2:14, 15). დიახ, ადამიანებს მიცემული აქვთ სინდისი — სწორისა და არასწორის განმსაზღვრელი შინაგანი გრძნობა. ნათელია, რომ ადამიანში ჩადებულია სამართლიანობის მოთხოვნილება.
როგორც ფსალმუნის 105:3-შია ნათქვამი, ადამიანში ბედნიერებისკენ სწრაფვა მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართლიანობის გრძნობასთან: „ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს“. მაშინ, რატომ ვერ შეძლო ადამიანმა სამართლიანი ქვეყნიერების დამყარება?
რატომ განიცადა ადამიანმა კრახი?
სამართლიანი ქვეყნიერების დაარსებაში კრახის ძირითადი მიზეზი არის ჩვენი პირველი მშობლებისგან, ადამისა და ევასგან, მემკვიდრეობით მიღებული ნაკლი. ბიბლია განმარტავს: „ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელთა 5:12). ნაკლი არის ცოდვა. მიუხედავად იმისა, რომ ადამი და ევა უნაკლოდ იყვნენ შექმნილი, ისინი ღვთის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ამგვარად ცოდვილები გახდნენ (დაბადება 2:16, 17; 3:1–6). ამის გამო თავიანთ შვილებს მემკვიდრეობად ცოდვა, ცუდი მიდრეკილებები გადასცეს.
განა ცოდვისკენ მიდრეკილების შედეგი არ არის პიროვნებისთვის დამახასიათებელი ისეთი თვისებები, როგორიცაა სიხარბე და წინასწარაკვიატებულობა? განა წუთისოფელში არსებულ უსამართლობას არ ზრდის ეს თვისებები? სიხარბე წარმოადგენს გარემოს დაბინძურებისა და ეკონომიკური ჩაგვრის მიზეზს. წინასწარაკვიატებულობის საფუძველზე ხდება ეთნიკური ბრძოლები და რასობრივი დისკრიმინაცია. ასეთი თვისებები ძარცვის, თაღლითობისა და სხვებისთვის ზიანის მომტანი მოქმედებისკენ აღმძვრელიცაა.
ჩვენი ცოდვილი მიდრეკილებების გამო ხშირად საუკეთესო აღძვრებით გამოწვეული სამართლიანობისა და სიკეთის გამოვლენის მცდელობებიც კი კრახით მთავრდება. მოციქული პავლე აღიარებდა: „არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს“. შემდეგ ის განაგრძობს ამ შინაგანი ბრძოლის აღწერას: „შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ“ (რომაელთა 7:19–23). შესაძლოა, ჩვენშიც ხდება მსგავსი შინაგანი ბრძოლა. ამიტომაც ყვავის ასე უსამართლობა.
წუთისოფლის უსამართლობას ადამიანთა მმართველობის ფორმაც უწყობს ხელს. ყველა ქვეყანაში არსებობს როგორც კანონები, ისე კანონმდებლები. რასაკვირველია, ყველგანაა მოსამართლეები და სასამართლოები. რა თქმა უნდა, ზოგი პრინციპული პიროვნება ცდილობს, დაიცვას ადამიანთა უფლებები და მიჰყვეს პრინციპს, რომ კანონი ყველასთვის ერთია. მიუხედავად ამისა, მათი მცდელობების უმეტესობა მარცხით მთავრდება. რატომ? მათი წარუმატებლობის მიზეზი, რომელიც სხვადასხვა ფაქტორებითაა განპირობებული, შეიძლება მოკლედ გადმოიცეს იერემიას 10:23-ში მოცემული სიტყვებით: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“. ღვთისგან ჩამოცილებულ ადამიანს, უბრალოდ, არ შეუძლია დააარსოს მართალი, სამართლიანი ქვეყნიერება (იგავნი 14:12; ეკლესიასტე 8:9).
სამართლიანი ქვეყნიერების დაარსებაში კაცობრიობისთვის დიდ ხელის შემშლელს სატანა ეშმაკი წარმოადგენს. ბიბლია ნათლად აცხადებს, რომ ამბოხებული ანგელოზი სატანა პირველი „კაცისმკვლელი“ და „ცრუა“, რომ «მთელი წუთისოფელი ბოროტებაში [„ბოროტის ძალაუფლებაში“, აქ] ძევს» (იოანე 8:44; 1 იოანე 5:19). მოციქული პავლე მას ‘ამ წუთისოფლის ღმერთს’ უწოდებს (2 კორინთელთა 4:3, 4). სატანას სძულს სამართლიანობა და ყოველ ღონეს ხმარობს ბოროტების გასაღვივებლად. სანამ ის მართავს წუთისოფელს, ყოველგვარი უსამართლობა და მისი სამწუხარო შედეგები იმეფებს კაცობრიობაზე.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ უსამართლობა ყოველთვის იქნება ადამიანთა საზოგადოებაში? არის თუ არა სამართლიანი ქვეყნიერება აუხდენელი ოცნება?
სამართლიანი ქვეყნიერება რეალობაა — როგორ?
სამართლიანი ქვეყნიერების რეალურად დაარსების იმედის განსახორციელებლად, კაცობრიობამ უნდა ეძებოს წყარო, რომელიც უსამართლობის მიზეზების ძირფესვიანად აღმოფხვრას შეძლებს. მაგრამ ვის შეუძლია ცოდვის ამოძირკვა და სატანისა და მისი მმართველობისგან თავის დაღწევა? აშკარაა, რომ ვერც ერთი ადამიანი ან მმართველობითი ორგანო ვერ გადაჭრის ასეთ რთულ ამოცანას. ამის გაკეთება მხოლოდ იეჰოვა ღმერთს შეუძლია! მის შესახებ ბიბლია აცხადებს: „კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი“ (მეორე რჯული 32:4). იეჰოვა „სამართლის მოყვარულია“ და სურს, რომ კაცობრიობამ გაიხაროს სამართლიან ქვეყნიერებაში ცხოვრებით (ფსალმუნი 36:28).
სამართლიანი ქვეყნიერების დაარსების შესახებ ღვთის ღონისძიების მოხსენიებისას პეტრე წერდა: „ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). ‘ახალი ცა’ არ არის ახალი ფიზიკური ცა. ღმერთმა ჩვენი ფიზიკური ცა სრულყოფილი შექმნა და მას დიდება მოაქვს მისთვის (ფსალმუნი 8:4; 18:2, 3). ‘ახალი ცა’ დედამიწის ახალი მმართველობაა. ახლანდელი ‘ცა’ ადამიანების მიერ შექმნილი მთავრობებია. ძალიან მალე ღვთის ომში, არმაგედონში, გზა გაეხსნება ‘ახალ ცას’ — ღვთის ზეციერ სამეფოს, ანუ მთავრობას (გამოცხადება 16:14–16). ამ სამეფოს მეფე არის იესო ქრისტე. ეს მთავრობა სამუდამოდ გაანადგურებს ადამიანთა მმართველობებს და თვითონ კი მარადიულად იმეფებს (დანიელი 2:44).
რას წარმოადგენს ‘ახალი მიწა’? ის არ არის ახალი პლანეტა, რადგან ღმერთმა ის ადამიანთა საცხოვრებლად სავსებით გამოსადეგი შექმნა და მისი ნებაა, რომ დედამიწა მარადიულად არსებობდეს (ფსალმუნი 103:5). ‘ახალი მიწა’ ადამიანთა ახალ საზოგადოებაზე მიუთითებს (დაბადება 11:1; ფსალმუნი 95:1). „მიწა“, რომელიც განადგურდება, იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებიც საკუთარ თავს ამ ბოროტი სისტემის ნაწილად იხდიან (2 პეტრე 3:7). იმ ‘ახალი მიწის’ შემადგენლობაში, რომელიც მათ შეცვლის, შევლენ ღვთის ჭეშმარიტი მსახურები, რომელთაც ბოროტება სძულთ და სიმართლე და სამართლიანობა უყვართ (ფსალმუნი 36:10, 11). ამგვარად, სატანის ქვეყნიერება წარსულს ჩაბარდება.
მაგრამ რა ელის სატანას? მოციქულმა იოანემ იწინასწარმეტყველა: „შეიპყრო [იესო ქრისტემ] გველეშაპი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებორკა ათასი წლით. ჩააგდო იგი უფსკრულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედი, რათა აღარ აცდუნოს ერები“ (გამოცხადება 20:1–3). შებორკილი სატანის გავლენა ქვეყნიერებაზე ისეთივე იქნება, როგორც ღრმა დილეგში ჩაგდებული პატიმრის. რა შვებისმომგვრელი და სამართლიანი წუთისოფლის მაუწყებელი იქნება ეს კაცობრიობისთვის! ათასი წლის დასასრულს კი სატანა განადგურდება (გამოცხადება 20:7–10).
მაგრამ რა მოუვა მემკვიდრეობით მიღებულ ცოდვას? იეჰოვამ უკვე იზრუნა ცოდვის აღმომფხვრელ საშუალებაზე. ‘კაცის ძე [იესო ქრისტე] იმისათვის მოვიდა, რომ თავი შეეწირა მრავალთა გამოსასყიდად’ (მათე 20:28). სიტყვა ‘გამოსყიდვა’ ტყვეების გამოსახსნელად საჭირო ფასზე მიუთითებს. იესომ კაცობრიობის გამოსასყიდად, როგორც სრულყოფილმა ადამიანმა, თავისი სიცოცხლე გაიღო (1 პეტრე 1:18, 19; 2 კორინთელთა 5:14).
იესოს გამომსყიდველურ მსხვერპლს დღესაც კი მოაქვს ჩვენთვის სარგებლობა. ამ მსხვერპლისადმი რწმენის გამოვლენით, შეგვიძლია სუფთად წარვდგეთ ღვთის წინაშე (საქმეები 10:43; 1 კორინთელთა 6:11). ღვთის სამეფოს მმართველობის დროს გამოსყიდვა კაცობრიობის ცოდვას მთლიანად გააბათილებს. ბიბლიის ბოლო წიგნი აღწერს სიმბოლურ ‘სიცოცხლის წყლის მდინარეს’, რომელიც ღვთის ტახტიდან მოედინება და, რომლის ნაპირებზედაც სიმბოლური ნაყოფის მომტანი ხეებია, ხოლო ფოთლები კი „ხალხთა განსაკურნავადაა“ (გამოცხადება 22:1, 2). აქ აღწერილი ბიბლიური სურათი აჩვენებს შემოქმედის სასწაულებრივ ღონისძიებას იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე კაცობრიობის ცოდვისგან გამოჯანსაღების შესახებ. ამ განზრახვის მთლიანი შესრულება მორჩილ კაცობრიობას ცოდვისა და სიკვდილისგან გაათავისუფლებს.
ცხოვრება სამართლიან ქვეყნიერებაში
დაფიქრდი, თუ როგორი იქნება ცხოვრება ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით. ბოროტმოქმედება და ძალადობა წარსულის საქმედ იქცევა (იგავნი 2:21, 22). აღარ იქნება ეკონომიკური უსამართლობა (ფსალმუნი 36:6; 71:12, 13; ესაია 65:21–23). სოციალური, რასობრივი, ტომობრივი თუ ეთნიკური დისკრიმინაციის ყოველგვარი კვალი აღმოიფხვრება (საქმეები 10:34, 35). ომები და საბრძოლო იარაღები აღარ იქნება (ფსალმუნი 45:10). უსამართლობისგან გათავისუფლებულ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად მილიონობით გარდაცვლილს დაუბრუნდება სიცოცხლე (საქმეები 24:15). ყველა გაიხარებს სრულყოფილი, კარგი ჯანმრთელობით (იობი 33:25; გამოცხადება 21:3, 4). ბიბლია გვარწმუნებს, რომ „[იესო ქრისტე] სამართალს სიმართლით გააჩენს“ (ესაია 42:3).
იმ დროს, როცა უსამართლობის მსხვერპლნი ვხდებით, დაე ნურასოდეს ნუ ვიქნებით სამაგიეროს გადამხდელები (მიქა 6:8). მაშინაც კი, როცა უსამართლობას ვიტანთ, შევინარჩუნოთ დადებითი თვალსაზრისი. აღთქმული სამართლიანი ქვეყნიერება მალე რეალობა იქნება (2 პეტრე 3:11–13; 2 ტიმოთე 3:1–5). ყოვლისშემძლე ღმერთმა სიტყვა მოგვცა და ის ‘აღსრულდება’ (ესაია 55:10, 11). ახლა, ღვთის მოთხოვნების გაგების საშუალებით, იმ სამართლიან ქვეყნიერებაში საცხოვრებლად მომზადების დროა (იოანე 17:3; 2 ტიმოთე 3:16, 17).
[სურათი 7 გვერდზე]
ღვთის აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში უსამართლობის ყოველგვარი კვალი აღმოიფხვრება.