წარმატებული სტუდენტობიდან წარმატებულ მისიონერობამდე
„ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს უპირატესობა გვქონდა!“ — წამოიძახა უილმა სწავლასთან დაკავშირებით, რომელიც მან და მისმა მეუღლემ, პატსიმ, ის-ის იყო დაამთავრეს როგორც საგუშაგო კოშკის ბიბლიური სკოლა გალაადის 103-ე კლასის სტუდენტებმა. ზეიჰიდმა და ჯენიმ კვერი დაუკრეს. „ჩვენ დიდ პატივად ვთვლით აქ ყოფნას“, — თქვეს მათ. სკოლაში ყველა სტუდენტი კარგად შრომობდა. ახლა ისინი უფრო მოუთმენლად ელოდნენ თავიანთი საქმიანობის, მისიონერობის, დაწყებას. მაგრამ 1997 წლის 6 სექტემბრის გამოსაშვებ პროგრამაში მათ მიიღეს სიყვარულით აღსავსე რჩევები, რომლებიც დაეხმარებოდა მისიონერული დავალებების წარმატებით შესრულებაში.
პროგრამის თავმჯდომარე იყო თეოდორ იარაჩი, ხელმძღვანელი საბჭოს წევრი. მან აღნიშნა, რომ ბეთელის ოჯახთან და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ 48 ფილიალის წარმომადგენლებთან ერთად დამსწრეთა შორის იყვნენ მეგობრები და ნათესავები ევროპიდან, კანადიდან, პუერტო-რიკოდან და შეერთებული შტატებიდან, რომ სტუდენტები თავიანთ მხარდაჭერასა და სიყვარულში დაერწმუნებინათ. ძმა იარაჩმა შენიშნა, რომ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მიერ გაგზავნილ მისიონერებს ხშირად ყურადღება გადააქვთ მისიონერული მსახურებიდან და იწყებენ სამეცნიერო მიზნების მიყოლას ან პოლიტიკაშიც კი ებმებიან. ამის საპირისპიროდ, გალაადის კურსდამთავრებულები იმას აკეთებენ, რაც ისწავლეს. ისინი ხალხს ბიბლიას ასწავლიან.
შემდეგ რობერტ ბატლერმა ბრუკლინის ბიუროდან ილაპარაკა თემაზე „წარმატებული გახადეთ თქვენი გზა“. მან განმარტა, რომ, მაშინ როცა ადამიანები წარმატებას ფინანსურ ან სხვა პირად მოგებაში ხედავენ, ნამდვილი მნიშვნელობა იმას აქვს, თუ ღმერთი რაში ხედავს მას. იესოს მსახურება წარმატებული იყო არა იმიტომ, რომ მრავალი ადამიანი მოაქცია, არამედ იმიტომ, რომ ერთგული იყო თავის დანიშნულებაში. იესომ დიდება მოუტანა იეჰოვას და წუთისოფლისგან შეუბილწავი დარჩა (იოანე 16:33; 17:4). ამის გაკეთება კი ყველა ქრისტიანს შეუძლია.
„იყავით ყველას მონები“, — ურჩია რობერტ პევიმ, ყოფილმა მისიონერმა აღმოსავლეთში. მოციქული პავლე წარმატებული მისიონერი იყო. რა იყო ამის საიდუმლო? ის ყველას დაემონა (1 კორინთელთა 9:19–23). მომხსენებელმა ახსნა: „ასეთი განწყობილების მქონე გალაადის კურსდამთავრებული მისიონერულ მსახურებას არ შეხედავს როგორც დაწინაურების ერთ-ერთ სახეობას, ორგანიზაციაში უფრო მნიშვნელოვანი მდგომარეობის საფეხურს. მისიონერს თავის დანიშნულებაში მხოლოდ ერთი მოტივი ამოძრავებს — იმსახუროს, რადგან მონა ამას აკეთებს“.
ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა გერიტ ლეშმა თავისი რჩევა, უმთავრესად, მე-2 კორინთელთა მე-3 და მე-4 თავებზე დააფუძნა და სტუდენტებს მოუწოდა, ‘სარკეებივით აერეკლათ იეჰოვას დიდება’. მან შეახსენა მათ, რომ შემეცნება ღვთის შესახებ სინათლის მსგავსია, რომელიც ანათლებს ქრისტიანს, როცა ის გულს ხსნის მის მისაღებად. ამ სინათლეს ვირეკლავთ კეთილი ცნობის ქადაგებითა და კარგი ქცევით. «ზოგჯერ შეიძლება შეუფერებლობას გრძნობდეთ, — აღიარა მან. — როცა ასეთი ფიქრები მოგეძალებათ, მიენდეთ იეჰოვას, „რათა აღმატებული ძლიერება ღვთისა იყოს“ » (2 კორინთელთა 4:7). ძმა ლეშმა გაიმეორა პავლეს სიტყვები მე-2 კორინთელთა 4:1-დან და სტუდენტებს მიმართა: „არ დაცხრეთ მისიონერულ დანიშნულებაში. ყოველთვის პრიალებდეს თქვენი სარკე!“
გალაადის ერთ-ერთმა მასწავლებელმა კარლ ადამსმა ილაპარაკა საინტერესო თემაზე „სად არის იეჰოვა?“ კითხვა იმას კი არ ეხება, თუ სად იმყოფება ღმერთი სამყაროში, არამედ იმის საჭიროებას, რომ მხედველობაში მიიღო იეჰოვას თვალსაზრისი და მისი ხელმძღვანელობის ნიშნები. „გასაჭირში, — თქვა მან, — ისეთ ადამიანსაც კი, რომელიც დიდი ხანია იეჰოვას ემსახურება, შეიძლება მხედველობიდან გამორჩეს ეს“ (იობი 35:10). რა შეიძლება ითქვას დღევანდელობაზე? ღვთის ხალხს 1942 წელს ხელმძღვანელობა ესაჭიროებოდა. დასრულდა სამქადაგებლო საქმე თუ უფრო მეტი იყო გასაკეთებელი? რას მოითხოვდა იეჰოვა თავისი ხალხისგან? როცა მათ ღვთის სიტყვა გამოიკვლიეს, პასუხი ნათელი გახდა. „კალენდარული წლის გასვლამდე, — თქვა ძმა ადამსმა, — გეგმები შედგა საგუშაგო კოშკის ბიბლიური სკოლა გალაადისთვის“. უდავოა, იეჰოვა აკურთხებს ამ სკოლიდან გაგზავნილი მისიონერების საქმიანობას.
მარკ ნიუმარი მეორე მასწავლებელი იყო, რომელიც სიტყვით გამოვიდა. თავის მოხსენებაში „როგორ გამოიყენებთ თქვენს ტალანტს?“ მან სტუდენტები წაახალისა, გამოეყენებინათ გალაადში მიღებული სწავლება, როგორც კი მივიდოდნენ თავიანთ დანიშნულების ადგილებზე. „დიდი ინტერესი გამოავლინეთ სხვების მიმართ, — თქვა მან. — დაინტერესდით ხალხითა და მათი კულტურით. იზრუნეთ, რომ გაიგოთ ქვეყნის ადათ-წესები, ისტორია, იუმორის გრძნობა. რაც მალე ისწავლით ენას, მით უკეთესად შეეგუებით დანიშნულებას“.
თავგამოდებულ სტუდენტებს სიხარულს ანიჭებს მსახურება
გარდა იმისა, რომ გალაადში სწავლობდნენ, მისიონერები დაინიშნენ 11 ადგილობრივ კრებაში. შაბათ-კვირა ისინი გულმოდგინედ მონაწილეობდნენ სამქადაგებლო საქმიანობაში. გალაადის მასწავლებელმა უოლას ლივერანსმა რამდენიმე მათგანი მიიწვია, რომ აუდიტორიისთვის გაეზიარებინათ ზოგი შემთხვევა. ისინი სიხარულს ვერ ფარავდნენ, როცა ყვებოდნენ შემთხვევებს, რომლებიც ჰქონდათ სავაჭრო ცენტრებში, ავტომანქანების სადგომებზე, საქმიან უბანზე, ქუჩაში და კარდაკარ დამოწმებისას. ზოგი მათგანი საშუალებებს ეძებდა, რომ ეპოვა უცხო ენაზე მოლაპარაკე ხალხი, რომლებიც მათი კრების ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. ხუთთვიანი სწავლების განმავლობაში 103-ე კლასის წევრებმა დაიწყეს და უძღვებოდნენ, სულ ცოტა, ბიბლიის ათ საშინაო შესწავლას.
დიდი ხნის მისიონერები წარმატების საიდუმლოს უზიარებენ
პროგრამის ამ სასიამოვნო ნაწილის შემდეგ პატრიკ ლაფრანკმა და უილიამ ვან დე უოლმა ფილიალის კომიტეტის შვიდი წევრი მიიწვიეს, რომ ზოგადად მოეთხროთ, თუ რა ისწავლეს მისიონერული მოღვაწეობისას, რათა კლასს სარგებლობა მიეღო. მათ კურსდამთავრებულებს ურჩიეს, მისიონერული დანიშნულება განეხილათ როგორც იეჰოვასგან მომდინარე და ყოფილიყვნენ გადაწყვეტილებით აღსავსე — ჩაჭიდებოდნენ ამ დანიშნულებას. მათ ილაპარაკეს, თუ რა დადებითი შედეგები მოუტანეს გალაადის კურსდამთავრებულმა მისიონერებმა სამეფო საქმეს სხვა ქვეყნებში.
რა დაეხმარა ფილიალის კომიტეტის ამ წევრებს, რომ ათწლეულების განმავლობაში ემსახურათ როგორც ბედნიერ მისიონერებს და კარგი შედეგებისთვის მიეღწიათ? ისინი ადგილობრივ ძმებთან თანამშრომლობდნენ და მათგან სწავლობდნენ. ისინი თავიანთ დანიშნულებებზე მისვლისთანავე შეუდგნენ ენის შესწავლას. სწავლობდნენ, ყოფილიყვნენ დამთმობები და შეგუებოდნენ ადგილობრივ ადათ-წესებს. ჩარლზ აიზენჰაუერმა, გალაადის პირველი კლასის კურსდამთავრებულმა, რომელმაც 54 წელი გაატარა მისიონერულ მსახურებაში, გაუზიარა, თუ რა ხუთ საიდუმლოს მიხვდნენ წარმატებული მისიონერები. 1) რეგულარულად შეისწავლეთ ბიბლია, 2) ისწავლეთ ენა, 3) იაქტიურეთ მსახურებაში, 4) იღვაწეთ მშვიდობისთვის მისიონერთა სახლში და 5) რეგულარულად მიმართეთ ლოცვით იეჰოვას. სტუდენტებზე მხოლოდ პრაქტიკულმა რჩევებმა კი არ მოახდინა შთაბეჭდილება, არამედ აშკარა სიხარულმაც, რაც ამ გამოცდილ მისიონერებს ჰქონდათ იეჰოვასადმი მსახურებაში. არმანდოსა და ლუპეს თქმით, „ისინი (ფილიალის კომიტეტის წევრები) ბედნიერები არიან, როცა თავიანთ ცხოვრებაზე საუბრობენ“.
ინტერვიუების შემდეგ ერთი მოხსენებაც უნდა წარმოთქმულიყო. ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ალბერტ შრედერმა აირჩია თემა „ღვთის სიტყვის ერთგული მმართველობა ჭეშმარიტების ძვირფასეულობებს ავლენს“. რადგანაც ბიბლია სკოლა გალაადის მთავარი სახელმძღვანელოა, სტუდენტებს აინტერესებდათ, რას იტყოდა ის. ძმა შრედერმა აღნიშნა, რომ, როცა 50 წლის წინ „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ იქნა დაწყებული მუშაობა, ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტის ცხებული წევრები ადამიანების მოწონებას კი არ ეძებდნენ, არამედ სულიწმიდის ხელმძღვანელობას მიენდნენ (იერემია 17:5–8). თუმცა ამას წინათ ზოგმა ავტორიტეტულმა პირმა აღიარა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მაღალი დონე. საზოგადოებისთვის მიწერილ წერილში ერთი სწავლული წერდა: «როცა თქვენს პუბლიკაციას ვუყურებ, ვხედავ მის ხარისხიანობას და იმას, რომ თქვენი „ახალი ქვეყნიერების ბიბლიის თარგმნის კომიტეტმა“ თავისი საქმე კარგად შეასრულა».
ამ მოხსენების შემდეგ სტუდენტებმა დიპლომები მიიღეს და მათი დანიშნულებები გამოცხადდა. კლასის წევრებისთვის ეს გულის ამაჩუყებელი მომენტი იყო. კლასის წარმომადგენელმა მადლიერების გამომხატველი წერილი რომ წაიკითხა, მრავალს თვალები ცრემლებით აევსო. ზოგი სტუდენტი წლების განმავლობაში ემზადებოდა მისიონერული მსახურებისთვის. რადგანაც ესმოდათ, რომ გალაადის კურსი ინგლისურ ენაზე ჩატარდებოდა, რამდენიმე მათგანი ინგლისურენოვან კრებებში გადავიდა, რომ უფრო კარგად დაუფლებოდნენ ენას. სხვები იქ გადავიდნენ, სადაც პიონერების უფრო დიდი მოთხოვნილება იყო, თავიანთ ქვეყანაში იქნებოდა ეს თუ საზღვარგარეთ. კიდევ სხვები მოემზადნენ შემთხვევების კითხვით, გამოკვლევით ან საზოგადოების ვიდეოკასეტის „დედამიწის კიდით კიდემდე“ რამდენჯერმე ნახვით.
დასაწყისში მოხსენიებულ უილსა და პატსიზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა სტუდენტებისადმი გამოვლენილმა პირადმა ინტერესმა. «ადამიანები, რომლებიც არც კი გვიცნობდნენ, გვეხვეოდნენ და სურათებს გვიღებდნენ. ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ხელი ჩამოგვართვა და გვითხრა: „ჩვენ ვამაყობთ თქვენით!“ » ეჭვს არ იწვევს, რომ 103-ე კლასის სტუდენტები დიდი სიყვარულით სარგებლობენ. ისინი კარგად განისწავლნენ. გალაადში მიღებული განათლება საშუალებას მისცემს მათ, წარმატებული სტუდენტებიდან წარმატებული მისიონერები გახდნენ.
[ჩარჩო 22 გვერდზე]
კლასის სტატისტიკური მონაცემები
წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 9
დანიშნულების ქვეყნების რაოდენობა: 18
სტუდენტების რაოდენობა: 48
დაქორწინებული წყვილების რაოდენობა: 24
საშუალო ასაკი: 33
ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 16
სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 12
[სურათი 23 გვერდზე]
საგუშაგო კოშკის ბიბლიური სკოლა გალაადის 103-ე გამოსაშვები კლასი
ქვემოთ მოცემულ სიაში რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.
1) ა. ბანი, მ. დალსტედი, ზ. კამპანია, რ. ბოიაჯუალუ, ჯ. ოგანდო, ტ. ნიკონჩუკი, შ. მელვინი. 2) მ. მეი, მ. მაპულა, ჯ. ლიუინი, დ. ჰაიტამაა, ს. ჰერნანდესი, ნ. ბოიაჯუალუ, ა. სტურმი, კ. მელვინი. 3) ჯ. თომი, ე. მაპულა, მ. ნოლი, პ. ტიზდეილი, პ. რაიტი, ლ. პერესი, მ. შენეფელტი, ჰ. პაკი. 4) მ. მერფი, ჰ. კამპანია, ს. სტუარტი, მ. ჩეირეიდა, მ. რიდი, ა. პერესი, უ. ტიზდეილი, ჯ. პაკი. 5) დ. სტუარტი, ა. რაიტი, პ. ჩეირეიდა, ფ. ნიკონჩუკი, ჯ. რიდი, კ. ჰაიტამაა, ს. ოგანდო, რ. შენეფელტი. 6) ტ. მერფი, ჯ. ჰერნანდესი, მ. ნოლი, ბ. ბანი, რ. თომი, ტ. დალსტედი, ზ. ლიუინი, რ. მეი, ა. სტურმი.
[სურათი 24 გვერდზე]
სად დაგვნიშნეს?