ფილიმონი და ონისიმოსი — ქრისტიანულ საძმოში გაერთიანებულნი
მოციქულ პავლეს ღვთის მიერ ინსპირირებული ერთ-ერთი წერილი ფრთხილად განიხილავს ორი პიროვნების პრობლემას. ერთი ფილიმონი იყო, მეორე კი — ონისიმოსი (ონისიმე). ვინ იყვნენ ეს მამაკაცები? რატომ მიაქცია პავლემ მათ მდგომარეობას ყურადღება?
ფილიმონი, წერილის ადრესატი, კოლასეში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ამ მხარეში მცხოვრები მრავალი ქრისტიანისგან განსხვავებით, ფილიმონი პავლეს იცნობდა და მან მოციქულის ქადაგების შედეგად მიიღო კეთილი ცნობა (კოლასელთა 1:1; 2:1). პავლე მას ‘საყვარელ თანამშრომლად’ იცნობდა. ფილიმონი რწმენისა და სიყვარულის მაგალითი, სტუმართმოყვარე და თანაქრისტიანებისთვის წახალისების წყარო იყო. აგრეთვე, ალბათ, ფილიმონი შეძლებული იყო, რადგან მისი სახლი საკმაოდ დიდი იყო, რათა ადგილობრივი კრება ჩატარებულიყო. ვარაუდობენ, რომ პავლეს წერილში მოხსენიებული ორი პიროვნება, აპფია და არქიპოსი, მისი ცოლი და ვაჟი იყვნენ, აგრეთვე ფილიმონს ჰყავდა სულ ცოტა, ერთი მონა — ონისიმოსი (ფილიმონი 1, 2, 5, 7, 19ბ, 22).
რომში გაქცეული
საღვთო წერილი არ გვატყობინებს, თუ რატომ იყო ონისიმოსი 1 400 კილომეტრზე მეტით დაშორებული სახლიდან, პავლესთან რომში, სადაც დაახლოებით ახ. წ. 61 წელს ფილიმონის მიმართ წერილი იყო დაწერილი. მაგრამ, პავლემ ფილიმონს უთხრა: „თუ [ონისიმოსმა] რამე გაწყენინა ან მართებს, მე მომკითხე“ (ფილიმონი 18). ეს სიტყვები ნათელს ხდის, რომ ონისიმოსს თავის ბატონთან, ფილიმონთან, უსიამოვნება ჰქონდა. პავლეს წერილის მიზანი ორ კაცს შორის შუამდგომლობა იყო.
გამოთქმული იყო აზრი, რომ ონისიმოსი რომში წასასვლელი ხარჯებისთვის ფილიმონის გაქურდვის გამო გაიქცა. აქ ის ხალხმრავლობაში დამალვას ფიქრობდაa. ბერძნულ-რომაულ სამყაროში გაქცეულები უდიდეს პრობლემას წარმოადგენდნენ არა მხოლოდ მონათმფლობელისთვის, არამედ საზოგადოებრივი მმართველობისთვისაც. რომის შესახებ ზოგიერთები ამბობენ, რომ ის „ცნობილი იყო, როგორც თავშესაფარი“ გაქცეული მონებისთვის.
როგორ შეხვდა პავლე ონისიმოსს? ბიბლია ამის შესახებ ცნობას არ იძლევა. მაგრამ, როდესაც თავისუფლების პირველმა დღეებმა გაიარა, შესაძლებელია ონისიმოსი მიხვდა, რომ უკიდურესად არასაიმედო ვითარებაში ჩაიგდო თავი. ქალაქ რომში სპეციალური რაზმი მიაკვლევდა გაქცეულ მონებს, ვისი დანაშაულიც, ძველი კანონების მიხედვით, ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლებოდა. გერჰარდ ფრედრიხის აზრით, „გაქცეულ მონებს დაჭერის შემდეგ შუბლზე ღადავდნენ. ხშირად აწამებდნენ, . . მხეცებთან აგდებდნენ ამფითეატრში ან ჯვარს აცვამდნენ სხვა მონების დასაშინებლად“. ფრედრიხი აღნიშნავს, რომ ალბათ იმის შემდეგ, რაც ონისიმოსს მოპარული ფული გაუთავდა და თავშესაფარი და სამუშაო ვერ ნახა, მფარველობისთვის და შუამდგომლობისთვის პავლეს მიმართა, რომელსაც ფილიმონის სახლიდან იცნობდა.
სხვების აზრით, ონისიმოსი შეგნებულად გაიქცა თავისი ბატონის ერთ-ერთ მეგობართან იმ იმედით, რომ ის შეარიგებდა მას რაღაც მიზეზით სამართლიანად განაწყენებულ ბატონთან. ისტორიული წყაროები აჩვენებს, რომ „გაჭირვებაში მყოფი მონებისთვის ეს ჩვეულებრივი და ფართოდ გავრცელებული იყო“. თუ ასეა, ონისიმოსმა „უფრო იმიტომ იქურდა, რომ შუამავალ პავლესთან წასვლა შესძლებოდა და არა გაქცევის მიზნით“, — ამბობს სწავლული ბრაია რაპსკი.
პავლე დახმარების ხელს უწვდის
რაც არ უნდა ყოფილიყო გაქცევის მიზეზი, როგორც ჩანს, ონისიმოსი ცდილობდა, პავლეს დახმარებით თავის განრისხებულ ბატონს შერიგებოდა. ამ ვითარებამ პავლეს პრობლემები წამოუჭრა. ის უნდა დახმარებოდა ყოფილ ურწმუნო მონას, რომელიც გაქცეული დამნაშავე იყო. როგორ უნდა დახმარებოდა პავლე, ნუთუ იმით, რომ დაერწმუნებინა თავისი ქრისტიანი მეგობარი, რომ არ გამოეყენებინა კანონიერი უფლება მონის მკაცრად დასასჯელად? რა უნდა გაეკეთებინა პავლეს?
იმ დროისთვის პავლემ მისწერა ფილიმონს, რომ გაქცეული დროებით მასთან იყო. კარგა ხანი უნდა გასულიყო, რომ პავლეს ეთქვა, ონისიმოსი ‘საყვარელი ძმა’ გახდაო (კოლასელთა 4:9). „გთხოვ ჩემს შვილ ონისიმოსზე, რომელიც ვშვი ჩემს ბორკილებში“, — თქვა მოციქულმა პავლემ ონისიმოსთან თავის სულიერ კავშირზე. ყველა შესაძლებლობიდან ფილიმონი, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ამას მოელოდა. მოციქულმა თქვა, რომ ადრე „გამოუსადეგარი“ მონა ბრუნდებოდა, როგორც ქრისტიანი ძმა. ონისიმოსი ახლა „სასარგებლო“, ანუ ‘გამოსადეგი’ იქნებოდა, ამიტომ სახელის მნიშვნელობას ამართლებდა (ფილიმონი 1, 10–12).
ონისიმოსი ძლიერ გამოსადეგი გახდა დატუსაღებული მოციქულისთვის. ფაქტიურად, პავლე დატოვებდა მას თავისთან, მაგრამ ეს არა მხოლოდ უკანონობა იქნებოდა, არამედ ფილიმონის უფლებების ხელყოფაც (ფილიმონი 13, 14). სხვა წერილში, რომელიც თითქმის იმავე დროს მისწერა ფილიმონის სახლში არსებულ კრებას, პავლე ონისიმოსს მოიხსენიებს ‘ერთგულ და საყვარელ ძმად, რომელიც მათიანია’. ეს აჩვენებს, რომ ონისიმოსი ნდობას იმსახურებდა (კოლასელთა 4:7–9)b.
პავლე სთხოვდა ფილიმონს, კარგად მიეღო ონისიმოსი, მაგრამ არ იყენებდა მოციქულის უფლებებს, რომ ებრძანებინა მისთვის ასე მოქცევა ან მონის გათავისუფლება. თავიანთი მეგობრობისა და ურთიერთსიყვარულის გამო პავლე დარწმუნებული იყო, რომ ფილიმონი ‘იმაზე მეტსაც გააკეთებდა’, რაც მან სთხოვა (ფილიმონი 21). თუ რას გულისხმობდა ‘მეტში’, ბუნდოვანია, რადგან მხოლოდ ფილიმონს უნდა ჰქონოდა გადაწყვეტის უფლება, თუ როგორ მოქცეოდა ონისიმოსს. ზოგი პავლეს სიტყვებში უსიტყვო თხოვნას ხედავს, გაქცეული „დაებრუნებინა, რომ კვლავ დახმარებოდა პავლეს“.
დაეთანხმა ფილიმონი პავლეს თხოვნას, ონისიმოსთან დაკავშირებით? როგორც ჩანს დაეთანხმა, თუმცა ამან შეიძლება უკმაყოფილება გამოიწვია სხვა კოლასელ ბატონებში, რომლებიც თავიანთი მონების დასაშინებლად ონისიმოსის სამაგალითო დასჯას ამჯობინებდნენ.
ონისიმოსი — შეცვლილი კაცი
ნებისმიერ შემთხვევაში ონისიმოსი კოლასეში ახალ პიროვნებად დაბრუნდა. რადგან მისი აზროვნება კეთილმა ცნობამ შეცვალა, უეჭველია, ის ამ ქალაქის ქრისტიანული კრების ერთგული წევრი გახდა. გაათავისუფლა თუ არა ფილიმონმა ონისიმოსი, საღვთო წერილიდან არ ჩანს. თუმცა სულიერი თვალსაზრისით, ყოფილი გაქცეული, თავისუფალი გახდა (შეადარე 1 კორინთელთა 7:22). ასეთი ცვლილებები დღესაც ხდება. როდესაც ადამიანები ბიბლიურ პრინციპებს იყენებენ ცხოვრებაში, ვითარებები და პიროვნებები იცვლება. მათ, ვინც საზოგადოებისთვის უსარგებლოდ იყო მიჩნეული, ეხმარებიან, სანიმუშო მოქალაქეები გახდნენc.
რა საუცხოო გარდაქმნა მოახდინა ჭეშმარიტმა რწმენამ! მაშინ, როცა ონისიმოსი ფილიმონისთვის ‘გამოუსადეგარი’ იყო, ახალმა ონისიმოსმა უსათუოდ გაამართლა თავისი სახელის მნიშვნელობა, როგორც ‘გამოსადეგმა’ პიროვნებამ. და რა თქმა უნდა, კურთხევა იყო, რომ ონისიმოსი და ფილიმონი გაერთიანდნენ ქრისტიანულ საძმოში.
[სქოლიოები]
a რომის კანონი გაქცეულ მონას (servus fugitivus) ‘ბატონისგან განზრახ გაქცეულად’ აცხადებდა.
b როგორც ჩანს, კოლასეში დაბრუნებისას ონისიმოსსა და ტვიქიკოსს ჰქონდათ მინდობილი პავლეს სამი წერილი, რომლებიც ახლა ბიბლიაშია. ფილიმონის წერილს დაემატა პავლეს ორი წერილი ეფესელთა და კოლასელთა მიმართ.
c მაგალითებისთვის იხილეთ 1996 წლის 22 ივნისის „გამოიღვიძეთ!“ (რუს.), გვერდები 18–23; 1997 წლის 8 მარტის „გამოიღვიძეთ!“ (რუს.), გვერდები 11–13; 1989 წლის 1-ლი აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 30, 31 (ინგლ.), 1997 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 21–24.
[ჩარჩო 30 გვერდზე]
მონები და რომის კანონი
ახ. წ. პირველ საუკუნეში რომში მოქმედი კანონმდებლობით, მონა მთლიანად თავისი ბატონის სურვილებისა და ხასიათის ძალაუფლებაში იყო. მიმომხილველ გერჰარდ ფრედრიხის თანახმად, „ძირითადად და კანონიერად, მონა არ იყო ადამიანი, არამედ საკუთრება, რომელსაც თავისი მფლობელი თავისუფლად იყენებდა. . . [ის] მიჩნეული იყო როგორც შინაური ცხოველი ან სამუშაო იარაღი და არავითარი კანონიერი უფლება არ ჰქონდა“. მონას არ შეეძლო კანონიერი სამართალი ეძია უსამართლობის ბოლოს მოსაღებად. უმთავრესად მას უწევდა თავისი ბატონის ბრძანებების შესრულება. გაბრაზებული ბატონისგან ტყუილუბრალოდ დასჯას საზღვარი არ ჰქონდა. უმნიშვნელო შეცდომის გამოც კი ბატონს ძალა ჰქონდა მის მოსაკლავად და გადასარჩენად*.
როდესაც მდიდრებს ასობით მონა ჰყავდათ, ნაკლებად შეძლებულ ოჯახებს კი შეიძლება — ორი ან სამი. „მონების დავალებები უაღრესად მრავალფეროვანი იყო, — ამბობს სწავლული ჯონ ბარკლეი. — მონები ჰყავდათ კარისკაცებად, მზარეულებად, ოფიციანტებად, დამლაგებლებად, შიკრიკებად, ძიძებად, აღმზრდელებად და კიდევ მრავალ პირად შინამოსამსახურეებად, თუ არ დავამატებთ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს, რომელთა ნახვაც შეიძლებოდა უფრო დიდ და შეძლებულ სახლებში. . . ფაქტიურად, მოსამსახურის სიცოცხლე უმთავრესად დამოკიდებული იყო ბატონის განწყობილებაზე, რასაც შეიძლება სასტიკი ბატონისგან ტანჯვა და გაუთავებელი უბედურება მოჰყოლოდა, მაგრამ კეთილისგან — საკმაოდ კარგი და იმედისმომცემი ცხოვრება. ძველ კლასიკურ ლიტერატურაში არსებობს სასტიკი მოპყრობის ცნობილი მაგალითები, მაგრამ აგრეთვე ბატონებსა და მათ მონებს შორის გულთბილი ურთიერთობების ბევრი ჩანაწერი არსებობს“.
*ძველ დროში ღვთის ხალხს შორის მონობაზე იხილე ბიბლიური ცნობარი (Insight on the Scriptures), ტომი II, გვერდები 977—979. გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.