სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
„შენი ხალხი მოხალისედ წამოვა“
არამის არმიის ძლევამოსილ სარდალს, ნაყამანს, კეთრი აქვს. თუ არ იმკურნალებს, ამ საზიზღარმა სნეულებამ შეიძლება დაამახინჯოს და მოკლას. რა უნდა გააკეთოს ნაყამანმა? მის სახლეულობაში არის ერთი პატარა გოგონა, რომელიც „ტყვედ წამოიყვანეს ისრაელის ქვეყნიდან“. ეს გოგონა გაბედულად მიანიშნებს, რომ მხოლოდ წინასწარმეტყველ ელიას შეუძლია ნაყამანის განკურნება (მეოთხე მეფეთა 5:1–3).
მისი გაბედულება შედეგს იღებს, ნაყამანი პოულობს ელიას და იკურნება. გარდა ამისა, ნაყამანი იეჰოვას თაყვანისმცემელი ხდება! ეს შემთხვევა, რომელიც ძვ. წ. X საუკუნეში მოხდა, ბიბლიაშია ჩაწერილი (მეოთხე მეფეთა 5:4–15). დღეს ბევრი ახალგაზრდა ავლენს მსგავს სიმამაცეს სამეფოს ინტერესების შესახებ გაბედული საუბრით. შემთხვევა, რომელიც მოზამბიკიდან მოგვაწოდეს, ამას ადასტურებს.
ექვსი წლის ბიჭუნა ნუნო მოუნათლავი მაუწყებელია. მოუნათლავ მაუწყებლად გახდომამდეც, ნუნო თავის მეზობელ ბავშვებს თავს უყრიდა, ლოცულობდა და წიგნის „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ გამოყენებით ბიბლიას ასწავლიდა.
შაბათობით ნუნო ხშირად იღვიძებს ადრე და ოჯახს ახსენებს: „დღეს ჩვენ საქადაგოდ მივდივართ“. მსახურებისადმი მისი ენთუზიაზმი სხვა რამეშიც გამოიხატება. მშობლებთან ერთად მაპუტუს ქუჩაში მსახურებისას ნუნო ხშირად თვითონ მიმართავს ადამიანებს. ერთხელ ბიზნესმენმა ჰკითხა: „რატომ ყიდი ამ ჟურნალებს?“ „არ ვყიდი ამ ჟურნალებს, მაგრამ სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერ შესაწირავებს ვიღებ“, — უპასუხა ნუნომ. „მართალია, არა ვარ ამით დაინტერესებული, მაგრამ აღტაცებული ვარ შენი პოზიციითა და სიმარჯვით და მსურს ამ საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო შესაწირავის სახით“, — თქვა ბიზნესმენმა.
სხვა შემთხვევაში, ნუნომ ქუჩაში ერთ მამაკაცს შესთავაზა წიგნი „ჭეშმარიტი მშვიდობა და უსაფრთხოება — როგორ შეგიძლია იპოვო?“ (ინგლ.). „შენ ამ სკოლის მოსწავლე არა ხარ?“ „დიახ, —პასუხობს ნუნო, — ამ სკოლის მოსწავლე ვარ, მაგრამ დღეს ვსაუბრობ ამ წიგნში მოცემული მნიშვნელოვანი ცნობის შესახებ. ის გიჩვენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ ახალ ქვეყნიერებაში, რომელიც ამ წიგნის სურათზეა ნაჩვენები და რომელსაც ღმერთი დაამყარებს“. ნუნო ვერც კი მიხვდა, ეს კაცი მისი სკოლის მასწავლებელი იყო. მასწავლებელმა მარტო ეს წიგნი კი არ აიღო, არამედ ნუნოსგან რეგულარულად იღებს ჟურნალებს „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“
როდესაც ნუნოს ეკითხებიან, თუ რატომ უყვარს ქადაგება, ის პასუხობს: „მსურს ადამიანებს ვესაუბრო და ვასწავლო იეჰოვასა და მისი ძის, იესო ქრისტეს, შესახებ, — შემდეგ ამატებს. — და, თუ ადამიანებს არ სურთ მოსმენა, ეს იმის მიზეზი არ არის, რომ დავნაღვლიანდე“.
მთელს დედამიწაზე ათასობით ახალგაზრდა ‘მოხალისედ მიდის’ ღვთის სამეფოს შესახებ სასწავლებლად და საქადაგებლად (ფსალმუნი 109:3). მაგრამ ეს თავისთავად არ ხდება. მშობლები, რომლებიც შვილებს ბავშვობიდანვე ასწავლიან იეჰოვას შესახებ, მსახურების კარგ მაგალითს აძლევენ და ენთუზიაზმით მხარს უჭერენ სამეფოს ინტერესებს, უხვად დაჯილდოვდებიან.