დანიშნულების ადგილის შეცვლა 80 წლის ასაკში
მოგვითხრო გვენდელენ მათეუსმა
ოთხმოც წელს მიღწეული ვიყავი, როდესაც მე და ჩემმა ქმარმა მთელი ჩვენი ავლა-დიდება ნაქირავებ ავტოფურგონში ჩავტვირთეთ და ინგლისიდან ესპანეთში გავემგზავრეთ. ესპანური ენა არ ვიცოდით, მაგრამ მივდიოდით სამხრეთ-დასავლეთ ესპანეთში, რომელიც საკმაოდ დიდი მანძილით იყო დაშორებული ისეთი ადგილებიდან, სადაც, ჩვეულებრივ, ხშირად იყვნენ ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ტურისტები. ჩვენი მეგობრების უმეტესობა ფიქრობდა, რომ გავგიჟდით, მაგრამ მე ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, რადგან ვიხსენებდი, რომ აბრაამმა 75 წლის ასაკში დატოვა ური.
ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტი წლის აპრილიდან ესპანეთში გატარებული წლები ძალზე სასარგებლო აღმოჩნდა. მაგრამ, ვიდრე აგიხსნიდეთ, თუ რატომ გავემგზავრეთ ესპანეთში, ნება მიბოძეთ, მოგითხროთ, როგორ მიგვიყვანა იეჰოვას მსახურებაში გატარებულმა წლებმა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე.
ბიბლიური ჭეშმარიტება ცვლის ჩვენს ცხოვრებას
დავიბადე და გავიზარდე სამხრეთ-დასავლეთ ლონდონის ერთ-ერთ რელიგიურ ოჯახში. სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ძიებაში მე და ჩემი და დედას სხვადასხვა სახის თაყვანისცემის ადგილებში დავყავდით. მამას, რომელიც ქრონიკული ტუბერკულოზით იყო დაავადებული, არ შეეძლო ჩვენთან ერთად სიარული. მაგრამ ის ხარბად ეწაფებოდა ბიბლიას და ყოველ წაკითხვაზე ხაზავდა იმ მონაკვეთებს, რომლებშიც რაღაც ახალ აზრს გებულობდა. ის გაცვეთილი ბიბლია, რომელიც მამისთვის ასე ძვირფასი იყო, დღეს ჩემთვის ყველაზე დიდი განძია.
1925 წელს, როდესაც 14 წლის ვიყავი, კარის ქვეშ დაგვიდეს ტრაქტატი, რომელიც უესტ-ჰემის მერიის შენობაში საჯარო ლექციაზე გვიწვევდა. დედამ და მეზობელმა გადაწყვიტეს, დასწრებოდნენ ამ მოხსენებას, და მე და ჩემი დაც წავედით მათთან ერთად. მოხსენებამ „დღეს მცხოვრები მილიონები არასოდეს მოკვდებიან“ დედის გულში ჭეშმარიტების თესლი ჩათესა.
რამდენიმე თვის შემდეგ, 38 წლის ასაკში, მამა გარდაიცვალა. მისი სიკვდილი საშინელი დარტყმა იყო ჩვენი ოჯახისთვის, რამაც აუტანელი ტკივილი და დიდი დანაკლისის გრძნობა დაგვიტოვა. პანაშვიდზე, რომელსაც ადგილობრივი მღვდელი უძღვებოდა, დედას თავზარი დასცა მღვდლის სიტყვებმა იმის შესახებ, რომ მამის სული ზეცაში ავიდა. მან ბიბლიიდან იცოდა, რომ მკვდრებს სამარეში სძინავთ და მტკიცედ სჯეროდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მამა მკვდრეთით აღდგებოდა და დედამიწაზე მარადიულად იცხოვრებდა (ფსალმუნი 36:9–11, 29; 145:3, 4; ეკლესიასტე 9:5; საქმეები 24:15; გამოცხადება 21:3, 4). დარწმუნებულმა იმაში, რომ ურთიერთობა უნდა ჰქონდა ხალხთან, რომლებიც ღვთის სიტყვას ასწავლიდნენ, მან მტკიცედ გადაწყვიტა, განემტკიცებინა ბიბლიის საერთაშორისო მკვლევარებთან (ასე უწოდებდნენ მაშინ იეჰოვას მოწმეებს) ურთიერთობა.
ყოველ კვირა ორ საათს ვანდომებდით ჩვენი სახლიდან იეჰოვას მოწმეთა შეხვედრის ადგილამდე, რადგან ტრანსპორტის ფული არ გვქონდა და ფეხით გვიწევდა სიარული. შეხვედრის დამთავრების შემდეგ კიდევ ორი საათი სახლში დაბრუნებას სჭირდებოდა. მაგრამ ჩვენთვის ძალიან ძვირფასი იყო ეს შეხვედრები და არასოდეს ვაცდენდით, მაშინაც კი, როდესაც ცნობილი ლონდონური ბურუსი მოიცავდა ქალაქს. დედამ მალე გადაწყვიტა, სიცოცხლე იეჰოვასთვის მიეძღვნა, და მონათლულიყო და 1927 წელს მეც მოვინათლე.
ეკონომიური გაჭირვების მიუხედავად, დედა ყოველთვის მასწავლიდა, რომ მნიშვნელოვანია სულიერი საკითხების პირველ ადგილზე დაყენება. მათეს 6:33 მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი მუხლი იყო და ის მართლაც ‘უწინარეს ღვთის სამეფოს ეძიებდა’. 1935 წელს, როდესაც კიბომ დედას სიცოცხლე ნაადრევად მოუსწრაფა, მას დაგეგმილი ჰქონდა გამოხმაურებოდა მოწოდებას სრული დროით მსახურებაზე და საფრანგეთში წასულიყო.
მაგალითები, რომლებმაც გაგვაძლიერა
იმ ადრეულ წლებში ლონდონში კრების შეხვედრებზე დამსწრეთაგან ზოგიერთს საკუთარი იდეების გავრცელება სურდა, რის გამოც ეს ხალხი ჩხუბსა და უხეშ შეჯახებებს აღვივებდა. მაგრამ დედა ყოველთვის ამბობდა, ყოველივე იმის შემდეგ, რაც იქ ვისწავლეთ, ღალატი იქნებოდა, მიგვეტოვებინა იეჰოვას ორგანიზაცია. ჯოზეფ ფ. რუტერფორდის (საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელი პრეზიდენტის) მონახულებებმა მსახურების ერთგულად გაგრძელებისკენ გვიბიძგა.
ძმა რუტერფორდი ჩემს მეხსიერებაში კეთილ, გულისხმიერ პიროვნებად არის შემონახული. ერთხელ, ჩემი მოზარდობის პერიოდში, რუტერფორდის იქ ყოფნისას ლონდონის კრებამ ქალაქგარეთ გაისეირნა. მან დამინახა ფოტოაპარატით ხელში მე, გაუბედავი მოზარდი, და მკითხა: „ხომ არ გადამიღებდი სურათს?“. ეს სურათი ჩემთვის საყვარელი სამახსოვრო საჩუქარი გახდა.
მოგვიანებით ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ კონტრასტმა, რომელიც ქრისტიანული კრების ხელმძღვანელებსა და წუთისოფლის გამოჩენილ პიროვნებებს შორის არსებობდა. მე მიმტანად ვმუშაობდი ლონდონის ერთ სახლში, სადაც ერთხელ სადილად ფრანც ფონ პაპენი, ჰიტლერის ერთ-ერთი ემისარი, მიიწვიეს. ჭამის დროს მან ხმალი არ მოიხსნა; როდესაც მაგიდას ვემსახურებოდი, ფეხი წამოვკარი მის ხმალს და სუპი დამეღვარა. მან გაბრაზებით აღნიშნა, რომ გერმანიაში ასეთი უყურადღებობისთვის შეიძლება დავეხვრიტეთ. სადილობის დარჩენილი დროის განმავლობაში ვცდილობდი, მისგან შორს ვყოფილიყავი.
ყველაზე მნიშვნელოვანი კონგრესი, სადაც ძმა რუტერფორდის მოხსენება მოვისმინე, იყო 1931 წლის კონგრესი, რომელიც „ალექსანდრას სასახლეში“ ჩატარდა. აქ სიხარულით მივიღეთ ჩვენი ახალი სახელი — „იეჰოვას მოწმეები“ (ესაია 43:10, 12, აქ). ორი წლის შემდეგ, 1933 წელს, პიონერად (ასე უწოდებენ სრული დროით მსახურს) მსახურება დავიწყე. იმ ადრეული წლების კურთხევებიდან კიდევ ერთი რამ დამამახსოვრდა; ეს იყო შესანიშნავ ახალგაზრდებთან ურთიერთობა, რომლებიც შემდეგ მისიონერები გახდნენ და დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მსახურობდნენ. მათ შორის იყვნენ: კლოდ გუდმენი, ჰაროლდ კინგი, ჯონ კუკი და ედვინ სკინერი. ერთგულების ასეთი მაგალითები უცხო ქვეყნებში მსახურების სურვილს მიჩენდა.
პიონერად მსახურება აღმოსავლეთ ინგლისში
პიონერად აღმოსავლეთ ინგლისში დამნიშნეს, იქ ქადაგებას კი ენთუზიაზმი და თავგამოდება სჭირდებოდა. ამხელა ტერიტორია რომ შემოგვევლო, ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში ველოსიპედით დავდიოდით და ღამეს ნაქირავებ ოთახებში ვათევდით. რადგან იმ ტერიტორიაზე კრება არ იყო, მე და ჩემი პარტნიორი ყოველკვირეული შეხვედრების ყველა ნაწილს თვითონ ვარჩევდით. მსახურებისას გავავრცელეთ ასობით წიგნი და ტრაქტატი, რომლებშიც ღვთის განზრახვები იხსნებოდა.
განსაკუთრებული შემთხვევა იყო ერთი პასტორის სახლში ჩვენი მისვლა, სადაც ველაპარაკეთ ანგლიკანური ეკლესიის ადგილობრივ სამრევლო მღვდელს. უმეტეს ადგილებში ანგლიკანურ სამრევლო მღვდლებთან, სულ ბოლოს მივდიოდით, რადგან ისინი, როდესაც გაიგებდნენ, რომ კეთილ ცნობას ვქადაგებდით, ხშირად გვიქმნიდნენ სირთულეებს. მაგრამ ამ სოფელში სამრევლო მღვდლის შესახებ ყველა დადებითად ლაპარაკობდა. ის დადიოდა ავადმყოფებთან, კითხვის მსურველებს წიგნებს აძლევდა წასაკითხად და თავისი მრევლის წევრებთან სახლებშიც კი დადიოდა, რათა მათთვის ბიბლია განემარტა.
მართლაც, მან კარგად მიგვიღო, უაღრესად მეგობრულად გვეპყრობოდა და რამდენიმე წიგნიც აიღო. ის იმასაც კი შეგვპირდა, რომ, თუ სოფელში ვინმე ჩვენი წიგნების აღებას მოისურვებდა, ხოლო მისი საფასურის გადასახდელი ფული არ ექნებოდა, თავად გადაიხდიდა მათ მაგიერ. შემდეგ გავიგეთ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს გადატანილმა საშინელებამ აღძრა ის, ხელი შეეწყო თავისი მრევლის მშვიდობისა და მათ შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებისთვის. დამშვიდობებისას მან გვაკურთხა და ჩვენი კეთილი საქმიანობის გაგრძელებისკენ მოგვიწოდა. მისი გამოსათხოვარი სიტყვები იყო რიცხვნის 6:24-დან: „უფალმა გაკურთხოს და დაგიფაროს“.
პიონერობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ დედა გარდამეცვალა და ლონდონში დავბრუნდი. არც ფული მქონდა, არც ოჯახი. ასეთ მდგომარეობაში მყოფი საყვარელმა დამ, შოტლანდიელმა მოწმემ, შემიფარა, რომელიც დედის სიკვდილის გადატანაში დამეხმარა და სრული დროით მსახურების გაგრძელებას მირჩევდა. ასე რომ, ახალ პარტნიორთან, ჯულია ფერფაქსთან ერთად აღმოსავლეთ ინგლისში დავბრუნდი. მე და ჯულია ერთ ძველ ტრეილერში ვცხოვრობდით, რომელიც მოძრავი სახლის მოვალეობასაც ასრულებდა; ერთი ადგილიდან მეორეზე მის გადასატანად ტრაქტორს ან სატვირთო მანქანას ვიყენებდით. ერთ ხანდაზმულ წყვილთან, ალბერტ და ეთელ აბოტებთან, ერთად, რომლებიც ჩვენსავით პატარა ტრეილერში ცხოვრობდნენ, განვაგრძობდით ქადაგებას. ალბერტი და ეთელი ჩემთვის მშობლებივით გახდნენ.
კემრიჯშირში პიონერად მსახურებისას შევხვდი ჯონ მათეუსს, შესანიშნავ ქრისტიან ძმას, რომელმაც საკმაოდ რთულ სიტუაციაში დაიცვა თავისი უმწიკვლოება იეჰოვას წინაშე. მეორე მსოფლიო ომი ახალი დაწყებული იყო, როდესაც, 1940 წელს, ჩვენ დავქორწინდით.
ომი და ოჯახი
ქორწინების პირველ თვეებში პატარა სამზარეულოს ტოლ ტრეილერში ვცხოვრობდით, ხოლო მსახურებაში მოტოციკლით დავდიოდით. დაქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ ჯონს ფერმაში მუშაობა მიუსაჯეს, რადგან ბიბლიაზე დაფუძნებული მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარი განაცხადა (ესაია 2:4). მართალია ეს ჩვენი პიონერობის დასრულებას ნიშნავდა, მაგრამ ჯონისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასარგებლო აღმოჩნდა, ვინაიდან მე ორსულად ვიყავი, ჯონს კი იქ მუშაობით ჩვენი შენახვის საშუალება მიეცა.
ომის წლებში, სირთულეების მიუხედავად, გვიტარდებოდა განსაკუთრებული შეხვედრები. 1941 წელს მანჩესტერში ერთ-ერთ შეხვედრაზე დასასწრებად მე და ჯონმა (მაშინ პირველ შვილზე ვიყავი ორსულად) მოტოციკლით 300 კილომეტრი გავიარეთ. გზად მრავალი დაბომბილი ქალაქი ვნახეთ და უკვე ეჭვი გვეპარებოდა, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ასეთ ვითარებაში შეხვედრის ჩატარება. შეხვედრა შედგა. ის მანჩესტერის ცენტრში ერთ დარბაზში ჩაგვიტარდა, სადაც ინგლისის სხვადასხვა კუთხეებიდან მრავალმა მოწმემ მოიყარა თავი და სადაც მთელი პროგრამა ჩატარდა.
მოხსენების დასრულების შემდეგ, კონგრესის ბოლო მომხსენებელმა აუდიტორიას სთხოვა, დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა შენობა, რადგან საჰაერო თავდასხმა იყო მოსალოდნელი. გაფრთხილება, სწორედ რომ, დროული იყო. შენობას დიდ მანძილზე არც კი ვიყავით გაცილებული, რომ სირენებისა და საზენიტო ტყვიამფრქვევების სროლის ხმა შემოგვესმა. უკან მოვიხედეთ და ცაზე უამრავი წერტილივით შევნიშნეთ თვითმფრინავებიდან ჩამოყრილი, ქალაქის ცენტრისთვის გამიზნული ბომბები. მოშორებით ცეცხლსა და კვამლში გახვეული ის დარბაზი მოჩანდა, რომელშიც რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ვისხედით; შენობა მთლიანად დაინგრა! საბედნიეროდ, ჩვენი ქრისტიანი ძმებიდან და დებიდან ყველა გადარჩა.
სანამ შვილები პატარები იყვნენ, არ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ პიონერები ვყოფილიყავით, მაგრამ ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო იმ მიმომსვლელი ზედამხედველებისა და პიონერებისთვის, რომლებსაც ბინა არ ჰქონდათ. ერთხელ ჩვენს სახლში ექვსი პიონერი ცხოვრობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. ეჭვგარეშეა, ასეთ პიროვნებებთან ურთიერთობა იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენმა ქალიშვილმა, იუნესმა, 1961 წლიდან, როდესაც ჯერ მხოლოდ 15 წლის იყო, პიონერობა დაიწყო. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენმა ვაჟმა, დევიდმა, როდესაც წამოიზარდა, მიატოვა იეჰოვასადმი მსახურება, ხოლო მეორე ქალიშვილი, ლინდა, ომის დროს ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა.
ესპანეთში გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
დედის მაგალითმა და გამხნევებამ მისიონერობის სურვილი ჩამისახა და ეს მიზანი ჩემში ბოლომდე არასოდეს ჩამკვდარა. ამიტომ ძალიან გაგვიხარდა, როდესაც 1973 წელს იუნესი ესპანეთში გაემგზავრა, სადაც უფრო მეტად სჭირდებოდათ სამეფოს მქადაგებლები. რასაკვირველია, გვიმძიმდა მასთან განშორება, მაგრამ თან გვეამაყებოდა, რომ მას უცხო ქვეყანაში მსახურების სურვილი ჰქონდა.
ესპანეთში იუნესთან ყოველწლიურად ჩავდიოდით, ამიტომ მალე კარგად გავეცანით ესპანეთს. მე და ჯონმა ის ოთხ სხვადასხვა დანიშნულების ადგილზე ყოფნისას მოვინახულეთ. შემდეგ წლების გასვლასთან ერთად, თანდათანობით გვაკლდებოდა ძალაც. ჯონს ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა, მეც გულსა და ჩიყვს ვუჩიოდი. გარდა ამისა, ორივეს ართრიტი გვაწუხებდა. მიუხედავად იმისა, რომ იუნესის დახმარება ნამდვილად გვჭირდებოდა, არ გვინდოდა, რომ მას ჩვენი გულისთვის ესპანეთში მსახურება მიეტოვებინა.
ეს აზრი იუნესსაც გავუზიარეთ და ყველა ვლოცულობდით იმის შესახებ, რომ დაგვენახა, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. იუნესი მზად იყო, ჩამოსულიყო ჩვენს დასახმარებლად, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ჩემთვის და ჯონისთვის ამ პრობლემის საუკეთესოდ მოგვარების საშუალება იუნესთან ესპანეთში ჩვენი ჩასვლა იქნებოდა. და, თუ თვითონ მე ვერ შევძელი მისიონერობა, ჩემს ქალიშვილსა და მის ორ პიონერ მეგობარს მაინც დავეხმარებოდი სრული დროით მსახურებაში. მე და ჯონი ნიურასა და ანას, 15 წლის განმავლობაში იუნესთან ერთად პიონერად მომსახურე დებს, საკუთარი ქალიშვილებივით ვუყურებდით. და ისინი მოხარულები იყვნენ ჩვენი მისვლით იმ ადგილებში, სადაც კი მათ დანიშნავდნენ.
ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენი ჯანმრთელობა არ გაუარესებულა, ცხოვრება კი ნამდვილად უფრო საინტერესო გახდა. ესპანურად ჯერაც ვერ ვლაპარაკობ კარგად, მაგრამ ეს არ მაკავებს ქადაგებისგან. ჩემთვის და ჯონისთვის მშობლიური გახდა ექპრემადურას (სამხრეთ-დასავლეთ ესპანეთი) პატარა კრება.
ესპანეთში ცხოვრებამ კარგად დამანახა ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის საერთაშორისო ხასიათი და ახლა უფრო კარგად მესმის იესოს სიტყვები, თუ როგორ შეიძლება იყოს „მინდორი. . . მსოფლიო“ (მათე 13:38, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები, 1990 წლის გამოცემა).
[სურათები 28 გვერდზე]
30-იან წლებში პიონერად მსახურება.