შენ შეგიძლია სულიერად წინ წაიწიო
ნამდვილად ძვირფასი ნივთების ამოცნობა ადვილი არ არის. ამის თქმა შეიძლება ალმასზეც. დაწახნაგებული ალმასი ბრწყინავს, ხოლო დაუწახნაგებელი — არა. მიუხედავად ამისა, დაუწახნაგებელი ალმასიც პოტენციურად მშვენიერი ძვირფასი ქვაა.
ქრისტიანებიც ბევრი რამით ჰგვანან დაუწახნაგებელ ალმასს. თუმცა სრულყოფილებისგან ჯერ საკმაოდ შორს ვდგავართ, ჩვენში არის რაღაც ძვირფასი, რასაც იეჰოვა აფასებს. ალმასის მსგავსად, თითოეულ ჩვენგანს საკუთრივ ჩვენი, ინდივიდუალური, თვისებები გვაქვს. და, თუ მთელი გულით მოვისურვებთ, თითოეული შევძლებთ სულიერ წინსვლას. ჩვენი თვისებები შეიძლება ისე დაიხვეწოს, რომ მეტი ელვარებით აირეკლოს იეჰოვას დიდება (1 კორინთელთა 10:31).
დაწახნაგებისა და გაპრიალების შემდეგ ბრილიანტს ბუდეში ისე სვამენ, რომ მისი ბუნებრივი ელვარება გაძლიერდეს. მსგავსად ამისა, იეჰოვამ შეიძლება სხვადასხვა „ბუდეში ჩაგვსვას“, ანუ სხვადასხვა დანიშნულების შესასრულებლად გამოგვიყენოს, იმ შემთხვევაში, თუ ‘ახალ კაცად შევიმოსებით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით’ (ეფესელთა 4:20–24).
ასეთი სულიერი წინსვლა თავისთავად არ მოხდება, ისევე როგორც ბუნებრივი ალმასი დაწახნაგების გარეშე ძვირფასი ქვისთვის დამახასიათებელ ბრწყინვალებას იშვიათად გამოსცემს. შეიძლება საჭირო იყოს, რომ მოვიშოროთ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენში არსებული სისუსტეები, ვალდებულებების საკუთარ თავზე აღების საკითხში გამოვისწოროთ აზროვნება ან ყოველი ღონე მოვახმაროთ რელიგიური ჩვეულებების ამოძირკვას. მაგრამ, თუ სურვილი გვაქვს, აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას, რადგან იეჰოვას შეუძლია მოგვცეს „აღმატებული ძლიერება“ (2 კორინთელთა 4:7; ფილიპელთა 4:13).
იეჰოვა განამტკიცებს თავის მსახურებს
ალმასის დაწახნაგებას დაჯერებულობა სჭირდება, რომელსაც საქმის ზუსტი ცოდნა იძლევა, რადგან თუ დაუწახნაგებელ ალმასის რომელიმე ნაწილს ჩამოაჭრი, ის ნაწილი, როგორც წესი, დაკარგულია. სასურველი ფორმის ნაწარმის მისაღებად ძვირფასი მასალა — ზოგჯერ დაუწახნაგებელი ქვის 50 პროცენტი — იკარგება. ჩვენთვისაც აუცილებელია ის დაჯერებულობა, რომელიც ზუსტ შემეცნებას მოაქვს, რათა დავხვეწოთ ჩვენი პიროვნული თვისებები და სულიერად წინ წავიწიოთ. განსაკუთრებით იმის უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა მოგვცემს ძალას.
მაგრამ ზოგჯერ შეიძლება უუნარობის გრძნობა დაგვეუფლოს ან ვიფიქროთ, რომ მეტის გაკეთება ჩვენს ძალებს აღემატება. ასე ფიქრობდნენ ზოგჯერ ღვთის ძველი დროის ერთგული მსახურები (გამოსვლა 3:11, 12; მესამე მეფეთა 19:1–4). როდესაც ღმერთმა „ხალხების ქადაგად“ დანიშნა, იერემიამ წამოიძახა: „მე ხომ ლაპარაკი არ ვიცი, რადგან ბავშვი ვარ“ (იერემია 1:5, 6). მაგრამ თავისი მორცხვი ხასიათის მიუხედავად, იერემია გაბედული წინასწარმეტყველი გახდა და მტრულად განწყობილ ხალხს პირდაპირ უცხადებდა ყოველგვარ ცნობას. როგორ შეძლო ეს? მან ისწავლა იეჰოვაზე მინდობა. იერემიამ მოგვიანებით დაწერა: „კურთხეულია კაცი, რომელიც ესავს უფალს და უფალია მისი საესავი“ (იერემია 17:7; 20:11).
მსგავსად ამისა, დღეს იეჰოვა განამტკიცებს მასზე მინდობილებს. ედუარდმაa, ოთხი შვილის მამამ, რომელიც სულიერად ძალიან ნელა მიიწევდა წინ, საკუთარ თავზე გამოსცადა ამ სიტყვების ჭეშმარიტება. ის ამბობს: „ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმე გავხდი, მაგრამ ვხედავდი, რომ სულიერად ერთ ადგილს ვტკეპნიდი. მიზეზი სტიმულისა და დაჯერებულობის უქონლობა იყო. ესპანეთში გადასვლის შემდეგ ერთ პატარა კრებაში აღმოვჩნდი, სადაც მხოლოდ ერთი უხუცესი და ერთი სამსახურებრივი თანაშემწე ჰყავდათ. ვინაიდან ძმები აკლდათ, უხუცესმა მრავალი დავალება მომცა. აკანკალებული წარმოვთქვამდი პირველ მოხსენებებს და ვუძღვებოდი კრების შეხვედრების გარკვეულ ნაწილებს. მაგრამ აქედან იეჰოვაზე მინდობა ვისწავლე. უხუცესი ყოველთვის მაქებდა და ტაქტიანად მაძლევდა რჩევებს, რათა კიდევ უფრო გამეუმჯობესებინა ჩემი გამოსვლები.
ამავე დროს, სამქადაგებლო მსახურებაში უფრო მეტი მონაწილეობის მიღება დავიწყე და ოჯახს უკეთეს სულიერ ხელმძღვანელობასაც ვუწევდი. შედეგად, ჭეშმარიტებამ მეტი მნიშვნელობა შეიძინა მთელი ოჯახისთვის და მეც ამის გამო მეტ კმაყოფილებას ვგრძნობდი. ახლა კი სამსახურებრივი თანაშემწე ვარ და მთელი გულმოდგინებით ვმუშაობ ქრისტიანი ზედამხედველის თვისებების განვითარებაზე“.
„გაიძრეთ ძველი ადამიანი“
როგორც ედუარდი მიხვდა, სულიერი წინსვლისთვის აუცილებელია იეჰოვაზე მინდობა. აგრეთვე მნიშვნელოვანია ქრისტესმაგვარ ‘ახალ ადამიანად’ გარდაქმნა. როგორ შეიძლება ამის მიღწევა? პირველი ნაბიჯია ძველი ადამიანისთვის დამახასიათებელი პიროვნული თვისებების ‘გაძრობა’ (კოლასელთა 3:9, 10, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). როგორც დაუწახნაგებელი ალმასი რომ ელვარე ძვირფასი ქვა გახდეს, საჭიროა მისი უცხო მინერალებისგან გაწმენდა, ასევე ჩვენც, საჭიროა მოვიშოროთ ‘წუთისოფლისეული’ აზროვნება, რათა ჩვენში ახალმა ადამიანმა მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოანათოს (გალატელთა 4:3).
ასეთი აზროვნების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს ვალდებულების საკუთარ თავზე აღების არიდება იმის შიშით, რომ ძალიან ბევრს მოგვთხოვენ. მართალია, ვალდებულებას შესრულება უნდა, მაგრამ ეს ხომ სიამოვნების მომგვრელია (შეადარე საქმეები 20:35). პავლემ თქვა, რომ ღვთისადმი ერთგულებისთვის საჭიროა ‘ვიშრომოთ კიდეც და ვიღწვოდეთ’. ამას ჩვენ სიამოვნებით ვაკეთებთ, ვინაიდან, მოციქულის სიტყვებისამებრ, „მინდობილნი ვართ ცოცხალ ღმერთზე“ — პიროვნებაზე, რომელსაც არასოდეს ავიწყდება ჩვენ მიერ თანაქრისტიანების ან სხვებისთვის გაწეული სამსახური (1 ტიმოთე 4:9, 10; ებრაელთა 6:10).
ზოგჯერ ალმასს ამახინჯებს რაიმე დეფექტი, რომელიც მისი ფორმირების დროს გაჩნდა; ასეთი ალმასი ძალიან ფაქიზ მოპყრობას საჭიროებს. პოლარისკოპის დახმარებით ალმასის დამწახნაგებელს შეუძლია აღმოაჩინოს ეს დეფექტი და კარგად დაამუშაოს ქვა. წარსული ცხოვრების ან რაღაც მძიმე სულიერი ტრავმის შედეგად შეიძლება ჩვენც „გვამახინჯებს“ რაღაც შინაგანი „დეფექტი“, ანუ ნაკლი. რის გაკეთება შეგვიძლია? პირველი, საჭიროა ვაღიაროთ, რომ გვაქვს ეს ნაკლი, და ვეცადოთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად აღმოვფხვრათ ის. ამისათვის საჭიროა იეჰოვას გადავცეთ ლოცვაში ეს ტვირთი და, შესაძლოა, სულიერი დახმარებისთვის აგრეთვე ქრისტიან უხუცესებს მივმართოთ (ფსალმუნი 54:23; იაკობი 5:14, 15).
ასეთი შინაგანი „დეფექტი“ ჰქონდა ნიკოლასს. „მამაჩემი ლოთი იყო და მე და ჩემს დას ბევრ ტკივილს გვაყენებდა, — ამბობს ის. — სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო სამსახური დავიწყე, მაგრამ ჩემმა მოჯანყე ხასიათმა მალე უსიამოვნებაში გამხვია. სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელობამ სატუსაღოში ერთხელ ნარკოტიკების გაყიდვისთვის ჩამსვა, ხოლო მეორედ — დეზერტირობისთვის. ბოლოს დავტოვე სამხედრო სამსახური, მაგრამ უსიამოვნებები არ მცილდებოდა. თუმცა ნარკოტიკების გამოყენებისა და გამუდმებული ლოთობის გამო ცხოვრება აწეწილი მქონდა, მაინტერესებდა ბიბლია და მინდოდა, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონოდა. ბოლოს იეჰოვას მოწმეებთან დავამყარე ურთიერთობა, შევიცვალე ცხოვრების წესი და ჭეშმარიტებას ჩავეჭიდე.
მაგრამ ჩემი ნაკლის დასანახად წლები დამჭირდა. მე ვერ ვიტანდი ვერავითარ ხელმძღვანელობას და ყოველგვარი რჩევა მაღიზიანებდა. მიუხედავად ჩემი სურვილისა — მთლიანად გავხარჯულიყავი იეჰოვას სამსახურში, ეს ნაკლი ყოველთვის ხელს მიშლიდა. საბოლოოდ, ორი გულისხმიერი უხუცესის დახმარებით მივხვდი, თუ რა ნაკლი მქონდა, და მათ მიერ სიყვარულით მოცემული ბიბლიური რჩევის გამოყენება დავიწყე. თუმცა დროდადრო ვცხარდები ხოლმე, მაგრამ ახლა უკვე ვიოკებ ჩემს მეამბოხე ბუნებას. დიდად მადლობელი ვარ იეჰოვას მხრიდან მოთმინებით მოპყრობისა და უხუცესების მიერ სიყვარულით აღსავსე დახმარების აღმოჩენისთვის. სულიერად იმდენად წავიწიე წინ, რომ ახლახან სამსახურებრივ თანაშემწედ დამნიშნეს“.
როგორც ნიკოლასმა შენიშნა, ადვილი არ არის ღრმად ფესვებგადგმული აზროვნების შეცვლა. შეიძლება ჩვენც მსგავსი პრობლემის წინაშე ვდგავართ. შეიძლება ზედმეტად მგრძნობიარეები ვართ ან თავიდან ვერ ვიცილებთ წყენას, ან ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ დამოუკიდებლობას. ამგვარად, შეიძლება ამან დაგვაბრკოლოს ქრისტიანულ წინსვლაში. ალმასის დამწახნაგებლები მსგავს სირთულეს აწყდებიან ქვის დამუშავებისას, როდესაც ალმასის მინერალში, ფაქტობრივად, ორი ქვაა ერთმანეთთან შეზრდილი. ამის გამო ასეთ მინერალებში თითოეული ქვა თავისებურად გაიზარდა, რაც შესაბამისად დამუშავების დროს მათ დაწახნაგებას ძალიან ართულებს. ჩვენც თითქოს ორი სხვადასხვა ნაწილისგან შევდგებით, სადაც სასურველი თვისებები ებრძვიან არასრულყოფილ ხორციელ სურვილებს (მათე 26:41; გალატელთა 5:17). ზოგჯერ გვიჩნდება სურვილი, საერთოდ შევწყვიტოთ ბრძოლა, და თავს იმით ვიმართლებთ, რომ ჩვენში არსებული არასრულყოფილება მაინცდამაინც დიდი არაფერია. „ბოლოს და ბოლოს, ჩემი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ხომ მაინც ვუყვარვარ“, — შეიძლება ვამბობთ ჩვენ.
მაგრამ ძმების საკეთილდღეოდ და ზეციერი მამის განსადიდებლად საჭიროა შევიმოსოთ ახალი ადამიანი და ‘განვახლდეთ გონების სულით’. როგორც ამას ნიკოლასი და სხვა მრავალი დაადასტურებს, ღირს ყოველივე ამის გაკეთება. ალმასის დამწახნაგებელმა იცის, რომ ერთმა ნაკლმა შეიძლება მთელი ბრილიანტი გააფუჭოს. მსგავსად ამისა, თუ უგულებელვყოფთ ჩვენს სუსტ მხარეებს, შეიძლება მთელი სულიერი გარეგნობა გავიფუჭოთ. და რაც ბევრად უფრო უარესია, სერიოზულმა სისუსტეებმა შეიძლება ჩვენში საერთოდ ჩაკლას სულიერობა (იგავნი 8:33).
ცეცხლივით გიზგიზებს ჩვენში
ალმასის დამმუშავებელი ცდილობს, ბრილიანტი რაც შეიძლება მეტად ბრწყინავდეს. ამას დაწახნაგების საშუალებით აღწევენ, რის შედეგადაც ბრილიანტი ნაირფერად ელვარებს. ბრილიანტზე დაცემულ მრავალფეროვან სხივთა კონა შინაგანი არეკვლის შედეგად ფერად სხივებად იშლება და ბრჭყვიალებს. მსგავსად ამისა, ჩვენშიც შეიძლება გიზგიზებდეს ღვთის სული (1 თესალონიკელთა 5:19; საქმეები 18:25; რომაელთა 12:11).
მაგრამ რა ვქნათ, როდესაც ვგრძნობთ სულიერად ამოქმედების აუცილებლობას? როგორ შეიძლება ამის მიღწევა? საჭიროა ‘დავუფიქრდეთ ჩვენს გზებს’ (ფსალმუნი 118:59, 60). ამაში შედის იმ საკითხების ამოცნობა, რომლებიც სულიერად უკან გვწევს, და შემდეგ იმის განსაზღვრა, თუ თეოკრატიულ საქმიანობის რომელ სფეროში უნდა გავაძლიეროთ მოქმედება. სულიერი საქმეების დაფასების გაღრმავება რეგულარული პირადი შესწავლითა და მხურვალე ლოცვითაა შესაძლებელი (ფსალმუნი 118:18, 32; 142:1, 5, 8, 10). გარდა ამისა, იმ ძმებთან და დებთან ურთიერთობა, ვინც გულმოდგინედ იღწვის რწმენაში, უფრო განგვიმტკიცებს იეჰოვასადმი თავგამოდებით მსახურების გადაწყვეტილებას (ტიტე 2:14).
ლუიზა, ახალგაზრდა ქრისტიანი, აღნიშნავს: „ვიდრე სრული დროით პიონერად (სამეფოს შესახებ ცნობის სრული დროით მქადაგებლად) მსახურებას დავიწყებდი, ორი წელი ვფიქრობდი ამ საკითხზე. პიონერობაში ხელს არაფერი მიშლიდა, მაგრამ ჩემთვის მყუდროდ ვცხოვრობდი და არ მინდოდა მისი დარღვევა. მოულოდნელად მამა გარდამეცვალა. მაშინ მივხვდი, რომ სიცოცხლე წარმავალია, ხოლო მე ჩემს შესაძლებლობებს საუკეთესოდ არ ვიყენებდი. ამიტომ შევიცვალე სულიერი თვალსაზრისი, მსახურებაში მეტ მონაწილეობას ვღებულობდი და სრული დროით პიონერი გავხდი. მნიშვნელოვან დახმარებას მიწევდნენ სულიერი ძმები და დები, რომლებიც ყოველთვის მზად იყვნენ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობისთვის და მსახურებისას რეგულარულად მახლდნენ თან. როგორც დადებითი, ასევე მწარე გამოცდილებიდან მივხვდი, რომ ჩვენზე გავლენას ახდენს მათი შეხედულებები და მიზნები, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს“.
რკინით გალესილი
ალმასი ბუნებაში ცნობილ მინერალთაგან ყველაზე მაგარია. ამიტომ ალმასის დასაჭრელად ისევ ალმასი გამოიყენება. ამან ბიბლიის შემსწავლელებს შეიძლება მოაგონოს იგავი: „რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს“ (იგავნი 27:17). როგორ „ილესება“ კაცის სახე? ერთმა ადამიანმა შეიძლება წარმატებით გალესოს მეორის გონებრივი და სულიერი მდგომარეობა, ისევე როგორც რკინის ნაჭერი გამოიყენება რკინისავე პირის გასალესად. მაგალითად, თუ რაღაც უსიამოვნების გამო დეპრესიაში ვართ, ვიღაცის გამხნევებამ შეიძლება ძალიან შეგვიმსუბუქოს მდგომარეობა. ასე რომ, სახის სევდიანი გამომეტყველება შეგვეცვლება და გამოკეთებული ხასიათით განვაახლებთ გულმოდგინე მსახურებას (იგავნი 13:12). გალესვაში განსაკუთრებით დიდი წვლილი შეაქვთ კრების უხუცესებს, რომლებიც დახმარების მიზნით საღვთო წერილზე დაფუძნებულ რჩევას გვაძლევენ და გვამხნევებენ. ისინი მიჰყვებიან სოლომონის მიერ გამოთქმულ პრინციპს: „მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და ცოდნას შეიმატებს“ (იგავნი 9:9).
რა თქმა უნდა, სულიერი წვრთნისთვის დროა საჭირო. პავლე ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უზიარებდა ტიმოთეს თავის გამოცდილებასა და სწავლების მეთოდებს (1 კორინთელთა 4:17; 1 ტიმოთე 4:6, 16). მოსე 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ასწავლიდა იესო ნავეს ძეს, რამაც ისრაელ ერს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მოუტანა სარგებლობა (იესო ნავეს ძე 1:1, 2; 24:29, 31). ელისე დაახლოებით ექვსი წელი ახლდა თან წინასწარმეტყველ ელიას, რითაც შესანიშნავი საფუძველი ჩაეყარა მის მსახურებას, რაც დაახლოებით 60 წლის მანძილზე გრძელდებოდა (მესამე მეფეთა 19:21; მეოთხე მეფეთა 3:11). მოთმინებითა და განუწყვეტელი სწავლების საშუალებით უხუცესები პავლეს, მოსესა და ელიას მაგალითს მიჰყვებიან.
შექება სწავლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. კარგად შესრულებული დავალების ან საქები საქმეებისთვის გულწრფელი მადლიერების გამოხატვამ შეიძლება სხვებს ღვთისადმი მეტი მსახურების სურვილი აღუძრას. ქება ადამიანს დაჯერებულობას მატებს, რაც, თავის მხრივ, ნაკლოვან მხარეებზე უფრო ინტენსიური მუშაობის სტიმულს აძლევს (შეადარე 1 კორინთელთა 11:2). ჭეშმარიტებაში წინსვლის სტიმულს სამეფოს შესახებ ქადაგებასა და კრების სხვა საქმიანობებში ინტენსიური მონაწილეობაც იძლევა (საქმეები 18:5). როდესაც უხუცესები ძმებს მათი სულიერი წარმატებების შესაბამის პასუხისმგებლობებს აკისრებენ, ეს ამ ძმებს ძვირფას გამოცდილებას აძლევს და განამტკიცებს მათ სურვილს — კვლავაც განაგრძონ სულიერი წინსვლა (ფილიპელთა 1:8, 9).
სულიერი წინსვლისთვის საფუძვლიანი მიზეზი არსებობს
ალმასი ძვირფასეულობად ითვლება. იგივე შეიძლება ითქვას პიროვნებებზეც, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემელთა მსოფლიო ოჯახთან ამყარებენ ურთიერთობას. ფაქტობრივად, თვითონ ღმერთი უწოდებს ამ ხალხს ‘სასურველს’, ანუ ძვირფასს, ყოველი ერიდან (ანგია 2:7, აქ). გასულ წელს 375 923 პიროვნება მოინათლა და შეემატა იეჰოვას მოწმეთა რიგებს. ამ მზარდი რაოდენობის მოწმეთა დასაკმაყოფილებლად საჭიროა ‘კარვის გაფართოება’. სულიერი წინსვლა და ქრისტიანულ საქმიანობაში განსაკუთრებული მსახურებისკენ სწრაფვა ამ გაფართოებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას იძლევა (ესაია 54:2; 60:22).
მრავალი ძვირფასი ალმასისგან განსხვავებით, რომლებიც ბანკის სეიფებშია ჩაკეტილი და რომლებსაც იშვიათად ხედავენ, ჩვენი სულიერი ღირებულებები თვალისმომჭრელად ელვარებს. და, ვიდრე რეგულარულად ვამუშავებთ და ვავლენთ ქრისტიანულ თვისებებს, განვადიდებთ იეჰოვა ღმერთს. იესომ თავისი მიმდევრები შემდეგნაირად დაარიგა: „დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს“ (მათე 5:16, სსგ). ნამდვილად, ეს საფუძვლიან მიზეზს გვაძლევს სულიერი წინსვლისთვის.
[სქოლიო]
a სტატიაში გამოყენებული სახელები შეცვლილია.