საშინელი განსაცდელის გადატანა
მოგვითხრო ევა იუსეფსონმა.
ბუდაპეშტის, უნგრეთი, ერთ-ერთ უბანში, უიფეშტში, პატარა ჯგუფი ვიკრიბებოდით, სადაც ქრისტიანული მსახურების დაწყებამდე ხანმოკლე შეხვედრებს ვატარებდით. იდგა 1939 წელი. II მსოფლიო ომის წინახანებში უნგრეთში იეჰოვას მოწმეთა სამქადაგებლო საქმიანობა აკრძალული იყო. მათ, ვინც იმ დროს ბიბლიას საჯაროდ ასწავლიდა, ხშირად აპატიმრებდნენ.
რადგან პირველად ვიღებდი ამ საქმეში მონაწილეობას, ეტყობა ცოტა შეწუხებული და გაფითრებული ვჩანდი. ხანდაზმული ქრისტიანი ძმა მომიბრუნდა და მითხრა: „ევა, არასოდეს შეგეშინდეს. იეჰოვასადმი მსახურება ადამიანისთვის უდიდესი პატივია“. ეს გულისხმიერებით სავსე გამაძლიერებელი სიტყვები მრავალი საშინელი განსაცდელის გადატანაში დამეხმარა.
ებრაული წარმოშობა
დავიბადე ებრაულ ოჯახში, სადაც ხუთ და-ძმაში ყველაზე უფროსი ვიყავი. დედას არ აკმაყოფილებდა იუდაიზმი და სხვა რელიგიების კვლევა დაიწყო. აი ასე შეხვდა ებრაელ ქალს, ერჟბეტა სლეზინგერს, რომელიც, დედაჩემის მსგავსად, ბიბლიურ ჭეშმარიტებას ეძებდა. მან დედაჩემი იეჰოვას მოწმეებს შეახვედრა, რის გამოც, ბიბლიის სწავლებებისადმი მეც დიდი ინტერესი გამიჩნდა. მალე რაც თავად ვისწავლე, სხვებს ვასწავლიდი.
1941 წლის ზაფხულში, 18 წლის ასაკში, თავი მივუძღვენი იეჰოვას და მდინარე დუნაიში მოვინათლე. ჩემთან ერთად დედაც მოინათლა, მამა კი ჩვენს ახლად შეძენილ ქრისტიანულ რწმენას არ იზიარებდა. მალე, მონათვლის შემდეგ, მიზნად დავისახე პიონერად, სრული დროით, მსახურება. ველოსიპედის შეძენა მესაჭიროებოდა, ამიტომ მუშაობა დავიწყე დიდი საფეიქრო ფაბრიკის ლაბორატორიაში.
განსაცდელის დაწყება
უნგრეთი ნაცისტებმა დაიკავეს და ის ფაბრიკა, რომელშიც ვმუშაობდი, გერმანელების მმართველობას დაექვემდებარა. ერთხელ ყველა მომუშავე გამოიძახეს, რათა ზედამხედველების წინაშე ფიცი დაედოთ, რომ ნაციზმის ერთგულები იქნებოდნენ. გვითხრეს, რომ დაუმორჩილებლობას სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა. ცერემონიალის დროს „ჰაილ ჰიტლერის“ თქმა მოგვეთხოვებოდა, პატივისცემის ნიშნად მეც იქ ვიყავი, მაგრამ ამ საქმეში მონაწილეობა არ მიმიღია. იმავე დღეს გამომიძახეს, მომცეს ჯამაგირი და სამსახურიდან დამითხოვეს. რადგან სამუშაოს პოვნა იოლი არ იყო, ვწუხდი, თუ როგორღა შევძლებდი პიონერად მსახურებას. მიუხედავად ამისა, მეორე დღესვე ვიშოვე ახალი სამუშაო უფრო მაღალი ანაზღაურებით.
ახლა ჩემი ოცნება, მემსახურა პიონერად, შეიძლება ასრულებულიყო. რამდენიმე პიონერთან ვითანამშრომლე, ბოლო მათგანი იულიშკა ასტალოში იყო. მსახურებისას მხოლოდ ბიბლიას ვიყენებდით, რადგან შესათავაზებელი ლიტერატურა არ გვქონდა. როდესაც დაინტერესებულებს ვიპოვიდით, განმეორებით მოვინახულებდით და ლიტერატურას დროებით ვუტოვებდით.
მე და იულიშკას რამდენჯერმე მოგვიწია იმ ტერიტორიის შეცვლა, სადაც სამქადაგებლო საქმიანობას ვეწეოდით. ეს ერთი მღვდლის გამო ხდებოდა, რომელმაც როგორც კი გაიგო, რომ ‘მის ცხვრებს’ ვაკითხავდით, ეკლესიაში მრევლს უცხადებდა, იეჰოვას მოწმეების მიკითხების შემთხვევაში, მისთვის ან პოლიციისთვის ეცნობებინათ. როდესაც კეთილმოსურნე ხალხმა ეს ამბავი შეგვატყობინა ტერიტორიების შეცვლა დავიწყეთ.
ერთ დღეს მე და იულიშკა მივედით ერთ ბიჭთან, რომელმაც ინტერესი გამოავლინა. განმეორებით შეხვედრაზე შევთანხმდით, რათა რაიმე პუბლიკაცია მიგვეტანა. მაგრამ მეორედ მისვლისას იქ პოლიცია დაგვხვდა, დაგვაპატიმრეს და წაგვიყვანეს სოფელ დუნავეჩეს პოლიციის განყოფილებაში. ახალგაზრდა ჩვენს დასატუსაღებლად გამოიყენეს. როდესაც პოლიციის განყოფილებაში მიგვიყვანეს, დავინახეთ მღვდელი და მივხვდით, რომ ჩვენს დაპატიმრებაში მასაც წვლილი მიუძღოდა.
ჩემი უსაშინლესი განსაცდელი
პოლიციის განყოფილებაში თავი გადამპარსეს და ათზე მეტი პოლიციელის წინაშე შიშველი დამაყენეს. შემდეგ დამკითხეს, რათა გაეგოთ, თუ ვინ იყო უნგრეთში ჩვენი ხელმძღვანელი. ავუხსენი, რომ იესო ქრისტეს გარდა, სხვა წინამძღოლი არ გვყავდა. სასტიკად მცემეს ხელკეტებით, მაგრამ ქრისტიანი ძმები არ გავეცი.
შემდეგ ხელ-ფეხი თავს ზემოთ შემიკრეს. და ყველამ, ერთის გარდა, რიგრიგობით გამაუპატიურა. ხელები ისე მაგრად შემიკრეს, რომ მაჯებზე ნაიარევი სამი წლის შემდეგაც მემჩნეოდა. ისე მხეცურად მომექცნენ, რომ ყველაზე მწვავე ჭრილობების მოშუშებამდე, ორი კვირა სარდაფში მმალავდნენ.
შვების დრო
მოგვიანებით, ქალაქ ნადიკანიჟას ციხეში გადამიყვანეს, სადაც იეჰოვას ბევრი მოწმე იყო. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები ვიყავით, ორი წლის განმავლობაში თავს შედარებით ბედნიერად ვგრძნობდით. ყველა შეხვედრას მალულად ვატარებდით და მეტ-ნაკლებად კრებასავით ვმოქმედებდით. არაფორმალური დამოწმების ბევრი შესაძლებლობაც გვქონდა. ამ საპატიმროში შევხვდი ოლგა სლეზინგერს. ის იყო ერჟბეტა სლეზინგერის ღვიძლი და, რომელმაც მე და დედას ბიბლიური ჭეშმარიტება გაგვაცნო.
1944 წლისთვის ნაცისტებმა გადაწყვიტეს უნგრეთში მცხოვრები ებრაელების მოსპობა, ისევე როგორც მათ სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც სისტემატურად ხოცავდნენ. ერთ დღეს მე და ოლგასაც მოგვაკითხეს. საქონლის გადასაყვან სარკინიგზო ვაგონში მოგვათავსეს და აუტანელი მგზავრობის შემდეგ, ჩეხოსლოვაკიის გავლით, მივაღწიეთ სამხრეთ პოლონეთის ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკს, სადაც პატიმრების უმეტესობას სიკვდილით სჯიდნენ.
ოსვენციმში სიკვდილს გადავურჩით
ოლგასთან ერთად თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. ის მძიმე სიტუაციებშიც კი არ კარგავდა იუმორის გრძნობას. როდესაც ოსვენციმში ჩავედით, დოქტორ მენგელის წინაშე წარგვადგინეს, რომელიც ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა. მას ევალებოდა ახალი ჩამოსულების დაყოფა ფიზიკურად ძლიერებად და სუსტებად, რომლებიც სამუშაოსთვის უუნარონი იყვნენ. ამ უკანასკნელთ გაზის კამერებში აგზავნიდნენ. როდესაც რიგი ჩვენზე მიდგა, მენგელმა ოლგას ჰკითხა: „რამდენი წლისა ხარ?“ მან გაბედულად, თვალების ციმციმით უპასუხა: „ოცის“. სინამდვილეში კი ორჯერ მეტის იყო. მაგრამ მენგელმა გაიცინა და მარჯვენა მხარეს გაუშვა. აი ასე გადარჩა.
ოსვენციმში ყველა პატიმარს ტანსაცმელზე სიმბოლური ნიშანი ეკერა. ებრაელებს ყვითელი ფერის ვარსკვლავი, ხოლო იეჰოვას მოწმეებს კი იისფერი სამკუთხედი. ჩვენს ტანსაცმელზე დავითის ვარსკვლავის დაკერება მოგვთხოვეს, მაგრამ ავუხსენით, რომ იეჰოვას მოწმეები ვიყავით და იისფერი სამკუთხედები გვსურდა. ებრაული წარმოშობის კი არ გვრცხვენოდა, უბრალოდ, ახლა იეჰოვას მოწმეები ვიყავით. ისინი ცემითა და პანღურებით გვაიძულებდნენ თანხმობა განგვეცხადებინა ებრაულ ემბლემაზე. მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიტანდით შეურაცხყოფას, სანამ იეჰოვას მოწმეებად არ გვაღიარეს.
გარკვეული დროის შემდეგ, მოულოდნელად შევხვდი ჩემს და ელვირას, რომელიც სამი წლით უმცროსი იყო ჩემზე. ჩვენი ოჯახის შვიდივე წევრი ოსვენციმში გადაიყვანეს. მხოლოდ მე და ელვირა ჩაგვთვალეს შრომისუნარიანებად. დედა, მამა და ჩვენი ღვიძლი და-ძმები გაზის კამერაში გაგუდეს. იმ დროისთვის ელვირა ჯერ არ იყო იეჰოვას მოწმე და ბანაკის ერთსა და იმავე ნაწილში ვერ მოვხვდით. ის როგორღაც სიკვდილს გადაურჩა, შეერთებულ შტატებში გადასახლდა და ქალაქ პიტსბურგში, პენსილვანია, მოინათლა, მოგვიანებით კი, 1973 წელს, გარდაიცვალა.
სხვა ბანაკებშიც გადავურჩი სიკვდილს
გერმანელებმა 1944—1945 წლის ზამთარში გადაწყვიტეს ოსვენციმის ევაკუირება, რადგან ქალაქს რუსები მიუახლოვდნენ. ასე რომ, გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში, ბერგენ-ბელზენში გადაგვიყვანეს. ჩვენი ჩასვლიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, მე და ოლგა ქალაქ ბრაუნშვაიგში გაგვაგზავნეს. იქ მოკავშირე ძალების მიერ ინტენსიურად დაბომბილი ტერიტორიები უნდა გაგვეწმინდა. მე და ოლგამ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე. რადგან არ ვიცოდით, ამ სამუშაოს შესრულებით დაირღვეოდა თუ არა ჩვენი ნეიტრალიტეტი, გადავწყვიტეთ, არ მიგვეღო მასში მონაწილეობა.
ჩვენმა გადაწყვეტილებამ დიდი უსიამოვნება გამოიწვია. ტყავის შოლტებით გვცემეს, შემდეგ კი დამხვრეტი რაზმის წინ დაგვაყენეს. მოსაფიქრებლად ერთი წუთი მოგვცეს, აზრს თუ არ შევიცვლიდით, დაგვხვრეტდნენ. ვუთხარით, რომ მოსაფიქრებლად დრო არ გვჭირდებოდა, რადგან გადაწყვეტილება მიღებული გვქონდა. მაგრამ, რადგან ბანაკის უფროსი იქ არ იმყოფებოდა ხოლო განაჩენის სისრულეში მოყვანის უფლება მხოლოდ მას ჰქონდა, ჩვენი დასჯა გადაიდო.
მანამ კი გვაიძულეს მთელი დღის განმავლობაში საპატიმროს ეზოში ვმდგარიყავით. ორი შეიარაღებული ჯარისკაცი გვდარაჯობდა, რომლებიც ყოველ ორ საათში იცვლებოდნენ. არანაირ საკვებს არ გვაძლევდნენ; თებერვლის სუსხიანი ზამთრის გამო, საშინლად გვციოდა. ასე გაგრძელდა ერთი კვირა, მაგრამ უფროსი არ გამოჩენილა. ბოლოს სატვირთო მანქანაში ჩაგვსვეს და, ჩვენდა გასაოცრად, უკან დაგვაბრუნეს ბერგენ-ბელზენში.
იმ დროისთვის მე და ოლგა საშინელ მდგომარეობაში ვიყავით. თითქმის მთელი თმა დამცვივდა და მაღალი სიცხეები მქონდა. მცირე საქმის გასაკეთებლადაც კი დიდი ძალის მოკრება მჭირდებოდა. ყოველდღე კომბოსტოს წყალ-წყალა სუპი და პატარა პურის ნაჭერი არ იყო საკმარისი. მაგრამ მუშაობა აუცილებელი იყო, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვხვრეტდნენ. გერმანელი დები, რომლებიც ჩემთან ერთად სამზარეულოში მუშაობდნენ, დამეხმარნენ, ცოტა მოვღონიერებულიყავი. როდესაც გუშაგები შესამოწმებლად მოდიოდნენ, დები მაფრთხილებდნენ, სამუშაო ადგილას დავმდგარიყავი და ისეთი სახე მიმეღო თითქოს გულმოდგინედ ვმუშაობდი.
ერთხელ ოლგამ, უბრალოდ, ვერ შესძლო სამუშაოზე გამოცხადება, მის მერე იგი აღარ გვინახავს. დავკარგე მამაცი მეგობარი და თანამზრახველი, რომელიც დიდად დამეხმარა საკონცენტრაციო ბანაკებში იმ მძიმე თვეების გადატანაში. როგორც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ცხებულ მიმდევარს, მას დაუყოვნებლივ უნდა მიეღო ზეციერი ჯილდო (გამოცხადება 14:13).
განთავისუფლება და შემდგომი ცხოვრება
1945 წლის მაისში ომი დამთავრდა და განვთავისუფლდი; როგორც იქნა მჩაგვრელთა უღელი მოვიცილეთ, მაგრამ ისეთი დასუსტებული ვიყავი, რომ სიხარულის თავიც არ მქონდა; ვერც იმ კოლონას შევუერთდი, რომელსაც განთავისუფლებულები იმ ქვეყნებში მიჰყავდა, რომლებიც მზად იყვნენ მათ მისაღებად. ძალების მოსაკრებად სამი თვე საავადმყოფოში დავყავი. ამის შემდეგ შვედეთში წამიყვანეს, რომელიც ჩემს ახალ სამშობლოდ იქცა. მაშინვე ქრისტიან დებსა და ძმებს დავუკავშირდი და თანდათანობით სამქადაგებლო მსახურების ძვირფას საქმეს მივყავი ხელი.
1949 წელს დავქორწინდი ლენარტ იუსეფსონზე, რომელიც წლების განმავლობაში იეჰოვას მოწმეთა მიმომსვლელ ზედამხვედველად მსახურობდა. იმის გამო, რომ რწმენა არ უარყო, II მსოფლიო ომის დროს, ისიც დაატუსაღეს. 1949 წლის 1 სექტემბერს, დაქორწინებისთანავე დავიწყეთ პიონერული მსახურება და ქალაქ ბუროსში გაგვამწესეს. პირველ წლებში, ყოველ კვირას, დაინტერესებულებთან, რეგულარულად, ბიბლიის ათ შესწავლას ვატარებდით. სიხარულს გვანიჭებდა იმის ხილვა, რომ ბუროსში ცხრა წლის განმავლობაში სამი კრება დაარსდა, ახლა კი იქ ხუთი კრებაა.
დიდხანს ვერ შევძელი პიონერად მსახურება, რადგან 1950 წელს ქალიშვილი შეგვეძინა, ორი წლის შემდეგ კი ვაჟი. ამგვარად, შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა საკუთარი შვილებისთვის მესწავლებინა ის დიდებული ჭეშმარიტება, რომელიც ძვირფასმა ძმამ უნგრეთში შემასწავლა, როდესაც 16 წლის ვიყავი, სახელდობრ: „იეჰოვასადმი მსახურება ადამიანისთვის უდიდესი პატივია“.
განვლილ ცხოვრებას რომ ვიხსენებ, ვხვდები, რომ მე გამოვცადე ის ჭეშმარიტება, რომელიც მოწაფე იაკობმა დაწერა, როდესაც გვახსენებდა იობის მოთმინებას: „მრავალმოწყალე და შემწყალებელია უფალი“ (იაკობი 5:11). მიუხედავად იმისა, რომ მეც მრავალი მძიმე განსაცდელით ვიტანჯებოდი, იეჰოვამ უხვად მაკურთხა ორი შვილით, მათი მეუღლეებითა და ექვსი შვილიშვილით, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლები არიან. გარდა ამისა, უამრავი სულიერი შვილები და შვილიშვილები მყავს, რომელთაგან ზოგიერთი პიონერად და მისიონერად მსახურობს. დიდად ვიმედოვნებ, რომ შევხვდები საყვარელ მიძინებულ ადამიანებს და გულში ჩავიკრავ, როდესაც სამარხიდან წამოდგებიან (იოანე 5:28, 29).
[სურათი 31 გვერდზე]
შვედეთში მსახურებისას II მსოფლიო ომის შემდეგ.
[სურათი 31 გვერდზე]
ჩემს მეუღლესთან ერთად.