დედამიწა — რისთვის არსებობს ის?
ყურადღება მიაქციეთ შემდეგ კითხვას: იყო თუ არა ჩვენი შესანიშნავი პლანეტა შექმნილი გონიერი შემოქმედის მიერ, რომელსაც გარკვეული განზრახვა ჰქონდა დედამიწისა და მასზე მცხოვრები ადამიანების მიმართ? ამ საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაჭრა დაგეხმარებათ, გაიგოთ, თუ რა მომავალი ელის ჩვენს პლანეტას.
მრავალმა მეცნიერმა, რომელმაც ღრმად გამოიკვლია სამყარო და ჩვენი დედამიწა, დაინახა მტკიცებები, რომლებიც შემოქმედის, ღვთის, არსებობაზე მიუთითებს. განვიხილოთ ერთი მათგანის ნათქვამი:
პროფესორი პოლ დეივისი თავის წიგნში „ღვთის გონება“ [The Mind of God] წერს: „მოწესრიგებული, ურთიერთკავშირების მქონე სამყაროს არსებობისთვის, რომელიც მდგრად, ორგანიზებულ, რთულ სტრუქტურებს შეიცავს, საჭიროა კანონები და ძალიან სპეციფიკური გარემო“.
ასტროფიზიკოსებისა და სხვების მიერ მოხსენიებულ მრავალ „დამთხვევათა“ განხილვის შემდეგ პროფესორი დეივისი აღნიშნავს: «ესენი [„დამთხვევები“] ყველა ერთად აღებული იმის შესანიშნავ მტკიცებას წარმოადგენს, რომ სიცოცხლე, როგორსაც ვხედავთ, ძალიან არის დამოკიდებული ფიზიკურ კანონებსა და ვითომ შემთხვევით მნიშვნელობებზე, რომლებიც ბუნებამ შეურჩია სხვადასხვა ელემენტარული ნაწილაკების მასის სიდიდეებს, სხვადასხვა ძალის სიდიდეებსა და ა. შ. . . საკმარისია აღვნიშნოთ, რომ ღვთის ადგილზე რომ ვყოფილიყავით და ამ სიდიდეების დადგენა ბერკეტების ჩვენი შეხედულებებისამებრ მობრუნებით შეგვეძლებოდა, დავინახავდით, რომ ბერკეტების მდგომარეობის თითქმის ნებისმიერი ცვლილება, სამყაროს საცხოვრებლად უვარგისს გახდიდა. ზოგჯერ გეჩვენება, რომ თითოეული ბერკეტი უდიდესი სიზუსტით უნდა იყოს დაყენებული, რათა სამყაროში შესაძლებელი იყოს სიცოცხლე. . . დიდად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ მექანიზმში უმნიშვნელო ცვლილებამაც კი შეიძლება სამყარო ადამიანებისთვის უხილავი გახადოს».
მრავლისთვის ეს ნიშნავს, რომ ჩვენი დედამიწა, ისევე როგორც მთელი სამყარო, შემოქმედის მიერ იყო შექმნილი. თუ ეს ასეა, საჭიროა გავიგოთ, რატომ შექმნა ღმერთმა ის. თუ შეგვიძლია, საჭიროა აგრეთვე გავიგოთ, რა განზრახვა აქვს მას დედამიწის მიმართ. ამასთან დაკავშირებით უცნაურ შეუსაბამობას ვაწყდებით. ათეიზმის საყოველთაო პოპულარობის მიუხედავად, ადამიანთა საოცრად დიდ რაოდენობას ჯერაც სწამს გონიერი შემოქმედის არსებობა. ქრისტიანული სამყაროს ეკლესიათა უმეტესობა ფორმალურად ლაპარაკობს ყოვლისშემძლე ღმერთის, ჩვენი სამყაროს შემოქმედის, შესახებ. მაგრამ ამ რელიგიებიდან რომელიმე იშვიათად თუ აღნიშნავს მტკიცედ და დაჯერებით დედამიწის მომავლის შესახებ ღვთის განზრახვაზე.
რას ამბობს ბიბლია?
ლოგიკურია, ინფორმაციის მისაღებად მივმართოთ წყაროს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია როგორც შემოქმედისგან მომდინარე. ეს წყარო ბიბლიაა. დედამიწის მომავლის შესახებ ყველაზე მარტივ და ნათელ განაცხადს ვპოულობთ ეკლესიასტეს 1:4-ში: «თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა [„დედამიწა“, აქ] კი უცვლელია უკუნისამდე». ბიბლია პირდაპირ ამბობს, თუ რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა. ის აგრეთვე ცხადყოფს, რომ ღმერთმა დედამიწას სამყაროში სათანადო ადგილი მიუჩინა და მზისგან ისეთი მანძილით დააშორა, რაც ხელს შეუწყობდა მიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებას. ყოვლისშემძლე ღმერთმა წინასწარმეტყველ ესაიას შთააგონა, დაეწერა შემდეგი სიტყვები: „ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა: მე ვარ უფალი და მეტი არავინაა“ (ესაია 45:18).
მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ ფაქტზე, რომ კაცობრიობა ანვითარებს საშუალებებს, რათა მოსპოს ყოველგვარი სიცოცხლე დედამიწაზე? უბადლო სიბრძნის მფლობელი ღმერთი გვიცხადებს, რომ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის მოსპობამდე ჩაერევა კაცობრიობის საქმეებში. ყურადღება მივაპყროთ ბიბლიის უკანასკნელი წიგნის, „გამოცხადების“, დამამშვიდებელ აღთქმას: „გამძვინვარდნენ წარმართები და მოვიდა შენი რისხვა და ჟამი, რათა მკვდრები განკითხულ იქნენ და საზღაური მიეცეთ შენს მონებს — წინასწარმეტყველებს და წმიდებს და მათ, რომელთაც შენი სახელის ეშინიათ — დიდებს და პატარებს, და მოსპო დედამიწის მომსპობნი“ (გამოცხადება 11:18).
იეჰოვა გვეუბნება, თუ რა იყო დედამიწის შექმნისას მისი თავდაპირველი განზრახვა; დედამიწისა, რომელსაც ერთმა კოსმონავტმა კოსმოსური სივრცის ბრილიანტი უწოდა. ღვთის განზრახვა იყო, რომ მთელი დედამიწა სამოთხე ყოფილიყო და მასში მყუდროდ ეცხოვრათ ადამიანებს, კაცებსა და ქალებს, და ყველა მშვიდობიანად და შეხმატკბილებულად ყოფილიყვნენ. მისი განზრახვა იყო, პირველი ადამიანები გამრავლებულიყვნენ და თანდათანობით მთელი პლანეტა აევსოთ. პირველი წყვილისთვის სიამოვნებისა და სიხარულის მინიჭების მიზნით იეჰოვამ მიწის პატარა მონაკვეთზე სამოთხე შექმნა. ვინაიდან ამ წყვილის შთამომავლობა წლებისა და საუკუნეების განმავლობაში გამრავლდებოდა, მათ თანდათანობით უნდა განევრცოთ ედემის ბაღი, სანამ არ შესრულდებოდა დაბადების 1:28-ის სიტყვები: „ღმერთმა. . . უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას“.
დღეს დედამიწისა და მისი მოსახლეობის ასე სავალალო მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს თუ არა, რომ ღვთის თავდაპირველი განზარხვა დედამიწის მიმართ ჩაიშალა? ან შეიცვალა ღმერთმა განზრახვა და, ადამიანების დაუჯერებლობის გამო, მიუშვა ისინი დედამიწის მთლიანად მოსასპობად, რათა შემდეგ თავიდან შექმნას ის? არა, შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს ასე არ არის. ბიბლია გვეუბნება, რომ იეჰოვას ნებისმიერი განზრახვა შესრულდება და მის გადაწყვეტილებებს ვერ ჩაშლის ვერავითარი არსება ან მოვლენათა მსვლელობის მოულოდნელი განვითარება. ღმერთი გვარწმუნებს: „ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე“ (ესაია 55:11).
ღვთის განზრახვა არ შეცვლილა
ადამისა და ევას დაუმორჩილებლობამ და ედემის ბაღიდან განდევნამ ცხადყო, რომ ღვთის განზრახვა მთელი დედამიწის სამოთხედ გადაქცევის შესახებ მათ გარეშე შესრულდებოდა. მაგრამ იეჰოვამ იქვე აჩვენა, რომ მომავალში მათი შთამომავლობიდან ზოგიერთი მონაწილეობას მიიღებდა თავდაპირველი მითითების შესრულებაში. მართალია, ამას გარკვეული დრო — საუკუნეებიც კი — დასჭირდებოდა, მაგრამ არსად არ არის ნაჩვენები, თუ რამდენი დრო დასჭირდებოდა ღვთის თავდაპირველი მითითების შესრულებას მაშინაც კი, თუ ადამ და ევა სრულყოფილებას შეინარჩუნებდნენ და იცოცხლებდნენ. ფაქტი ის არის, რომ იესო ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დასასრულს — დღეიდან ათას წელზე ცოტა მეტი პერიოდის გასვლის შემდეგ — მთელი პლანეტა დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა და მას პირველი წყვილის მშვიდობიანი და ბედნიერი შთამომავლობა აავსებს. მართლაც, იეჰოვას, როგორც შეუცდომელი განმზრახველის, უნარი მარადიულად დამტკიცდება!
მაშინ შესრულდება შესანიშნავი წინასწარმეტყველებები, რომლებიც ღმერთმა ასე დიდი ხნის წინათ შთააგონა. დიდებულად შესრულდება ისეთი ადგილები საღვთო წერილიდან როგორიცაა ესაიას 11:6–9: „დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ. ძროხა და დედადათვი ერთად მოსძოვენ და მათი შვილები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან, ლომი ძროხასავით შეჭამს ჩალას. ძუძუთა ბავშვი უნასის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუანასხლეტი ასპიტის ბუდეში ჩაყოფს ხელს. არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“.
ცუდი ჯანმრთელობა და სასიკვდილო დაავადებები, ისევე როგორც, თვით სიკვდილი, წარსულს ჩაბარდება. შეიძლება იყოს რამე უფრო ნათელი, ვიდრე ბიბლიის უკანასკნელ წიგნში მოცემული ქვემოთ მოყვანილი შემდეგი სიტყვები? „აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:3, 4).
დიახ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი შესანიშნავი პლანეტა დედამიწა არ განადგურდება. დაე წილად გხვდეთ პატივი, იმყოფებოდეთ ამ ბოროტი სისტემის აღსასრულს გადარჩენილებს შორის; ამ ბოროტი სისტემისა, რომელთან ერთადაც განადგურდება დედამიწის ყველა მომსპობი. ღმერთი მალე გაასუფთავებს დედამიწას და დადგება ახალი ქვეყნიერება. მრავალი საყვარელი გარდაცვლილი, აღდგენის სასწაულის წყალობით, გამოიღვიძებს სიკვდილის ძილისგან (იოანე 5:28, 29). ნამდვილად, ჩვენი დედამიწა არ მოისპობა, ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა, არ მოვისპოთ და დავტკბეთ მასზე ცხოვრებით.