ბეთელი — სიკეთისა და ბოროტების ქალაქი
ზოგი ქალაქი სახელგანთქმულ, ზოგიც ავადსახსენებელ ქალაქად იქცევა ხოლმე მათში მომხდარი მოვლენების გამო. ბეთელი ამ მხრივ განსაკუთრებულია, რადგან ის როგორც სიკეთით, ისე ბოროტებითაა ცნობილი. ქალაქს პატრიარქმა იაკობმა უწოდა ბეთელი, რაც ნიშნავს „სახლი ღვთისა“. მაგრამ ათასი წლის შემდეგ წინასწარმეტყველმა ოსიამ ის „უკეთურობის სახლად“ მოიხსენია. რამ შეცვალა ქალაქი ასე? რას გვასწავლის მისი ისტორია?
ბეთელთან კავშირი ღვთის ხალხს ძვ. წ. 1943 წლიდან, აბრაამის სიცოცხლეში, გაუჩნდა. მაშინ ქალაქს ქანაანური სახელი — ლუზი — ერქვა. ის მთაგორიან ადგილას, იერუსალიმის ჩრდილოეთით დაახლოებით 17 კილომეტრში, მდებარეობდა. წარმოიდგინეთ ბეთელის გარშემო აღმართულ მთებში მოხერხებულ ადგილას მდგომი აბრაამი და მისი ძმისშვილი ლოტი, რომლებიც იორდანეს ბარაქიან ველს გადაჰყურებენ. აბრაამი ლოტს ტაქტიანად ახსენებს, რომ ფარების სიმრავლის გამო საძოვრებზე სიძნელეებს ხვდებიან: „ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან სახლიკაცები ვართ. განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ“ (დაბადება 13:3–11).
აბრაამმა არ ისარგებლა თავისი უფლებით და თვითონ არ აირჩია პირველმა. მან თავისზე უმცროს ლოტს დაუთმო საუკეთესო მხარე. აბრაამის მოქმედება მისაბაძია. ჩვენც შეგვიძლია საკამათო საკითხების გადაჭრისას მდგომარეობის შემსუბუქება, თუ მშვიდად ვისაუბრებთ და არაეგოისტურად ვიმოქმედებთ (რომაელთა 12:18).
წლების შემდეგ, როდესაც აბრაამის შვილიშვილი იაკობი ღამის გასათევად ლუზში გაჩერდა, უჩვეულო სიზმარი ნახა. „მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება; უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე. აჰა, უფალი დგას კიბეზე“ (დაბადება 28:11–19; შეადარეთ იოანე 1:51). სიზმარს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ანგელოზები, რომლებიც იაკობმა იხილა, მონაწილეობას მიიღებდნენ იაკობის თესლთან დაკავშირებით ღვთის დანაპირების შესრულებაში. კიბის თავში მდგომი იეჰოვას ხილვა კი იმაზე მიუთითებდა, რომ ის უხელმძღვანელებდა ანგელოზებს.
ღვთის მხარდაჭერის ამგვარმა მტკიცებამ დიდად იმოქმედა იაკობზე. როდესაც გამოიღვიძა, იმ ადგილს ბეთელი ანუ „სახლი ღვთისა“ უწოდა და იეჰოვას აღუთქვა: „ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი“a (დაბადება 28:20–22). მან იცოდა, რომ ყველაფერი ღვთისგან ჰქონდა და სურდა, მადლიერების ნიშნად გულუხვად გაეღო შესაწირავი.
ანგელოზები დღესაც, ქრისტიანების დასახმარებლადაც, მოქმედებენ (ფსალმუნი 90:11; ებრაელთა 1:14). ქრისტიანებსაც შეუძლიათ მადლიერება გამოამჟღავნონ კურთხევებისთვის, ‘იუხვონ ღვთისადმი მრავალი მადლიერებით’ (2 კორინთელთა 9:11, 12).
დროთა განმავლობაში იაკობის შთამომავლებისგან ერი ჩამოყალიბდა. მათმა წინამძღოლმა, იესო ნავეს ძემ, დაამარცხა ბეთელის წარმართი მეფე, როდესაც ქანაანის მიწების დაპყრობა დაიწყო (იესო ნავეს ძე 12:16). მსაჯულების დროს წინასწარმეტყველი დებორა ბეთელთან ახლოს ცხოვრობდა და ხალხს იეჰოვას სიტყვას გადასცემდა. სამუელიც ხშირად ჩადიოდა ბეთელში, როდესაც ისრაელის მსაჯული იყო (მსაჯულნი 4:4, 5; პირველი მეფეთა 7:15, 16).
ბეთელი განდგომილების ცენტრი ხდება
როდესაც ძვ. წ. 997 წელს სამეფო გაიყო, ბეთელში წმინდა თაყვანისმცემლობა მოისპო. მეფე იერობოამმა ბეთელი ხბოს თაყვანისმცემლობის ცენტრად აქცია, რითაც იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობა შელახა (მესამე მეფეთა 12:25–29). ამიტომაც, ბეთელის განადგურების წინასწარმეტყველებისას ოსიამ ის ‘ბეთ-ავენად’ ანუ „უკეთურობის სახლად“ მოიხსენია (ოსია 10:5, 8).
მიუხედავად იმისა, რომ ბეთელი სულიერი უკეთურობის ცენტრად იქცა, მასში მომხდარი მოვლენები საყურადღებო და დამსწავლებლურია (რომაელთა 15:4). აღსანიშნავია უცნობი წინასწარმეტყველის მაგალითია, რომელიც ღმერთმა იუდეადან ბეთელში გაგზავნა, რომ ქალაქის სამსხვერპლოებისა და მღვდლების განადგურება ეწინასწარმეტყველებინა. იეჰოვამ მას ისიც უთხრა, რომ იუდეაში — სამხრეთით მხოლოდ რამდენიმე კილომეტრში — დაბრუნებისას გზაში არც ეჭამა და არც დაელია. ამ წინასწარმეტყველმა გაბედულად განუცხადა იერობოამს, ისრაელის მეფეს, ღვთის განაჩენი, რომ ბეთელის სამსხვერპლო დაწყევლა. მაგრამ ურჩობა გამოამჟღავნა ბეთელის მოხუცი წინასწარმეტყველის სახლში სადილობით. რატომ? რადგანაც მოხუცმა წინასწარმეტყველმა იცრუა, რომ იეჰოვას ანგელოზის ბრძანებით, სტუმართმოყვარეობა უნდა გამოემჟღავნებინა ამ წინასწარმეტყველის მიმართ. დაუმორჩილებლობამ იუდეველ წინასწარმეტყველს უდროო სიკვდილი მოუტანა (მესამე მეფეთა 13:1–25).
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ თანამორწმუნე რაღაც საეჭვოს გაკეთებას გვირჩევს? გვახსოვდეს, რომ კეთილი სურვილით მოცემული რჩევაც კი შეიძლება საზიანო იყოს, თუ ის არასწორია (შეადარეთ მათე 16:21–23). თუ ლოცვითა და ბიბლიის შესწავლით იეჰოვას მივმართავთ ხელმძღვანელობისთვის, არ დავუშვებთ უცნობი წინასწარმეტყველის ტრაგიკულ შეცდომას (იგავნი 19:21; 1 იოანე 4:1).
დაახლოებით 150 წლის შემდეგ წინასწარმეტყველი ამოსიც გაემგზავრა ჩრდილოეთს, რომ ბეთელისთვის უბედურება ეწინასწარმეტყველებინა. ამოსმა მტკიცედ განუცხადა განაჩენი მტრულად განწყობილ ხალხს, მათ შორის მღვდელ ამაციას, რომელმაც ამპარტავნულად უთხრა ამოსს, რომ ‘იუდას ქვეყანაში გაქცეულიყო’. მაგრამ ამოსმა უშიშრად აუწყა ამაციას ის უბედურებები, რომლებიც მის ოჯახს დაატყდებოდა თავს (ამოსი 5:4–6; 7:10–17). ეს მაგალითი შეგვახსენებს, რომ იეჰოვას შეუძლია გამბედაობა შემატოს თავის თავმდაბალ მსახურებს (1 კორინთელთა 1:26, 27).
ბოლოს, იუდას ერთგულმა მეფე იოშიამ დაანგრია ‘ბეთელის სამსხვერპლო, გადაწვა გორაკი და გააცამტვერა, გადაწვა აშერაც’ (მეოთხე მეფეთა 23:15, 16). დღესაც უხუცესებს შეუძლიათ მიბაძონ მის შესანიშნავ მაგალითს ღვთის მითითებების ერთგულად მიყოლით და კრების სიწმინდის დაცვაზე ზრუნვით.
ბეთელის ისტორიაში მომხდარი ეს შემთხვევები ნათლად გვაჩვენებს სიმართლისა და ბოროტების, იეჰოვასადმი მორჩილებისა და ურჩობის შედეგებს. წლების წინ წინასწარმეტყველმა მოსემ არჩევნის წინაშე დააყენა ისრაელი ერი: „დღეს გადმოვეცი შენს წინაშე სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება“ (მეორე რჯული 30:15, 16). ბეთელის ისტორიაზე დაფიქრება გაგვამხნევებს, რომ ‘უფლის სახლში’, ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში, დავრჩეთ და არა „უკეთურობის სახლში“.
[სქოლიოები]
a იაკობი და აბრაამი საკუთარი სურვილით სწირავდნენ მეათედს.
[სურათი 23 გვერდზე]
ნანგრევები ბეთელის ადგილზე, სადაც იერობოამმა ხბოს თაყვანისმცემლობა წამოიწყო.