ბიბლიის თარგმანი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
როდესაც ღვთის წინასწარმეტყველმა მოსემ 3 500 წლის წინ ბიბლიის წერა დაიწყო, მხოლოდ ერთ პატარა ერს შეეძლო მისი წაკითხვა (მეორე რჯული 7:7). ამის მიზეზი ის იყო, რომ საღვთო წერილი მხოლოდ იმ ერის ენაზე, ძველ ებრაულზე, არსებობდა. მაგრამ დროთა განმავლობაში მდგომარეობა შეიცვალა.
ბიბლიის ცნობის გავრცელებასა და იმ გავლენაში, რომელსაც ის საუკუნეების განმავლობაში ახდენდა, დიდი წვლილი მიუძღვის პირველ თარგმანს — „სეპტუაგინტას“. რა მიზნით გაკეთდა ის? სამართლიანია იმის თქმა, რომ ბიბლიის ამ თარგმანმა მსოფლიო შეცვალა?
ღვთივსულიერი თარგმანი?
ძვ. წ. VII—VI საუკუნეებში, მას შემდეგ რაც იუდეველები ბაბილონის ტყვეობაში მოხვდნენ, მრავალი მათგანი ძველი ისრაელისა და იუდეის გარეთ დარჩა. გადასახლებაში დაბადებული იუდეველებისთვის ებრაული მეორე ენა გახდა. ძვ. წ. III საუკუნისთვის იუდეველმა საზოგადოებამ თავი მოიყარა ალექსანდრიაში (ეგვიპტე) — საბერძნეთის იმპერიის კულტურის ცენტრში. იუდეველებმა დაინახეს წმინდა წერილების ბერძნულ ენაზე, იმ დროისთვის მათ მშობლიურ ენაზე, გადათარგმნის მნიშვნელობა.
იმ დრომდე ბიბლიის ინსპირირებული ცნობა ებრაულ ენაზე არსებობდა, ხოლო მცირე ნაწილი მის მონათესავე — არამეულ ენაზე. შეამცირებდა ღვთის ინსპირაციის მძლავრ გავლენას ბიბლიის სხვადასხვა ენაზე ამეტყველება და შეიძლებოდა ამას ტექსტის დამახინჯებაც კი მოჰყოლოდა? მისცემდნენ იუდეველები, რომლებსაც ინსპირირებული სიტყვა მიანდეს, საკუთარ თავს იმის ნებას, რომ ეს ცნობა დამახინჯებულად გადაეთარგმნათ? (ფსალმუნი 147:8, 9; რომაელთა 3:1, 2).
ეს რთული საკითხები მათში შიშის გრძნობას იწვევდა. მაგრამ იმაზე წუხილმა, რომ იუდეველები ვეღარ გაიგებდნენ ღვთის სიტყვას, საბოლოოდ, გადაწონა სხვა დანარჩენი ფაქტორები. გადაწყვიტეს ბერძნულად ეთარგმნათ თორა — მოსეს მიერ დაწერილი ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი. სინამდვილეში, არსებული თარგმნის პროცესი ლეგენდის სუდარაშია გახვეული. „არისტეასის წერილების“ თანახმად, ეგვიპტის მმართველ პტოლემე II-ს (ძვ. წ. 285—246) სურდა თავის სამეფო ბიბლიოთეკაში ჰქონოდა ხუთწიგნეულის (ანუ თორას) ბერძნული თარგმანი. მან ეს 72 იუდეველ სწავლულს დაავალა, რომლებიც ეგვიპტიდან ისრაელში ჩამოვიდნენ და თარგმნა 72 დღეში დაასრულეს. ეს თარგმანი წაუკითხეს იუდეველ საზოგადოებას, რომლებმაც განაცხადეს, რომ ის ლამაზად და ზუსტად იყო შესრულებული. მოგვიანებით, ამ ისტორიის შესალამაზებლად, თქვეს, რომ თითოეული მთარგმნელი ცალკე ოთახში იჯდა, ხოლო მათი თარგმანები ზუსტად, სიტყვა-სიტყვით, ერთმანეთს ემთხვეოდა. ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ბიბლია 72 სწავლულმა თარგმნა, ეს ბერძნული თარგმანი „სეპტუაგინტას“ სახელით გახდა ცნობილი, რაც ლათინურად „სამოცდაათს“ ნიშნავს.
თანამედროვე მეცნიერების უმრავლესობა ერთხმად აღიარებს, რომ „არისტეასის წერილები“ აპოკრიფულ წერილებს განეკუთვნება. მათ აგრეთვე სჯერათ, რომ თარგმანის გაკეთების ინიციატივა პტოლემე II-ისგან კი არ მომდინარეობდა, არამედ ალექსანდრიელი იუდეველების წინამძღოლებისგან. მაგრამ ალექსანდრიელი ფილოსოფოსის, ფილონისა, და იუდეველი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, ნაშრომებში, აგრეთვე თალმუდში, გადმოცემულია პირველი საუკუნის იუდეველებს შორის არსებული ზოგადი წარმოდგენა, რომ „სეპტუაგინტა“ ღვთივსულიერი იყო, ისევე როგორც საღვთო წერილის ორიგინალი. ასეთი წარმოდგენები, რა თქმა უნდა, იმის მცდელობის შედეგი იყო, რომ „სეპტუაგინტა“ მთელი მსოფლიოს იუდეველი საზოგადოებისთვის მისაღები გაეხადათ.
თუმცა პირველ თარგმანში მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეული შედიოდა, საბოლოოდ, „სეპტუაგინტა“ მთელი ებრაული წერილების ბერძნული თარგმანის სახელწოდება გახდა. დანარჩენი წიგნები შემდგომი ასწლეულების განმავლობაში ითარგმნებოდა. „სეპტუაგინტა“ ერთიანი ნაშრომი კი არ იყო, არამედ შეკოწიწებული. მთარგმნელები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ უნარითა და ებრაული ენის ცოდნით. წიგნების უმეტესობა სიტყვა-სიტყვით იყო ნათარგმნი, ზოგჯერ კი მეტისმეტადაც, მაშინ როდესაც სხვებში საკმაოდ თავისუფალი თარგმანი შეინიშნებოდა. არსებობს რამდენიმე წიგნის, როგორც ვრცელი, ისე მოკლე თარგმანი. ძვ. წ. II საუკუნის მიწურულისთვის ებრაული წერილების ყველა წიგნი არსებობდა ბერძნულ ენაზე. მიუხედავად არათანმიმდევრულობისა, ებრაული წერილების ბერძნულზე თარგმნის შედეგებმა მთარგმნელების ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
იაფეთი სემის კარვებში?
„სეპტუაგინტაზე“ საუბრისას თალმუდი ციტირებს დაბადების 9:27-დან: ‘დაემკვიდროს იაფეთი სემის კარვებში’ (მეგილა 9ბ, „ბაბილონის თალმუდი“). თალმუდი ამ მეტაფორულ გამონათქვამში გულისხმობს, რომ „სეპტუაგინტას“ ლამაზი ბერძნულის თანახმად, იაფეთი (მამა იავანისა, რომლისგანაც წარმოიშვნენ ბერძნები) სემის (ისრაელების წინაპარი) კარვებში ცხოვრობდა. მაგრამ „სეპტუაგინტას“ თანახმად, იმის თქმაც შეიძლებოდა, რომ სემი ცხოვრობდა იაფეთის კარვებში. როგორ?
ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულს ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში მთელი ძალებით ცდილობდნენ ბერძნული ენისა და კულტურის გავრცელებას. ამ პოლიტიკას ელინიზაცია ეწოდა. იუდეველების აზრით, მათ კულტურაზე გაუთავებელი თავდასხმები ხდებოდა. თუ ბერძნული კულტურა და ფილოსოფია გაბატონდებოდა, ეს იუდეველების რელიგიას ძირს გამოუთხრიდა. რას შეეძლო ამ თავდასხმების შეჩერება?
„სეპტუაგინტას“ თარგმანის გაკეთების ერთ-ერთი შესაძლო მიზეზის შესახებ ბიბლიის იუდეველი მთარგმნელი მაქს მარგოლისი აღნიშნავს: „თუ დავუშვებდით, რომ იუდეველებმა თვითონ წამოიწყეს ამ თარგმანის გაკეთება, ამაში სხვა მიზეზიც იჩენდა თავს, კერძოდ კი ის, რომ წარმართ მოსახლეობას გადაეშალა ებრაული რჯული, შეემოწმებინა და მსოფლიო დარწმუნებულიყო, რომ იუდეველების კულტურა აღემატებოდა ელინების [ბერძნების] სიბრძნეს“. ებრაული წერილების ბერძნულ ენაზე მოლაპარაკეთათვის ხელმისაწვდომად ქცევა შეიძლება როგორც თავდაცვის, ისე შეტევაზე გადასვლის საშუალება გამხდარიყო.
ალექსანდრეს მიერ გატარებული ელინიზაციის პოლიტიკის შედეგად ბერძნული ენა საერთაშორისო ენა გახდა. მაშინაც კი, როდესაც ალექსანდრეს მმართველობა რომაელების მმართველობით შეიცვალა, საერთო (ანუ კოინე) ბერძნული ერთა შორის მაინც დარჩა როგორც ვაჭრობისა და ურთიერთობის ენა. როგორც უნდა წარმოშობილიყო სეპტუაგინტას თარგმანი, იქნებოდა ეს წინასწარ გააზრებული მცდელობის თუ მოვლენათა ბუნებრივი განვითარების შედეგად, მისი საშუალებით ებრაულმა წერილებმა სწრაფად შეაღწია იმ არაიუდეველთა სახლებსა და გულებში, რომლებიც ადრე არ იცნობდნენ ღმერთსა და იუდეველთა რჯულს. შედეგები გასაოცარი იყო.
პროზელიტები და „ღვთისმოშიშები“
ახ. წ. I საუკუნეში ფილონს შეეძლო დაეწერა: „მოსეს კანონების შესანიშნაობა და დიდებულება პატივისცემას იწვევს არა მარტო იუდეველებში, არამედ ყველა სხვა ერს შორისაც“. პირველ საუკუნეში პალესტინის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ იუდეველებთან დაკავშირებით ებრაელი ისტორიკოსი იოსებ კლაუსნერი ამბობდა: „ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს მილიონობით იუდეველი მხოლოდ ერთი ბეწო პალესტინიდან იყო გადმოხვეწილი. მაგრამ ერთი რამ შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ამ საოცრად მზარდ რიცხვში უამრავი პროზელიტი მამაკაცი და ქალი შედიოდა“.
მაგრამ ამ შთამბეჭდავი საკითხებით არ ამოიწურება მთელი ისტორია. იუდეველი ისტორიკოსი და პროფესორი შეი ჯ. დ. კოჰენი აღნიშნავს: „ძვ. წ. პირველი საუკუნის მიწურულსა და ახ. წ. პირველი ორი საუკუნის განმავლობაში მრავალი წარმართი, როგორც კაცი, ისე ქალი, მოიქცა იუდაიზმზე. გაცილებით დიდი იყო იმ წარმართთა რიცხვი, რომლებმაც მიიღეს იუდაიზმის გარკვეული სწავლებები, მაგრამ არ მოქცეულან“. როგორც კლაუსნერი, ისე კოჰენი იმ წარმართებზე, რომლებიც არ მოიქცნენ, მიუთითებდნენ როგორც ღვთისმოშიშებზე. ეს სიტყვა ხშირად გვხვდება იმ პერიოდის ბერძნულ ლიტერატურაში.
რა განსხვავებაა პროზელიტებსა და ღვთისმოშიშებს შორის? პროზელიტები იყვნენ მთლიანად მოქცეულები, რომლებსაც ყოველმხრივ იუდეველებად მიიჩნევდნენ, ვინაიდან მათ მიიღეს ისრაელის ღმერთი (უარყვეს ყველა სხვა ღვთაება), წინადაიცვითეს და ისრაელ ერს შეერწყნენ. ღვთისმოშიშების შესახებ კი კოჰენმა თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმართები იცავდნენ მრავალ იუდაურ ჩვეულებას და ამა თუ იმ სახით პატივისცემას ავლენდნენ იუდეველთა ღმერთის მიმართ, ისინი არც თვითონ მიიჩნევდნენ საკუთარ თავს იუდეველებად და არც — სხვები“. კლაუსნერი მათ აღწერს როგორც „შუალედურ მდგომარეობაში მყოფებს“, ვინაიდან მიიღეს იუდაიზმი და „ნაწილობრივ იცავდნენ მის ჩვეულებებს, მაგრამ. . . მთლიანად იუდეველები არ გამხდარან“.
ზოგს ღვთისადმი ინტერესი შეიძლება იუდეველ მისიონერებთან საუბრის ან იმაზე დაკვირვების შედეგად განუვითარდა, რომ იუდეველები ძალიან განსხვავდებოდნენ თავიანთი საქციელითა და ჩვეულებებით. მაგრამ იეჰოვა ღმერთის გაცნობაში დასახმარებლად „სეპტუაგინტა“ უმთავრესი იარაღი იყო ღვთისმოშიშებისთვის. თუმცა შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს პირველ საუკუნეში მცხოვრებ ღვთისმოშიშთა რაოდენობა, მაგრამ ფაქტია, რომ „სეპტუაგინტამ“ ღვთის შესახებ გარკვეული შემეცნება მთელს რომის იმპერიაში გაავრცელა. „სეპტუაგინტას“ საშუალებით მნიშვნელოვანი ნიადაგი მოამზადა.
„სეპტუაგინტა“ — გზის გამკვალავი
„სეპტუაგინტამ“ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქრისტიანული ცნობის გავრცელებაში. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ქრისტიანული კრების დაფუძნებისას იუდეველთაგან მრავალი ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე იყო. პროზელიტებიც იყვნენ მათ შორის, რომლებიც იმ ადრინდელ პერიოდში გახდნენ ქრისტეს მოწაფეები (საქმეები 2:5–11; 6:1–6; 8:26–38). რადგან იესოს მოციქულებისა და ადრინდელი მოწაფეების მიერ დაწერილი ღვთივსულიერი წერილები რაც შეიძლება მეტ ხალხში უნდა გავრცელებულიყო, ისინი ბერძნულ ენაზე დაიწერაa. ამიტომ ებრაული წერილებიდან მრავალი ციტატა, რომლებიც ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში გვხვდება, „სეპტუაგინტაზე“ იყო დაფუძნებული.
წარმოშობით იუდეველებისა და პროზელიტების გარდა სხვებიც მზად იყვნენ, მიეღოთ სამეფოს შესახებ ცნობა. წარმართ კორნელიოსზე ნათქვამია: „კეთილმსახური და ღვთისმოშიში იყო ის და მთელი მისი სახლი, ბევრ მოწყალებას გასცემდა ხალხისათვის და ყოველთვის ლოცულობდა ღვთის წინაშე“. ახ. წ. 36 წელს კორნელიოსი, მისი ოჯახი და სხვები, ვინც მის სახლეულობას შეუერთდა, პირველები იყვნენ წარმართებს შორის, რომლებიც ქრისტეს მოწაფეებად მოინათლნენ (საქმეები 10:1, 2, 24, 44–48; შეადარეთ ლუკა 7:2–10). მოციქულმა პავლემ მოიარა მთელი მცირე აზია და საბერძნეთი და უქადაგა მრავალ ღვთისმოშიშ წარმართს, მათ შორის ‘ღვთისმოშიშ ბერძნებს’ (საქმეები 13:16, 26; 17:4). რატომ იყვნენ მზად კორნელიოსი და სხვა წარმართები კეთილი ცნობის მისაღებად? ამისკენ მათ გზა „სეპტუაგინტამ“ გაუკვალა. ერთი სწავლული ასკვნის, რომ „სეპტუაგინტა“ „იმდენად გადამწყვეტი მნიშვნელობის წიგნია, რომ მის გარეშე წარმოუდგენელია როგორც ქრისტიანული სამყაროს, ისე დასავლეთის კულტურის არსებობა“.
„სეპტუაგინტა“ კარგავს „ღვთივსულიერობას“
საბოლოოდ, „სეპტუაგინტას“ ფართო გამოყენებას იუდეველების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მაგალითად, ქრისტიანებთან საუბარში იუდეველები აღნიშნავდნენ, რომ „სეპტუაგინტა“ ზუსტი თარგმანი არ იყო. ახ. წ. II საუკუნისთვის იუდეველმა საზოგადოებამ მთლიანად ზურგი აქცია თარგმანს, რომელსაც ერთ დროს განადიდებდა და ღვთივსულიერად მიიჩნევდა. რაბინებმა უარყვეს 72 მთარგმნელის შესახებ ლეგენდა და განაცხადეს: „ერთხელ ხუთმა უხუცესმა საბერძნეთის მეფე პტოლემესთვის თორა გადათარგმნა და ის დღე ისეთივე ავბედითი იყო ისრაელისთვის, როგორც ოქროს ხბოს ჩამოსხმის დღე, ვინაიდან თორას ზუსტად თარგმნა შეუძლებელია“. თავიანთი პოზიციების განსამტკიცებლად რაბინებმა ახალი ბერძნული თარგმანი წამოიწყეს. ახ. წ. II საუკუნეში თარგმანი იუდეველმა პროზელიტმა აკვილამ, რაბი აკივას მოწაფემ, გააკეთა.
იუდეველებმა თანდათანობით შეწყვიტეს „სეპტუაგინტას“ გამოყენება, მაგრამ ის „ძველი აღთქმის“ სტანდარტი გახდა ახლად გამოჩენილი კათოლიკური ეკლესიისთვის და ეს მდგომარეობა ეჭირა მანამ, სანამ იერონიმეს ლათინურმა „ვულგატამ“ არ შეცვალა. მართალია, თარგმანი ვერასოდეს ვერ შეედრება ორიგინალს, მაგრამ „სეპტუაგინტამ“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს მეთაურობით ღვთის სამეფოზე შემეცნების გავრცელებაში. ნამდვილად, „სეპტუაგინტა“ არის ბიბლიის თარგმანი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა.
[სქოლიოები]
a მათეს სახარება თავიდან შეიძლება ებრაულზე დაიწერა, ხოლო ბერძნული თარგმანი შემდგომში გაკეთდა.
[სურათი 31 გვერდზე]
„სეპტუაგინტა“ გასაგები იყო იმ მრავალი ადამიანისთვის, რომლებსაც პავლე უქადაგებდა.
[საავტორო უფლება 29 გვერდზე]
Courtesy of Israel Antiquities Authority.