ღვთის თაყვანისცემა ჭეშმარიტებით
ჩვენი თაყვანისცემა ღვთისათვის მისაღები რომ იყოს, ჭეშმარიტებაზე უნდა დავაფუძნოთ (იოანე 4:23). ბიბლია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების შესახებ აღნიშნავს, რომ ისინი მიეკუთვნებიან ‘ცოცხალი ღვთის ეკლესიას, ჭეშმარიტების სვეტსა და საფუძველს’ (1 ტიმოთე 3:15). ღვთის კრების წევრებს არა მარტო სწამთ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება, არამედ აგრეთვე მის შესაბამისად ცხოვრობენ, იცავენ მას და მთელ დედამიწაზე ამცნობენ მის შესახებ (მათე 24:14; რომაელთა 10:9–15).
იეჰოვას მოწმეები ცნობილი არიან ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობით და დღეს 200-ზე მეტ ქვეყანაში ეწევიან მოღვაწეობას. ისინი სწავლობენ და ასწავლიან ბიბლიას, როგორც ჭეშმარიტებას, და მას ადამიანთა ფილოსოფიებში არ აზავებენ. იცნობთ თუ არა ბიბლიაზე დაფუძნებულ მათ მოძღვრებას? იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის გამო მრავალი თავს იკავებს მათი მოსმენისგან. მაგრამ ალალ-მართალ ადამიანებს ვიწვევთ, თვითონ დაადგინონ, ქადაგებენ თუ არა მოწმეები ჭეშმარიტებას. ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჭორებზე არ უნდა იყოს დაფუძნებული. მრავალს, ვინც პირადად გამოიკვლია იეჰოვას მოწმეთა მოძღვრება, ამან დიდი სარგებლობა მოუტანა.
ჭეშმარიტების ცოდნა შიშს აქარწყლებს
მაგალითად, განვიხილოთ ეიუხეინიას შემთხვევა. ის თავგამოდებულ კათოლიკეთა ოჯახში გაიზარდა. მამამისი 1979 წელს პაპის მექსიკაში ჩამოსვლის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. მეგობრებთან სტუმრად ყოფნისას ეიუხეინია იეჰოვას მოწმეებს შეხვდა. მათი დახმარებით დაიწყო იმის უფრო გულმოდგინედ გაანალიზება, თუ რას ამბობს ბიბლია. ის იხსენებს: «თავიდან ჩემში შიშმა იჩინა თავი. ჭეშმარიტება ვიპოვე! მაგრამ ეს ნიშნავდა, რომ ჩემი ადრინდელი რწმენა, ფაქტობრივად, არასწორი იყო. ჩემი ოჯახის, მეგობრებისა და იმ ხალხის რწმენა, რომლებიც მიყვარდა, არასწორი იყო. ყოველივე ამან ძალიან ამაფორიაქა. სულ ვეკითხებოდი საკუთარ თავს, როგორი რეაქცია ექნებოდა ჩემს ოჯახს იმაზე, რაც ახლახან აღმოვაჩინე. დროთა განმავლობაში, იეჰოვას დახმარებით, ამ დამთრგუნველი განცდების მოთოკვა დავიწყე. ერთხელ გადავწყვიტე გული გადამეშალა ჩვენი ოჯახის მეგობრისთვის, პროფესორისთვის თეოლოგიის დარგში. ყველაფერი მოვუყევი ჭეშმარიტების პოვნის ჩემი დიდი სურვილის შესახებ. მან კი მითხრა: „თუ ჭეშმარიტების პოვნა გსურს, ეძებე იეჰოვას მოწმეები“».
ეიუხეინიას შიში გამართლდა. ოჯახმა ის სახლიდან გააგდო. მაგრამ მოწმეები განაგრძობდნენ მისთვის სულიერი დახმარების აღმოჩენას. ის ამბობს: „იმდენად გამაძლიერეს, რომ შემეძლო დამეცვა ჭეშმარიტება. მესმოდა, რომ ღირდა ამისთვის ბრძოლა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით მიღებდნენ. ვგრძნობდი ქრისტიანული კრების სიყვარულს. ღვთის ორგანიზაციასთან დაახლოება დამეხმარა, დამეძლია იმის შიში, რომ ჭეშმარიტების დაცვაში მარტო აღმოვჩნდებოდი“.
განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. საბრინა ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც ჩვეულებად ჰქონდათ ბიბლიაზე საუბარი. ფაქტობრივად, მასში „ოჯახური რელიგია“ განვითარდა. საბრინას ჩვევად ჰქონდა ქცეული, ურთიერთობა ჰქონოდა სხვადასხვა რელიგიის წევრებთან და მათი შეცდომები გამოეაშკარავებინა. როდესაც იეჰოვას ერთმა მოწმემ ბიბლიის შესწავლა შესთავაზა, ის სიხარულით დასთანხმდა იმ მიზნით, რომ მათი რწმენის მცდარობა დაემტკიცებინა. საბრინა იხსენებს: «წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მეცადინეობის შემდეგ „ჩემი ჭეშმარიტების“ დაკარგვის შიში გამიჩნდა. ჩემთვის ადვილი იყო იმ მრავალი რელიგიის მცდარობის გამოაშკარავება, რომლებთანაც ადრე ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ამჯერად ეს ასე არ აღმოჩნდა».
შიშმა საბრინას იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა შეაწყვეტინა. მაგრამ გრძნობდა, რომ სულიერად გამოიფიტა. გადაწყვიტა კვლავ დაეწყო შესწავლა და, საბოლოოდ, მიიღო მისთვის ეს ახალი ჭეშმარიტება. სულიერად იმდენად წაიწია წინ, რომ უკვე გაუჩნდა ნასწავლის სხვებისთვის გაზიარების სურვილი. მან მოწმეებთან ერთად კარდაკარ მსახურებაში მონაწილეობის მიღებაც კი ითხოვა. საბრინა ყვება: „ვიდრე იეჰოვას მოწმეებთან ერთად ქადაგებაზე ნებას დამრთავდნენ, მკითხეს:
— ნამდვილად გსურს იყო იეჰოვას მოწმე?
— არა, — ვუპასუხე მე.
შიშმა კვლავ იჩინა ჩემში თავი“. საბოლოოდ, კრების შეხვედრებზე დასწრების გაგრძელების, ღვთის ხალხსა და იმაზე დაკვირვების შედეგად, თუ როგორ მიჰყვებოდა ეს ხალხი ბიბლიურ პრინციპებს, საბრინამ დაასკვნა, რომ ნამდვილად ჭეშმარიტება იპოვა. ის მოინათლა და ახლა სრული დროით მქადაგებელია.
რატომ ამხელა განსხვავება?
„რატომ განსხვავდება ასე ძალიან იეჰოვას მოწმეთა მოძღვრება სხვა რელიგიათა მოძღვრებებისგან?“ — შეიძლება იკითხოს ვინმემ. იეჰოვას მოწმეთა მრწამსზე თვალის გადავლება დაგეხმარებათ, დაინახოთ, რომ ისინი გულწრფელი ქრისტიანები, ბიბლიის კეთილსინდისიერი მკვლევარები, არიან. გთხოვთ, თქვენს ბიბლიაში გადახედოთ მუხლებს, რომლებიც ზემოთ არის მოყვანილი და რომლებშიც მოკლედ არის გადმოცემული მათი ძირითადი მრწამსი.
იეჰოვას მოწმეთა მრწამსის უფრო ახლოს გაცნობითა და იმაზე დაკვირვების შედეგად, თუ რა მტკიცედ მიჰყვებიან ისინი ბიბლიურ მოძღვრებას, შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ იმ თავისუფლებით კურთხეული, რომელსაც ჭეშმარიტება იძლევა (იოანე 17:17). ჭეშმარიტებისადმი შიში ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. გაიხსენეთ იესოს დაპირება: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე 8:32).
[ჩარჩო 6 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეების რამდენიმე ძირითადი სწავლება
◯ იეჰოვა არის ყოვლისშემძლე ღმერთი. მისი პირადი სახელი ბიბლიის უძველეს მანუსკრიპტებში 7 000-ზე მეტჯერ გვხვდება (მესამე მეფეთა 18:39, არქიმანდრიტ ნესტორის თარგმანი, „საღვთო სჯული“, გვერდი 43).
◯ იესო ქრისტე არის ღვთის ძე, რომელიც დედამიწაზე მოვიდა და კაცობრიობისთვის სიცოცხლე გასწირა (იოანე 3:16, 17). იეჰოვას მოწმეები მიჰყვებიან იესო ქრისტეს მოძღვრებას, რომელიც სახარებებშია მოცემული.
◯ იეჰოვას მოწმეთა სახელი დაფუძნებულია ესაიას 43:10-ზე, სადაც ნათქვამია: «თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი [„იეჰოვა“, აქ]».
◯ „მამაო ჩვენოში“ ხალხი ლოცულობს სასუფევლის (სამეფოს) შესახებ, რომელიც არის ზეციერი მთავრობა და რომელიც მალე მოსპობს ყოველგვარ ტანჯვასა და ტკივილს და, როგორც ბიბლია გვპირდება, დედამიწას სამოთხედ გადააქცევს (ესაია 9:5, 6; დანიელი 2:44; მათე 6:9, 10; გამოცხადება 21:3, 4).
◯ ყველას, ვინც ღვთის ნებას ასრულებს, აქვს შესაძლებლობა, მარადიულად დატკბეს სამეფოს კურთხევებით (იოანე 17:3; 1 იოანე 2:17).
◯ ქრისტიანებმა თავიანთი მოქმედებები ბიბლიის პრინციპებს უნდა შეუსაბამონ. ისინი უნდა ეცადონ, იყვნენ პატიოსნები, ზნეობრივად სუფთა ცხოვრებას ეწეოდნენ და მოყვასისადმი სიყვარულს ავლენდნენ (მათე 22:39; იოანე 13:35; 1 კორინთელთა 6:9, 10).
[სურათი 5 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები ბიბლიურ ჭეშმარიტებას ხალხს 200-ზე მეტ ქვეყანაში ამცნობენ.