სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
უკან ნუ დაიხევთ, ახარეთ კეთილი ცნობა
როდესაც ევროპელი მკვლევარი პირველად ეწვია ვენესუელის ყურესა და მარაკაიბოს ტბას, სანაპირო ზოლი, სადაც წყალი ღრმა არ იყო, ხიმინჯებზე აგებული, პალმის ტოტებით გადახურული პატარა ქოხებით იყო გადაჭედილი. ეს ადგილი მნახველს ვენეციას (იტალია) აგონებდა, სადაც სახლებს წყლის ნაპირების გასწვრივ აშენებდნენ. ამიტომ ესპანურად მოლაპარაკე მკვლევარებმა ამ ადგილს ვენესუელა უწოდეს, რაც „პატარა ვენეციას“ ნიშნავს.
დღეს ამ საუცხოო ქვეყანაში სხვა სახის საამშენებლო პროგრამა — სულიერი პროგრამა — ყვავის. აქ იეჰოვას მოწმეები ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებენ სამეფოს შესახებ მარცვლის ჩასათესად. შედეგად, სულიერ მკას დიდება მოაქვს ‘სამკლის უფლის’, იეჰოვა ღმერთისთვის (მათე 9:37, 38).
როდესაც ვენესუელას ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შტატს, სულიას, მიმომსვლელი ზედამხედველი ეწვია, ადგილობრივი მოწმეები მას და მის მეუღლეს მოელაპარაკნენ, მახლობლად მდებარე პატარა კუნძულ ტოასზე წასულიყვნენ. დილით ადრე გამსვლელი ბორნის რიგში დგომისას მიმომსვლელი ზედამხედველის მეუღლემ, მერიმ, მასთან მყოფ ერთ დას, სრული დროით მსახურ პიონერს, ურჩია, რომ ნავებზე მომუშავეებისთვის ექადაგათ. პიონერი და დასთანხმდა.
მერი მივიდა მექანიკოსთან და შესთავაზა წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. მან აჩვენა თავი, სათაურით «ღმერთისთვის დიდების მომტანი ოჯახის „აშენება“», რაც, როგორც ჩანს, ამ კაცს მოეწონა. შემდეგ მერიმ განუმარტა, რომ ამ პუბლიკაციის გამოყენებით შეიძლებოდა მასთან სახლში ბიბლიის შესწავლა ჩაეტარებინათ. მექანიკოსმა აიღო წიგნი და მოილაპარაკეს, რომ ვინმე მივიდოდა მასთან სახლში.
ცოტა ხნის შემდეგ იმ ტერიტორიაზე სპეციალური ერთდღიანი კონგრესი ჩატარდა. მერისთვის სიურპრიზი იყო იქ მექანიკოსის, სენიორ ნავას, მისი ცოლისა და ორი ქალიშვილის ნახვა! მერიმ სენიორ ნავას ცოლს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ის მათ ოჯახში ბიბლიის შესწავლის თაობაზე. მისი პასუხი მერისთვის უდიდესი სიურპრიზი იყო.
— მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ ჭეშმარიტება გაგვაგებინა, — თქვა მან, შემდეგ კი დაამატა: — როდესაც ჩემს მეუღლეს ელაპარაკეთ, მაშინ მას ახალი მიტოვებული ვყავდი და სხვა ქალთან იყო წასული. ის ბევრსაც სვამდა. ზოგჯერ, როდესაც დალევდა, ჩხუბობდა კიდეც, რაც კუნძულის მცირერიცხოვან საზოგადოებას არ მოსწონდა. ის სპირიტიზმითაც იყო გატაცებული. მაგრამ ბიბლიის შესწავლის შედეგად მიღებული შემეცნება მას ცხოვრებაში უზარმაზარი ცვლილებების შეტანაში დაეხმარა. მან მიატოვა ადრინდელი უწმინდური საქმეები. მის კათოლიკ მშობლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ცვლილებებმა. ისინი ბედნიერები არიან, რომ ის პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ქმარი და მამაა.
სენიორ ნავა 1996 წელს მოინათლა და ახლა სრული დროით მსახურობს. მისი მეუღლე, ჯენი, 1997 წელს მოინათლა. ქალაქის მერზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ამ მექანიკოსის ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა, რომ მანაც გამოთქვა ბიბლიის შესწავლის სურვილი. რა მოხარულები არიან ეს დები, რომ უკან არ დაიხიეს და იმ დილას, ბორნის მოლოდინში, კეთილი ცნობა ახარეს!
[სურათები 7 გვერდზე]
მექანიკოსისთვის კეთილი ცნობის გაზიარებას სასიხარულო შედეგები მოჰყვა.