შეიძლება გწამდეთ ბიბლიის?
თანამედროვე მსოფლიოშიც კი ჯერ კიდევ მრავალს სწამს ბიბლიის. მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ გელაპის გამოკითხვამ ცხადყო, რომ ამერიკელთა 80 პროცენტს სჯერა, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. მიუხედავად იმისა, თქვენს ქვეყანაშიც ასეთი მაღალი პროცენტული მაჩვენებელია თუ არა, ძნელი არ არის მიხვდეთ, რომ ასეთი მორწმუნეები ეკლესიაში ბიბლიური სწავლების მიღებას მოელიან. მაგრამ ხშირად მათი იმედები არ მართლდება. მაგალითად, ავიღოთ სწავლება სიკვდილის შემდეგ სულის დასჯის შესახებ.
ასწავლის ბიბლია რამეს განსაწმენდელსა და ცეცხლოვან ჯოჯოხეთზე? დღეს ქრისტიანული სამყაროს მრავალი სწავლული გიპასუხებდათ, რომ არა. „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ (New Catholic Encyclopedia) აღნიშნავს: „დასკვნა ასეთია: განსაწმენდლის შესახებ კათოლიკური სწავლება ტრადიციაზეა დაფუძნებული და არა წმინდა წერილებზე“. ჯოჯოხეთის შესახებ „ქრისტიანული თეოლოგიის ლექსიკონი“ (A Dictionary of Christian Theology) ამბობს: „ა[ხალ] ა[ღთქმა]ში ვერსად ნახავთ, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანები ჯოჯოხეთის ცეცხლის შესახებ ქადაგებდნენ“.
ანგლიკანურ ეკლესიასთან არსებულმა კომისიამ, რომელიც სწავლების საკითხებზე მუშაობს, არც ისე დიდი ხნის წინ ფართოდ გააშუქა ეს დოგმატი და გამოთქვა აზრი ჯოჯოხეთის ცეცხლზე სწავლების მთლიანად უკუგდების შესახებ. ტომ რაიტი, ლიჩფილდის ტაძრის წინამძღვარი, ამბობს, რომ ჯოჯოხეთის შესახებ ადრინდელმა წარმოსახვებმა „ღმერთი საძაგელ პიროვნებად აქცია და მრავალს საშინელი ფსიქოლოგიური ჭრილობა მიაყენა“. კომისიის ცნობაში ნათქვამია, რომ ჯოჯოხეთი „საერთოდ არ არსებობს“a. კათოლიკურ თვალსაზრისთან დაკავშირებით მსგავს აზრს გამოთქვამს „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“: „დღეს თეოლოგია ჯოჯოხეთის არსებობის შესახებ თვალსაზრისს ღვთისგან ჩამოშორებად მიიჩნევს“.
სინამდვილეში ის, რასაც ბიბლია სულის შესახებ ასწავლის, სავსებით ეწინააღმდეგება განსაწმენდელისა და ჯოჯოხეთის ცეცხლის შესახებ სწავლებას. ბიბლიაში არაერთხელაა ნათქვამი, რომ სული კვდება. „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს“ (ეზეკიელი 18:4). ბიბლიის თანახმად, მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან და მათ არ შეუძლიათ ტკივილის განცდა. „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). ბიბლიაში ნათქვამია, რომ განსვენებულთათვის მკვდრეთით აღდგომის იმედი არსებობს. როდესაც იესოს მეგობარი (ლაზარე) მოუკვდა, მან სიკვდილი ძილს შეადარა. ლაზარეს დამ, მართამ, ბიბლიაში მოცემული იმედი შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“. იესომ ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის საშუალებით კაცობრიობას ეს იმედი განუმტკიცა (იოანე 5:28, 29; 11:11–14, 24, 44).
ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ სწავლება ადამიანის სიკვდილის შემდეგ სულის მარადიული არსებობის შესახებ ბერძნული ფილოსოფიიდან მომდინარეობს და არა ბიბლიიდან. „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ აღნიშნავს, რომ ძველ დროში მცხოვრები ებრაელები არ მიიჩნევდნენ, რომ ადამიანი მატერიალური სხეულისა და არამატერიალური სულისგან შედგებოდა. მასში ებრაელთა მრწამსის შესახებ ნათქვამია: «როდესაც ღვთის მიერ მიწისგან შექმნილ პირველ მამაკაცში სიცოცხლის სუნთქვა შევიდა, ის იქცა „ცოცხალ არსებად“ (დ[აბადება] 2.7). სიკვდილი არ ითვლებოდა ადამიანში არსებული ორი ნაწილის დაშორებად, როგორც ეს ბერძნულ ფილოსოფიაში იყო მიღებული; სიცოცხლის სუნთქვა წყდება და ადამიანი ‘მკვდარი არსება’ ხდება (ლ[ევიანნი] 21.11; რ[იცხვნი] 6.6; 19.13). სიტყვა არსება გადმოცემული იყო ებრაული სიტყვით [ნეფეშ], რომელიც ხშირად ‘სულად’ ითარგმნება, მაგრამ სინამდვილეში ეს სიტყვა პიროვნებასთანაა გაიგივებული».
იგივე ენციკლოპედია აღნიშნავს, რომ არც ისე დიდი ხნის წინ კათოლიკე თეოლოგებმა „მოიხსენიეს, რომ ა[ხალი] ა[ღთქმა] არ ასწავლის სულის უკვდავებას ელინისტურ [ბერძნულ] შეხედულებებთან შეთანხმებით“. მასში მოცემულია შემდეგი დასკვნა: „საკითხის ძირეულად გადაჭრა შესაძლებელია არა ფილოსოფიური ვარაუდებით, არამედ მკვდრეთით აღდგომის შესახებ ზებუნებრივი ჯილდოთი“.
ბიბლია თუ ტრადიცია?
მაშ როგორ დამკვიდრდა არაბიბლიური შეხედულებები ეკლესიის სწავლებაში? მრავალი ეკლესია აცხადებს, რომ ბიბლია მათთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტია. მაგალითად, ახლახანს პაპმა იოანე პავლე II-მ აღნიშნა, რომ საჭიროა ბიბლია „ერთგულმა მიმდევრებმა მთელი მისი ჭეშმარიტებით მიიღონ, როგორც ჩვენი რწმენის უზენაესი კანონი“. მაგრამ ცნობილია, რომ დღევანდელი ქრისტიანული სამყაროს სწავლებები და პირველი საუკუნის ქრისტიანთა სწავლებები ერთმანეთისგან განსხვავდება. ეკლესიათა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები საეკლესიო დოგმატების თანდათანობითი დახვეწის შედეგია. გარდა ამისა, კათოლიკური ეკლესია საეკლესიო ტრადიციებს ისეთსავე მნიშვნელობას ანიჭებს, როგორსაც საღვთო წერილს. „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ აღნიშნავს, რომ ეკლესიას „არა აქვს არც ერთი სწავლება, რომელიც ტრადიციებისგან დამოუკიდებლად, მხოლოდ საღვთო წერილზეა დაფუძნებული და არც ისეთი სწავლება, რომელიც საღვთო წერილისგან დამოუკიდებლად, მხოლოდ ტრადიციაზეა დაფუძნებული“.
ისტორიის განმავლობაში ეკლესიები ბიბლიურ სწავლებებს მხოლოდ ტრადიციებზე დაფუძნებული სწავლებებით ცვლიდნენ. ფაქტობრივად, დღეს მრავალი ეკლესია თვლის, რომ ბიბლიური სწავლებები არასწორია. მაგალითად, „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ ამბობს: „აშკარაა, რომ თუ თანამედროვე მეცნიერებისა და ისტორიის თვალით შევხედავთ, მრავალი ბიბლიური განაცხადი, უბრალოდ, არ არის ჭეშმარიტება“. მკვდრების უგრძნობ მდგომარეობაზე საუბრისას, ის ამატებს: „რელიგიურ საკითხებშიც კი. . . სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის შესახებ ძ[ველი] ა[ღთქმა] არასწორ ინფორმაციას შეიცავს“. ენციკლოპედიას ამის მაგალითად ფსალმუნის 6:6 მოჰყავს: „რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვიღა შეგასხამს ქვესკნელიდან [შეოლიდან ანუ ჰადესიდან] ქება-დიდებას?“ ზოგი პროტესტანტული სემინარია და კოლეჯი აღარ ასწავლის, რომ ბიბლია სანდოა. მეორე მხრივ, კათოლიკურ ეკლესიას სწამს, რომ მას აქვს სწავლების უფლება და შეუძლია განმარტოს ის, რასაც ბიბლია ასწავლის. მაგრამ თქვენ, ალბათ, გაინტერესებთ „რა შეიძლება ითქვას მაშინ, თუ ასეთი განმარტებები საღვთო წერილის ცნობის საწინააღმდეგო ჩანს?“
საღვთო წერილის მნიშვნელოვნება
იესოს არაერთხელ მოუყვანია ავტორიტეტად საღვთო წერილი და ხშირად უთქვამს: „დაწერილია“ (მათე 4:4, 7, 10; ლუკა 19:46). როდესაც ცოლქმრულ საკითხებზე ლაპარაკობდა, ის ბერძნული ფილოსოფიის ვარაუდებს კი არ ეყრდნობოდა, არამედ „დაბადების“ ცნობას შემოქმედების შესახებ (დაბადება 1:27; 2:24; მათე 19:3–9). აშკარაა, რომ იესო საღვთო წერილს ღვთისგან ინსპირირებულად და ფაქტებზე დაფუძნებულად მიიჩნევდა. ღვთისადმი ლოცვაში მან თქვა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17)b.
ბიბლიაში აღნიშნულია, რომ იესო კიცხავდა თავის თანამედროვე რელიგიურ წინამძღოლებს: „კარგია განა, რომ ღვთის მცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ? . . თქვენი გადმოცემით. . . აუქმებთ ღვთის სიტყვას“ (მარკოზი 7:6–13). მსგავსად ამისა, მოციქული პავლე ყოველ ღონეს ახმარდა, რომ სწავლებაში ბერძნული ფილოსოფია ან მცდარი გადმოცემები არ შეპარულიყო. „გაფრთხილდით, — თქვა მან, — არავინ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, ადამიანური გადმოცემის. . . მიხედვით“ (კოლასელთა 2:8; 1 კორინთელთა 1:22, 23; 2:1–13). ზოგ გადმოცემაზე ანუ სწავლებაზე პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა, რომ შეენარჩუნებინათ; გადმოცემები, რომლებიც საღვთო წერილზე იყო დაფუძნებული და მთლიანად მას შეესაბამებოდა (2 თესალონიკელთა 2:13–15). „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა, — წერდა პავლე, — რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17).
პავლემ წინასწარ განჭვრიტა, რომ ზოგიერთები საღვთო წერილიდან გადაუხვევდნენ. ის ტიმოთეს აფრთხილებდა: „დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ. . . ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს. . . მაგრამ შენ ფხიზლად იყავი ყველაფერში“ (2 ტიმოთე 4:3–5). როგორ? ერთ-ერთი საშუალებაა გამოავლინო ‘კეთილშობილება’. ბერძნული ლექსიკონი ამ ბიბლიურ სიტყვას განმარტავს როგორც „რაღაცის შესწავლისთვის მზადყოფნას და რაღაცის ობიექტურად შეფასებას“. ლუკამ ეს სიტყვა პირველი საუკუნის ბერეელი მსმენელების მიმართ გამოიყენა. ის, რასაც პავლე ასწავლიდა, მათთვის ახალი იყო და არ სურდათ შეცდომაში შესულიყვნენ. ლუკამ დაწერა: „ესენი უფრო კეთილშობილები იყვნენ თესალონიკელებზე: მათ მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა, ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“. კეთილშობილებას ბერეელები სკეპტიკოსებად არ უქცევია და ყველაფრისადმი ურწმუნო არ გაუხდია. პირიქით, გულმოდგინე გამოკვლევის შედეგად, „ბევრმა ირწმუნა მათგან“ (საქმეები 17:11, 12).
სარგებლობა, რომელიც ბიბლიის თანახმად ცხოვრებას მოაქვს
ადრინდელი ქრისტიანები ცნობილი იყვნენ ბიბლიისადმი ერთგულებითა და ერთმანეთისადმი თავგანწირული სიყვარულით. დღეს კი მრავალს აქვს ‘ღვთისმოსაობის სახე, მაგრამ მის ძალას უარყოფენ’ (2 ტიმოთე 3:5). დღევანდელი ქრისტიანობის ნებისმიერი ფორმა, რომელიც იმ პირველი ქრისტიანობის მსგავსი არ არის, უკეთესობისკენ ვერ შეცვლის ადამიანთა ცხოვრებას. გვეხმარება ეს იმის გაგებაში, თუ რატომ იზრდება ქრისტიანული სამყაროს უმეტეს ნაწილში ძალადობა, უზნეობა, ოჯახების ნგრევა და სიმდიდრით გატაცება? ზოგ „ქრისტიანულ“ ქვეყანაში სასტიკი ეთნიკური ომები ერთი და იმავე რელიგიის წევრებს შორისაც კი მიმდინარეობს.
გაქრა ბერეელების კეთილშობილების სული? არსებობს დღეს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც სწამს ბიბლიის და მის თანახმად ცხოვრობს?
„ენციკლოპედია კანადიანა“ აღნიშნავს: „იეჰოვას მოწმეები თავიანთი საქმიანობით ცდილობენ აღადგინონ და კვლავ დააფუძნონ თავდაპირველი ქრისტიანობა, იესოს სწავლებები, რომლებსაც ჩვენი ერის პირველი და მეორე საუკუნეების განმავლობაში მისი მოწაფეები ქადაგებდნენ“. იეჰოვას მოწმეთა შესახებ „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ ამბობს: „ისინი ბიბლიას თავიანთი რწმენის ერთადერთ საფუძვლად და სწორი გზის მაჩვენებლად მიიჩნევენ“.
ეჭვგარეშეა, ეს ძირითადი მიზეზია, თუ რატომ არიან იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში სულიერი კეთილდღეობით, მშვიდობითა და ბედნიერებით ცნობილი. ამიტომ ჩვენს მკითხველებს მოვუწოდებთ, გამოიკვლიონ ბიბლიის სულიერად გამომაჯანსაღებელი მოძღვრება. მეტი შემეცნებით უფრო მეტად დარწმუნდებით, რომ ბიბლია სანდოა და ღვთისადმი რწმენაც განგიმტკიცდებათ. მარადიული სარგებლობა, რომელიც ასეთ რწმენას მოაქვს, ნამდვილად ღირს ძალისხმევად.
[სქოლიოები]
a ეროვნული რადიო — “Morning Edition”
b მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად სანდოა ბიბლია, იხილეთ ბროშურაში „წიგნი ყველასათვის“, გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[სურათი 6 გვერდზე]
მოციქული პავლე და სხვები ქადაგებდნენ ბაზარში.
[სურათი 7 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები „ბიბლიას თავიანთი რწმენის ერთადერთ საფუძვლად და სწორი გზის მაჩვენებლად მიიჩნევენ“.