რატომ მიმართავს ხალხი ძალადობას
დენვერში (კოლორადოს შტატი, აშშ) ოცდაშვიდკვირიანი დღენაკლული ბავშვი დაიბადა. ბიჭუნა გადარჩა და სამი თვე საავადმყოფოში ყოფნის შემდეგ მშობლებს გაატანეს. სამ კვირაში ბავშვი საავადმყოფოში დააბრუნეს. რატომ? მას მამამისის მიერ ძლიერი ნჯღრევის გამო ტვინის სერიოზული შერყევა ჰქონდა მიღებული. ბავშვის მამა ვერ იტანდა მის ტირილს. ბიჭუნა დაბრმავდა და დასახიჩრდა. თანამედროვე მედიცინამ ის უდღეურობით სიკვდილისგან გადაარჩინა, მაგრამ მამამისის ძალადობისგან ვერ დაიცვა.
უამრავ ბავშვს ეპყრობიან ცუდად, სცემენ ან კლავენ დედამიწაზე ძალადობით ერთ-ერთ ყველაზე მეტად აღსავსე ადგილას — სახლში! ვარაუდობენ, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებში წელიწადში 5 000 ბავშვი კვდება მშობლების ხელში. მხოლოდ ბავშვები არ ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. ერთი ჟურნალის ცნობით, შეერთებულ შტატებში „ახალგაზრდა ქალების ტრავმირების მთავარი მიზეზი ცოლებზე ძალადობაა“ (World Health). რა შეიძლება ითქვას სხვა ქვეყნებზე? „[განვითარებად ქვეყნებში] გამოკითხული ქალების უმრავლესობა მეუღლეებისგან ცემას იტანს“. დიახ, ძალადობა თავისას შვრება, განსაკუთრებით კი ოჯახში.
ბევრი ცოლ-ქმარი აზრთა სხვაობისას ძალადობას მიმართავს. ზოგ ქვეყანაში მშობლები და მასწავლებლები ძალადობას მიმართავენ, როდესაც ბავშვებს უჯავრდებიან. გართობის მიზნით ხულიგნები აწვალებენ მათზე სუსტებს და ძალადობენ მათზე. რატომ გახდნენ ადამიანები ასეთი მოძალადენი?
რატომ გახდნენ ადამიანები მოძალადენი
ზოგი ამბობს, რომ ადამიანები ბუნებით არიან მოძალადენი. შეერთებულ შტატებში ძალადობამ მთლიანობაში იკლო, მაგრამ მოზარდებს შორის იმატა. გაიზარდა ძალადობისადმი ინტერესიც. სამმა ძირითადმა სატელევიზიო ქსელმა გააორმაგა დანაშაულობების შესახებ ცნობების რაოდენობა და სამჯერ გაზარდა მკვლელობების გაშუქება. დიახ, დანაშაულობა მოგებიანი რამ გახდა! „ჩვენ არა მარტო ვეგუებით ძალადობას, — თქვა ფსიქიატრმა კარლ მენინგერმა, — არამედ ჩვენი გაზეთების პირველ გვერდებზეც კი ვათავსებთ მას. სატელევიზიო გადაცემების მესამედი თუ არა მეოთხედი მას ჩვენი ბავშვების გასართობად უჩვენებს. განა მარტო ვეგუებით, ძვირფასო მეგობრებო, მოგვწონს კიდეც ის“.
ახლახან ჩატარებულმა მეცნიერულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ტვინი და გარემო პირობები დიდ როლს ასრულებენ ადამიანის აგრესიულობაში. „იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ცუდი გარემო პირობები, რომელშიც სულ უფრო მეტი ბავშვი იზრდება, წარმოშობს ძალადობის სენს“, —ამბობს ილინოისის უნივერსიტეტის დოქტორი მარკუს ჯ. კრუისი. „გარემო პირობები ადამიანის ტვინში იწვევს მოლეკულურ ცვლილებებს, რაც მას უფრო იმპულსურს ხდის“. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: „ოჯახების ნგრევა, მარტოხელა მშობლების რიცხვის ზრდა, მუდმივი სიღარიბე, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება, იწვევს ტვინში ქიმიური შედგენილობის შეცვლას ისე, რომ წარმოშობს აგრესიისადმი მიდრეკილებას — იმას, რასაც მანამდე შეუძლებლად მივიჩნევდით“, — ნათქვამი იყო ერთ წიგნში (Inside the Brain).
დამტკიცებულია, რომ ტვინში მიმდინარე ცვლილებებისას იკლებს სეროტონინის, ტვინში არსებული ქიმიური ნივთიერების, რაოდენობა, რაც ხელს უწყობს ადამიანის აგრესიულობას. გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ალკოჰოლი ამცირებს სეროტონინის რაოდენობას ტვინში. მაშასადამე, იქმნება გარკვეული მეცნიერული საფუძველი იმ კავშირისთვის, რომელიც ძალადობასა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას შორის არსებობს.
გარდა ამისა, დღეს გავრცელებულ ძალადობას სხვა ფაქტორიც განაპირობებს. სანდო წინასწარმეტყველური წიგნი, ბიბლია, გვაფრთხილებს: „ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი . . . მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი . . . ასეთებს ერიდე“ (2 ტიმოთე 3:1–5). დიახ, დღეს არსებული ძალადობა ‘უკანასკნელი დღეების’ შესახებ ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულებაა.
არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს განსაკუთრებულადაა ძალადობა გავრცელებული. „ვაი, მიწასა და ზღვას, — ნათქვამია ბიბლიაში, — ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12). ეშმაკი და თავისი დემონები ჩამოყრილი არიან ზეციდან და მთელ ღვარძლს კაცობრიობაზე ანთხევენ. როგორც ‘ჰაერის ძალთა მთავარი’, ეშმაკი იყენებს ‘სულის ნებას, ამჟამად ურჩ შვილებში რომ მოქმედებს’ და დედამიწაზე ძალადობას ამრავლებს (ეფესელთა 2:2).
მაშ, როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ მსოფლიოში არსებულ ძალადობით აღსავსე ‘ჰაერს’? როგორ მოვაგვაროთ უთანხმოებები ძალადობის გარეშე?
[ჩანართი 3 გვერდზე]
უამრავ ბავშვს ეპყრობიან ცუდად, სცემენ ან კლავენ დედამიწაზე ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მეტად აღსავსე ადგილას — სახლში!