გაუძლებს ცეცხლს თქვენი საქმეები?
„თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს მასზე [საძირკველზე]“ (1 კორინთელთა 3:10).
1. რა იმედი აქვთ ერთგულ ქრისტიანებს ქრისტეს მომავალ მოწაფეებთან დაკავშირებით?
ქრისტიანი მშობლები იმედით შეჰყურებენ თავიანთ ახალშობილს. სამეფოს მაუწყებელი ამჩნევს ბიბლიის შემსწავლელის სახეზე არეკლილ დიდ მოწადინებასა და ინტერესს. ქრისტიან უხუცესს, რომელიც სცენიდან კრებას მოძღვრავს, მსმენელებს შორის შეუმჩნეველი არ რჩება ახალდაინტერესებული, რომელიც მთელი გულმოდგინებით ადევნებს თვალყურს ბიბლიურ მუხლებს. იეჰოვას ამ ერთგული მსახურების გულები იმედითაა აღსავსე. მათ ძალიან აინტერესებთ: „შეუყვარდება ამ ადამიანს იეჰოვა და ემსახურება მას? შეინარჩუნებს მისადმი ერთგულებას?“ რა თქმა უნდა, ეს ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია.
2. როგორ შეახსენა პავლემ ებრაელ ქრისტიანებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო სწავლების საქმიანობა და რა მხრივ უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი?
2 დახელოვნებულ მასწავლებელს, მოციქულ პავლეს, ესმოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მოწაფეების მომზადების საქმიანობა. ის წერდა: „დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თქვენ მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით“ (ებრაელთა 5:12). ქრისტიანები, რომლებსაც პავლე მიმართავდა, დიდი ხნის მორწმუნეები იყვნენ, მაგრამ უმნიშვნელოდ მიიწევდნენ წინ. ისინი მზად არ იყვნენ სხვებისთვის ესწავლებინათ, რადგან თავად ესაჭიროებოდათ ძირითადი ჭეშმარიტებების შეხსენება. დღეს კარგი იქნებოდა დროდადრო თითოეულს შეგვემოწმებინა, თუ როგორი მასწავლებლები ვართ და როგორ შეიძლება გაუმჯობესება. მოწაფეების მომზადების საქმიანობაზე ადამიანთა სიცოცხლეა დამოკიდებული. რის გაკეთება შეგვიძლია პირადად ჩვენ?
3. ა) რას შეადარა მოციქულმა პავლემ მოწაფეების მომზადება? ბ) როგორც ქრისტიან მშენებლებს, რა დიდი პატივი გვხვდა წილად?
3 ერთ თვალსაჩინო მაგალითში პავლემ მოწაფეების მომზადება შენობის აგებას შეადარა. მან ეს მაგალითი შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი — ღვთის ყანა და ღვთის შენობა“ (1 კორინთელთა 3:9). ამგვარად, ჩვენ მონაწილეობას ვღებულობთ მშენებლობაში, მაგრამ ეს მშენებლობა ეხება ადამიანებს, რომლებსაც ქრისტეს მოწაფეებად გახდომაში ვეხმარებით. ასეთი მოქმედებით ვთანამშრომლობთ ღმერთთან, ვინც ‘ყოველივე აღაშენა’ (ებრაელთა 3:4). რამხელა პატივია! ახლა კი განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება დაგვეხმაროს პავლეს მიერ კორინთელებისთვის ღვთის შთაგონებით მიცემული რჩევა, გავხდეთ უფრო დახელოვნებული მუშაკები. ყურადღებას გავამახვილებთ უშუალოდ ‘სწავლების ხელოვნებაზე’ (2 ტიმოთე 4:2, აქ).
კარგი საძირკვლის ჩაყრა
4. ა) რა როლს ასრულებდა პავლე ქრისტიანულ მშენებლობაში? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესოსა და მის მსმენელებს კარგად ესმოდათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კარგი საძირკველი?
4 შენობა რომ მტკიცე და გამძლე იყოს, კარგი საძირკვლის ჩაყრაა საჭირო. ამიტომაც წერდა პავლე: „მე, ღვთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავუდე“ (1 კორინთელთა 3:10). მსგავსი თვალსაჩინო მაგალითი გამოიყენა იესო ქრისტემ, როდესაც მსმენელებს უამბო იგავი სახლზე, რომელმაც გაუძლო წყალდიდობას, რადგან მისმა მშენებელმა ის მტკიცე საძირკველზე ააგო (ლუკა 6:47–49). იესოს კარგად ესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანია მტკიცე საძირკველი. ის თვალყურს ადევნებდა, თუ როგორ ამზადებდა იეჰოვა დედამიწის საფუძველსa (იგავნი 8:29–31). იესოს მსმენელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ კარგ საფუძველს. მხოლოდ კარგი საძირკვლის მქონე სახლები უძლებდნენ უეცარ წყალდიდობებსა და მიწისძვრებს, რომლებიც ზოგჯერ ხდებოდა პალესტინაში. მაგრამ, რა საძირკველი ჰქონდა პავლეს მხედველობაში?
5. ვინ არის ქრისტიანული კრების საძირკველი და რა იყო ნაწინასწარმეტყველები მის შესახებ?
5 პავლე წერდა: „არავის არ ძალუძს დაუდოს სხვა საძირკველი, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე“ (1 კორინთელთა 3:11). ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც იესო საძირკველთან იქნა შედარებული. ესაიას 28:16-ში ნაწინასწარმეტყველები იყო: „ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვა დავდევი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი“. იეჰოვას დიდი ხნის წინათ ჰქონდა განზრახული, რომ მისი ძე გამხდარიყო ქრისტიანული კრების საძირკველი (ფსალმუნი 117:22; ეფესელთა 2:19–22; 1 პეტრე 2:4–6).
6. როგორ დაუდო პავლემ სათანადო საძირკველი კორინთელ ქრისტიანებს?
6 რა არის თითოეული ქრისტიანის საძირკველი? პავლეს სიტყვების თანახმად, ქრისტიანებისთვის ერთადერთი საძირკველი იესო ქრისტეა, რომელიც ღვთის სიტყვაში უკვე იყო საძირვლად მოხსენიებული. პავლემ ნამდვილად დადო ასეთი საძირკველი. კორინთში, სადაც ფილოსოფია იყო აღიარებული, ის არ ცდილობდა ხალხზე შთაბეჭდილება წუთისოფლის სიბრძნით მოეხდინა, არამედ ქადაგებდა „ჯვარცმულ ქრისტეს“, რაც ხალხმა ‘უგუნურებად’ მიიჩნია და უარყო (1 კორინთელთა 1:23). პავლე ასწავლიდა, რომ იესო მთავარ როლს ასრულებს იეჰოვას განზრახვებში (2 კორინთელთა 1:20; კოლასელთა 2:2, 3).
7. რა შეგვიძლია ვისწავლოთ პავლეს სიტყვებიდან, როდესაც საკუთარ თავს ‘ბრძენ ხუროთმოღვარს’ უწოდებს?
7 პავლემ აღნიშნა, რომ ასწავლიდა ‘როგორც ბრძენი ხუროთმოძღვარი’. ეს სიტყვები თვითკმაყოფილი კაცის განაცხადი არ იყო. ამით მხოლოდ იმას აღიარებდა, რომ ღვთის მიერ ჰქონდა ბოძებული შესანიშნავი ნიჭი — საქმის ორგანიზებისა და წარმართვის ზებუნებრივი უნარი (1 კორინთელთა 12:28). დღეს ჩვენ არა გვაქვს ზებუნებრივი ნიჭი, რომელიც პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს ჰქონდათ. ამიტომ შეიძლება საკუთარ თავს არ ვთვლიდეთ სწავლების უნარის მქონეებად. მაგრამ, ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს ეს უნარი. მხედველობიდან არ გამოგრჩეთ, რომ იეჰოვა დახმარების მიზნით სულიწმიდას გვაძლევს (შეადარეთ ლუკა 12:11, 12). იეჰოვას ვუყვარვართ და მოგვცა სიყვარული და ვფლობთ მისი სიტყვის ძირითადი სწავლებების შესახებ შემეცნებას. ეს ნამდვილად შესანიშნავი ნიჭია, რომლის გამოყენებაც სწავლების დროს შეგვიძლია. მოდით ვიყოთ გადაწყვეტილებით აღსავსენი, რომ ის სათანადო საძირკვლის ჩასაყრელად გამოვიყენოთ.
8. როგორ უნდა წარვუდგინოთ ქრისტეს მომავალ მოწაფეებს იესო საძირკვლად?
8 როდესაც ქრისტეს ქვაკუთხედად ვდებთ, არასოდეს წარმოვადგენთ მას ბაგაში მწოლიარე უმწეო ბავშვად ან სამების წევრად ანუ იეჰოვას თანასწორად. ასეთი არაბიბლიური შეხედულებები ცრუ ქრისტიანობიდან წამოვიდა. ჩვენ კი ვასწავლით, რომ იესო ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი იყო, რომელმაც თავისი სრულყოფილი სიცოცხლე ჩვენთვის გაიღო და დღეს ის იეჰოვას მიერ დანიშნული მეფეა ზეცაში (რომაელთა 5:8; გამოცხადება 11:15). ჩვენ აგრეთვე ვცდილობთ, აღვძრათ ბიბლიის შემსწავლელები, მიჰყვნენ იესოს კვალს და მიჰბაძონ მის თვისებებს (1 პეტრე 2:21). გვსურს, რომ მათს გულებს შეეხოს მსახურებაში იესოს თავდადება, მისი თანაგრძნობა უბრალო და დაჩაგრული ხალხის მიმართ, მისი გულმოწყალება თავიანთი დანაშაულით დამძიმებული შემცოდველების მიმართ და განსაცდელების დროს მისი ურყეობა. მართლაც, იესო ბრწყინვალე საძირკველია. მაგრამ როგორ ვაშენოთ შემდეგ?
სათანადო მასალებით შენება
9. მიუხედავად იმისა, რომ პავლე, ძირითადად, საძირკვლის ჩამყრელი იყო, როგორ ზრუნავდა ის მათზე, ვინც მისგან მიიღო ჭეშმარიტება?
9 პავლე წერდა: „და თუ ვინმე აშენებს ამ საძირკველზე — ოქროს, ვერცხლს, პატიოსან ქვებს, ძელს, ნამჯას, — თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით გამოცხადდება და თითოეულის საქმეს, როგორიც ის არის, ცეცხლი გამოცდის“ (1 კორინთელთა 3:12, 13). რა ჰქონდა პავლეს მხედველობაში? განვიხილოთ თუ რატომ თქვა პავლემ ეს სიტყვები. პავლე, ძირითადად, საძირკვლის ჩამყრელი იყო. მისიონერული მოგზაურობისას ის ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და მრავალ ისეთ პიროვნებასთან ქადაგებდა ქრისტეზე, რომლებმაც არაფერი იცოდნენ იესოს შესახებ (რომაელთა 15:20). ხალხი ღებულობდა ჭეშმარიტებას და ყალიბდებოდა კრებები. პავლე მთელი გულით ზრუნავდა ამ ერთგულ ადამიანებზე (2 კორინთელთა 11:28, 29). მაგრამ საქმე მოითხოვდა, რომ პავლეს ემოგზაურა. ამიტომ კორინთში საძირკვლის ჩაყრაში გატარებული 18 თვის შემდეგ პავლე სხვა ქალაქებში საქადაგებლად წავიდა. მაგრამ მას ძალიან აინტერესებდა, თუ როგორ განაგრძობდნენ სხვები მის მიერ წამოწყებულ საქმეს (საქმეები 18:8–11; 1 კორინთელთა 3:6).
10, 11. ა) როგორ დაუპირისპირა პავლემ ერთმანეთს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მასალები? ბ) როგორი შენობები არსებობდა, ძველ კორინთში? გ) როგორი შენობები უძლებენ ცეცხლს და რა შეიძლება ისწავლონ აქედან ქრისტიანებმა, რომლებმაც მოწაფეები უნდა მოამზადონ?
10 როგორც ჩანს, პავლეს მიერ ჩაყრილ საძირკველზე კორინთელები ცუდად აშენებდნენ. არსებული პრობლემის სააშკარაოზე გამოტანის მიზნით, პავლემ ოქრო, ვერცხლი და პატიოსანი ქვები, როგორც სამშენებლო მასალები, ხეს, თივასა და ნამჯას დაუპირისპირა. შენობის აგება შეიძლება უმაღლესი ხარისხის, მტკიცე, ცეცხლგამძლე მასალებისგან; მისი აგება შეიძლება სწრაფი მეთოდითაც, რომლის დროსაც მშენებელი იყენებს ერთჯერად, უხარისხო და არაცეცხლგამძლე მასალებს. ისეთ დიდ ქალაქში, როგორიც კორინთი იყო, ეჭვგარეშეა, მრავლად იქნებოდა ორივე ტიპის შენობები. იქ იყო მასიური, ძვირფასი, ქვებით ნაგები შთამბეჭდავი ტაძრები, რომლებიც, შესაძლებელია, ოქროთი ან ვერცხლით იყო მოპირკეთებული და მოჩუქურთმებულიb. ეს გამძლე ნაგებობები, ალბათ, ამაყად გადაჰყურებდა ქოხებს, კარვებსა და ბაზრის ფარდულებს, რომლებსაც დაუმუშავებელი ხის კარკასი და ჩალის სახურავი ჰქონდა.
11 რა მოუვიდოდა ამ შენობებს ხანძრის შემთხვევაში? პასუხი ნათელი იყო პავლეს დღეებში და ნათელია დღესაც. ძვ. წ. 146 წელს რომაელმა გენერალმა მუმიუსმა დაიპყრო და გადაწვა კორინთი. ხით ან ნამჯით ნაგები მრავალი შენობა, რა თქმა უნდა, სრულიად განადგურდა. რა მოუვიდა ოქროთი და ვერცხლით მოპირკეთებულ ქვის შენობებს? ეჭვგარეშეა, ისინი გადარჩა. პავლეს მოწაფეები შეიძლება ყოველდღე ხედავდნენ ამაყად წამომართულ ასეთ ქვის შენობებს, რომლებიც გადაურჩა უბედურებას, მაშინ როდესაც არაცეცხლგამძლე მასალით ნაგები შენობები ფერფლად იქცა. რა თვალნათლივ გადმოსცა პავლემ თავისი სათქმელი! როდესაც სხვებს ვასწავლით, საჭიროა თავი მშენებლად წარმოვიდგინოთ და საუკეთესო, რაც შეიძლება მტკიცე მასალებით ვაშენოთ. შედეგად, ჩვენი შრომის ნაყოფი ხანგრძლივად იარსებებს. რა არის ეს მტკიცე მასალები და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი გამოყენება?
გაუძლებს ცეცხლს თქვენი საქმეები?
12. რა გაგებით აშენებდა ზოგი კორინთელი ქრისტიანი უგულოდ?
12 აშკარაა, პავლე ხედავდა, რომ ზოგი კორინთელი ქრისტიანი კარგად არ აშენებდა. რას ვერ აკეთებდნენ ისინი კარგად? როგორც კონტექსტიდან ჩანს, კრება დაყოფილი იყო, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ქრისტიანები ცალკეული პიროვნებებით იყვნენ მოხიბლული და მხედველობიდან რჩებოდათ, რომ ეს კრების ერთიანობას უქმნიდა საშიშროებას. ზოგი ამბობდა: „მე პავლესი ვარ“, სხვები კი — „მე აპოლოსი“. ზოგი, როგორც ჩანს, საკუთარ თავს მეტისმეტად ბრძენად მიიჩნევდა. გასაკვირი არ არის, რომ შედეგად შეიქმნა წუთისოფლისთვის დამახასიათებელი აზროვნების, სულიერი მოუმწიფებლობისა და დიდი ‘შურისა და დავის’ ატმოსფერო (1 კორინთელთა 1:12; 3:1–4, 18). ეს აზროვნება აშკარად ირეკლებოდა კრებაზე თუ მსახურების დროს მათს სწავლებაში. შედეგად კი მოწაფეების მომზადების საქმიანობა უგულოდ სრულდებოდა, რაც შეიძლება უხარისხო მასალებისგან შენობის აგებას შევადაროთ. ისინი ვერ გაუძლებდნენ ‘ცეცხლს’. რომელ ცეცხლზე ლაპარაკობდა პავლე?
13. რას წარმოადგენს პავლეს თვალსაჩინო მაგალითში მოყვანილი ცეცხლი და რა უნდა იცოდეს ყველა ქრისტიანმა?
13 ეს ცეცხლი ჩვენი რწმენის გამოცდაა, რასაც ყველა ვხვდებით ცხოვრებაში (იოანე 15:20; იაკობი 1:2, 3). კორინთელ ქრისტიანებს უნდა სცოდნოდათ, და ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა, ვისაც ჭეშმარიტებას ვასწავლით, გამოიცდება. თუ უხარისხოდ ვასწავლით, შედეგები შეიძლება სამწუხარო აღმოჩნდეს. პავლე გვაფრთხილებს: „ვისი დაშენებულიც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს. ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლიდანc“ (1 კორინთელთა 3:14, 15).
14. ა) როგორ შეიძლება ქრისტიანმა, რომელიც მოწაფეებს ამზადებს, ‘იზარალოს’ და მისი გადარჩენა ცეცხლიდან გადარჩენის მსგავსი იყოს? ბ) როგორ შეგვიძლია მინიმუმამდე შევამციროთ საფრთხე?
14 რა გამომაფხიზლებელი სიტყვებია! შეიძლება დიდი ტკივილი მოგვაყენოს იმის დანახვამ, რომ ჩვენ მიერ გაწეული მძიმე შრომის მიუხედავად, მოწაფე ვერ უძლებს ცდუნებას ან დევნას და საბოლოოდ ტოვებს ჭეშმარიტების გზას. პავლეს ესმოდა ეს, რადგან დაწერა, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიზარალებდით. ეს შეიძლება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს. ამიტომ ჩვენი გადარჩენა შედარებულია „ცეცხლიდან“ გადარჩენას, რაც იმ კაცის გადარჩენის მსგავსია, ვისაც ყველაფერი დაეწვა, ხოლო თვითონ ძლივს გადაურჩა ცეცხლს. როგორ შეგვიძლია საფრთხის მინიმუმამდე შემცირება? ვაშენოთ მტკიცე მასალებით! თუ ჩვენს დაინტერესებულს ისე ვასწავლით, რომ ვწვდებით მის გულს, აღვძრავთ მას, დააფასოს ისეთი ძვირფასი ქრისტიანული თვისებები, როგორიცაა: სიბრძნე, გონიერება, იეჰოვას შიში, ჭეშმარიტი რწმენა, მაშინ მტკიცე, ცეცხლგამძლე მასალებით ვაშენებთ (ფსალმუნი 18:10, 11; იგავნი 3:13–15; 1 პეტრე 1:6, 7). ამ თვისებებით აღჭურვილი მოწაფე შეძლებს, განაგრძოს ღვთის ნების შესრულება; არსებობს იმის უტყუარი იმედი, რომ ასეთი ადამიანები მარადიულად იცოცხლებენ (1 იოანე 2:17). როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში პავლეს მიერ მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითი? განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა.
15. როგორ შეგვიძლია მოვერიდოთ უხარისხოდ შენებას ჩვენს დაინტერესებულებთან დაკავშირებით?
15 როდესაც დაინტერესებულს ბიბლიას ვასწავლით, არასოდეს უნდა დავაყენოთ ადამიანები იეჰოვაზე მაღლა. ჩვენი მიზანი ის კი არ არის, რომ დაინტერესებული ჩვენ მიგვიჩნევდეს სიბრძნის წყაროდ, არამედ ის, რომ ეს ადამიანი იეჰოვას, მის სიტყვასა და მის ორგანიზაციას მიმართავდეს ხელმძღვანელობისთვის. ამის მისაღწევად, დაინტერესებულს ჩვენი პირადი თვალსაზრისიდან გამომდინარე კი არ ვპასუხობთ, არამედ ვასწავლით, თუ როგორ იპოვოს პასუხი ბიბლიისა და იმ პუბლიკაციების გამოყენებით, რომლებსაც „ერთგული და გონიერი მონა“ გვაწვდის (მათე 24:45–47). ამავე მიზეზით, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ პირად საკუთრებად არ მივიჩნიოთ დაინტერესებულებიი. ნაცვლად იმისა, რომ გავნაწყენდეთ, როდესაც სხვები მათ მიმართ ინტერესს იჩენენ, უნდა წავახალისოთ ისინი, ‘გაფართოვლნენ’ და, რაც შეიძლება მეტი გაიცნონ და შეიყვარონ კრებაში (2 კორინთელთა 6:12, 13).
16. როგორ შეუძლიათ უხუცესებს ცეცხლგამძლე მასალებით შენება?
16 ქრისტიანი უხუცესებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოწაფეების აღშენებაში. კრებაზე დამმოძღვრავი თემებით გამოსვლისას ისინი ცდილობენ, ცეცხლგამძლე მასალებით აშენონ. მათ შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული სწავლების უნარი, გამოცდილება და ხასიათი აქვთ, მაგრამ ისინი არ იყენებენ თავიანთ უნარს იმისთვის, რომ თანამორწმუნეები თვითონ გაიყოლიონ (შეადარეთ საქმეები 20:29, 30; „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ზუსტად არ ვიცით, თუ რატომ ამბობდა ზოგი კორინთელი „მე პავლესი ვარ“ ან „მე აპოლოსი“, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ამ ერთგულ უხუცესებს არ გამოუწვევიათ ასეთი აზროვნება, რომელიც კრებაში დაყოფებს იწვევდა. პავლე არ იწონებდა ამას; ის ასეთი აზროვნების სასტიკი წინააღმდეგი იყო (1 კორინთელთა 3:5–7). მსგავსად ამისა, დღეს უხუცესებს ახსოვთ, რომ ისინი ‘ღვთის სამწყსოს’ მწყემსავენ (1 პეტრე 5:2). ეს სამწყსო არ არის რომელიმე ადამიანის საკუთრება. ამიტომ უხუცესები არ უშვებენ, რომ ვინმე სამწყსოზე ან უხუცესთა საბჭოზე ბატონობდეს. უხუცესები თავმდაბლურად ემსახურებიან კრებას, რითაც აღწევენ გულებამდე და ცხვრებს იეჰოვასადმი ერთგულად მსახურებაში ეხმარებიან ანუ ცეცხლგამძლე მასალებით აშენებენ.
17. როგორ ცდილობენ ქრისტიანი მშობლები, აშენონ ცეცხლგამძლე მასალებით?
17 ქრისტიანი მშობლები ყოველმხრივ ეხმარებიან თავიანთ შვილებს. მათ მთელი გულით სწადიათ, რომ შვილებმა მარადიულად იცხოვრონ! ამიტომაც ძალისხმევას არ იშურებენ, რომ შვილებს ღვთის სიტყვის პრინციპები ‘ჩააგონონ’ (მეორე რჯული 6:6, 7). მათ სურთ, რომ შვილებისთვის ჭეშმარიტება არა მარტო კანონების ან ფაქტების კრებული იყოს, არამედ ცხოვრების აზრით აღსავსე, კურთხევებისა და ბედნიერების მომტანი გზა (1 ტიმოთე 1:11). ქრისტეს ერთგულ მოწაფეებად შვილების აღშენებისთვის მოსიყვარულე მშობლები ცეცხლგამძლე მასალების გამოყენებას ცდილობენ. ისინი მოთმინებით იღვწიან შვილებთან ერთად, ეხმარებიან მათ, მოიშორონ თვისებები, რომლებიც იეჰოვას სძულს და განივითარონ ის თვისებები, რომლებიც მას მოსწონს (გალატელთა 5:22, 23).
ვინ არის პასუხისმგებელი?
18. როდესაც მოწაფე უკუაგდებს საღ სწავლებას, რატომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ყოველთვის იმ ადამიანის ბრალი არ არის, რომელიც მისთვის ჭეშმარიტების სწავლებას ცდილობდა?
18 იბადება მნიშვნელოვანი კითხვა: თუ ვინმე, ვისაც ვცდილობდით დავხმარებოდით, ჭეშმარიტებაში არ რჩება, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ ცუდი მასწავლებლები აღმოვჩნდით და უხარისხო მასალებით ვაშენებდით? ეს ყოველთვის ასე არაა. მართალია, პავლეს სიტყვები შეგვახსენებს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მოსწავლეების აღშენებაში მონაწილეობის მიღება. საჭიროა, ყველაფერი გავაკეთოთ კარგად ასაშენებლად. მაგრამ ღვთის სიტყვა არ გვეუბნება, რომ საკუთარ თავზე ავიღოთ მთელი პასუხისმგებლობა და თავი დავიდანაშაულოთ, როდესაც ის ადამიანი, ვისთვისაც დახმარების აღმოჩენას ვცდილობდით, ჭეშმარიტებაში არ რჩება. მშენებლის გარდა მრავალი ფაქტორიც ასრულებს გარკვეულ როლს. მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ, თუ რას ამბობს პავლე იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც მასწავლებელმა კარგად ვერ შეასრულა აღშენების საქმე: „ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება“ (1 კორინთელთა 3:15). თუ ის ქრისტიანი გადარჩება, რომელმაც ისე იმუშავა თავისი მოწაფის ქრისტიანად აღსაშენებლად, რომ ცეცხლით გამოცდის დროს მისი საქმე ‘დაიწვა’, რა დასკვნის გამოტანა შეიძლება? ნამდვილად, იეჰოვა უშუალოდ დაინტერესებულს აკისრებს ერთგულების საკითხში გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობას.
19. რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?
19 ძალიან მნიშვნელოვანია პირადი პასუხისმგებლობა. ეს საკითხი თითოეულ ჩვენგანს გვეხება. კონკრეტულად რას გვასწავლის ბიბლია ამასთან დაკავშირებით? ეს საკითხი განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.
[სქოლიოები]
a გამოთქმა ‘ქვეყნის [დედამიწის] საფუძველი’ შეიძლება იმ ფიზიკურ ძალებზე მიუთითებდეს, რომელთა საშუალებითაც დედამიწასა და ციურ სხეულებს თავიანთი ადგილები უკავიათ. დედამიწა ისეა შექმნილი, რომ „არ მოირყევა“, ანუ არ მოისპობა (ფსალმუნი 103:5).
b გამოთქმაში „პატიოსანი ქვები“, რომელიც პავლემ გამოიყენა, არ იგულისხმება მაინცდამაინც ისეთი ძვირფასი ქვები, როგორიცაა ალმასი და ლალი. ისინი შეიძლება ყოფილიყო ისეთი ძვირფასი სამშენებლო ქვები, როგორიცაა მარმარილო, ალებასტრი ან გრანიტი.
c პავლე ეჭვქვეშ აყენებს არა მშენებლის, არამედ მშენებლის ‘საქმის‘ გადარჩენას.
როგორ უპასუხებდით?
◻ რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანის „საძირკველი“ და როგორ იყრება ის?
◻ რა შეიძლება ვისწავლოთ იქიდან, რომ არსებობს ორგვარი საამშენებლო მასალა?
◻ რას წარმოადგენს ‘ცეცხლი’ და როგორ შეიძლება მან ვინმე ‘აზარალოს’?
◻ როგორ შეუძლიათ ბიბლიის შესწავლების ჩამტარებლებს, უხუცესებსა და მშობლებს, რომ ცეცხლგამძლე მასალებით აშენონ?
[სურათი 9 გვერდზე]
მრავალ ძველ ქალაქში არსებობდა შენობები, რომელთაგან ზოგი ცეცხლგამძლე იყო, ზოგი კი არა.