იღვაწეთ გადასარჩენად!
„საყვარლებო . . . შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს გადასარჩენად“ (ფილიპელთა 2:12, აფ).
1, 2. რომელმა პოპულარულმა აზრებმა მიიყვანა მრავალი იმ დასკვნამდე, რომ მათზე საერთოდ არაა დამოკიდებული თავიანთი ცხოვრება?
„ასეთებად დაიბადეთ?“ ეს კითხვა ახლახან ერთი პოპულარული ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა. სათაურის ქვეშ შემდეგი სიტყვები იყო მოცემული: „ახალმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ პიროვნების ინდივიდუალობა, ტემპერამენტი და ცხოვრების წესიც კი ძირითადად გენებზეა დამოკიდებული“. ასეთი ცნობების შემდეგ ზოგი შეიძლება ფიქრობდეს, რომ მასზე არცაა დამოკიდებული საკუთარი ცხოვრება.
2 სხვები ფიქრობენ, რომ, რადგანაც მშობლები კარგ მშობლობას არ უწევდნენ ან მასწავლებლები ცუდად ასწავლიდნენ, აუცილებლად უბედურები იქნებიან. მათ შეიძლება ჰგონიათ, რომ აუცილებლად გაიმეორებენ მშობლების შეცდომებს, გამოავლენენ უარყოფით თვისებებს, უღალატებენ იეჰოვას ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ცხოვრებაში ცუდ არჩევანს გააკეთებენ. მაგრამ გვასწავლის ამას ბიბლია? არსებობენ ისეთი რელიგიური პიროვნებები, რომლებიც დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ბიბლია ბედისწერას ასწავლის. ამ წარმოდგენის თანახმად, ღმერთმა დიდი ხნის წინ განსაზღვრა თქვენი ცხოვრების ნებისმიერი წვრილმანი.
3. რა გამამხნევებელ ცნობას შეიცავს ბიბლია იმის შესახებ, არის თუ არა ჩვენზე დამოკიდებული ჩვენი მომავალი?
3 ყველა ამ შეხედულებას ერთი საერთო აზრი გასდევს: თქვენ არა გაქვთ არჩევანი, ბევრს ვერაფერს გააკეთებთ თქვენი ცხოვრების შესაცვლელად. ეს გულის გამტეხი ცნობაა, ხოლო გულგატეხილობა თავის მხრივ საქმეს ართულებს. იგავნის 24:10-ში ნათქვამია: „თუ გაჭირვების დროს დაუძლურდი, მცირე ყოფილა შენი ძალა“. მაგრამ გვამხნევებს ის, რომ ბიბლიის თანახმად, შეგვიძლია ‘ვიღვწოდეთ გადასარჩენად’ (ფილიპელთა 2:12). როგორ განვიმტკიცოთ ამ ჭეშმარიტი ბიბლიური სწავლებისადმი ნდობა?
საკუთარი თავის ‘აღშენება’
4. რაზე არ მიუთითებს 1 კორინთელთა 3:10–15 მიუხედავად იმისა, რომ ამ მუხლებში ცეცხლგამძლე მასალებით შენებაზეა საუბარი?
4 განვიხილოთ მოციქულ პავლეს მიერ მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითი, რომელსაც 1 კორინთელთა 3:10–15-ში ვკითხულობთ. აქ ის ლაპარაკობს მშენებლობაზე, რომელშიც ქრისტიანი ღებულობს მონაწილეობას. ამ თვალსაჩინო მაგალითში მოცემული პრინციპი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების აღსაშენებლად. მიუთითებდა პავლე იმაზე, რომ მასწავლებელი იყო პასუხისმგებელი, აირჩევდა თუ არა დაინტერესებული იეჰოვასადმი მსახურებას და დარჩებოდა თუ არა ბოლომდე ერთგული? არა. პავლემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მაქსიმუმი გააკეთოს მოწაფის აღსაშენებლად. მაგრამ, როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, პავლეს არ უთქვამს, რომ დაინტერესებულს ანუ მოწაფეს, ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება შეუძლია. მის მიერ მოყვანილ თვალსაჩინო მაგალითში ყურადღება მახვილდება საქმეებზე, რომლებსაც სხვებისთვის ვაკეთებთ და არა საკუთარი თავის აღშენებაზე. ეს აშკარაა, რადგან პავლე ამბობს, რომ უხარისხოდ მშენებლის საქმე დაიწვება, ხოლო თვით მშენებელი გადარჩება. მაგრამ ბიბლია ზოგჯერ ამავე მეტაფორული გამოთქმით აღწერს საქმეებს, რომლებსაც ჩვენი შინაგანი ბუნების შესაცვლელად ვასრულებთ.
5. რომელი ბიბლიური მუხლები ცხადყოფს, რომ ქრისტიანმა საკუთარი თავი უნდა ‘აღაშენოს’?
5 მაგალითად, განვიხილოთ იუდას მე-20 და 21-ე მუხლები, სადაც ნათქვამია: „თქვენ, საყვარელნო, აღაშენეთ თქვენი თავი უწმიდეს რწმენაზე, ილოცეთ სულიწმიდით, დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში“. როდესაც წერს „აღაშენეთ“, იუდა იმავე ბერძნულ სიტყვას იყენებს, რომელიც პავლემ 1 კორინთელთა მე-3 თავში გამოიყენა. მაგრამ იუდა ამბობს, რომ ჩვენი რწმენის საფუძველზე აღვაშენოთ საკუთარი თავი. როდესაც ლუკა გადმოსცემს იესოს მიერ მოყვანილ თვალსაჩინო მაგალითს კაცის შესახებ, რომელმაც სახლი კლდოვან ადგილას ააშენა, სიტყვა ‘საძირკვლისთვის’ იყენებს იმავე ბერძნულ სიტყვას, რომელსაც პავლე იყენებს ქრისტიანის აღშენების შესახებ მოყვანილ ილუსტრაციაში (ლუკა 6:48, 49). გარდა ამისა, როდესაც თანაქრისტიანებს სულიერი წინსვლისკენ მოუწოდებს, პავლე ლაპარაკობს ‘საძირკვლებზე’ დაშენების შესახებ. დიახ, როგორც ვხედავთ, ღვთის სიტყვა გვასწავლის, რომ ჩვენ საკუთარ თავს ‘ვაშენებთ’ (ეფესელთა 3:15–19; კოლასელთა 1:23; 2:7).
6. ა) მოიყვანეთ თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ ღებულობს მრავალი მონაწილეობას თითოეული ქრისტიანი მოწაფის მშენებლობაში. ბ) რა პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ დაინტერესებულს?
6 არის ქრისტიანის აღშენების საკითხი ერთი კაცის საქმე? წარმოიდგინეთ, რომ გადაწყვიტეთ სახლის აშენება. მიდიხართ არქიტექტორთან, რათა მან ნახაზი შეგიდგინოთ. თუმცა მშენებლობაში ბევრ რამეს პირადად აკეთებთ, მაინც ქირაობთ ვიღაცას, ვინც დაგეხმარებათ მუშაობისას და გირჩევთ, თუ მშენებლობა რომელი მეთოდით იქნება უკეთესი. თუ ის მტკიცე საფუძველს ჩაყრის, ნახაზებში გაგარკვევთ, გირჩევთ, რომელი მასალების ყიდვა იქნება უმჯობესი და ბევრ რამეს გასწავლით, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ამით ის შესანიშნავ დახმარებას გაგიწევთ. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უგულებელყოფთ მის რჩევას და იყიდით იაფფასიან და უხარისხო მასალებს, ან კიდევ შენობას არქიტექტორის ნახაზის მიხედვით არ ააგებთ? რა თქმა უნდა, თუ სახლი დაინგრევა, ამაში მშენებელს ან არქიტექტორს ვერ დაადანაშაულებთ! მსგავსად ამისა, თითოეული ქრისტიანის მშენებლობაშიც მრავალი ღებულობს მონაწილეობას. იეჰოვა დახელოვნებული არქიტექტორია. ის ეხმარება ერთგულ ქრისტიანს, ‘ღვთის თანამშრომელ’ მასწავლებელს, რომელიც დაინტერესებულს ასწავლის და აღაშენებს (1 კორინთელთა 3:9). მაგრამ ამ საქმეში თავისი წვლილი დაინტერესებულმაც უნდა შეიტანოს. საბოლოო ჯამში, ის აგებს პასუხს საკუთარი ცხოვრების წესზე (რომაელთა 14:12). მან დიდი ჯაფა უნდა გასწიოს, რომ შეიძინოს და ხასიათში „ჩაიშენოს“ კარგი ქრისტიანული თვისებები (2 პეტრე 1:5–8).
7. რა სირთულეებს აწყდება ზოგი ქრისტიანი და რით შეუძლიათ მათ ინუგეშონ თავი?
7 ნიშნავს თუ არა ეს, რომ გენეტიკურ თავისებურებებს, გარემო პირობებსა და მასწავლებლის დონეს მნიშვნელობა არა აქვს? სულაც არა. ღვთის სიტყვაში აღნიშნულია, რომ თითოეულ მათგანს დიდი მნიშვნელობა და გავლენა აქვს. მრავალ ცოდვილ, უარყოფით მიდრეკილებას ადამიანი მემკვიდრეობით ღებულობს და მათთან გამკლავება ძალიან ძნელია (ფსალმუნი 50:7; რომაელთა 5:12; 7:21–23). აღზრდამ და ოჯახურმა გარემომ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ახალგაზრდაზე და, შესაბამისად, ის კარგ ან ცუდ პიროვნებად ჩამოყალიბდეს (იგავნი 22:6; კოლასელთა 3:21). იესომ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს მსჯავრი დასდო იმ ცუდი გავლენისთვის, რომელსაც მათი სწავლება ახდენდა ხალხზე (მათე 23:13, 15). ზემოხსენებული ფაქტორები დღეს ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას. მაგალითად, ზოგი მორწმუნე აწყდება სირთულეებს, რომლებიც მათმა ცუდმა ბავშვობამ გამოიწვია. ასეთების მიმართ გულმოწყალება და თანაგრძნობა უნდა გამოვავლინოთ. თვითონ ისინი კი ნუგეშს ჰპოვებენ ბიბლიურ ცნობაში, რომ შეუძლიათ არ გაიმეორონ მშობლების შეცდომები და გამოიჩინონ ერთგულება. განვიხილოთ, თუ როგორ გვიჩვენეს ეს ძველი იუდეის მეფეებმა.
იუდეის მეფეები — მათ საკუთარი არჩევანი გააკეთეს
8. რა არასახარბიელო მაგალითი ჰქონდა მამამისის მხრივ იოთამს, მაგრამ რა არჩევანი გააკეთა?
8 ყუზიაჰუ 16 წლის იყო, როდესაც იუდეის მეფე გახდა და 52 წელი მეფობდა. დიდი ხნის განმავლობაში ის „სწორედ იქცეოდა უფლის თვალში, ისევე, როგორც მამამისი ამაციაჰუ“ (მეოთხე მეფეთა 15:3). იეჰოვამ ის ომებში დიდი გამარჯვებებით აკურთხა. მაგრამ, სამწუხაროდ, ამან ყუზიაჰუ გაამედიდურა. ის გაამპარტავნდა და ტაძრის სამსხვერპლოზე საკმეველი აკმია. ამით იეჰოვასადმი დაუმორჩილებლობა გამოამჟღავნა, რადგან ღმერთს ეს მოვალეობა მღვდლებისთვის ჰქონდა დაკისრებული. ყუზიაჰუ გაკიცხეს, მაგრამ ამას პასუხად მისი განრისხება მოჰყვა. შემდეგ ის დამცირებულ იქნა — კეთრი შეეყარა და იძულებული გახდა მთელი დარჩენილი ცხოვრება განცალკევებით გაეტარებინა (მეორე ნეშტთა 26:16–23). როგორ რეაგირებდა ამაზე მისი ძე იოთამი? ამ ახალგაზრდა მამაკაცზე შესაძლებელი იყო, ადვილად მოეხდინა მამამისს გავლენა და იეჰოვაზე განაწყენებულიყო. ხალხსაც, ძირითადად, უარყოფითი ზეგავლენა უნდა ჰქონოდა, რადგან ისინი არასწორ რელიგიურ ჩვეულებებს მისდევდნენ (მეოთხე მეფეთა 15:4). მაგრამ იოთამმა პირადი არჩევანი გააკეთა. ის „სწორად იქცეოდა უფლის თვალში“ (მეორე ნეშტთა 27:2).
9. რას შეიძლებოდა ახაზზე დადებითი გავლენა მოეხდინა, მაგრამ როგორ წარიმართა მისი ცხოვრება?
9 იოთამმა დაახლოებით 16 წელი იმეფა და ბოლომდე იეჰოვას ერთგული დარჩა. ამიტომ მის ძეს, ახაზს, მამისგან ერთგულების შესანიშნავი მაგალითი ჰქონდა. ახაზზე სხვა ფაქტორებსაც უნდა მოეხდინა დადებითი გავლენა. ის ისეთ დროს ცხოვრობდა, როდესაც ქვეყანაში აქტიურად წინასწარმეტყველებდნენ ესაია, ოსია და მიქა. მაგრამ მან ცუდი არჩევანი გააკეთა. „არ იქცეოდა ისე სწორად უფლის თვალში, როგორც მამამისი დავითი“. მან ჩამოასხა ბაალის ქანდაკებები, თაყვანს სცემდა მათ და საკუთარ ძეებსაც კი ცეცხლში ატარებდა წარმართული ღმერთებისთვის შესაწირად. მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ კარგი მაგალითები ჰქონდა, ის ძალიან ცუდი მეფე და იეჰოვას ცუდი მსახური აღმოჩნდა (მეორე ნეშტთა 28:1–4).
10. როგორი მამა იყო ახაზი, მაგრამ როგორი არჩევანი გააკეთა მისმა ძემ, ხიზკიამ?
10 წმინდა თაყვანისმცემლობის მხრივ, ძნელია წარმოიდგინო ახაზზე უარესი მამა. მაგრამ მის ძეს, ხიზკიას, არ შეეძლო მამა თავისი სურვილისამებრ აერჩია. შვილები, რომლებიც ახაზმა ბაალს შესწირა მსხვერპლად, ხიზკიას ღვიძლი ძმები იყვნენ. განაპირობა ასეთმა საშინელმა წარმოშობამ, რომ ხიზკია იეჰოვას ორგული ყოფილიყო? პირიქით, ის იუდეის ერთ-ერთი საუკეთესო მეფე იყო — ერთგული, ბრძენი და დასაფასებელი ადამიანი. „უფალი იყო მასთან“ (მეოთხე მეფეთა 18:3–7). არსებობს მტკიცებები, რომ ხიზკიამ ღვთის შთაგონებით ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაწერა 118-ე ფსალმუნი. მაშინ ძნელი არ არის იმის გაგება, თუ რატომ ჩაწერა მან შემდეგი სიტყვები: „დადნა სული ჩემი ნაღვლიანობით“ (ფსალმუნი 118:28). უდიდესი განსაცდელების მიუხედავად, ხიზკია ცხოვრებაში იეჰოვას სიტყვით ხელმძღვანელობდა. 118-ე ფსალმუნის 105-ე მუხლში ნათქვამია: „ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე — ჩემი ბილიკისათვის“. დიახ, ხიზკიამ პირადი არჩევანი, სწორი არჩევანი, გააკეთა.
11. ა) როგორ ეურჩებოდა მენაშე იეჰოვას მიუხედავად იმისა, რომ მამის კარგი მაგალითი ჰქონდა? ბ) როგორი არჩევანი გააკეთა მენაშემ მოგვიანებით და რა შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან?
11 საოცარია, მაგრამ იუდეის ერთ-ერთი საუკეთესო მეფის ძე ერთ-ერთი ყველაზე უვარგისი მეფე გამოდგა. ხაზკიას ძემ, მენაშემ, კერპთაყვანისმცემლობას, სპირიტიზმსა და საშინელი ბოროტმოქმედებას მიჰყო ხელი. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ელაპარაკა უფალი მენაშესა და მის ხალხს“, ალბათ, წინასწარმეტყველების საშუალებით (მეორე ნეშტთა 33:10). იუდეველთა გადმოცემის თანახმად, მენაშემ ესაია გადაახერხინა (შეადარეთ ებრაელთა 11:37). არ არის ცნობილი, თუ რამდენად შეესაბამება ეს ისტორია სიმართლეს, მაგრამ ფაქტია, რომ მენაშემ ღვთის არც ერთი გაფრთხილება არ იღო ყურად. მან თავისი პაპის, ახაზის, მსგავსად, რამდენიმე ვაჟი ცრუ ღმერთებს მსხვერპლად შესწირა და ცოცხლად დაწვა. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ამ ბოროტ მამაკაცს საშინელებები დაატყდა თავს, მოინანია და შეიცვალა (მეორე ნეშტთა 33:1–6, 11–20). მისი მაგალითი გვიჩვენებს, რომ ადამიანი, რომელმაც საშინელი გზა აირჩია, განწირული არ არის. მას შეუძლია შეიცვალოს.
12. რა ურთიერთსაწინააღმდეგო არჩევანი გააკეთეს ამონმა და იოშიაჰუმ იეჰოვას მსახურებასთან დაკავშირებით?
12 მენაშეს ძეს, ამონს, ბევრი რამის სწავლა შეეძლო მამამისის მონანიებიდან. მაგრამ მან არასწორი არჩევანი გააკეთა. ამონმა „გაამრავლა. . . დანაშაული“, ვიდრე საბოლოოდ არ მოკლეს. მისი ძე იოშიაჰუ მისგან სრულიად განსხვავებული იყო. იოშიაჰუმ, როგორც ჩანს, პაპამისის შემთხვევა გაკვეთილად გამოიყენა. იოშიაჰუ მხოლოდ 8 წლისა იყო, როცა გამეფდა. 16 წლისამ იეჰოვას ძიება დაიწყო და სამაგალითო, ერთგული მეფე იყო (მეორე ნეშტთა 33:20—34:5). მან სწორი არჩევანი გააკეთა.
13. ა) რას ვსწავლობთ იუდეის მეფეების ისტორიიდან? ბ) რამდენად მნიშვნელოვანია აღზრდა?
13 იუდეის შვიდი მეფის ისტორიის ამ მოკლე მიმოხილვიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ზოგჯერ ცუდ მეფეებს კარგი ვაჟები ჰყავდათ და პირიქით, კარგებს — ცუდები (შეადარეთ ეკლესიასტე 2:18–21). მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელობა არა აქვს აღზრდას. მშობლები, რომლებიც შვილებს იეჰოვას გზებს ასწავლიან, ხელს უწყობენ მათ, რომ იეჰოვას ერთგული მსახურები გახდნენ (მეორე რჯული 6:6, 7). მაგრამ ზოგი შვილი, ერთგული მშობლების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ცხოვრებაში ცუდ კურსს ირჩევს. სხვები, მშობლების ძალზე ცუდი გავლენის მიუხედავად, იეჰოვას სიყვარულსა და მსახურებას ირჩევენ. ღვთის კურთხევით ისინი წარმატებებს აღწევენ. დროდადრო ხომ არ გაწუხებთ იმაზე ფიქრი, თუ რომელი შემთხვევა გამართლდება თქვენზე? განვიხილოთ, თუ როგორ გვარწმუნებს იეჰოვა, რომ თქვენ შეგიძლიათ სწორი არჩევნის გაკეთება!
იეჰოვას სჯერა თქვენი!
14. საიდან ვიცით, რომ იეჰოვას ესმის, თუ რისი გაკეთების ძალა შეგვწევს?
14 იეჰოვა ყველაფერს ხედავს. იგავნის 15:3 ამბობს: „ყველგან უფლის თვალებია, ხედავენ უკეთურებს და კეთილებს“. მეფე დავითმა იეჰოვას მიმართა: „ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა, როცა ჯერ არ არის არც ერთი მათგანი“ (ფსალმუნი 138:16). ასე რომ, იეჰოვამ იცის, თუ რა უარყოფით მიდრეკილებებთან გიწევთ გამკლავება. ეს შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი ან სხვა თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეძენილი. მას ბოლომდე ესმის, თუ რა გავლენას მოახდენდა თქვენზე სხვადასხვა გარემოებები. იეჰოვას თქვენზე უკეთესად ესმის, თუ რა აღემატება თქვენს ძალებს. ის გულმოწყალეა. ის არასოდეს მოელის ჩვენგან იმაზე მეტს, რის გაკეთებაც შეგვიძლია (ფსალმუნი 102:13, 14).
15. ა) რა ნუგეშის წყარო არსებობს მათთვის, რომლებიც სხვების მიერ შეგნებულად ჩადენილი ცუდი საქციელის მსხვერპლნი გახდნენ? ბ) რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს იეჰოვა თითოეულ ჩვენგანს?
15 მეორე მხრივ, იეჰოვა სულაც არ მიგვიჩნევს მდგომარეობის უმწეო მსხვერპლებად. თუ წარსულში ბოროტება გაგვიკეთეს, შეგვიძლია თავი ვინუგეშოთ იმით, რომ იეჰოვას სძულს ყოველგვარი შეგნებულად ჩადენილი ცუდი საქციელი (ფსალმუნი 10:5; რომაელთა 12:19). მაგრამ განა არ მოგვთხოვს ის პასუხს, თუ ჩვენც შეგნებულად გავაკეთებთ ცუდ არჩევანს? რა თქმა უნდა, მოგვთხოვს. ღვთის სიტყვა ამბობს: „თითოეული იტვირთავს საკუთარ ტვირთს“ (გალატელთა 6:5, სსგ). იეჰოვა თითოეულ გონიერ ქმნილებას აკისრებს პასუხისმგებლობას, ქმნას სიმართლე და ემსახუროს მას. მოსემ შემდეგი სიტყვებით მიმართა ისრაელ ერს: „ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ“ (მეორე რჯული 30:19). იეჰოვა დარწმუნებულია, რომ ჩვენც შეგვიძლია სწორი არჩევნის გაკეთება. საიდან ვიცით ეს?
16. როგორ შეგვიძლია მიზანს მივაღწიოთ, როდესაც ‘გადასარჩენად ვიღვწით’?
16 ყურადღება მიაქციეთ, თუ რას წერდა მოციქული პავლე: „ამიტომ, ჩემო საყვარლებო. . . შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს გადასარჩენად. იმიტომ, რომ ღმერთი იქმს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით“ (ფილიპელთა 2:12, 13, აფ). ბერძნული სიტყვა, რომელიც გადმოითარგმნა როგორც „იღვაწეთ“, ამ შემთხვევაში, რაღაცის ბოლომდე მიყვანას ნიშნავს. ასე რომ, არც ერთმა ჩვენგანმა არ უნდა ვიფიქროთ, რომ წარუმატებლები ვიქნებით. იეჰოვა ღმერთი დარწმუნებულია, რომ ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ საქმეს, რომელიც მან დაგვავალა; საქმეს, რომელიც გადარჩენამდე მიგვიყვანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ შთააგონებდა ამ სიტყვის ჩაწერას. მაგრამ როგორ შეგვიძლია მიზნის მიღწევა? ამას საკუთარი ძალებით ვერ შევძლებთ. თუ ჩვენ თვითონ ვიქნებოდით საკმაოდ მტკიცენი, მაშინ ‘შიში და ძრწოლა’ საჭირო აღარ იქნებოდა. იეჰოვა ‘იქმს [მოქმედებს] ჩვენში’, მისი სულიწმიდა გავლენას ახდენს ჩვენს გონებასა და გულზე და გვეხმარება, გვქონდეს ‘სურვილიც და მოქმედებაც’. როდესაც ღმერთი სიყვარულით ასე გვეხმარება, განა არსებობს რაიმე საფუძველი იმისთვის, რომ არ გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ამ არჩევნის თანახმად არ ვიცხოვროთ? არა! (ლუკა 11:13).
17. როგორ შეგვიძლია შევიცვალოთ და როგორ გვეხმარება ამაში იეჰოვა?
17 ჩვენ სირთულეების დაძლევა მოგვიწევს. ეს სირთულეები შეიძლება იყოს ცუდი ჩვევები და საზიანო გავლენა, რომლებიც აზროვნებას ამახინჯებენ. მიუხედავად ამისა, იეჰოვას სულის დახმარებით შევძლებთ მათ დაძლევას! პავლეს მიერ კორინთელი ქრისტიანების მიმართ მიწერილი სიტყვების თანახმად, ღვთის სიტყვას ‘სიმაგრეთა დანგრევის ძალაც’ კი შესწევს (2 კორინთელთა 10:4). ასე რომ, იეჰოვას შეუძლია დაგვეხმაროს რადიკალური ცვლილებების მოხდენაში. მისი სიტყვა მოგვიწოდებს, ‘მივატოვოთ ძველი კაცი’ და ‘შევიმოსოთ ახალ კაცად, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით’ (ეფესელთა 4:22–24). ნამდვილად შეუძლია იეჰოვას სულს, დაგვეხმაროს ასეთი ცვლილებების მოხდენაში? დიახ! ღვთის სული ჩვენში წარმოქმნის შესანიშნავ, ძვირფას თვისებებს, რომელთა განვითარებაც ყველა ჩვენგანს სურს. უმთავრესი მათ შორის სიყვარულია (გალატელთა 5:22, 23).
18. რა არჩევნის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ გონიერ ადამიანს და რა გადაწყვეტილების მიღებაში უნდა დაგვეხმაროს ეს?
18 ამის ცოდნა შვებას გვგვრის. იეჰოვა მოსიყვარულე ღმერთია, ჩვენ კი მის მსგავსად ვართ შექმნილები (დაბადება 1:26; 1 იოანე 4:8). ასე რომ, შეგვიძლია იეჰოვასადმი სიყვარული გამოვამჟღავნოთ. სიყვარულია ჩვენი მომავლის გასაღები და არა ადრინდელი ცხოვრება ან შეძენილი ნაკლოვანებები და მემკვიდრეობით მიღებული ცუდის კეთებისკენ მიდრეკილება. იეჰოვასადმი სიყვარული სჭირდებოდათ ადამსა და ევას, ედემის ბაღში ერთგულება რომ შეენარჩუნებინათ. ღვთის სიყვარული თითოეულ ჩვენგანს გვჭირდება, რომ გადავიტანოთ არმაგედონი და ქრისტეს ათასწლიანი მეფობის ბოლოს საბოლოო გამოცდას გავუძლოთ (გამოცხადება 7:14; 20:5, 7–10). მდგომარეობის მიუხედავად, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ასეთი სიყვარულის განვითარება (მათე 22:37; 1 კორინთელთა 13:13). მოდით შევიყვაროთ იეჰოვა და ამ სიყვარულზე ვაშენოთ მთელი მარადიულობის განმავლობაში.
როგორ ფიქრობთ?
◻ რომელი პოპულარული შეხედულებები არ ეთანხმება ჭეშმარიტ ბიბლიურ სწავლებას პირად პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით?
◻ რა აღმშენებლობით საქმეს უნდა ეწეოდეს თითოეული ქრისტიანი საკუთარ თავში?
◻ როგორ ცხადყოფს იუდეის მეფეთა მაგალითები, რომ თითოეული ადამიანი პირად არჩევანს აკეთებს?
◻ როგორ გვარწმუნებს იეჰოვა, რომ შეგვიძლია ცხოვრებაში სწორი არჩევნის გაკეთება მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ზეგავლენის მომხდენი ფაქტორები მრავლადაა?
[სურათი 15 გვერდზე]
გენებზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი?
[სურათი 17 გვერდზე]
მამის ცუდი მაგალითის მიუხედავად, მეფე იოშიაჰუმ ღვთის მსახურება აირჩია.