საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 11/15 გვ. 21-24
  • ვინ იყვნენ მაკაბელები?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვინ იყვნენ მაკაბელები?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ელინიზმის ტალღა
  • სამღვდელოების გახრწნილება
  • ანტიოქე ამოქმედდა
  • წინააღმდეგობის გაწევა მაკაბელთა მხრიდან
  • ტაძრის დაბრუნება
  • პოლიტიკამ სძლია ღვთისმოშიშობას
  • ხასმონელები (ხეშმონელები) და მათი მემკვიდრეობა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • მეფეთა ორთაბრძოლა
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
  • თავდასხმა ბიბლიაზე
    გამოიღვიძეთ! — 2011
  • ადრინდელი ქრისტიანები და ბერძნული კულტურა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 11/15 გვ. 21-24

ვინ იყვნენ მაკაბელები?

ბევრისთვის მაკაბელთა პერიოდი, რომელიც გრძელდება ებრაული წერილების დამთავრებიდან იესო ქრისტეს მოსვლამდე, თვითმფრინავის დაღუპვის შემდეგ ნაპოვნი შავი ყუთის მსგავსია. როგორც შავი ყუთის გამოკვლევით ზოგი რამ გარკვეულწილად ნათელი ხდება, მაკაბელებზე გარკვეულ ინფორმაციას მივიღებთ, თუ დაკვირვებით გადავხედავთ მათს ერას, ისრაელთათვის გარდაქმნისა და დიდი ცვლილებების ეპოქას.

ვინ იყვნენ მაკაბელები? რა გავლენა მოახდინეს ნაწინასწარმეტყველები მესიის მოსვლამდე იუდაიზმზე? (დანიელი 9:25, 26).

ელინიზმის ტალღა

ალექსანდრე მაკედონელმა საბერძნეთიდან ინდოეთამდე მთელი ტერიტორია დაიპყრო (ძვ. წ. 336—323 წლები). მისმა უდიდესმა სამეფომ ხელი შეუწყო ელინიზმის, ბერძნული ენისა და კულტურის, გავრცელებას. ალექსანდრეს ოფიცრები და მეომრები ქორწინდებოდნენ ადგილობრივებზე, რის გამოც ბერძნული კულტურა სხვა ერებში გაითქვიფა. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მისი სამეფო მის გენერლებს შორის გაიყო. ძვ. წ. მეორე საუკუნის დასაწყისში ანტიოქე III, ელინისტურ სელევკიდთა დინასტიის წარმომადგენელი სირიაში, წაეპოტინა ისრაელს, რომელიც იმ დროს ელინისტური ეგვიპტის პტოლემაელთ ეპყრო. რა გავლენა მოახდინა ისრაელებზე ელინისტურმა მმართველობამ?

ერთი ისტორიკოსი წერს: „რაკი ისრაელებმა ვერ აარიდეს თავი ელინისტ ქვეყნებთან ურთიერთობას და ნაკლები კონტაქტი ჰქონდათ სხვა სახელმწიფოებში მყოფ ებრაელებთან, ბერძნული კულტურისა და ბერძნული აზროვნების ათვისება გარდაუვალი იყო. . . ელინისტური ეპოქა ხომ ბერძნულ კულტურაში გათქვეფას ნიშნავდა!“ ისრაელებმა გადაიღეს ბერძნული სახელები; მეტნაკლებად აითვისეს ბერძნული ადათ-წესები და ჩაცმულობა. შეუმჩნევლად ძლიერდებოდა ასიმილაცია.

სამღვდელოების გახრწნილება

ებრაელთა შორის ელინიზმის გავლენას ყველაზე მეტად სამღვდელოება დაექვემდებარა. ბევრი მათგანისთვის ელინიზმის აღიარება დროის კვალდაკვალ იუდაიზმის მიყოლას ნიშნავდა. ერთ-ერთი ასეთი ებრაელი იყო იასონი (ებრაულად, იეშუა), მღვდელმთავარ ონიას III-ს ძმა. ონიასის ანტიოქიაში ყოფნის დროს იასონმა ბერძენ მთავრებს ქრთამი შეაძლია. რატომ? მას სურდა, დაეთანხმებინა ისინი, რომ ონიასის ნაცვლად თვითონ დანიშნულიყო მღვდელმთავრად. ელინისტურ სელევკიდთა მმართველმა ანტიოქე ეპიფანემ (ძვ. წ. 175—164 წლები) დიდი სიხარულით მიიღო ძღვენი. ბერძენი მმართველები არასოდეს ჩარეულან ისრაელთა მღვდელმთავრობის საკითხში, მაგრამ იმ დროს ანტიოქეს საბრძოლო ლაშქრობებისთვის თანხები ესაჭიროებოდა. მას ისიც აწყობდა, რომ ისრაელში ჰყოლოდა იუდეველი წინამძღოლი, რომელიც ხელს შეუწყობდა ელინიზმის გაძლიერებას. იასონის თხოვნაზე ანტიოქემ იერუსალიმს ბერძნული ქალაქის (პოლისის) სტატუსი უბოძა. ამის მისასალმებლად იასონმა იერუსალიმში ბერძნული სკოლები და საასპარეზო გიმნაისონები გახსნა და ებრაელი ყმაწვილებითა და მღვდლებით გაავსო.

ვერაგობამ ვერაგობა მოიმკა. სამი წლის შემდეგ მენელაოსმა, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, არ იყო სამღვდელოების ხაზის წარმომადგენელი, უფრო დიდი ქრთამი გაიღო და იასონს გაქცევა მოუწია. ანტიოქესთვის მენელაოსმა ტაძრის საგანძურიდან დიდძალი თანხა აიღო. ანტიოქიის ტყვეობაში მყოფმა ონიას III-მ ყოველივე ამის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა, რის გამოც მენელაოსმა ის მოაკვლევინა.

როდესაც ანტიოქეს სიკვდილზე ხმა გავრცელდა, იასონი ათასი კაცით დაბრუნდა იერუსალიმში, რომ მენელაოსი გადაეყენებინა და ისევ თვითონ გამხდარიყო მღვდელმთავარი. მაგრამ ანტიოქეს სიკვდილის ამბავი არ იყო სიმართლე და, როდესაც ანტიოქემ გაიგო იასონის მოქმედებასა და ებრაელთა შორის ელინიზმის პოლიტიკით გამოწვეულ არეულობაზე, საშინელი სისასტიკით იძია შური.

ანტიოქე ამოქმედდა

წიგნში „მაკაბელები“ (The Maccabees) მწერალი მოშე პერლმენი წერს: „მიუხედავად იმისა, რომ ხელნაწერები არაა დეტალური, როგორც ჩანს, ანტიოქე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ებრაელებისთვის რელიგიური თავისუფლების მინიჭება პოლიტიკური შეცდომა იყო. მისი აზრით უკანასკნელი აჯანყება იერუსალიმში რელიგიური მოტივით კი არ იყო, არამედ იუდეაში გაბატონებული პროეგვიპტური განწყობით, და ეს პოლიტიკური მოსაზრებები ნამდვილად სახიფათო იყო, რადგან ანტიოქეს ქვეშევრდომთაგან მხოლოდ ისრაელები ცდილობდნენ რელიგიურ განცალკევებას და საამისოდ საკმაო თავისუფლებაც ჰქონდათ მინიჭებული. . . და ამას, მისი გადაწყვეტილებით, ბოლო უნდა მოღებოდა“.

ისრაელის სახელმწიფო მოღვაწე და მეცნიერი აბბა ებენი შემდგომ მოვლენებს აჯამებს: „168—167 წლებში [ძვ. წ.] ებრაელები ერთმანეთზე მიყოლებით ამოჟლიტეს, ტაძარი გაძარცვეს, მათი რელიგია აკრძალეს. წინადაცვეთას სიკვდილით სჯიდნენ, ასევე — შაბათების დაცვასაც. უკანასკნელი წვეთი იყო 167 წლის დეკემბერში მომხდარი, როდესაც ანტიოქეს ბრძანებით ზევსის საკურთხეველი აღმართეს იერუსალიმის ტაძარში და ბერძენთა ღვთისთვის ებრაელებს ღორის, მოსეს რჯულით უწმინდური ცხოველის, მსხვერპლად შეწირვა მოსთხოვეს“. იმ პერიოდში მენელაოსი ელინისტ ებრაელობასთან ერთად ისევ დიდებულ მდგომარეობას ფლობდა და წაბილწულ ტაძარში მსახურობდა.

იმ დროს, როდესაც ბევრი ებრაელი ელინისტი ხდებოდა, ჩამოყალიბდა ახალი ჯგუფი, რომლის წევრებიც თავიანთ თავს ხასიდებს, ღვთისმოსავებს, უწოდებდნენ და ყველას მოსეს რჯულის უფრო მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებდნენ. ელინისტი მღვდლებისადმი ზიზღის გამო უბრალო ხალხი თანდათან უფრო ხასიდებს ემხრობოდა. ებრაელებისთვის ყველგან სასტიკი წამების ჟამი იდგა: აიძულებდნენ, გადაეღოთ წარმართული ადათ-წესები და მსხვერპლშეწირულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკვდილით სჯიდნენ. „მაკაბელთა“ აპოკრიფულ წიგნებში მოხსენიებულია მრავალი ქალი, კაცი და ბავშვი, რომლებმაც სხვა რჯულზე გადასვლას სიკვდილი არჩიეს.

წინააღმდეგობის გაწევა მაკაბელთა მხრიდან

ანტიოქეს უკიდურესმა სისასტიკემ მრავალ ებრაელს უბიძგა, რელიგია ბრძოლით დაეცვა. იერუსალიმის ჩრდილო-დასავლეთით, თანამედროვე ქალაქ ლოდის მახლობლად, მოდეინში, მღვდელი მატათია ქალაქის ცენტრში გამოიხმეს. ადგილობრივი მაცხროვრებლები მატათიას დიდ პატივს სცემდნენ და ამიტომ მეფის მოხელეები ცდილობდნენ, მიეღებინებინათ მისთვის მონაწილეობა წარმართულ მსხვერპლშეწირვაში, რომ სიკვდილით არ დასჯილიყო და დანარჩენებისთვის მაგალითი მიეცა. მატათიამ მტკიცე უარი თქვა, მაგრამ მის ნაცვლად თანხმობა სხვა ებრაელმა განაცხადა. აღშფოთებულმა მატათიამ მახვილი იძრო და იქვე სიცოცხლეს გამოასალმა ის. ხუცესი კაცის ასეთ გახელებულ რეაქციაზე ბერძენ ჯარისკაცებს მყისიერად არ უმოქმედიათ. სულ რამდენიმე წამში მატათიამ ბერძენი ოფიცერიც მოკლა. სანამ ბერძნები გონს მოვიდოდნენ, მატათიას ხუთმა ვაჟმა და ქალაქის მოსახლეობამ სძლია მათ ჯარებს.

მატათია ხალხს მიუბრუნდა და მოუწოდა: ‘ვისაც რჯულისა და მცნებათა გადარჩენა გსურს, მომყევით’! გადასარჩენად მან და მისმა ვაჟებმა თავი მთებს შეაფარეს. და, როდესაც მათი ნამოქმედარი ყველამ გაიგო, ბევრი ებრაელი (მათ შორის ხასიდებიც) შეუერთდა მათ.

მატათიამ თავისი ძე იუდა ჯარის სარდლად დანიშნა. სავარაუდოა, რომ გამორჩეული მეომრობის გამო მას მაკაბელი უწოდეს, რაც ნიშნავს „ჩაქუჩს“. მატათიასა და მის ძეებს ხასმონელთ (ხეშმონელთ) უწოდებდნენ, რაც ან ქალაქ ხეშმონის, ან წინაპრის სახელიდან მომდინარეობს (იესო ნავეს ძე 15:27). ჯანყის დროს იუდამ განსაკუთრებით გაითქვა სახელი და ამიტომ მთელს ოჯახს მაკაბელებად იხსენიებდნენ.

ტაძრის დაბრუნება

მატათიამ და მისმა ვაჟებმა აჯანყების პირველ წელსვე ჩამოაყალიბეს პატარა ჯარი. შაბათობით ბერძენი მეომრები ხშირად ესხმოდნენ თავს ხასიდ მებრძოლებს. მიუხედავად იმისა, რომ აჯანყებულებს შეეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა, შაბათის დაცვას არ ტეხდნენ. ამით ისარგებლეს ბერძნებმა და ბევრი ამოჟლიტეს. მატათიამ, ამჯერად რელიგიური ძალაუფლების მქონემ, ახალი კანონი შემოიღო, რაც ებრაელებს შაბათობით თავის დაცვის ნებას რთავდა. ამ გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ ფრთები შეასხა აჯანყებულებს, არამედ სანიმუშოც გახდა იუდაიზმში: ეს საშუალებას აძლევდა რელიგიურ წინამძღოლებს, რჯული ცვალებადი მდგომარეობებისთვის მოერგოთ. თალმუდში ეს ტენდენცია შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: „დაე დაარღვიონ ერთი შაბათი სხვა შაბათების განსაწმედად“ (იომა 85ბ).

მხცოვანი მამის გარდაცვალების შემდეგ იუდა მაკაბელი გახდა აჯანყებულთა ერთპიროვნული წინამძღოლი. რაკი ესმოდა, რომ აშკარა ბრძოლით მტერს ვერ გაანადგურებდა, სხვა მეთოდს, პარტიზანულ ბრძოლას, მიმართა. მან ანტიოქეს ჯარებს სწორედ იქ შეუტია, სადაც ისინი ვერ მიმართავდნენ თავდაცვის ჩვეულ მეთოდებს. ამგვარად, ასეთი ურიცხვი შეტაკებებით იუდამ თავზარი დასცა თავისზე გაცილებით დიდ ჯარს.

რომის გაძლიერებისა და სელევკიდთა იმპერიის შინაომების გამო ბერძენ მმართველებს ნაკლებად აწუხებდათ ებრაელთა მორჯულება. ამან საშუალება მისცა იუდას, რომ იერუსალიმის ჭიშკარზე მიეტანა იერიში. ძვ. წ. 165 წლის (შესაძლოა ძვ. წ. 164 წლის) დეკემბერში მან თავისი ჯარით დაიკავა ტაძარი, განწმინდა ტაძრის ჭურჭელი და ტაძრის გაუწმინდურებიდან ზუსტად სამი წლისთავზე გამართა ხელახალი კურთხევის დღე. ებრაელები ყოველწლიურად აღნიშნავენ კურთხევის დღესასწაულს ხანუკას დროს.

პოლიტიკამ სძლია ღვთისმოშიშობას

აჯანყებამ მიზანს მიაღწია. იუდაიზმი აღარ იყო აკრძალული. ტაძარში თაყვანისმცემლობა და მსხვერპლშეწირულობა აღდგა. კმაყოფილმა ხასიდებმა დატოვეს იუდა მაკაბელის ჯარი და ოჯახებს დაუბრუნდნენ. მაგრამ იუდას ახლა სხვა რამ ჰქონდა ჩაფიქრებული მას ყავდა კარგად გაწვრთნილი მეომრები და რატომ არ უნდა გამოეყენებინა ჯარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად? აჯანყების რელიგიური მოტივი ამჯერად პოლიტიკურმა მიზნებმა შეცვალა. ასე რომ, ბრძოლა გაგრძელდა.

სელევკიდთა იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდასაჭერად იუდა მაკაბელმა ხელშეკრულება დადო რომთან. მიუხედავად იმისა, რომ ძვ. წ. 160 წლის ბრძოლის დროს იუდა დაიღუპა, მისი ადგილი მისმა ძმებმა დაიკავეს. იუდას ძმამ, იონათანმა, საქმე ისე წარმართა, რომ სელევკიდთა მმართველებმა თანხმობა განაცხადეს იუდეის მღვდელმთავრად და მბრძანებლად მის დანიშვნაზე, მაგრამ იუდეა მაინც მათს ქვეშევრდომად რჩებოდა. როდესაც სირიელთა მუხანათობით იონათანი დაატყვევეს და მოკლეს, მისი ადგილი მისმა ძმამ, სიმონმა, მაკაბელთაგან უკანასკნელმა, დაიკავა. სიმონის ხელმძღვანელობით სელევკიდთა ბატონობის უკანასკნელი კვალიც წაიშალა (ძვ. წ. 141 წელი). სიმონმა განაახლა ხელშეკრულება რომთან და ებრაელთა ხელმძღვანელობამ ის მმართველად და მღვდელმთავრად აღიარა. ამგვარად, მაკაბელთა მიერ ჩამოყალიბდა ხასმონელთა დამოუკიდებელი დინასტია.

მაკაბელებმა მესიის მოსვლამდე აღადგინეს თაყვანისმცემლობა ტაძარში (შეადარეთ იოანე 1:41, 42; 2:13–17). მაგრამ ელინისტი მღვდლების მოქმედების გამო ხალხს სამღვდელოების მიმართ ნდობა დაეკარგა, ხასმონელთა დროს კი მდგომარეობა უფრო გაუარესდა. ფაქტია, რომ პოლიტიკური ორიენტაციის მქონე მღვდლებს, ერთგული დავითის შთამომავალი მეფისგან განსხვავებით, ისრაელებისთვის ნამდვილი კეთილდღეობა არ მოუტანიათ (მეორე მეფეთა 7:16; ფსალმუნი 88:4, 5, 36, 37).

[სურათი 21 გვერდზე]

მატათიამ, იუდა მაკაბელის მამამ, ხალხს მოუწოდა: ‘ვისაც რჯულისა და მცნებათა გადარჩენა გსურთ, მომყევით’!

[საავტორო უფლება]

Mattathias appealing to the Jewish refugees/The Doré Bible Illustrations/Dover Publications

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება