რჩება შობის დღესასწაულში ქრისტესთვის ადგილი?
„ვერასოდეს ვეგუებოდი ზეიმს, რომელიც საშობაოდ იმართებოდა. ის ქრისტეს ცხოვრებასა და სწავლებასთან ძალიან შეუსაბამოდ მეჩვენებოდა“ (მოჰანდას კ. განდი).
მრავალი განდის მოსაზრების წინააღმდეგ გამოვიდოდა. „რა ესმის ქრისტიანული დღესასწაულის შესახებ ინდოელ სახელმწიფო მოღვაწეს?“ — შეიძლება ეთქვათ მათ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ შობა თითქმის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და მან ყოველგვარ კულტურაში შეაღწია. ეს დღესასწაული, როგორც ჩანს, ყოველ დეკემბერს ყველგან იმართება.
მაგალითად, დღეს დაახლოებით 145 მილიონი აზიელი დღესასწაულობს შობას, რაც 40 მილიონით აღემატება 10 წლის წინანდელ მონაცემებს. თუ განდი ამ „ზეიმში“ თანამედროვე შობის არარელიგიურ მხარეს — მომხმარებლის ინტერესების ინტენსიურ გაღვივებას — გულისხმობდა, რასაც ყველა ჩვენგანი ვხედავთ, ძნელია, უარვყოთ, რომ ყველაზე მეტად დღესასწაულის ეს მხარეა წინ წამოწეული. ერთ-ერთი ჟურნალი აღნიშნავს: „აზიაში შობა — ჰონკონგში სადღესასწაულო განათებით, პეკინის სასტუმროების ვესტიბიულებში საშობაო ნაძვის ხეების მორთვითა და სინგაპურის საქმიან უბანში საშობაო გამოქვაბულების მოწყობით — უმთავრესად არარელიგიური (ძირითადად საცალო ვაჭრობის გამართვის) მოვლენაა“ (Asiaweek).
გვერდს უვლის შობის თანამედროვე ზეიმი ქრისტეს? 25 დეკემბერს ოფიციალურად ახ. წ. IV საუკუნიდან, იმ დროიდან, აღნიშნავენ, როდესაც რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ქრისტეს შობის რელიგიურ დღესასწაულად დააწესა. მაგრამ შეერთებულ შტატებში ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 33 პროცენტი მიიჩნევდა ქრისტეს დაბადებას შობის უმნიშვნელოვანეს მხარედ.
თქვენ რას ფიქრობთ? ხანდახან ხომ არ გეუფლებათ იმის გრძნობა, რომ, იმ მიმზიდველ რეკლამებსა და საჩუქრების სასწრაფოდ ყიდვაში, ხეების მორთვაში, წვეულებების მოწყობასა და მათზე დასწრებაში, ასევე ღია ბარათების გაგზავნაში ჩაფლულებს, იესო როგორღაც განზე გრჩებათ?
მრავალი, როგორც ჩანს, ფიქრობს, შობაში ქრისტეს კვლავ ჩართვის მიზნით, მოაწყოს საშობაო სცენა ანუ საშობაო გამოქვაბული. შეიძლება თქვენც გინახავთ ერთად თავმოყრილი სტატუეტები, რომლებითაც განსახიერებულია ბაგაში მწოლი ჩვილი იესო და მის გარშემო მარიამი, იოსები, რამდენიმე მწყემსი, „სამი ბრძენი მამაკაცი“, ანუ „სამი მეფე“, რამდენიმე მსხვილფეხა საქონელი და რამდენიმე დამსწრე. საყოველთაოდ გავრცელებულია ის აზრი, რომ ეს გამოქვაბულები ხალხს შობის ნამდვილ მნიშვნელობას ახსენებს. ერთ-ერთი ჟურნალის თანახმად, „გამოქვაბული უფრო ნათელ სურათს იძლევა, ვიდრე ნებისმიერი სახარება, თუმცა ამ ამბის არაისტორიულობასაც უსვამს ხაზს“ (U.S. Catholic).
მაგრამ როგორ შეიძლება საშობაო სცენებმა გვაფიქრებინოს, რომ ბიბლიაში, კერძოდ კი სახარების ცნობაში, მოთხრობილი ამბავი ისტორიული არ არის? ყველასათვის ცნობილი უნდა იყოს, რომ უცნაურ ფერებში აღწერილი პატარა სკულპტურები ლეგენდის ან ჯადოსნური ზღაპრის სუდარაში ხვევს ქრისტეს დაბადებას. თავიდან, XIII საუკუნეში, როდესაც საშობაო სცენა ერთმა ბერმა საყოველთაოდ ცნობილი გახადა, ის ძალიან სადად იყო წარმოდგენილი. დღეს ამ დღესასწაულთან ისე ბევრი სხვა რამ არის დაკავშირებული, რომ საშობაო სცენები დიდი კომერციული საასპარეზო გახდა. ნეაპოლის (იტალია) მაღაზიის დახლებზე მთელი წლის განმავლობაში იყიდება სტატუეტები, ანუ „პრეზეპები“, საშობაო სცენისთვის. ზოგი საკმაოდ პოპულარული სტატუეტი სახარების ცნობის პერსონაჟებს კი არ განასახიერებს, არამედ თანამედროვე სახელგანთქმულ პიროვნებებს, მაგალითად: პრინცესა დაიანას, დედა ტერეზასა და მოდელიორ ჯანი ვერსაჩეს. სხვაგან „პრეზეპის“ შოკოლადისგან, ერბოზელილი ცომისა და ზღვის ნიჟარებისგანაც კი აკეთებენ. ახლა შეგიძლიათ მიხვდეთ, თუ რატომ არ არის ძნელი ასეთი სცენების ისტორიულობის დანახვა.
მაშ, როგორ შეიძლება ასეთი საშობაო სცენები „უფრო ნათელ სურათს იძლეოდეს, ვიდრე ნებისმიერი სახარება“? არ არის სახარების ცნობა ნამდვილად ისტორიული? მაგარ სკეპტიკოსებსაც კი მოუწიათ ეღიარებინათ, რომ იესო ნამდვილად ისტორიული პიროვნება იყო. ასე რომ, ის ერთ დროს ნამდვილად უნდა ყოფილიყო ჩვილი, რომელიც რომელიღაც რეალურ ადგილას დაიბადა. ამიტომ უნდა არსებობდეს მისი დაბადების დროს არსებული მოვლენების შესახებ უფრო ნათელი სურათი, ვიდრე მხოლოდ საშობაო სცენებია.
ფაქტობრივად, ასეთი სურათი არსებობს. ორმა ისტორიკოსმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაწერა ცნობა იესოს დაბადების შესახებ. თუ ხანდახან იმის გრძნობა გეუფლებათ, რომ შობის დროს ქრისტე თითქმის უგულებელყოფილია, თავად რატომ არ გამოგეკვლიათ ეს ცნობები? მათში იპოვით არა ლეგენდებს ან მითებს, არამედ შესანიშნავ ისტორიას — იესოს დაბადების ნამდვილ ისტორიას.
[საავტორო უფლება 3 გვერდზე]
Border on pages 3-6, 8, and 9: Fifty Years of Soviet Art