ჩვენი განძი თიხის ჭურჭლებში
„მაგრამ ეს განძი ჩვენ გვაქვს თიხის ჭურჭლებში, რათა აღმატებული ძლიერება ღვთისა იყოს და არა ჩვენგან“ (2 კორინთელთა 4:7).
1. როგორ უნდა გაგვამხნევოს იესოს მაგალითმა?
იესომ დედამიწაზე ყოფნისას, როდესაც იეჰოვა ძერწავდა მას, თავად ნახა ადამიანებისთვის დამახასიათებელი სისუსტეები. რამდენად გამამხნევებელი უნდა იყოს ჩვენთვის მის მიერ უმწიკვლოების შენარჩუნების მაგალითი! მოციქული პეტრე გვეუბნება: „ამისათვის ხართ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ“ (1 პეტრე 2:21). გამოძერწვაზე მორჩილების გამოვლენის შედეგად, იესომ სძლია წუთისოფელს. ის მოციქულებსაც უნერგავდა ბრძოლაში გამარჯვების სულს (საქმეები 4:13, 31; 9:27, 28; 14:3; 19:8). რა გამამხნევებელი სიტყვები უთხრა ქრისტემ მოციქულებს მათთან უკანასკნელი საუბრის დასასრულს: „ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით. მე ვძლიე წუთისოფელს“! (იოანე 16:33).
2. წუთისოფლის ‘სიბრმავისგან’ განსხვავებით რა ‘ნათელი’ გვინათებს ჩვენ?
2 პავლე მოციქულმაც, მას შემდეგ, რაც ‘ამ წუთისოფლის ღვთის’ მიერ გამოწვეული სიბრმავე ‘სახარებისეული ნათლის ბრწყინვალებას’ დაუპირისპირა, ჩვენი ძვირფასი მსახურების შესახებ თქვა: „ეს განძი ჩვენ გვაქვს თიხის ჭურჭლებში, რათა აღმატებული ძლიერება ღვთისა იყოს და არა ჩვენგან. ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი. შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი; გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი“ (2 კორინთელთა 4:4, 7–9). მიუხედავად იმისა, რომ მყიფე ‘თიხის ჭურჭლები’ ვართ, ღმერთი თავისი სულიწმიდით ისე გვძერწავს, რომ სატანის წუთისოფელთან ბრძოლაში სრული გამარჯვება შეგვიძლია მოვიპოვოთ (რომაელთა 8:35–39; 1 კორინთელთა 15:57).
ძველი ისრაელის გამოძერწვა
3. როგორ აღწერა ესაიამ იუდეველთა გამოძერწვა?
3 იეჰოვა ძერწავს არა მხოლოდ ცალკეულ პიროვნებებს, არამედ მთელ ერსაც. მაგალითად, ძველი ისრაელი ყვაოდა, როდესაც იეჰოვას გამოძერწვის საშუალებას აძლევდა. მაგრამ ბოლოს დაუმორჩილებლობის გამო მან საკუთარი თავი მყარ მასალად იქცია. ამის შედეგად ისრაელს გამომსახველმა უბედურება დაატეხა თავს (ესაია 45:9). ძვ. წ. VIII საუკუნეში ისრაელების ცოდვებში ჩაფლობის შესახებ ესაია იეჰოვას ეუბნებოდა: „უფალო, ჩვენი მამა ხარ, ჩვენ თიხა ვართ და შენ ჩვენი გამომსახველი. შენი ხელის ქმნილება ვართ ყველანი. . . ჩვენი სანატრელი ადგილები გაუკაცრიელდა“ (ესაია 64:7–10). ისრაელი გამოიძერწა ისეთ ჭურჭლად, რომელიც მხოლოდ გასანადგურებლად გამოდგებოდა.
4. რა აჩვენა იერემიამ თვალსაჩინოდ?
4 ერთი საუკუნის შემდეგ, როდესაც განკითხვის ჟამი ახლოვდებოდა, იეჰოვამ იერემიას უთხრა, რომ აეღო თიხის დოქი, იერუსალიმის რამდენიმე უხუცესის თანხლებით წასულიყო ჰინომის ველზე და შემდეგნაირად მოქცეულიყო: „გატეხე დოქი იმ ხალხის თვალწინ, თან რომ წამოგყვნენ. უთხარი მათ: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ასე გავტეხავ ამ ხალხს და ამ ქალაქს, როგორც ტეხს კაცი მეთუნის ჭურჭელს, რომელიც აღარ გამრთელდება“ (იერემია 19:10, 11).
5. რა მასშტაბის იყო იეჰოვას მიერ ისრაელზე გამოტანილი განაჩენი?
5 ძვ. წ. 607 წელს ნაბუქოდონოსორმა მიწასთან გაასწორა იერუსალიმი და მისი ტაძარი, ხოლო გადარჩენილი იუდეველები ტყვედ წაასხა ბაბილონში. 70 წლიანი ტყვეობის შემდეგ მონანიე იუდეველებმა შეძლეს იერუსალიმში დაბრუნება და ქალაქისა და მისი ტაძრის აღდგენა (იერემია 25:11). მაგრამ ახ. წ. I საუკუნისთვის ერმა კვლავ მიატოვა თავისი დიდებული მექოთნე და, საბოლოოდ, ისე დაეცა, რომ უდიდესი დანაშაული ჩაიდინა — მოკლა ღვთის ძე. ახ. წ. 70 წელს ღმერთმა მსოფლიო მპყრობელი, რომი, გამოიყენა იუდეველთა სისტემის გასანადგურებლად და იერუსალიმისა და მისი ტაძრის გასაცამტვერებლად. იეჰოვა აღარასოდეს გამოძერწავდა ისრაელს როგორც ‘წმიდასა და დიდებულს’a.
სულიერი ერის გამოძერწვა
6, 7. ა) როგორ აღწერს პავლე სულიერი ისრაელის გამოძერწვას? ბ) რამდენია ‘წყალობის ჭურჭელთა’ სრული რაოდენობა და როგორ ივსებოდა ეს რიცხვი?
6 იუდეველები, რომლებმაც იესო მიიღეს, ახალი ერის, „ღვთის“ სულიერი ‘ისრაელის’, საძირკვლის წევრებად გამოიძერწნენ (გალატელთა 6:16). მართლაც რომ, მართებულია პავლეს სიტყვები: „ნუთუ მეკეცეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ თავისი მოზელილი თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო? . . ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელობით ითმენს დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს, რათა გამოაჩინოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად“ (რომაელთა 9:21–23).
7 მოგვიანებით მკვდრეთით აღდგენილმა იესომ ცხადყო, რომ ამ ‘წყალობის ჭურჭელთა’ რაოდენობა 144 000 იქნებოდა (გამოცხადება 7:4; 14:1, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, 1990). რადგან ხორციელმა ისრაელმა ვერ შეავსო ეს რიცხვი, იეჰოვამ თავისი გულმოწყალება სხვა ხალხებზეც განავრცო (რომაელთა 11:25, 26). ახალფეხადგმული ქრისტიანული კრება სწრაფად იზრდებოდა. 30 წელიწადში კეთილი ცნობა „ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23). ამიტომ მრავალ მიმოფანტულ კრებას სათანადო ზედამხედველობა სჭირდებოდა.
8. ვინ შედიოდა პირველი ხელმძღვანელი საბჭოს შემადგენლობაში და როგორ გაიზარდა ამ საბჭოს წევრთა რაოდენობა?
8 იესომ 12 მოციქული მოამზადა, რომლებიც პირველი ხელმძღვანელი საბჭოს წევრები გახდნენ; გარდა ამისა, მან მსახურებისთვის სხვებიც განსწავლა (ლუკა 8:1; 9:1, 2; 10:1, 2). ახ. წ. 33 წელს დაფუძნდა ქრისტიანული კრება, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ხელმძღვანელი საბჭოს წევრთა რაოდენობა გაიზარდა და მასში ‘მოციქულები და უხუცესებიც’ შევიდნენ. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იესოს ნახევარძმა იაკობი, მიუხედავად იმისა, რომ მოციქული არ იყო, როგორც ჩანს, ამ საბჭოს თავმჯდომარეობდა (საქმეები 12:17; 15:2, 6, 13; 21:18). ისტორიკოს ევსების თანახმად, მოციქულები დევნის განსაკუთრებული სამიზნე გახდნენ, რის გამოც აქეთ-იქით მიმოიფანტნენ. შესაბამისად იცვლებოდა ხელმძღვანელი საბჭოს შემადგენლობაც.
9. რა სამწუხარო მოვლენის განვითარება იწინასწარმეტყველა იესომ?
9 პირველი საუკუნის მიწურულისთვის ‘მტერმა, ეშმაკმა’, ‘ცათა სასუფევლის’ ხორბლისმაგვარ მემკვიდრეთა შორის ‘ღვარძლის’ ჩათესვა იწყო. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ეს სამწუხარო მოვლენა მკის დრომდე, ‘წუთისოფლის აღსასრულამდე’, გაგრძელდებოდა. შემდეგ კი ‘მართალნი მზესავით გაბრწყინდებოდნენ თავიანთი მამის სასუფეველში’ (მათე 13:24, 25, 37–43). როდის მოხდებოდა ეს?
ღვთის ისრაელის გამოძერწვა დღეს
10, 11. ა) როგორ დაიწყო ღვთის ისრაელის გამოძერწვა ჩვენს დღეებში? ბ) რა ურთიერთსაპირისპირო სწავლებები აღმოაჩნდათ ქრისტიანულ სამყაროსა და ბიბლიის გულწრფელ მკვლევარებს?
10 ჩარლზ ტეიზ რასელმა 1870 წელს პიტსბურგში (პენსილვანია, აშშ) ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფი ჩამოაყალიბა. 1879 წელს მან დღეს „საგუშაგო კოშკად“ ცნობილი ჟურნალის ყოველთვიურად გამოშვება დაიწყო. ბიბლიის ამ მკვლევარებმა (როგორც მათ უწოდებდნენ) მალე დაინახეს, რომ ქრისტიანულ სამყაროს გადმოღებული ჰქონდა ისეთი წარმართული სწავლებები, როგორიცაა: სულის უკვდავება, ჯოჯოხეთის ცეცხლი, განსაწმენდელი, სამპიროვნული ღმერთი და ჩვილების მონათვლა.
11 მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბიბლიური ჭეშმარიტების ამ მოყვარულებმა აღადგინეს ძირითადი ბიბლიური სწავლებები, ისეთები როგორიცაა: იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ხსნა, მკვდრეთით აღდგომა და შემდეგ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით მშვიდობიან დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრება. ყველაზე მეტად კი ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ მოახლოებული იყო იეჰოვა ღმერთის, როგორც სამყაროს უზენაესი უფლის, გამართლება. ბიბლიის მკვლევარებს სწამდათ, რომ მალე პასუხი გაეცემოდა იესოს ლოცვას: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:9, 10). ისინი ღვთის სულიწმიდის საშუალებით მშვიდობისმოყვარე მსოფლიო ქრისტიანულ საძმოდ იძერწებოდნენ.
12. როგორ გაიგეს ბიბლიის მკვლევარებმა მნიშვნელოვანი თარიღის შესახებ?
12 წიგნ „დანიელის“ მეოთხე თავისა და სხვა წინასწარმეტყველებების ძირფესვიანი შესწავლის საფუძველზე ბიბლიის მკვლევარები დარწმუნდნენ, რომ მესიანურ მეფედ იესოს თანდასწრება სულ მალე დაიწყებოდა. გაიგეს, რომ 1914 წელს „წარმართთა ჟამი“ ამოიწურებოდა (ლუკა 21:24; ეზეკიელი 21:31, 32). ბიბლიის მკვლევართა საქმიანობა სწრაფად მიიწევდა წინ; მათ მთელ შეერთებულ შტატებში ჩამოაყალიბეს ბიბლიური კლასები (რომლებსაც მოგვიანებით კრებები ეწოდა). ახალი საუკუნის დასაწყისისთვის მათ ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობა ევროპასა და ავსტრალაზიაშიც დაიწყეს. აუცილებელი გახდა კარგი ორგანიზება.
13. რა კანონიერი სტატუსი მოიპოვეს ბიბლიის მკვლევარებმა და როგორ გრანდიოზულ მსახურებას ეწეოდა საზოგადოების პირველი პრეზიდენტი?
13 კანონიერი სტატუსის მიღების მიზნით 1884 წელს შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ იქნა ბიბლიის მკვლევარების „სიონის საგუშაგო კოშკის“ საზოგადოება და პიტსბურგის (პენსილვანია) მთავარი სამმართველო. ამ საზოგადოების დირექტორები ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდნენ და მთელ დედამიწაზე ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებას უწევდნენ ზედამხედველობას. საზოგადოების პირველმა პრეზიდენტმა ჩარლზ ტ. რასელმა დაწერა ექვსტომიანი „საღვთო წერილის გამოკვლევა“ და ქადაგების მიზნით მრავალ ადგილს ეწვია. მან აგრეთვე სამეფოს შესახებ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას შესწირა მთელი ქონება, რაც კი ბიბლიის კვლევის დაწყებამდე შეიძინა. 1916 წელს, როდესაც ევროპაში მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ღონემიხდილი ძმა რასელი სამქადაგებლო მოგზაურობის დროს გარდაიცვალა. მან ყველაფერი ღვთის სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობის გაფართოებას შესწირა.
14. როგორ ‘იბრძოდა კეთილი ბრძოლით’ ჯ. ფ. რუტერფორდი? (2 ტიმოთე 4:7).
14 საზოგადოების მეორე პრეზიდენტი გახდა ჯოზეფ ფ. რუტერფორდი, რომელიც მანამდე გარკვეული პერიოდით მისურის მოსამართლე იყო. მის მიერ ბიბლიური ჭეშმარიტების უშიშრად დაცვის გამო ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება და პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ, რათა ‘უსამართლობა ჩაედინათ’. 1918 წლის 21 ივნისს ძმა რუტერფორდი და ბიბლიის სხვა შვიდი მკვლევარი ხელმძღვანელი ძმა დააპატიმრეს. სასამართლომ მათ მრავალი ბრალდება წაუყენა და ზოგს 10, ხოლო ზოგს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ბიბლიის მკვლევარებმა სცადეს თავის დაცვა (ფსალმუნი 93:20; ფილიპელთა 1:7). აპელაციის საფუძველზე 1919 წლის 26 მარტს ისინი გაათავისუფლეს, ხოლო მოგვიანებით სრულიად მოუხსნეს აჯანყებისკენ წაქეზების ცრუ ბრალდებაb. ამ შემთხვევამ ბიბლიის მკვლევარები ჭეშმარიტების გაბედულ დამცველებად გამოძერწა. იეჰოვას დახმარებით, ქვას ხეთქავდნენ და სულიერ ომში იმარჯვებდნენ, რათა, დიდი ბაბილონის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქვეყნოდ ემცნოთ კეთილი ცნობა. ეს ბრძოლა დღემდე, 1999 წლამდე, გრძელდება (შეადარეთ მათეს 23-ე თავს; იოანე 8:38–47).
15. რატომ იყო 1931 წელი ისტორიული მნიშვნელობის წელი?
15 ოცი—ოცდაათიანი წლების განმავლობაში დიდებული მექოთნე განაგრძობდა ღვთის ცხებული ისრაელის გამოძერწვას. ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს შუქი ეფინებოდა, რაც პატივს მიაგებდა იეჰოვას და ყურადღებას ამახვილებდა იესოს მესიანურ სამეფოზე. 1931 წელს ბიბლიის მკვლევარები მოხარული იყვნენ იმით, რომ მიიღეს ახალი სახელწოდება: „იეჰოვას მოწმეები“ (ესაია 43:10–12, აქ; მათე 6:9, 10; 24:14).
16 და ჩარჩო მე-19 გვერდზე. როდის შეივსო რიცხვი 144 000 და ამის რა მტკიცება არსებობს?
16 ოცდაათიან წლებში ‘მოწოდებულთა, რჩეულთა და სარწმუნოთა’ რიცხვი, 144 000, შეივსო (გამოცხადება 17:14; იხილეთ ჩარჩო მე-19 გვერდზე). ჩვენ არ ვიცით, თუ რამდენს მიაღწია ამ რიცხვმა პირველ საუკუნესა და ქრისტიანული სამყაროს დიდი განდგომილების შავბნელ პერიოდში, როდესაც ხორბალს ‘ღვარძლს’ შორის უწევდა ზრდა. მაგრამ 1935 წელს მთელ მსოფლიოში მაუწყებელთა საერთო რაოდენობიდან, 56 153-დან, გახსენების საღამოზე სიმბოლოები მიიღო 52 465-მა და ამით აჩვენა, რომ ზეციერი ცხოვრების იმედი ჰქონდა. რა მოუვიდოდათ მათ, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა შეგროვილიყვნენ?
„აჰა, უამრავი ხალხი“
17. რა ისტორიული მოვლენა მოხდა 1935 წელს?
17 კონგრესზე, რომელიც 1935 წლის 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ვაშინგტონში (კოლუმბიის ფედერალური ოლქი, აშშ) ჩატარდა, ძმა რუტერფორდმა წარმოთქვა მოხსენება, სათაურით: „უამრავი ხალხი“, რაც იქ დამსწრეთათვის სრულიად ახალი იყო. ეს ხალხი, „რომლის დათვლა არავის შეეძლო“, გამოჩნდებოდა მაშინ, როდესაც 144 000 სულიერი ისრაელის დაბეჭდვა დასასრულს მიუახლოვდებოდა. ისინიც გამოავლენდნენ რწმენას იესოს, ანუ ‘კრავის სისხლის’ გამომსყიდველური ძალისადმი და შეასრულებდნენ წმინდა მსახურებას იეჰოვას ტაძარში იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობაში მონაწილეობას მიიღებდნენ. ისინი ‘დიდ გასაჭირს’ გადაიტანდნენ და დედამიწაზე სამოთხეს დაიმკვიდრებდნენ — სამოთხეს, სადაც „აღარ იქნება სიკვდილი“. 1935 წლის კონგრესამდე რამდენიმე წლით ადრე ამ ჯგუფის შესახებ ლაპარაკობდნენ როგორც იონადაბზე (გამოცხადება 7:9–17; 21:4; იერემია 35:10).
18. რა მხრივ იყო 1938 წელი მნიშვნელოვანი?
18 ათას ცხრაას ოცდათვრამეტ წელს აშკარად გამოიკვეთა ეს ორი კლასი. იმავე წლის 15 მარტისა და 1 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული იყო ორი ნაწილისგან შემდგარი სასწავლო სტატიები „მისი ფარა“, რომელშიც ნათლად იყო აღწერილი ცხებულთა დარჩენილი ნაწილისა და მათი თანამშრომლების, უამრავი ხალხის, დამოკიდებულება. შემდეგ, 1 ივნისისა და 15 ივნისის ნომრებში, მოცემული იყო სასწავლო სტატიები, სათაურით „ორგანიზაცია“, რომელიც ესაიას 60:17-ზე იყო დაფუძნებული. ყველა კრებას მოუწოდეს, რომ ხელმძღვანელი საბჭოსთვის ეთხოვათ ადგილობრივი მსახურების დანიშვნა, რითაც ღვთის მიერ დაფუძნებული თეოკრატიული ღონისძიებები გაუმჯობესდებოდა. კრებები სწორედ ასე მოიქცნენ.
19 და სქოლიო. რა ფაქტები გვარწმუნებს, რომ ‘სხვა ცხვრების’ საყოველთაო მოწოდება ახლა უკვე 60 წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს?
19 „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულში“ (1939 წელი) აღნიშნული იყო: „ახლა დედამიწაზე ქრისტე იესოს ცხებულ მიმდევართა რაოდენობა მცირეა და ეს რიცხვი არასოდეს გაიზრდება. ისინი საღვთო წერილში სიონის, ღვთის ორგანიზაციის, შთამომავალთაგან ‘დარჩენილ ნაწილად’ არიან მოხსენიებული (გამოცხ. 12:17). ახლა უფალი კრებს ‘სხვა ცხვრებს’, რომლებიც ‘უამრავი ხალხის’ წარმომადგენლები იქნებიან (იოანე 10:16). ხალხი, რომელიც ახლა იკრიბება, ცხებულთა დარჩენილ ნაწილთან ერთად მსახურობს. დღეიდან ‘სხვა ცხვრების’ რაოდენობა გაიზრდება და ‘უამრავ ხალხად’ იქცევა“. ცხებულთა დარჩენილი ნაწილი უკვე გამოძერწილი იყო იმისათვის, რომ ეზრუნა უამრავი ხალხის შეკრებაზე. ახლა კი ეს ხალხიც უნდა გამოიძერწოსc.
20. რა ორგანიზაციული ცვლილებები მოხდა 1942 წლის შემდეგ?
20 ჯოზეფ რუტერფორდი გარდაიცვალა 1942 წლის იანვარში, როდესაც მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. ის შეცვალა ნეიტან ნორმა. საზოგადოების მესამე პრეზიდენტს სიყვარულით იხსენებენ, როგორც კრებებში თეოკრატიული სკოლისა და მისიონერების მოსამზადებლად სკოლა „გალაადის“ დამფუძნებელს. 1944 წელს საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გადაისინჯა წესდება და გადაწყდა, რომ საზოგადოების წევრობა მატერიალურ შემოწირულობაზე კი არ იქნებოდა დამოკიდებული, არამედ სულიერობაზე. მომდევნო 30 წლის განმავლობაში მსოფლიოში მქადაგებელთა რიცხვი 156 299-დან 2 179 256-მდე გაიზარდა. 1971—1975 წლებში საჭირო იყო შემდგომი ორგანიზაციული ცვლილებები. მხოლოდ პრეზიდენტი უკვე ვერ გასწევდა მსოფლიოში სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობის ზედამხედველობას. ხელმძღვანელი საბჭოს წევრთა რაოდენობა, რომლის თავმჯდომარეები იცვლებოდნენ, 18-მდე გაიზარდა. მათგან თითქმის ნახევარმა დაასრულა დედამიწაზე ცხოვრება.
21. რამ გამოძერწა მცირე სამწყსოს წევრები სამეფოსთვის?
21 მცირე სამწყსოს დარჩენილი ნაწილის წევრები განსაცდელებით სავსე მრავალი ათწლეულის განმავლობაში იძერწებოდნენ. ისინი გამხნევებული არიან იმით, რომ აშკარად ღებულობენ ‘სულის დამოწმებას’. იესო მათ ეუბნება: „თქვენ. . . ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში. მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა მამაჩემმა სასუფეველი, რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემ სასუფეველში და დასხდეთ ტახტებზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად“ (რომაელთა 8:16, 17; ლუკა 12:32; 22:28–30).
22, 23. როგორ იძერწებიან მცირე სამწყსოსა და სხვა ცხვრების წარმომადგენლები?
22 დედამიწაზე დარჩენილ სულით ცხებულთა რიცხვი კლებულობს, რის გამოც მსოფლიოში თითქმის ყველა კრებას უამრავი ხალხიდან სულიერად მომწიფებული ძმები უწევენ ზედამხედველობას. და როდესაც უკანასკნელი მოხუცი ცხებული გაივლის დედამიწაზე ცხოვრების გზას, სხვა ცხვრების წარმომადგენელი მთავრის (ებრ. სარიმი) კლასი კარგად იქნება მომზადებული დედამიწაზე ხელმძღვანელის როლის შესასრულებლად (ეზეკიელი 44:3; ესაია 32:1).
23 ახლა კი მცირე სამწყსოსა და სხვა ცხვრების წარმომადგენლები ერთნაირად იძერწებიან საპატიო ჭურჭლებად (იოანე 10:14–16). ‘ახალი ცის’ წევრობის იმედი გვაქვს თუ ‘ახალი მიწის’, მთელი გულით გამოვეხმაუროთ იეჰოვას მოწვევას: ‘იხარეთ და იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე, რადგან, აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს — გასახარებლად’ (ესაია 65:17, 18). დაე ამ სუსტმა ადამიანებმა ყოველთვის თავმდაბლად ვიმსახუროთ! დაე გამოგვძერწოს ‘აღმატებულმა ძლიერებამ’, ანუ ღვთის სულიწმიდამ! (2 კორინთელთა 4:7; იოანე 16:13).
[სქოლიოები]
a ეს გაფრთხილებაა განდგომილი ქრისტიანული სამყაროსთვის, რომლის წინასახესაც ძველი ისრაელი წარმოადგენდა, რომ იეჰოვასგან მსგავს განაჩენს მიიღებს (1 პეტრე 4:17, 18).
b მოსამართლე მენტონი, რომელიც კათოლიკე იყო და რომელსაც არ უნდოდა თავდებით ბიბლიის მკვლევარების გამოშვება, მოგვიანებით მექრთამეობისთვის დააპატიმრეს.
c 1938 წელს მთელ მსოფლიოში გახსენების საღამოს 73 420 ესწრებოდა, რომელთაგან 39 225-მა, ესე იგი 53 პროცენტმა, მიიღო სიმბოლოები. 1998 წლისთვის დამსწრეთა რიცხვი 13 896 312-მდე გაიზარდა და მათგან მხოლოდ 8 756-მა, ანუ, საშუალოდ, ყოველი 10 კრებიდან 1-ზე ნაკლები, მონაწილეობდა.
გახსოვთ თუ არა?
◻ რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ იმით, რომ მამას გამოძერწვის საშუალება მისცა?
◻ როგორ გამოიძერწა ძველი ისრაელი?
◻ როგორ იძერწება დღემდე ‘ღვთის ისრაელი’?
◻ რა მიზნისთვის იძერწებიან ‘სხვა ცხვრები’?
[ჩარჩო 18 გვერდზე]
ქრისტიანული სამყაროს გამოძერწვა
აშშ-ის საინფორმაციო სააგენტოს (Associated Press) ცნობაში ათენიდან (საბერძნეთი) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ახალდანიშნული წინამძღოლის შესახებ აღნიშნულია: «მოელიან, რომ ის მშვიდობის დამცველი იქნება, მაგრამ საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის სიტყვები უფრო იმ გენერლის სიტყვებს ჰგავს, რომელიც ომისთვის ემზადება.
„თუ საჭირო იქნება, მზად ვართ სისხლის დასაღვრელად და მსხვერპლის გასაღებად. ჩვენი ეკლესია ლოცულობს მშვიდობაზე. . . მაგრამ ვაკურთხებთ წმინდა საომარ იარაღს, როდესაც მათი გამოყენების აუცილებლობა იქმნება“, აღნიშნა ახლახან არქიეპისკოპოსმა ქრისტოდოლმა ქალწულ მარიამის მიძინების დღესასწაულზე, რომელიც საბერძნეთის შეიარაღებული ძალების დღეს ემთხვევა».
[ჩარჩო 19 გვერდზე]
„არა, შეგროვება დასრულდა!“
1970 წელს სკოლა „გალაადის“ ერთ-ერთი კლასის გამოშვებაზე ფრედერიკ ფრენცმა, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა, სტუდენტებთან ილაპარაკა დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე სხვა ცხვრების მიერ ისეთი ვინმეს მონათვლის შესაძლებლობაზე, ვინც ამბობს, რომ ცხებულთა დარჩენილ ნაწილს მიეკუთვნება. შეიძლება ასეთი რამ მოხდეს? რაც შეეხება ბიბლიურ დროს, ძმა ფრედერიკმა ახსნა, რომ იოანე ნათლისმცემელი სხვა ცხვარი იყო, მაგრამ მან იესო და რამდენიმე მოციქული მონათლა. შემდეგ დასვა კითხვა: ჯერ კიდევ ხდება თუ არა ცხებულთა დარჩენილი ნაწილის შეგროვება? „არა, შეგროვება დასრულდა! — თქვა მან. — ის 1931—1935 წლებში დამთავრდა! დამატება აღარ ხდება. მაშ, ვინ არის ის ზოგიერთი ახლად შემოერთებული, რომლებიც გახსენების საღამოზე სიმბოლოებს ღებულობენ? თუ ისინი ცხებულთა დარჩენილ ნაწილს მიეკუთვნებიან, ისინი შემცვლელები არიან! ისინი დამატებით კი არ უერთდებიან ცხებულთა ჯგუფს, არამედ ცვლიან მათ, რომლებმაც უარყვეს თავიანთი რწმენა“.
[სურათი 15 გვერდზე]
დიდად ვაფასებთ მსახურებას!
[სურათი 16 გვერდზე]
ძველი ისრაელი მხოლოდ გასანადგურებლად გამოსადეგ ჭურჭლად გამოიძერწა.