რა არის საჭირო ბედნიერი ცოლქმრობისთვის?
გადაეშვებოდით მდინარეში, ცურვა რომ არ გცოდნოდათ? ასეთი სულელური მოქმედება საზიანო იქნებოდა, შესაძლებელია, სასიკვდილოც კი. მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენი ქორწინდება ისე, რომ ბოლომდე არ ესმით, როგორ აიღონ საკუთარ თავზე ოჯახური პასუხისმგებლობები.
იესომ თქვა: „რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ გამოთვლის იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო?“ (ლუკა 14:28). ეს არა მარტო კოშკის მშენებლობას, არამედ ოჯახის შექმნასაც ეხება. დაქორწინების მსურველებმა კარგად უნდა გამოთვალონ ოჯახის შექმნის ფასი, რათა დარწმუნებული იყვნენ, რომ დააკმაყოფილებენ ოჯახთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას.
რა არის ცოლქმრობა
ისეთი მეუღლის ყოლა, რომელთანაც ჭირისა და ლხინის გაზიარება შეგეძლებათ, ნამდვილად კურთხევაა. დაქორწინებას მარტოობითა და სასოწარკვეთილებით გამოწვეული სიცარიელის შევსება შეუძლია. მას შეუძლია დააკმაყოფილოს სიყვარულის, ურთიერთობისა და ინტიმურობის ბუნებრივი მოთხოვნილებები. ადამის შექმნის შემდეგ ღმერთმა უსაფუძვლოდ არ თქვა: „არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს“ (დაბადება 2:18; 24:67; 1 კორინთელთა 7:9).
დიახ, დაქორწინებას ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა შეუძლია, მაგრამ ის სხვა პრობლემებს წარმოქმნის. რატომ? იმიტომ რომ ის ერთმანეთთან აკავშირებს ორ განსხვავებული ხასიათის ადამიანს, რომლებიც შეიძლება ეწყობიან, მაგრამ არაფრით გვანან ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, ხანდახან კარგად შეწყობილ წყვილებსაც კი ექნებათ ერთმანეთში კონფლიქტი. მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ დაქორწინებულებს „ხორციელი გაჭირვება“ ან, როგორც ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანშია ნათქვამი (The New English Bible), „ტკივილი და მწუხარება“ ექნებათ (1 კორინთელთა 7:28).
პესიმისტი იყო პავლე? რასაკვირველია, არა! მას, უბრალოდ, უნდოდა, რომ დაქორწინების მსურველები რეალისტები ყოფილიყვნენ. შეყვარებით გამოწვეულ ეიფორიას არ შეუძლია ზუსტად განსაზღვროს, თუ როგორი იქნება ცოლქმრობა თვეებისა და წლების შემდეგ. ყველა დაქორწინებულ წყვილს თავისებური სირთულეები და პრობლემები აქვს. საკითხი იმაში კი არ არის, წამოიჭრება თუ არა პრობლემები, არამედ იმაშია, თუ როგორ გადაიჭრას ისინი.
პრობლემები ცოლსა და ქმარს შესაძლებლობას აძლევს დაამტკიცონ, რომ ნამდვილად უყვართ ერთმანეთი. მაგალითად, სამოგზაურო გემი შეიძლება დიდებული სანახავია, როდესაც ღუზაჩაშვებული დგას ნავსადგურში. მაგრამ მისი ვარგისიანობა ზღვაში ვლინდება, თუნდაც შტორმის დროს. მსგავსად ამისა, ცოლქმრული კავშირის სიმტკიცე მხოლოდ რომანტიკულ ატმოსფეროში გატარებული მშვიდი წუთებით არ განისაზღვრება. დროდადრო მისი სიძლიერე მძიმე სიტუაციებში თავს დატეხილი უბედური შემთხვევების გადატანით მტკიცდება.
ამისათვის დაქორწინებულები ერთგულების აღთქმას დებენ, რადგან ღმერთმა განიზრახა, რომ კაცი ‘მიწებებოდა თავის დედაკაცს’ და ორი ‘ერთხორცად ქცეულიყო’ (დაბადება 2:24). ერთგულების აღთქმის ხსენება დღეს ბევრს აშინებს. მაგრამ ეს გონივრულია, რომ ორმა, რომელთაც ნამდვილად უყვართ ერთმანეთი, საზეიმოდ დადოს აღთქმა, რომ მთელი სიცოცხლე ერთად იქნებიან. ერთგულების აღთქმა ღირსებას ანიჭებს ცოლქმრობას. ის იძლევა საფუძველს რწმენისთვის, რომ, რაც უნდა მოხდეს, ცოლი და ქმარი ერთმანეთს მხარში ამოუდგებიანa. თუ მზად არა ხართ ასეთი ერთგულების აღთქმისთვის, არც დაქორწინებისთვის ყოფილხართ მზად (შეადარეთ ეკლესიასტე 5:3, 4). დაქორწინებულებსაც კი შეიძლება დასჭირდეთ იმის უკეთესად გაგება, თუ ურყევი ცოლქმრობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ერთგულების აღთქმა.
დაუკვირდით საკუთარ თავს
ეჭვგარეშეა, ადვილად ჩამოთვლით თვისებებს, რომლებიც გინდათ, რომ თქვენს მეუღლეს ჰქონდეს. მაგრამ უფრო მეტად რთულია, საკუთარ თავს შეხედოთ და დაინახოთ, რით შეუწყობდით ხელს ოჯახურ ბედნიერებას. საქორწინო აღთქმამდეც და შემდეგაც თვითშემოწმება მნიშვნელოვანია. მაგალითად, ჰკითხეთ საკუთარ თავს:
• მზად ვარ, ერთგულების აღთქმა დავუდო მეუღლეს? (მათე 19:6).
წინასწარმეტყველ მალაქიას დღეებში ბევრი ეყრებოდა ცოლს, ალბათ, შედარებით ახალგაზრდებზე დაქორწინების სურვილის გამო. იეჰოვამ თქვა, რომ მისი სამსხვერპლო მიტოვებული ცოლების ცრემლებით იყო სავსე, და მსჯავრი დასდო კაცებს, რომლებმაც ‘უღალატეს’ თავიანთ ცოლებს (მალაქია 2:13–16).
• თუ დაქორწინებას ვაპირებ, გადავაბიჯე მოზღვავებული სექსუალური გრძნობების ასაკს, რასაც საღი აზროვნების დახშობა შეუძლია? (1 კორინთელთა 7:36, სსგ).
„ადრეულ ასაკში დაქორწინება ძალიან სახიფათოა“, — თქვა ნიკიმ, რომელიც 22 წლის ასაკში გათხოვდა. ის გვაფრთხილებს: „მოზარდობის ასაკიდან მესამე ათწლეულის თითქმის ბოლომდე გრძნობები, მიზნები და გემოვნება იცვლება“. რასაკვირველია, დაქორწინებისთვის მზადყოფნა მხოლოდ ასაკით არ განისაზღვრება. მაგრამ ადრეულ ასაკში დაქორწინებამ, როდესაც სექსუალური სურვილები ასე ძლიერია, შეიძლება ხელი შეუშალოს ადამიანის აზროვნებას და თვალი დაახუჭინოს შესაძლო სერიოზულ პრობლემებზე.
• რომელი თვისებები დამეხმარება, რომ ბედნიერი ცოლქმრობა გვქონდეს? (გალატელთა 5:22, 23).
მოციქულმა პავლემ კოლასელებს მისწერა: „შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა“ (კოლასელთა 3:12). ეს რჩევა სათანადოა როგორც მათთვის, რომლებიც დაქორწინებას ფიქრობენ, ასევე უკვე დაქორწინებულებისთვის.
• შემიძლია რთული სიტუაციების დროს მეუღლის მხარდასაჭერად მოწიფულობის გამოვლენა? (გალატელთა 6:2).
„როდესაც პრობლემები წამოიჭრება, — ამბობს ერთი ექიმი, — მეუღლეები მიდრეკილები არიან, ერთმანეთი დაადანაშაულონ. მნიშვნელოვანი ის კი არ არის, თუ ვინ არის დამნაშავე, არამედ ის, თუ როგორ შეძლებენ მეუღლეები ცოლქმრული ურთიერთობის განსამტკიცებლად ერთმანეთთან თანამშრომლობას“. ბრძენი მეფე სოლომონის სიტყვები დაქორწინებულებს ეხება. „მარტო ყოფნას სჯობს ორნი იყვნენ. . . — დაწერა მან. — თუ დაეცნენ, ერთი მაინც წამოაყენებს თავის ამხანაგს. მაგრამ ვაი, მარტომყოფს, თუ დაეცა ვინღა უშველის?“ (ეკლესიასტე 4:9, 10).
• მხიარული და ოპტიმისტი ვარ თუ მოწყენილი და პესიმისტი? (იგავნი 15:15).
პესიმისტს ყოველი დღე ცუდი ეჩვენება. დაქორწინების შემდეგ არ მოხდება სასწაული, რომ მისი თვალსაზრისი შეიცვალოს! დაუქორწინებელი კაცი ან ქალი, რომელიც ძალიან კრიტიკული ან პესიმისტია, დაოჯახების შემდეგაც ასეთი დარჩება. ასეთი უარყოფითი განწყობილება საშინელ გავლენას მოახდენს ცოლქმრობაზე (შეადარეთ იგავნი 21:9).
• ვინარჩუნებ სიმშვიდეს რთულ სიტუაციებში თუ თავს ვერ ვიკავებ და ვრისხდები? (გალატელთა 5:19, 20).
ქრისტიანებს მოუწოდებენ, „რისხვაში ნელი“ იყვნენ (იაკობი 1:19). დაქორწინებამდე და დაქორწინების შემდეგ კაცმა და ქალმა შემდეგი რჩევის თანახმად უნდა იცხოვრონ: „განრისხდით, ოღონდ ნუ შესცოდავთ: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე“ (ეფესელთა 4:26).
დაუკვირდით მომავალ მეუღლეს
„საზრიანი. . . საკუთარ ნაბიჯს უკვირდება“, — ამბობს ბიბლიური იგავი (იგავნი 14:15). ეს, უდავოდ, თანამგზავრის ამორჩევასაც ეხება. მეუღლის ამორჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომელიც კი ადამიანმა შეიძლება მიიღოს. მაგრამ შეინიშნება, რომ ბევრი იმაზე უფრო დიდხანს ფიქრობს, თუ რომელი ავტომობილი იყიდოს ან სად ისწავლოს, ვიდრე ცხოვრების თანამგზავრის ამორჩევაზე.
ქრისტიანულ კრებაში პასუხისმგებელი ძმები „წინასწარ უნდა გამოიცადონ“, თუ რამდენად შეესაბამებიან მოთხოვნებს (1 ტიმოთე 3:10). თუ დაქორწინებას აპირებთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ შესაბამის პარტნიორს ირჩევთ. მაგალითად, განვიხილოთ შემდეგი შეკითხვები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქალის მსჯელობიდან გამომდინარეობს, მრავალი პრინციპი კაცსაც ეხება. ამასთანავე, მათზე დაფიქრება დაქორწინებულებისთვისაც სასარგებლო იქნება.
• როგორი რეპუტაციით სარგებლობს? (ფილიპელთა 2:19–22).
იგავნის 31:23-ში აღწერილია ქმარი, რომელიც „ცნობილია კარიბჭესთან, როცა ქვეყნის უხუცესებს შორის ზის“. სადაო საკითხების გადასაწყვეტად უხუცესები ქალაქის კარიბჭესთან სხდებოდნენ. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ასეთი კაცის მიმართ ხალხი ნდობას ავლენდა. ვინმეს შესახებ სხების თვალსაზრისი მის რეპუტაციაზე მეტყველებს. ამიტომ, თუ მომავალ მეუღლეს ხელქვეითები ჰყავს, მათი აზრის გათვალისწინებაც სასურველი იქნებოდა. ამან შეიძლება დაგანახვოთ, თუ, დროთა განმავლობაში, როგორი თვალსაზრისი გექნებათ მასზე, როგორც მეუღლეზე (შეადარეთ პირველი მეფეთა 25:3, 23–25).
• როგორი ზნეობა აქვს?
ღვთის სიბრძნე, „პირველყოვლისა, წმიდაა“ (იაკობი 3:17). თქვენი მომავალი მეუღლე უფრო მეტად საკუთარი სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებით არის დაინტერესებული თუ ღვთის წინაშე თქვენი და პირადი რეპუტაციით? თუკი ის ამჟამად ძალისხმევას არ ახმარს ღვთის ზნეობრივი ნორმების შესაბამისად ცხოვრებას, გაქვთ მტკიცე საფუძველი, რომ დაქორწინების შემდეგ ასე არ გააგრძელებს? (დაბადება 39:7–12).
• როგორ მეპყრობა? (ეფესელთა 5:28, 29).
ბიბლიის წიგნი „იგავნი“ მოგვითხრობს ქმარზე, რომლის ‘გულიც ცოლზეა დანდობილი’. უფრო მეტიც, ‘ის აქებს მას’ (იგავნი 31:11, 28). ის არც ეჭვიანია და არც შეუძლებელს მოითხოვს ცოლისგან. იაკობმა დაწერა, რომ მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე არის „მშვიდობიანი, ლმობიერი. . . წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე“ (იაკობი 3:17).
• როგორ ეპყრობა ოჯახის წევრებს? (გამოსვლა 20:12).
მშობლების პატივისცემა მხოლოდ მოთხოვნა როდია. ბიბლია ამბობს: „გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ“ (იგავნი 23:22). საინტერესოა, რომ დოქტორმა უ. ჰიუ მისილდინმა დაწერა: «ბევრ ოჯახურ სირთულესა და შეუთავსებლობას აიცილებდნენ თავიდან ან სულ ცოტა წინასწარ განჭვრეტდნენ, თუ მომავალი მეუღლეები ერთმანეთის ოჯახებს მოინახულებდნენ და დააკვირდებოდნენ მშობლებისადმი დამოკიდებულებას. როგორც თავის მშობლებს ექცევა, ასევე მოექცევა მეუღლესაც. საჭიროა, საკუთარ თავს ჰკითხოთ: „მინდა მეც ისე მომექცეს, როგორც თავის მშობლებს ექცევა?“ აგრეთვე მისადმი მშობლების დამოკიდებულებაც ნათლად დაგანახვებთ, თუ როგორი თვალსაზრისი ექნება საკუთარ თავზე და რის მოლოდინი ექნება თქვენგან თაფლობის თვის შემდეგ».
• ადვილად ბრაზდება ან მიმართავს ლანძღვა-გინებას?
ბიბლია გვირჩევს: „ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად“ (ეფესელთა 4:31). პავლე აფრთხილებდა ტიმოთეს, მორიდებოდა ქრისტიანებს, რომლებსაც ‘კამათისა და პაექრობის სენი სჭირდათ’ და ახასიათებდათ „შური, დავა, გმობა, ბოროტი ეჭვი და ფუჭი კამათი“ (1 ტიმოთე 6:4, 5).
ამასთანავე, პავლემ დაწერა, რომ ის, ვისაც კრებაში პასუხისმგებლობა ეკისრება, არ უნდა იყოს „მოჩხუბარი“, ძველი ბერძნული ტექსტის თანახმად, „დამრტყმელი“ (1 ტიმოთე 3:3). მან არავის უნდა მიაყენოს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა. კაცი, რომელიც განრისხებისას ძალადობას მიმართავს, ცხოვრების შესაფერისი თანამგზავრი არ არის.
• რა მიზნები აქვს?
ზოგი გამდიდრებისკენ ისწრაფის და საზიანო შედეგებსაც იმკის (1 ტიმოთე 6:9, 10). სხვები უაზროდ ცხოვრების დინებას მიჰყვებიან და არავითარი მიზანი არა აქვთ დასახული (იგავნი 6:6–11). მაგრამ ღვთისმოშიშ კაცს ისეთივე გადაწყვეტილება უნდა ჰქონდეს მიღებული, როგორიც იესო ნავეს ძეს ჰქონდა, რომელმაც თქვა: „მე და ჩემი სახლი. . . უფლის სამსახურში ვიქნებით“ (იესო ნავეს ძე 24:15).
ჯილდო და პასუხისმგებლობები
ცოლქმრობა ღმერთმა დააწესა. ის იეჰოვა ღმერთის ნებართვითა და დადგენილებით არსებობს (დაბადება 2:22–24). მან ოჯახის დაარსებით განიზრახა, რომ კაცსა და ქალს შორის მუდმივი კავშირი ყოფილიყო, რათა ერთმანეთს მხარში ამოსდგომოდნენ. თუ ცოლ-ქმარი ბიბლიის პრინციპებს იყენებს, შეუძლიათ იმის იმედი ჰქონდეთ, რომ ოჯახური ცხოვრება სიხარულს მოუტანს მათ (ეკლესიასტე 9:7–9).
მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ‘საზარელ ჟამში’ ვცხოვრობთ. ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ დღეს ადამიანები იქნებოდნენ „თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი. . . უწმიდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი. . . გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი“ (2 ტიმოთე 3:1–4). ასეთმა თვისებებმა შეიძლება ძლიერი დარტყმა მიაყენოს ცოლქმრობას. ამიტომ მას, ვინც დაქორწინებას აპირებს, კეთილგონიერება სჭირდება, რომ გამოთვალოს ამის ფასი. დაქორწინებულები კი უნდა გაეცნონ ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის რჩევებს და ცხოვრებაში გამოიყენონ ისინი, რაც მათ ცოლქმრული კავშირის განმტკიცებაში დაეხმარება.
დიახ, მათ, რომლებიც დაქორწინებას აპირებენ, ქორწინების დღის იქითაც უნდა გაიხედონ; არა მარტო დაქორწინებაზე, არამედ მომავალ ცხოვრებაზეც უნდა იფიქრონ. ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას მიმართეთ, რომ მოვლენები რეალურად შეაფასოთ და მხოლოდ რომანტიკულ გრძნობებს არ აჰყვეთ. ასე მოქცევით უფრო შესაძლებელია, რომ ბედნიერი ცოლქმრობა გექნებათ.
[სქოლიო]
a გაყრისა და ხელახლა დაქორწინებისთვის ბიბლია ერთადერთ საფუძველს იძლევა — ეს არის ‘სიძვა’, ანუ უკანონო სქესობრივი ურთიერთობა (მათე 19:9).
[ჩარჩო 5 გვერდზე]
„არასოდეს წამიკითხავს მსგავსი რამ, რაც ასე კარგად აღწერს სიყვარულს“
„საიდან იცით, ნამდვილად შეყვარებული ხართ თუ არა? — წერს დოქტორი კევინ ლიმანი. — არსებობს უძველესი წიგნი, რომელიც სიყვარულს აღწერს. წიგნი თითქმის ორი ათასი წლისაა, მაგრამ არასოდეს წამიკითხავს მსგავსი რამ, რაც ასე კარგად აღწერს სიყვარულს“.
დოქტორ ლიმანს მხედველობაში ჰქონდა ბიბლია, კერძოდ კი მოციქულ პავლეს სიტყვები 1 კორინთელთა 13:4–8-დან:
„სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“.
[ჩარჩო 8 გვერდზე]
გრძნობები შეიძლება მაცდური იყოს
ბიბლიურ დროში მცხოვრებმა სულამითმა, როგორც ჩანს, იცოდა, რომ რომანტიკული გრძნობები მაცდური იყო. როდესაც ის ძლევამოსილმა მეფე სოლომონმა შეიყვარა, თავის ამხანაგებს უთხრა: „არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს“ (ქებათა-ქება 2:7). ამ გონიერ ახალგაზრდა ქალს არ სურდა, თავის მეგობრებს მასზე ზემოქმედება მოეხდინათ, რომ გრძნობებს აჰყოლოდა. ეს მათთვისაც სასარგებლოა, ვინც ახლა აპირებს დაქორწინებას. მოთოკეთ გრძნობები. ოჯახის შექმნის მიზეზი პიროვნების სიყვარული უნდა იყოს და არა უბრალოდ დაქორწინების სურვილი.
[სურათი 6 გვერდზე]
დიდი ხნის დაქორწინებულებსაც კი შეუძლიათ ცოლქმრული კავშირის განმტკიცება.
[სურათი 7 გვერდზე]
როგორ ეპყრობა მშობლებს?