სიყვარული, რომელიც არასოდეს მთავრდება
„ეშურეთ დიდ ნიჭებს და გაჩვენებთ უფრო აღმატებულ გზას“ (1 კორინთელთა 12:31).
1–3. ა) რა მსგავსება არსებობს სიყვარულის გამოვლენასა და უცხო ენის სწავლას შორის? ბ) რამ შეიძლება გაართულოს სიყვარულის გამოხატვის სწავლა?
გიცდიათ ოდესმე უცხო ენის შესწავლა? რბილად რომ ვთქვათ, ეს რთულია. რა თქმა უნდა, ბავშვმა ენა რომ ისწავლოს, საკმარისია ისეთ გარემოში მოხვდეს, სადაც ამ ენაზე ლაპარაკობენ. მისი ტვინი ადვილად ითვისებს ბგერებსა და სიტყვების მნიშვნელობებს და ბავშვი საკმაოდ სწრაფად იწყებს გამართულად ლაპარაკს. მოზრდილების საქმე სხვაგვარად არის. უცხო ენაზე რამდენიმე ძირითადი ფრაზის დასამახსოვრებლადაც კი არაერთხელ ვიხედებით ლექსიკონში. მაგრამ გარკვეული დროისა და საკმაო პრაქტიკის შემდეგ ამ ახალ ენაზე აზროვნებას ვიწყებთ და ლაპარაკი უფრო გვიადვილდება.
2 სიყვარულის გამოხატვის სწავლა, ძალიან ჰგავს უცხო ენის შესწალას. მართალია ეს ღვთიური თვისება გარკვეულწილად ჩადებულია ადამიანში (დაბადება 1:27; შეადარეთ 1 იოანე 4:8). მაგრამ სიყვარულის გამოხატვას დღეს განსაკუთრებით სჭირდება უდიდესი ძალისხმევა, რადგან ეს ბუნებრივი გრძნობა ახლა ნაკლებად ვლინდება (2 ტიმოთე 3:1–5). ეს გრძნობა ზოგჯერ ოჯახებშიც კი აღარ ვლინდება. დიახ, ბევრი იზრდება ისეთ მკაცრ გარემოში, სადაც მოსაფერებელ სიტყვებს ათასში ერთხელ ან საერთოდ არ ამბობენ (ეფესელთა 4:29–31; 6:4). მაშ, როგორ შეგვიძლია სიყვარულის გამოხატვის სწავლა, თუ ჩვენს მიმართ იშვიათად გამოუვლენიათ ეს გრძნობა?
3 ამაში ბიბლია დაგვეხმარება. 1-ლი კორინთელთა 13:4–8-ში პავლე უბრალოდ კი არ განგვიმარტავს სიყვარულის მნიშვნელობას, არამედ ცოცხალი ფერებით აღგვიწერს, როგორ მოქმედებს სიყვარულის ეს აღმატებული სახე. ამ მუხლების განხილვა დაგვეხმარება, ჩავწვდეთ ამ ღვთიურ თვისებას და უკეთ ვისწავლოთ მისი გამოხატვა. განვიხილოთ პავლეს მიერ აღწერილი სიყვარულის რამდენიმე მხარე. ზოგადად, მათ სამ ჯგუფად დავყოფთ: ჩვენი მოქმედება საერთოდ; შემდეგ უფრო კონკრეტულად — სხვებთან ჩვენი ურთიერთობა; და, ბოლოს — მოთმინება.
სიყვარული სიამაყის დაძლევაში გვეხმარება
4. რას ამბობს ბიბლია შურთან დაკავშირებით?
4 სიყვარულის შესახებ რამდენიმე სიტყვის თქმის შემდეგ, პავლე კორინთელების მიმართ წერილში აღნიშნავს: „[სიყვარულს] არ შურს“ (1 კორინთელთა 13:4). შური არის წუხილი, სინანული სხვის კარგზე, მოსაწონზე. ის ფიზიკურად, ემოციურად და სულიერად გამანადგურებელია (იგავნი 14:30; რომაელთა 13:13; იაკობი 3:14–16).
5. როგორ გვეხმარება სიყვარული, ვძლიოთ შურს, როდესაც გვეჩვენება, რომ გარკვეული თეოკრატიული დავალების მოცემაში გვერდი აგვიარეს?
5 დაფიქრდით ამაზე და საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: „შურით ხომ არ ვივსები, როდესაც მგონია, რომ გარკვეული თეოკრატიული დავალების მოცემაში გვერდი ამიარეს?“ თუ პასუხი დადებითი აღმოჩნდება, გულს ნუ გაიტეხთ. იაკობი, რომელმაც ბიბლიის ერთ-ერთი წიგნი დაწერა, შეგვახსენებს, რომ ყველა არასრულყოფილ ადამიანშია ‘შური’ (იაკობი 4:5). ძმისადმი სიყვარული გაწონასწორებული თვალსაზრისის აღდგენაში დაგეხმარებათ. ის შესაძლებლობას მოგცემთ, გაიხაროთ სხვისი სიხარულით და პირად შეურაცხყოფად არ ჩათვალოთ, როდესაც სხვები ღებულობენ კურთხევებს ან ვინმეს აქებენ (შეადარეთ პირველი მეფეთა 18:7–9).
6. როგორ გართულდა მდგომარეობა პირველი საუკუნის კორინთის კრებაში?
6 პავლე ამატებს, რომ სიყვარული „არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს“ (1 კორინთელთა 13:4). თუ რაღაც ნიჭი ან უნარი გვაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გავიბღინძოთ. როგორც ჩანს, ძველი კორინთის კრებაში შეპარულ ზოგ პატივმოყვარეს ეს პრობლემა ჰქონდა. შეიძლება მათ უკეთესად შეეძლოთ აზრების გადმოცემა ან უფრო მარჯვედ აკეთებდნენ საქმეებს, მაგრამ საკუთარი თავისადმი ყურადღების მიპყრობით მათ შეიძლება კრებაში განხეთქილებები შეიტანეს (1 კორინთელთა 3:3, 4; 2 კორინთელთა 12:20). მდგომარეობა ისე გართულდა, რომ მოგვიანებით პავლეს კორინთელების გაკიცხვა მოუწია, რადგან ეს უკანასკნელნი ‘იწყნარებდნენ უგუნურებს’, რომლებიც მან უარყოფითად მოიხსენია „მაღალი მოციქულების“ სახელით (2 კორინთელთა 11:5, 19, 20).
7, 8. ბიბლიიდან აჩვენეთ, თუ როგორ შეგვიძლია მთელი ჩვენი ნიჭის ერთიანობისთვის მოხმარება.
7 მსგავსი მდგომარეობა შეიძლება დღესაც შეიქმნას. მაგალითად, ზოგს შეიძლება ჩვევად ჰქონდეს, იკვეხნოს მსახურებაში მიღწეული წარმატებებით ან ღვთის ორგანიზაციაში საპასუხისმგებლო მდგომარეობით. თუნდაც რომ გამოვირჩეოდეთ კრებაში სხვებისგან დახელოვნებულობით ან უნარით, გვაძლევს ეს იმის საფუძველს, რომ გავამპარტავნდეთ? ჩვენ ხომ მთელი ჩვენი ნიჭი ერთიანობას, და არა საკუთარი „მეს“ წინ წამოწევას, უნდა მოვახმაროთ (მათე 23:12; 1 პეტრე 5:6).
8 პავლემ აღნიშნა, რომ, თუმცა კრებას მრავალი წევრი ჰყავს, „ღმერთმა. . . შეაზავა სხეული“ (1 კორინთელთა 12:19–26). „შეზავებად“ გადმოთარგმნილი ბერძნული სიტყვა მიუთითებს ჰომოგენურ ნარევზე; მაგალითად, ასეთი ნარევი მიიღება ფერების შეზავებისას. ასე რომ, კრების არც ერთი წევრი არ უნდა ამპარტავნობდეს თავისი უნარით და არ უნდა ცდილობდეს ამ უნარის სხვების წინაშე წარმოჩენას. ღვთის ორგანიზაციაში არ არის სიამაყისა და პატივმოყვარეობის ადგილი (იგავნი 16:19; 1 პეტრე 5:2, 3; 1 კორინთელთა 14:12).
9. რა გამაფრთხილებელი მაგალითებია ბიბლიაში მოცემული იმ პიროვნებათა შესახებ, რომლებიც საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდნენ?
9 სიყვარული „თავისას არ ეძიებს“ (1 კორინთელთა 13:5). მოსიყვარულე ადამიანი სხვებს თავისი სურვილისამებრ არ ატარებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიაში მოცემულია გამაფრთხილებელი მაგალითები. ამ წიგნში ვკითხულობთ დალილას, იზებელისა და ღოთოლიას შესახებ — ქალების შესახებ, რომლებიც სხვებს საკუთარი ეგოისტური მიზნებისთვის იყენებდნენ (მსაჯულნი 16:16; მესამე მეფეთა 21:25; მეორე ნეშტთა 22:10–12). ამის მაგალითია მეფე დავითის ძის, აბესალომის, შემთხვევაც. ის მიდიოდა იერუსალიმში სამართლის საძებრად მისულებთან და მზაკვრულად ეუბნებოდა, რომ მეფის კარი არ იყო დაინტერესებული მათი პრობლემებით. შემდეგ კი პირდაპირ ამბობდა, რომ მსაჯულად ნამდვილად მასავით გულთბილი ადამიანი იყო საჭირო (მეორე მეფეთა 15:2–4). რა თქმა უნდა, აბესალომს ჩაგრულთა ინტერესები კი არა, მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებდა. მან თავი გაიმეფა და მრავალიც გადაიბირა. მაგრამ აბესალომი სასტიკად დამარცხდა. სიკვდილის შემდეგ მას ადამიანურად დამარხვაც კი არ ეღირსა (მეორე მეფეთა 18:6–17).
10. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ სხვების ინტერესებს ვითვალისწინებთ?
10 ეს გაკვეთილია დღევანდელი ქრისტიანებისთვის. მიუხედავად იმისა, მამაკაცი ვართ თუ ქალი, შეიძლება ბუნებით სხვების დარწმუნების უნარი გვქონდეს. შესაძლებელია ჩვევად გვქონდეს საკუთარი სურვილისამებრ მოქმედება და ეს ვლინდებოდეს საუბრებში დომინირებით ან განსხვავებული აზრის მქონე პიროვნებებისთვის გულის გაწვრილებით. მაგრამ, თუ სინამდვილეში მოსიყვარულეები ვართ, ყოველთვის ვიზრუნებთ სხვებზე (ფილიპელთა 2:2–4). არასოდეს გამოვიყენებთ სხვებს პირადი ინტერესებისთვის ან პირად გამოცდილებასა და ღვთის ორგანიზაციაში ჩვენს მდგომარეობას — დაუსაბუთებელი აზრების დასამკვიდრებლად, თითქოს მხოლოდ ჩვენს შეხედულებებს ჰქონდეს წონა. ნაცვლად ამისა, გვეხსომება ბიბლიური იგავი: „დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას — ქედმაღლობა“ (იგავნი 16:18).
სიყვარულს სიმშვიდე შეაქვს ურთიერთობებში
11. ა) როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ სიყვარული კეთილია და არ უკეთურობს? ბ) როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ არ ვხარობთ უსამართლობით?
11 პავლემ აგრეთვე დაწერა, რომ სიყვარული „ქველმოქმედია“ [„კეთილია“, აქ] და „არ უკეთურობს“ (1 კორინთელთა 13:4, 5). დიახ, სიყვარული უხეშად, ვულგარულად ან უპატივცემლოდ მოქმედების ნებას არ დაგვრთავს. ნაცვლად ამისა, ყოველთვის გავითვალისწინებთ სხვების გრძნობებს. მაგალითად, მოსიყვარულე ადამიანი ეცდება ისეთი არაფერი გააკეთოს, რაც სხვების სინდისზე უარყოფითად იმოქმედებდა (შეადარეთ 1 კორინთელთა 8:13). სიყვარული „არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს“ (1 კორინთელთა 13:6, სსგ). თუ იეჰოვას რჯული გვიყვარს, თვალს არ დავხუჭავთ უზნეობაზე ან არ გაგვიტაცებს ისეთი რამეები, რაც ღმერთს სძულს (ფსალმუნი 118:97). სიყვარული სიხარულს სხვების აღშენებაში გვაგრძნობინებს და არა ნგრევაში (რომაელთა 15:2; 1 კორინთელთა 10:23, 24; 14:26).
12, 13. ა) როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს, როდესაც ვიღაც გვაწყენინებს? ბ) მოიყვანეთ ბიბლიური მაგალითები, რომლებიც ცხადყოფს, რომ სამართლიანმა რისხვამაც კი შეიძლება არაგონივრულ მოქმედებამდე მიგვიყვანოს.
12 პავლე წერს, რომ სიყვარული „არ რისხდება“ („არ არის წყენია“, „ფილიპსის თარგმანი“) (1 კორინთელთა 13:5). ცხადია, არასრულყოფილ ადამიანებს გვჩვევია, ავღელდეთ ან განვრისხდეთ კიდეც, როდესაც სხვები გვაწყენინებენ. მაგრამ არასწორი იქნებოდა, დიდხანს ჩაგვედო გულში წყენა ან რისხვა არ დაგვეცხრო (ეფესელთა 4:26). სამართლიან რისხვასაც კი, თუ არ გავაკონტროლებთ, შეიძლება არაგონივრული მოქმედება მოჰყვეს, რის გამოც იეჰოვას წინაშე ვაგებთ პასუხს (დაბადება 34:1–31; 49:5–7; რიცხვნი 12:3; 20:10–12; ფსალმუნი 105:32, 33).
13 ზოგზე იმოქმედა სხვების შეცდომებმა, რაც ქრისტიანული კრების შეხვედრებზე მათ დასწრებასა თუ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობაზე აირეკლა. მრავალმა მათგანმა ადრე რწმენისათვის მძიმე ბრძოლას გაუძლო: აიტანა ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა, თანამშრომლებისგან დაცინვა ან სხვა მსგავსი რამ. მათ გადალახეს ასეთი დაბრკოლებები, რადგან ამას თავიანთი უმწიკლოების გამოცდად მიიჩნევდნენ და ეს მართლაც ასე იყო. მაგრამ რა ხდება, როდესაც თანაქრისტიანი ისეთ რამეს ამბობს ან აკეთებს, რასაც მოსიყვარულე ადამიანი არ გააკეთებდა? განა ესეც უმწიკვლოების გამოცდა არ არის? რა თქმა უნდა არის, რადგან, თუ რისხვას არ ვიცხრობთ, ‘ეშმაკს ვაძლევთ ადგილს’ (ეფესელთა 4:27).
14, 15. ა) რას ნიშნავს „არ ითვლის განაწყენებას“? ბ) როგორ შეგვიძლია მიტევებაში იეჰოვას მივბაძოთ?
14 პავლე უსაფუძვლოდ არ ამატებს, რომ სიყვარული «არ განიზრახავს ბოროტს [„არ ითვლის განაწყენებას“, აქ]» (1 კორინთელთა 13:5). აქ მოციქული იყენებს საბუხჰალტრო ტერმინს, რაც დავთარში წყენის შეტანას გვაგონებს, ხოლო ეს კი წყენის არდავიწყებას ნიშნავს. განა სიყვარულის მაჩვენებელია, რომ გონებაში ყოველთვის გვეწეროს საწყენი სიტყვა თუ მოქმედება, რათა, მომავალში, საჭიროებისთანავე გავიხსენოთ ის? რა სასიხარულოა, რომ იეჰოვა ყოველ წვრილმანს ასე უმოწყალოდ არ უკირკიტებს! (ფსალმუნი 129:3). დიახ, როდესაც ვინანიებთ, ის აღხოცავს ჩვენს შეცდომებს (საქმეები 3:19).
15 ამაში შეგვიძლია იეჰოვას მივბაძოთ. როდესაც გვგონია, რომ ვიღაც გვამცირებს, ამან მეტისმეტად არ უნდა იმოქმედოს ჩვენზე. თუ ადვილად ვნაწყენდებით, ამით შეიძლება საკუთარ თავს უფრო მეტი ზიანი მივაყენოთ, ვიდრე მწყენინებელს შეეძლო (ეკლესიასტე 7:9, 22). ნაცვლად ამისა, საჭიროა, გვახსოვდეს, რომ სიყვარულს „ყველაფერი სწამს“ (1 კორინთელთა 13:7). რა თქმა უნდა, არც ერთ ჩვენგანს არ სურს, მეტისმეტად მიმნდობი იყოს, მაგრამ არც მეტისმეტად ეჭვის თვალით უნდა ვუყუროთ ძმების აღძვრებს. მოდი სადაც კი შესაძლებელია, დავუშვათ, რომ სხვებს ცუდი ზრახვები არ ამოძრავებთ (კოლასელთა 3:13).
სიყვარული მოთმინებაში გვეხმარება
16. რა სიტუაციებში გვეხმარება სიყვარული, რომ მოთმინება ვიქონიოთ?
16 შემდეგ პავლე გვეუბნება, რომ „სიყვარული სულგრძელია“ (1 კორინთელთა 13:4). ის გვეხმარება, ავიტანოთ რთული სიტუაციები, რომლებიც შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაგრძელდეს. მაგალითად, მრავალი ქრისტიანი წლების განმავლობაში რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრობს. სხვები დაუქორწინებლები არიან, არა საკუთარი სურვილით, არამედ იმის გამო, რომ „უფალში“ ვერ იპოვეს შესაფერისი მეგობარი (1 კორინთელთა 7:39; 2 კორინთელთა 6:14). არსებობენ ისეთებიც, რომლებიც შერყეულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უმკლავდებიან (გალატელთა 4:13, 14; ფილიპელთა 2:25–30). ნამდვილად, ამ არასრულყოფილ სისტემაში არავინ ცხოვრობს იდეალურად და გარკვეულწილად ყველას სჭირდება მოთმინება (მათე 10:22; იაკობი 1:12).
17. რა დაგვეხმარება ყოველივეს ატანაში?
17 პავლე გვარწმუნებს, რომ სიყვარული „ყოველივეს იტანს. . . ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს“ (1 კორინთელთა 13:7). იეჰოვასადმი სიყვარული ყოველგვარ სიტუაციას აგვატანინებს, რათა ბოლომდე მართლებად დავრჩეთ (მათე 16:24; 1 კორინთელთა 10:13). ჩვენ არ ვეძებთ მოწამეობრივი ცხოვრების გზას. ჩვენი მიზანია მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ (რომაელთა 12:18; 1 თესალონიკელთა 4:11, 12). მაგრამ, როდესაც იქმნება სიტუაციები, რომლებიც ჩვენს რწმენას ცდის, სიხარულით ვიტანთ მათ, რადგან ვიცით, რომ ეს ქრისტეს მოწაფეობისთვის გადახდილ საფასურში შედის (ლუკა 14:28–33). ამ სიტუაციების ატანისას კი დადებითი თვალსაზრისის შენარჩუნებას ვცდილობთ და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი საუკეთესოდ მოგვარდება.
18. რა გაგებით არის საჭირო მოთმინება მაშინაც კი, როცა არ გიჭირთ?
18 მოთმინება მხოლოდ უბედურებების დროს როდი გვჭირდება. ზოგჯერ მოთმინება მხოლოდ ქრისტიანული გზის გაგრძელებას ნიშნავს, მიუხედავად იმისა, არსებობს რთული სიტუაციები თუ არა. მოთმინებაში კარგი სულიერი მდგომარეობის შენარჩუნებაც შედის. მაგალითად, მსახურობთ თუ არა იმდენს, რამდენის საშუალებასაც თქვენი მდგომარეობა გაძლევთ? კითხულობთ ღვთის სიტყვას და აანალიზებთ წაკითხულს? ლოცვის საშუალებით გაქვთ თუ არა ზეციერ მამასთან ურთიერთობა? ესწრებით რეგულარულად კრების შეხვედრებს და გაქვთ თანამორწმუნეებთან გამამხნევებელი ურთიერთობა? თუ ასეა, გაჭირვებულ მდგომარეობაში ხართ თუ არა, თქვენ ითმენთ. მედგრად იყავით, „რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით“ (გალატელთა 6:9).
სიყვარული — „აღმატებული გზა“
19. რა გაგებით არის სიყვარული „აღმატებული გზა“?
19 პავლე ამ ღვთიურ თვისებას „აღმატებულ გზას“ უწოდებს, რითაც ხაზს უსვამს მისი გამოვლენის მნიშვნელოვნებას (1 კორინთელთა 12:31). რა გაგებითაა სიყვარული „აღმატებული“? პავლემ აქამდე ჩამოთვალა სულიწმინდით ბოძებული ნიჭები, რომლებიც პირველი საუკუნის ქრისტიანებს ჰქონდათ. ზოგს წინასწარმეტყველება შეეძლო, ზოგს — ავადმყოფების განკურნება, მრავალს კი — ენებზე ლაპარაკი. მართლაც საოცარი ნიჭებია! მაგრამ პავლემ კორინთელებს უთხრა: „თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არ გამაჩნია, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწილა. წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი“ (1 კორინთელთა 13:1, 2). დიახ, ისეთი რამეც კი, რომელიც ჩვეულებრივ ფასობს, „მკვდარი საქმე“ ხდება, თუ ღვთისა და მოყვასის სიყვარულიდან არ მომდინარეობს (ებრაელთა 6:1).
20. რატომ მოითხოვს გამუდმებულ ძალისხმევას სიყვარულის განვითარება?
20 იესოს კიდევ ერთი მიზეზი მოჰყავს, თუ რატომ უნდა განვივითაროთ სიყვარული — ეს ღვთიური თვისება. „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, — ამბობს ის, — იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). კავშირი „თუ“ აჩვენებს, რომ თითოეულ ქრისტიანზეა დამოკიდებული, ისწავლის თუ არა სიყვარულის გამოვლენას. როგორც უცხო ქვეყანაში ცხოვრებით თავისთავად ვერ ავლაპარაკდებით იქაურ ენაზე, ასევე ვერც კრების შეხვედრებზე უბრალოდ დასწრებით ან თანაქრისტიანებთან ურთიერთობით ავტომატურად ვერ ვისწავლით სიყვარულის გამოვლენას. ამ „ენის“ შესწავლა გამუდმებულ ძალისხმევას მოითხოვს.
21, 22. ა) როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვერ ვავლენთ სიყვარულის ზოგიერთ მხარეს, რომლებზეც პავლე წერდა? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ „სიყვარული არასოდეს მთავრდება“?
21 ზოგჯერ ვერ გამოავლენთ სიყვარულის ზოგიერთ მხარეს, რომლებზეც პავლე წერდა, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. მოთმინებით განაგრძეთ საკუთარ თავზე მუშაობა. განაგრძეთ ბიბლიიდან რჩევა-დარიგებების მიღება და სხვებთან ურთიერთობაში გამოიყენეთ მასში მოცემული პრინციპები. არასოდეს დაივიწყოთ თვით იეჰოვას მიერ მოცემული მაგალითი. პავლე ეფესელებს არიგებდა: „იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა“ (ეფესელთა 4:32).
22 სწორედ ისე, როგორც უცხო ენაზე ლაპარაკი ბოლოს უკვე გაგიადვილდებათ, თავის დროზე სიყვარულის გამოვლენაც თქვენთვის უფრო იოლი გახდება. პავლე გვარწმუნებს, რომ „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელთა 13:8). სულიწმინდით ბოძებული სასწაულებრივი ნიჭებისგან განსხვავებით, სიყვარული ყოველთვის იარსებებს. ასე რომ, განაგრძეთ ამ ღვთიური თვისების გამოხატვის სწავლა. სიყვარული, პავლეს სიტყვების თანახმად, „აღმატებული გზაა“.
შეგიძლიათ განმარტოთ?
◻ როგორ გვეხმარება სიყვარული სიამაყის დაძლევაში?
◻ როგორ უწყობს ხელს სიყვარული კრებაში სიმშვიდის შენარჩუნებას?
◻ როგორ გვეხმარება სიყვარული მოთმინებაში?
◻ რა გაგებით არის სიყვარული „აღმატებული გზა“?
[სურათი 19 გვერდზე]
სიყვარული დაგვეხმარება, ყურადღება არ გავამახვილოთ თანამორწმუნეების შეცდომებზე.
[სურათები 23 გვერდზე]
მოთმინება თეოკრატიული საქმიანობის გაგრძელებასაც ნიშნავს.