რით აკურთხა იეჰოვამ ჩვენი „ქვეყანა“?
„სადაც ეს მდინარე ჩაივლის, [ყოველივე] გაცოცხლდება“ (ეზეკიელი 47:9).
1, 2. ა) რამდენად მნიშვნელოვანია წყალი? ბ) რა არის წარმოდგენილი ეზეკიელის ხილვაში ნანახი მდინარით?
წყალი საოცარი სითხეა. დედამიწაზე ყოველგვარი სიცოცხლე მასზეა დამოკიდებული. არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია უწყლოდ დიდხანს არსებობა. ის სისუფთავის დასაცავადაც გვჭირდება, რადგან ჭუჭყი წყალში იხსნება და ჩამოირეცხება. ამიტომ წყლით ვიბანთ ტანს, ვრეცხავთ ტანსაცმელსა და საკვებ პროდუქტებს. ყოველივე ეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად გვჭირდება.
2 ბიბლია წყალს სიცოცხლისთვის აუცილებელი იეჰოვას სულიერი ღონისძიებების აღსაწერად იყენებს (იერემია 2:13; იოანე 4:7–15). ამ ღონისძიებებში შედის ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საშუალებით მისი ხალხის განწმენდა და მის სიტყვაში მოცემული ღვთის შემეცნება (ეფესელთა 5:25–27). ეზეკიელის ხილვაში სასწაულმოქმედი წყალი, რომელიც ტაძრიდან მოედინება, ასეთი სიცოცხლის მომცემი კურთხევების სიმბოლოა. მაგრამ როდის იწყებს წყალი დინებას და რას ნიშნავს დღეს ეს ჩვენთვის?
წყალი, რომელიც აღდგენილ ქვეყანაში მოედინება
3. ეზეკიელის 47:2–12-ის თანახმად, რა გადახდა თავს ეზეკიელს?
3 ბაბილონის ტყვეობაში მყოფ ეზეკიელის ხალხს იეჰოვას მზრუნველობა ძალიან სჭირდებოდა. რამდენად გამამხნევებელი იქნებოდა ეზეკიელისთვის წყლის ნაკადის ხილვა, რომელმაც სათავე საწმიდარიდან აიღო და ტაძრიდან გადმოიღვარა! ეზეკიელის 47-ე თავში ვკითხულობთ, რომ ანგელოზი წყალს ყოველი 1 000 წყრთის შემდეგ ზომავს. წყლის დონე თანდათანობით იწევს ჯერ კოჭებამდე, შემდეგ მუხლებამდე, წელამდე და ბოლოს მდინარედ იქცევა, ისე რომ მისი ფეხით გადალახვა შეუძლებელი ხდება. მდინარე ყველაფერს აცოცხლებს და ნაყოფიერს ხდის (ეზეკიელი 47:2–11). ეზეკიელს ანგელოზი ეუბნება: „მდინარის ორსავე ნაპირზე გაიზრდება ყოველგვარი ხე, საკვების მომცემი“ (ეზეკიელი 47:12ა). როგორც კი მდინარე მკვდარ ზღვას — უსიცოცხლო წყლის მასას — ერთვის, მასში ყველაფერი ცოცხლდება! აფუთფუთდებიან თევზები. ჩაღდება თევზაობა.
4, 5. რით ჰგავს იოველის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული წყარო ეზეკიელის ხილვაში ნანახ მდინარეს და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
4 ამ შესანიშნავ წინასწარმეტყველებას შეიძლება ტყვეობაში მყოფი იუდეველებისთვის ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ჩაწერილი ერთი ცნობა შეეხსენებინა: „წყარო გამოვა უფლის სახლიდან და აავსებს შიტიმის ხევს“a (იოველი 4:18). იოველის წინასწარმეტყველებაში, ისევე როგორც ეზეკიელისაში, აღნიშნულია, რომ მდინარე ღვთის სახლიდან, ტაძრიდან, იღებს სათავეს და აცოცხლებს უნაყოფო ადგილებს.
5 „საგუშაგო კოშკი“ მრავალი წელია აღნიშნავს, რომ იოველის წინასწარმეტყველება ჩვენს დღეებში სრულდებაb. მაშინ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, იმავეს თქმა შეიძლება ეზეკიელის ასეთსავე ხილვაზეც. დღეს ღვთის ხალხის აღდგენილ ქვეყანაში სწორედ ისე, როგორც ძველ ისრაელში, იეჰოვას მზრუნველობა და კურთხევები ნამდვილად უხვად მოედინება.
კურთხევები უხვად იღვრება
6. რა უნდა შეეხსენებინა იუდეველებისთვის ხილვაში ნანახ სამსხვერპლოზე სისხლის სხურებას?
6 საიდან იღვრება ღვთის აღდგენილ ხალხზე კურთხევები? ყურადღება მივაქციოთ, რომ წყალი ღვთის ტაძრიდან იღვრება. მსგავსად ამისა, დღესაც კურთხევები დიდებული სულიერი ტაძრის — წმინდა თაყვანისმცემლობისთვის გაწეული ღონისძიებების — საშუალებით იეჰოვასგან მომდინარეობს. ეზეკიელის ხილვაში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დამატებული. წყალი სამსხვერპლოს გავლით შიდა ეზოს სამხრეთიდან გამოედინება (ეზეკიელი 47:1). სამსხვერპლო ხილვაში ნანახი ტაძრის ცენტრში მდებარეობს. იეჰოვა დაწვრილებით აღუწერს მას ეზეკიელს და უბრძანებს, მსხვერპლშესაწირის სისხლი სამსხვერპლოს ასხუროს (ეზეკიელი 43:13–18, 20). სამსხვერპლოს ყველა ისრაელისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. დიდი ხნის წინათ, მაშინ, როდესაც სინაის მთის ძირში მოსემ სამსხვერპლოს სისხლი ასხურა, ისრაელებსა და იეჰოვას შორის კავშირი დაიდო (გამოსვლა 24:4–8). ამიტომ ხილვაში სამსხვერპლოზე სისხლის სხურებას მათთვის უნდა შეეხსენებინა, რომ აღდგენილ ქვეყანაში დაბრუნებისთანავე იეჰოვა უხვად გადმოაფრქვევდა მათზე კურთხევებს და ეს იქამდე გაგრძელდებოდა, სანამ მასთან დადებული კავშირის მოთხოვნებს დაიცავდნენ (მეორე რჯული 28:1–14).
7. რა მნიშვნელობა აქვს სიმბოლურ სამსხვერპლოს დღევანდელი ქრისტიანებისთვის?
7 მსგავსად ამისა, დღეს ღვთის ხალხი კურთხეულია უკეთესი კავშირით — ახალი კავშირით (იერემია 31:30–33). ისიც დიდი ხნის წინათ იესო ქრისტეს სისხლის საფუძველზე შევიდა ძალაში (ებრაელთა 9:15–20). დღეს, ვის შორისაც უნდა ვიყოთ — ცხებულებს შორის, რომლებთანაც დაიდო ეს კავშირი, თუ ‘სხვა ცხვრებს’ შორის, რომლებიც სარგებლობენ ამ კავშირით, — სიმბოლურ სამსხვერპლოს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ქრისტეს მსხვერპლთან დაკავშირებით ღვთის ნების სიმბოლოა (იოანე 10:16; ებრაელთა 10:10). როგორც სიმბოლური სამსხვერპლოა სულიერი ტაძრის ცენტრში, ისე ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლი წმინდა თაყვანისმცემლობაში. ის არის ჩვენი ცოდვების მიტევების საფუძველი და, მაშასადამე, ჩვენი სამომავლო იმედების საფუძველიც (1 იოანე 2:2). ამიტომ ვცდილობთ ვიცხოვროთ ახალ კავშირთან დაკავშირებული რჯულის — ‘ქრისტეს რჯულის’ — თანახმად (გალატელთა 6:2). სანამ ასე ვმოქმედებთ, იეჰოვას კურთხევები არ მოგვაკლდება.
8. ა) რა არ იყო ხილვაში ნანახი ტაძრის შიდა ეზოში? ბ) რას იყენებდნენ განბანვის მიზნით ხილვაში ნანახი ტაძრის მღვდლები?
8 ერთ-ერთ კურთხევას იეჰოვას წინაშე წმინდად დგომა წარმოადგენს. ხილვაში ნანახი ტაძრის შიდა ეზოში არ არის რაღაცა, რასაც სავანის ეზოში და სოლომონის ტაძარში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა; ეს არის დიდი საბანელი, რომელსაც მოგვიანებით ზღვა ეწოდა და რომელშიც მღვდლები უნდა განბანილიყვნენ (გამოსვლა 30:18–21; მეორე ნეშტთა 4:2–6). მაშ, რას იყენებდნენ განბანის მიზნით მღვდლები ეზეკიელის მიერ ნანახ ტაძარში? იმ სასწაულმოქმედი წყლის ნაკადს, რომელიც შიდა ეზოს გავლით მიედინებოდა! დიახ, იეჰოვა ამ საშუალების გამოყენებით აკურთხებდა მათ, რათა ღვთის წინაშე სუფთად ანუ წმინდად წარმდგარიყვნენ.
9. როგორ შეუძლიათ დღეს ცხებულებსა და უამრავი ხალხის წარმომადგენლებს ღვთის წინაშე სუფთად წარდგომა?
9 მსგავსად ამისა, დღეს ცხებულებიც კურთხეულნი არიან და იეჰოვას წინაშე სუფთად დგანან. ის მათ წმინდად მიიჩნევს და მართლებად აცხადებს (რომაელთა 5:1, 2). რა შეიძლება ითქვას არასამღვდლო შტოებით წარმოდგენილი ‘უამრავი ხალხის’ შესახებ? ისინი გარეთა ეზოში მსახურობენ, ხოლო ხილვაში ნანახ ტაძარში იგივე წყლის ნაკადი ამ ნაწილის გავლითაც მიედინება. და რა მართებულია, რომ იოანემ სულიერი ტაძრის ეზოში მომსახურე უამრავი ხალხი თეთრ, სპეტაკ სამოსელში შემოსილი იხილა! (გამოცხადება 7:9–14). მიუხედავად იმისა, როგორ ეპყრობა მათ ეს გახრწნილი წუთისოფელი, ამ ხალხს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ვიდრე ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენას ავლენენ, იეჰოვა მათ სუფთად და წმინდად მიიჩნევს. როგორ ავლენენ ისინი რწმენას? იესოს ნაბიჯების მიყოლითა და გამომსყიდველური მსხვერპლისადმი სრული რწმენით (1 პეტრე 2:21).
10, 11. რა არის სიმბოლური წყლის მნიშვნელოვანი თავისებურება და როგორ არის ეს დაკავშირებული მდინარის უსაზღვროდ გაფართოებასთან?
10 როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ სიმბოლურ წყალს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აქვს და ეს თავისებურება შემეცნებაა. აღდგენილ ისრაელში იეჰოვამ თავისი ხალხი სამღვდელოების მეშვეობით გადაცემული წმინდა წერილებიდან მომდინარე დამოძღვრით აკურთხა (ეზეკიელი 44:23). იეჰოვა დღესაც ამგვარად აფრქვევს კურთხევებს თავის ხალხზე და ‘სამეფო სამღვდელოების’ მეშვეობით უხვად აძლევს თავისი ჭეშმარიტების სიტყვის შესახებ დარიგებებს (1 პეტრე 2:9). ამ უკანასკნელ დღეებში უხვად მოედინება შემეცნება იეჰოვა ღმერთის, კაცობრიობის მიმართ მისი განზრახვებისა და განსაკუთრებით იესო ქრისტესა და მესიანური სამეფოს შესახებ. რა დიდებულია ეს უფრო და უფრო მზარდი სულიერად გამომაცოცხლებელი წყლის ნაკადი, რომელსაც დღეს ჩვენ ვღებულობთ! (დანიელი 12:4).
11 როგორც ანგელოზის მიერ გაზომილი ზემოხსენებული მდინარის დონე იწევდა უფრო და უფრო, ისე სწრაფად იზრდება იეჰოვასგან მომდინარე სიცოცხლის მომცემი კურთხევები, რათა ხალხის ნაკადი ჩვენს კურთხეულ სულიერ ქვეყანაში მოიყვანოს. აღდგენის შესახებ სხვა წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „მცირე ათასად გადაიქცევა და უმრწემესი — ძლიერ ხალხად. მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“ (ესაია 60:22). ეს სიტყვები გამართლდა — წმინდა თაყვანისმცემლობაში მილიონები შემოგვიერთდნენ! იეჰოვა უხვად აძლევს „წყალს“ ყველას, ვინც კი მიმართავს (გამოცხადება 22:17). ღმერთი თვალყურს ადევნებს, თუ როგორ ავრცელებს თავისი მიწიერი ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში ასობით ენაზე ბიბლიებსა და ბიბლიურ ლიტერატურას. მსგავსად ამისა, ქრისტიანული შეხვედრები და კონგრესები მთელ მსოფლიოში იმართება, რათა ყველას მიეწოდოს ჭეშმარიტების კამკამა წყალი. როგორ გავლენას ახდენს მსგავსი ღონისძიებები ხალხზე?
წყალი აცოცხლებს!
12. ა) რამ გახადა ეზეკიელის ხილვაში ნანახი ხეები ასე ნაყოფიერი? ბ) რა არის წარმოდგენილი ამ ნაყოფიერი ხეებით უკანასკნელ დღეებში?
12 ეზეკიელის ხილვაში მდინარეს სიცოცხლე და ჯანმრთელობა მოაქვს. მდინარის ნაპირებზე ჩამწკრივებული ხეების შესახებ ეზეკიელი გებულობს: „არ დაჭკნება მისი ფოთოლი და არ მოილევა მისი ნაყოფი. . . მისი ნაყოფი საჭმელად იქნება და მისი ფოთოლი — განსაკურნებლად“. რატომ არის ეს ხეები ასე საოცრად ნაყოფიერი? ‘რადგან საწმიდარიდან მოედინება მათთვის წყლები’ (ეზეკიელი 47:12ბ). ეს სიმბოლური ხეები ღვთის ყველა იმ ღონისძიების წინასახეს წარმოადგენს, რომლებსაც ღმერთი იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე კაცობრიობის გასასრულყოფილებლად იყენებს. ამ დროს დედამიწაზე სულიერ კვებასა და გაჯანსაღებას ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ხელმძღვანელობს. მას შემდეგ, რაც 144 000-ის ყველა წევრი მიიღებს ზეციერ ჯილდოს, სარგებლობა, რომელსაც მათი ქრისტესთან ერთად თანამმართველობა მოიტანს, არ შეწყდება და, საბოლოოდ, ადამის მიერ გადმოცემულ სიკვდილს ბოლომდე აღმოფხვრის (გამოცხადება 5:11, 12; 21:2–4).
13. რა გაჯანსაღება ხდება ჩვენს დღეებში?
13 ხილვაში ნანახი მდინარე მკვდარ ზღვაში ჩაედინება და, სადაც კი აღწევს, ყველაფერს კურნავს. ზღვა სულიერად მკვდარი მდგომარეობის მაჩვენებელია. მაგრამ ეზეკიელის 47:9-ის თანახმად, „ყველგან, სადაც ეს მდინარე ჩაივლის“, სიცოცხლე იფურჩქნება (ეზეკიელი 47:9). მსგავსად ამისა, უკანასკნელ დღეებში, სადაც კი სიცოცხლის წყალი აღწევს, ხალხი სულიერად ცოცხლდება. ასეთი გაცოცხლება პირველად 1919 წელს მოხდა და ცხებულთა დარჩენილ ნაწილს შეეხო. ისინი სულიერი სიკვდილის მსგავსი უმოქმედო მდგომარეობიდან კვლავ სიცოცხლეს დაუბრუნდნენ (ეზეკიელი 37:1–14; გამოცხადება 11:3, 7–12). ამ დროიდან მოყოლებული ეს მაცოცხლებელი წყალი სხვა სულიერად მკვდრებსაც შეეხო, რის შედეგადაც ისინი გაცოცხლდნენ და შეიკრიბა სხვა ცხვრების წარმომადგენელი უამრავი ხალხის მზარდი რაოდენობა, ხალხისა, რომლებსაც უყვართ იეჰოვა და ემსახურებიან მას. მალე ეს უამრავ მკვდრეთით აღდგენილ ადამიანსაც შეეხება.
14. რას აჩვენებს დღეს თვალსაჩინოდ მკვდარი ზღვის სანაპიროზე გაჩაღებული თევზჭერა?
14 სულიერად გაცოცხლებას ნაყოფიერება მოაქვს. ეს თვალსაჩინოდაა ნაჩვენები თევზჭერის გაჩაღებით, რომელიც ყოფილი მკვდარი ზღვის სანაპიროზე მიმდინარეობს. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ადამიანთა მებადურებად გაქცევთ“ (მათე 4:19). უკანასკნელ დღეებში თევზჭერა ცხებულთა დარჩენილი ნაწილის შეკრებით დაიწყო, მაგრამ ამით არ დამთავრებულა. იეჰოვას სულიერი ტაძრიდან მომდინარე სიცოცხლის მომცემი წყალი, ზუსტი შემეცნების ჩათვლით, ყველა ერის ადამიანებამდე აღწევს. სადაც კი ეს მდინარე აღწევს, სულიერი გაგებით, ყველგან სიცოცხლე იფურჩქნება.
15. რა ცხადყოფს, რომ ყველა არ მიიღებს ღვთის სიცოცხლის მომცემ წყალს და, საბოლოოდ, რას მოუტანს ეს მათ?
15 რა თქმა უნდა, სიცოცხლის ცნობას დღეს ყველა დადებითად არ ეხმაურება. არც ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს ყველა მკვდრეთით აღდგენილი მოიქცევა ასე (ესაია 65:20; გამოცხადება 21:8). ანგელოზი ამბობს, რომ ზღვის გარკვეული ნაწილები არ განიკურნება. ჭანჭყობები, უსიცოცხლო ადგილები, „სამარილედ დარჩება“ (ეზეკიელი 47:11). ასევე ჩვენს დღეებში მცხოვრები ხალხიდანაც, ვისაც სთავაზობენ იეჰოვას სიცოცხლის მომცემ წყალს, ყველა არ მიიღებს მას (ესაია 6:10). არმაგედონის დროს ყველა, ვინც სულიერად მკვდრად ან ავადმყოფად დარჩენას არჩევს, სამარილედ დარჩება, რაც მარადიულ განადგურებას ნიშნავს (გამოცხადება 19:11–21). მაგრამ მათ, რომლებიც ერთგულად ეწაფებიან ამ წყლებს, შეუძლიათ გადარჩენისა და ამ წინასწარმეტყველების საბოლოო შესრულების ხილვის იმედი ჰქონდეთ.
წყალი, რომელიც სამოთხეში მოედინება
16. როდის და როგორ შესრულდება საბოლოოდ ტაძრის შესახებ ეზეკიელის ხილვა?
16 აღდგენის შესახებ სხვა წინასწარმეტყველებების მსგავსად, ეზეკიელის ხილვა ტაძრის შესახებ, საბოლოოდ, ათასი წლის განმავლობაში შესრულდება. მაშინ სამღვდელოების კლასი დედამიწაზე აღარ იქნება. „ისინი იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი და იმეფებენ მასთან ერთად [ზეცაში] ათას წელს“ (გამოცხადება 20:6). ეს ზეციერი მღვდლები ქრისტესთან ერთად იხელმძღვანელებენ, რომ კაცობრიობას ქრისტეს გამომსყიდველურმა მსხვერპლმა სრული სარგებლობა მოუტანოს. ამგვარად, მართალი ადამიანები გადარჩებიან და სრულყოფილებას მიაღწევენ (იოანე 3:17).
17, 18. ა) როგორ არის სიცოცხლის მომცემი მდინარე აღწერილი გამოცხადების 22:1, 2-ში და ძირითადად როდის სრულდება ეს ხილვა? ბ) რატომ მოიმატებს უსაზღვროდ სამოთხეში სიცოცხლის მომცემი მდინარე?
17 მაშინ ეზეკიელის მიერ ნანახ მდინარეში ყველაზე ძლიერმოქმედი სიცოცხლის წყალი იდინებს. გამოცხადების 22:1, 2-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება ძირითადად იმ დროს შესრულდება: „მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, ბროლივით ჭვირვალი, რომელიც ღვთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა. მისი ქუჩის შუაგულში, მდინარის გაღმა-გამოღმა, სიცოცხლის ხეა, რომელიც ისხამს თორმეტ ნაყოფს, ყოველ თვეში იძლევა თავის ნაყოფს. ხოლო ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა“.
18 ათასი წლის განმავლობაში ყოველგვარი ავადმყოფობა — იქნება ეს ფიზიკური, გონებრივი თუ ემოციური — განიკურნება. ეს კარგად არის ნაჩვენები სიმბოლური ხეებით ‘ხალხთა განკურნების’ საშუალებით. ქრისტესა და მისი 144 000 თანამმართველის ხელმძღვანელობით გაწეული მზრუნველობის წყალობით, „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“ (ესაია 33:24). იმ დროს მდინარე უდიდეს ნიაღვრად იქცევა. ის უფრო განიერი და ღრმა უნდა იყოს, რომ წყლით მოამარაგოს მკვდრეთით აღდგენილი მილიონები, შესაძლებელია, მილიარდებიც კი, რომლებიც სიცოცხლის ამ კამკამა წყლებს დალევენ. ეზეკიელის ხილვაში მდინარემ მკვდარი ზღვა განკურნა და, სადაც კი ჩაიარა, სიცოცხლე ააყვავა. ასე რომ, სამოთხეში მამაკაცები და ქალები გაცოცხლდებიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობითაც — განიკურნებიან ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული სიკვდილისგან, თუ გამოავლენენ რწმენას გამოსყიდვისადმი, რომელიც მათაც შეეხო. გამოცხადების 20:12-ში ნაწინასწარმეტყველებია, რომ იმ დღეებში გადაიშლება „წიგნები“, რომლებიც დამატებით გაგებას იძლევა და რომლებიც მკვდრეთით აღდგენილებს სარგებლობას მოუტანს. სამწუხაროდ, ზოგი სამოთხეშიც კი არ ისურვებს გამოჯანმრთელებას. ეს ურჩები მარადიულად განადგურდებიან, ‘სამარილედ დარჩებიან’ (გამოცხადება 20:15).
19. ა) როგორ შესრულდება ქვეყნის დანაწილების შესახებ წინასწარმეტყველება სამოთხეში? ბ) სამოთხის რა თავისებურებაა წარმოდგენილი ქალაქით? გ) რით არის მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ ქალაქი ტაძრიდან მოშორებით მდებარეობს?
19 იმ დროს ეზეკიელის ხილვაში ნანახი ქვეყნის დანაწილებაც საბოლოოდ შესრულდება. ეზეკიელმა იხილა, რომ ქვეყანა სათანადოდ დანაწილდა; მსგავსად ამისა, თითოეულ ერთგულ ქრისტიანს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ სამოთხეში თავისი ადგილი, სამკვიდრო, ექნება. ადამიანის სურვილი, ჰქონდეს საკუთარი სახლი და ზრუნავდეს მასზე, სათანადოდ დაკმაყოფილდება (ესაია 65:21; 1 კორინთელთა 14:33). ქალაქი, რომელიც ეზეკიელმა იხილა, შესაფერისად აღწერს იმ ადმინისტრაციულ ღონისძიებას, რომლის გატარებაც იეჰოვას აქვს განზრახული ახალ დედამიწასთან დაკავშირებით. ცხებული სამღვდელოების კლასი ფიზიკურად ადამიანებს შორის აღარ იქნება. ეს ხილვაში ნაჩვენებია იმით, რომ ქალაქი „საერო“ ნაკვეთზე, ტაძრიდან მოშორებით, მდებარეობს (ეზეკიელი 48:15). მაგრამ ქრისტესა და 144 000 ზეციერ მმართველს დედამიწაზეც ეყოლებათ წარმომადგენლები. მიწიერი ქვეშევრდომებისთვის ძალზე სასარგებლო იქნება მთავრის კლასის მიერ გაწეული სიყვარულით აღსავსე ხელმძღვანელობა და მითითებები. მაგრამ მთავრობა ზეცაში იქნება და არა დედამიწაზე. დედამიწის ყველა მკვიდრი, მათ შორის მთავრის კლასი, მესიანური სამეფოს ქვეშევრდომი იქნება (დანიელი 2:44; 7:14, 18, 22).
20, 21. ა) რა გაგებით არის ქალაქის სახელი შესაფერისი? ბ) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს ეზეკიელის ხილვის გაგების შემდეგ?
20 ყურადღება მიაქციეთ ეზეკიელის წინასწარმეტყველების ბოლო სიტყვებს: «ქალაქის სახელი იმ დღიდან იქნება: იქ არის უფალი [„იეჰოვა“, აქ]» (ეზეკიელი 48:35). ეს ქალაქი იმისთვის არ იარსებებს, რომ ადამიანებს მიეცეს ძალაუფლება ან გავლენა; არც იმისთვის, რომ რომელიმე ადამიანმა თავისი ნება სხვებს თავს მოახვიოს. არა, ეს იეჰოვას ქალაქია, რომელიც ღვთის აზროვნებასა და მის მოსიყვარულე, გონივრულ გზებს აირეკლავს (იაკობი 3:17). ყოველივე ეს გვარწმუნებს, რომ იეჰოვა მარადიულად, უსასრულოდ, აკურთხებს მის მიერ ჩამოყალიბებულ ‘ახალი მიწის’ საზოგადოებას (2 პეტრე 3:13).
21 განა გულის ფანცქალით არ მოველით ამ მომავალს? მაშინ მართებულია, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს დაუსვას კითხვა: „როგორ ვრეაგირებ იმ შესანიშნავ კურთხევებზე, რომლებიც ეზეკიელის ხილვაში განგვიცხადდა? ერთგულად ვუჭერ თუ არა მხარს საქმიანობას, რომელსაც სიყვარულით ასრულებენ ზედამხედველები, მათ შორის ცხებულთა დარჩენილი ნაწილის წარმომადგენლები და მთავრის კლასის მომავალი წევრები? უკავია წმინდა თაყვანისმცემლობას ჩემს ცხოვრებაში პირველი ადგილი? ყოველნაირი დანიშნულებით ვიყენებ თუ არა სიცოცხლის წყალს, რომელიც დღეს ასე უხვად მოედინება?“ დაე თითოეული ჩვენგანი ყოველთვის ასე მოიქცეს და მთელი მარადიულობის განმავლობაში დატკბეს იეჰოვას მზრუნველობით!
[სქოლიოები]
a შიტიმის ხევი შეიძლება მიუთითებდეს კედრონის ხევზე, რომელიც იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და მკვდარ ზღვას ერთვის. მდინარის თავთხელი ადგილები მთელი წლის განმავლობაში თითქმის უწყლო და დამშრალია.
b იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ 1881 წლის 1 მაისისა და 1981 წლის 1 ივნისის გამოცემები (ინგლ.).
როგორ უპასუხებდით?
◻ რა არის წარმოდგენილი წყლით, რომელიც ტაძრიდან მოედინება?
◻ რა განკურნებას ახდენს იეჰოვა სიმბოლური მდინარის საშუალებით და რატომ დიდდება ეს მდინარე?
◻ რა არის წარმოდგენილი მდინარის ნაპირებზე ჩამწკრივებული ხეებით?
◻ რა იქნება წარმოდგენილი ქალაქით ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში და რა გაგებით არის ქალაქის სახელი შესაფერისი?
[სურათები 23 გვერდზე]
სიცოცხლის მომცემი მდინარე ხსნისთვის გაწეულ ღვთის ღონისძიებებს გვიჩვენებს.