წარმართულ საფუძვლებზე აგებული
რომის თვალსაჩინო მონუმენტებს შორის ტურისტებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ძეგლს პანთეონი წარმოადგენს. რომის არქიტექტურის ეს შედევრი იმ ძეგლთა შორისაა, რომლებსაც ძირითადად ძველებური სახე შემორჩა. პანთეონის მშენებლობა დაახლოებით ძვ. წ. 27 წელს აგრიპამ დაიწყო, ხოლო დაახლოებით ახ. წ. 120 წელს ადრიანეს მიერ იქნა რეკონსტრუირებული. ამ ნაგებობის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას 43 მეტრი დიამეტრის მქონე უზარმაზარი გუმბათი წარმოადგენს, რომელსაც სიდიდით მხოლოდ თანამედროვე გუმბათოვანი ნაგებობები თუ აღემატება. ტაძარი თავდაპირველად წარმართული იყო. მისი სახელი „პანთეონი“ ბერძნული წარმოშობისაა და „ყველა ღვთის სამკვიდროს“ ნიშნავს. დღეს პანთეონი ჯერ ისევ რომის კათოლიკურ ეკლესიად ითვლება. როგორ მოხდა ასეთი საოცარი გარდაქმნა?
ახ. წ. 609 წელს პაპმა ბონიფაციუს IV-მ ეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმოქმედო ტაძარი „ქრისტიანულ“ ეკლესიად აკურთხა, რომელსაც იმ დროს „სანტა მარია როტონდა“ ეწოდა. იტალიის იეზუიტური ჟურნალის, „ჩივილტა კათოლიკას“ (La Civiltà Cattolica), 1900 წლის ნომერში აღნიშნული იყო, რომ ბონიფაციუსმა ძირითადად ეს იმ მიზნით გააკეთა, რომ „განედიდებინა ქრისტიანული სამყაროს ყველა წამებული და წმინდანი, რომელთა შორის პირველ ადგილზე ქალწული ღვთისმშობელი იყო“. დღეს პანთეონისთვის რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ წოდებული სახელები „სანტა მარია ად მარტირესი“ ან „სანტა მარია როტონდა“ არაბიბლიურ იდეებს ირეკლავს (შეადარეთ საქმეები 14:8–15).
პანთეონი ახალ დანიშნულებას რომ მორგებოდა, «მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა საჭირო არ იყო, — განაგრძობს იგივე სტატია. — ბონიფაციუსი ხელმძღვანელობდა მარტივი და კეთილშობილური კანონებით, რომლებიც ადრე მისმა წინამორბედმა, წმინდა გრიგოლმა [პაპმა გრიგოლ I, დიდმა] დააფუძნა. ის „მაესტრო“ იყო და წარმართული ტაძრების ქრისტიანული თაყვანისმცემლობის ადგილებად გადაკეთებაში ბადალი არ ჰყავდა». რა კანონებია ესენი?
ახ. წ. 601 წელს პაპმა გრიგოლმა წარმართულ ბრიტანეთში მიმავალ მისიონერს წერილობით შემდეგი მითითება მისცა: „ზემოხსენებული ქვეყნის ტაძრები კი არ უნდა დაინგრეს, არამედ მხოლოდ მასში არსებული კერპები. . . თუ ნაგებობები კარგ მდგომარეობაშია, მათში ეშმაკების თაყვანისმცემლობა აუცილებლად ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობით უნდა შეიცვალოს“. გრიგოლის აზრით, თუ წარმართები დაინახავდნენ, რომ მათი ძველი ტაძრები ხელუხლებელი დარჩა, უფრო ხშირად გაუწევდათ გული მისკენ. მაშინ როდესაც წარმართები „მრავალ ხარს სწირავდნენ ეშმაკს, — წერდა პაპი, იმედია, ახლა „აღარ შესწირავენ ეშმაკს ცხოველურ შესაწირავს, არამედ მათ თავიანთი სიამოვნებისთვის დახოცავენ და ხოტბას შეასხამენ ღმერთს“.
რომის კათოლიციზმმა წარმართული თაყვანისმცემლობა იმითაც „გააუქმა“, რომ ძველი ტაძრების გვერდით „ქრისტიანობის“ მფარველების ეკლესიები წამომართა. ძველ დღესასწაულებს „ქრისტიანული“ მნიშვნელობა მიეცა. „ჩივილტა კათოლიკას“ ენით რომ ვთქვათ, „ადრინდელი ქრისტიანული ტრადიციებიდან და რელიგიური დღესასწაულებიდან ზოგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული წარმართულ ჩვეულებებთან და ეს ჩვენს დროში ყველა სწავლულისთვის ცნობილია. ამ ჩვეულებებს ხალხი ძალიან აფასებდა, ხოლო ძველ მსოფლიოში ტრადიციები ღრმად იყო ფესვებგადგმული საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. დედა ეკლესიას, გონიერსა და კეთილს, ვერც წარმოედგინა მათი ამოძირკვა; პირიქით, ქრისტიანული მნიშვნელობის მიცემით, მეტი დიდებულებისა და ახალი სიცოცხლის მინიჭებით — რაც მძლავრი, მაგრამ დახვეწილი მეთოდი იყო — მათზე გაბატონდა და გამარჯვება ისე მოიპოვა, რომ არც უბრალო ხალხში და არც მაღალ ფენებში შეშფოთება არ გამოუწვევია“.
წარმართული დღესასწაულის სახეცვლილების ერთ-ერთ კარგად ცნობილ მაგალითს შობის დღესასწაული წარმოადგენს. 25 დეკემბერს ძველ რომში დღესასწაულობდნენ და ეს იყო dies natalis Solis Invicti ანუ „უძლეველი მზის დაბადების დღე“.
როგორც ვხედავთ, წარმართთა გულის მოსაგებად ეკლესია ჭეშმარიტების ფარგლებს საკმაოდ გასცდა. მან „მასებისთვის ძვირფასი“ წარმართული რწმენა და ჩვეულებები შეითვისა, რითაც სინკრეტიზმი გაამართლა. შედეგად მოხდა წარმართობისა და ქრისტიანობის სინთეზი, წარმოიქმნა განდგომილი ეკლესია, რომელიც ძალიან შორს იყო ჭეშმარიტი ქრისტიანული მოძღვრებიდან. ყოველივე ზემოთ განხილულის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ პანთეონი, „ყველა ღვთის“ ტაძარი მარიამისა და ყველა „წმინდანისადმი“ მიძღვნილ რომის კათოლიკურ ეკლესიად იქცა.
მაგრამ ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ტაძრის ან დღესასწაულის სახელის შეცვლა საკმარისი არ არის „ეშმაკის თაყვანისმცემლობის ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობად“ გარდასაქმნელად. „რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან?“ — კითხვა დასვა მოციქულმა პავლემ. „გამოდით მათგან და გამოეყავით! ამბობს უფალი. უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ. ვიქნები თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი“ (2 კორინთელთა 6:16–18).