სიბრძნის წიგნი დღევანდელობისთვის საჭირო ცნობით
«მარგალიტზე [„მარგალიტებით სავსე ჩანთაზე“, აქ] ძვირფასია სიბრძნე», — დაასკვნა ძველი დროის პატრიარქმა, იობმა, რომელიც ერთ დროს უმდიდრესი კაცი იყო (იობი 1:3; 28:18; 42:12). ადამიანს ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად სიბრძნე, მართლაც რომ, ბევრად უფრო დაეხმარება, ვიდრე მატერიალური სიმდიდრე. „სიბრძნეც დაიფარავს კაცს და ფულიც დაიფარავს, — თქვა ბრძენმა მეფე სოლომონმა, — მაგრამ სიბრძნე უპირატესია; მის მფლობელს აცოცხლებს“ (ეკლესიასტე 7:12).
სად შეიძლება დღეს სიბრძნის პოვნა? ხალხი პირადი პრობლემებით გაზეთების კომენტატორებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს, პარიკმახერებსა და ტაქსის მძღოლებსაც კი მიმართავს. მრავალი სპეციალისტი შესაფერისი გასამრჯელოს საზღაურად მზად არის თითქმის ნებისმიერ საკითხზე რჩევის მისაცემად, მაგრამ ხშირად ასეთ „სიბრძნეს“ გულგატეხილობა და უბედურებაც კი მოუტანია. მაშ, სად შეიძლება ჭეშმარიტი სიბრძნის პოვნა?
იესო ქრისტემ, რომელიც კარგად იყო გაცნობილი ადამიანის საქმეებს, თქვა: „სიბრძნე საქმეებითაა გამართლებული“ (მათე 11:19). მოდი განვიხილოთ რამდენიმე პრობლემა, რომლებიც ხშირად გვხვდება ადამიანთა ცხოვრებაში, და გავიგოთ, რომელი სიბრძნე დაეხმარა მათ ნამდვილად და აღმოჩნდა მათთვის „მარგალიტებით სავსე ჩანთაზე“ ძვირფასი. თქვენც შეგიძლიათ იპოვოთ და გამოიყენოთ ეს სიბრძნე.
დეპრესიაში ხომ არ ხართ?
„თუ XX საუკუნემ საზრუნავებით შემოაბიჯა, მისი მიწურული მელანქოლიის ეპოქაში შებიჯებაზე მოწმობს“, — აღნიშნავს ლონდონის „ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნი“ (International Herald Tribune). შემდეგ ამატებს: „მძიმე დეპრესიების პირველმა საერთაშორისო გამოკვლევამ ცხადყო, რომ ეს მოშლილობა მსოფლიოში უფრო და უფრო იზრდება. ერთმანეთისგან განსხვავებულ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ტაივანი, ლიბანი და ახალი ზელანდია, ყოველი მომდევნო თაობა უფრო და უფრო ადვილად ვარდება დეპრესიაში“. 1955 წლის შემდეგ დაბადებულებიდან სამჯერ მეტს ემუქრება ეს მოშლილობა, ვიდრე მათს პაპებსა და ბებიებს.
განვიხილოთ ერთი შემთხვევა. ტომოე მძიმე დეპრესიაში იყო და დღეებს უმეტესწილად ლოგინში ატარებდა. მას შვილის, ორი წლის ბიჭუნას, მოვლაც კი არ შეეძლო, რის გამოც საცხოვრებლად მშობლებთან დაბრუნდა. მალე მას დაუმეგობრდა მეზობელი, რომელსაც ტომოეს შვილის ტოლი გოგო ჰყავდა. ტომოემ მეზობელს უთხრა, რომ საკუთარი თავი არარაობად მიაჩნდა, მან კი ერთი წიგნიდან პატარა მონაკვეთი ამოუკითხა: „თვალი ვერ ეტყვის ხელს: არ მჭირდებიო. ვერც თავი ფეხს: არ მჭირდებითო. არამედ, სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე უძლურნი ჩანან, უფრო მეტად საჭირონი არიან“a. ტომოეს ცრემლები გადმოსცვივდა, რადგან მიხვდა, რომ ამ ცისქვეშეთში ყველას თავისი ადგილი აქვს და ყველა საჭიროა.
მეზობელმა ურჩია, შეესწავლა წიგნი, რომელშიც ეს სიტყვები იყო ჩაწერილი. ტომოემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, თუმცა აქამდე იმის თავიც კი არ ჰქონდა, რომ ვინმეს რამე დაპირებოდა. მეზობელი მას ყოველდღე პროდუქტის ყიდვასა და საჭმლის მომზადებაშიც ეხმარებოდა. ერთი თვის შემდეგ ტომოე, როგორც ყველა დიასახლისი, დილაობით დგებოდა, სარეცხს რეცხავდა, სახლს ალაგებდა, მაღაზიაში დადიოდა და სადილს ამზადებდა. მას მრავალი სირთულე ჰქონდა გადასალახავი, მაგრამ თქვა: „დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ ზუსტად მივყვებოდი ნაპოვნი სიბრძნის სიტყვებს, კარგად ვიქნებოდი“.
ტომოე ასეც მოიქცა, სძლია დეპრესიას და უკან მოიტოვა ნაღვლით აღსავსე დღეები. ახლა ის სრული დროით მსახურია და სხვებს იმავე სიტყვების გამოყენებაში ეხმარება, რომლებმაც მას პრობლემები გადაალახვინა. სიბრძნის ეს სიტყვები მოცემულია ერთ ძველ წიგნში, რომელიც დღესაც ყველასთვის შეიცავს საჭირო ცნობას.
გაქვთ ოჯახური პრობლემები?
მთელ მსოფლიოში განქორწინებათა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. ოჯახური პრობლემები აღმოსავლეთის ქვეყნებშიც კი იზრდება, ქვეყნებში, სადაც ხალხი ერთ დროს ამაყობდა მტკიცე ოჯახებით. სად შეგვიძლია ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით ბრძნული, პრაქტიკული რჩევების მიღება?
განვიხილოთ შუგოსა და მიჰოკოს შემთხვევა, რომლებსაც გაუთავებლად ჰქონდათ ოჯახური პრობლემები. ისინი ნებისმიერ წვრილმანზე კამათობდნენ. შუგოს ფიცხი ხასიათი ჰქონდა, ხოლო მიჰოკო არც ერთ მის შენიშვნას უპასუხოდ არ ტოვებდა. ზოგჯერ ქალი ფიქრობდა: „შეუძლებელია ჩვენ რამეში მოვრიგდეთ“.
ერთხელ მიჰოკოსთან ერთი ქალი მივიდა და ერთი წიგნიდან შემდეგი სიტყვები ამოუკითხა: „ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“b. მიუხედავად იმისა, რომ რელიგია საერთოდ არ აინტერესებდა, მიჰოკო დასთანხმდა იმ წიგნის შესწავლაზე, რომელშიც ეს სიტყვები იყო ჩაწერილი. მას ოჯახური ცხოვრების გაუმჯობესება სურდა. ამიტომ, როდესაც მიიწვიეს შეხვედრაზე, სადაც ირჩეოდა პუბლიკაცია, სათაურით „მოაწყვე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება“, ის და მისი მეუღლე სიამოვნებით დასთანხმდნენc.
შეხვედრაზე შუგომ შენიშნა, რომ დამსწრეები ნამდვილად იყენებდნენ ნასწავლს და ძალიან ბედნიერები ჩანდნენ. მან გადაწყვიტა ჩაეხედა წიგნში, რომელსაც მისი მეუღლე სწავლობდა. მალე მისი ყურადღება მიიპყრო სიტყვებმა: «სულგრძელ კაცს დიდი გონიერება ახლავს, ხელმოკლე [„მოუთმენელი“, აქ] კი სიბრიყვეს ამხელს»d. თუმცა ცხოვრებაში ამ პრინციპის გამოსაყენებლად დრო დასჭირდა, მის გარშემო მყოფებმა და ცოლმაც თანდათანობით შენიშნეს მასში მომხდარი ცვლილებები.
შუგოში მომხდარი ცვლილებების დანახვამ ცოლიც აღძრა ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებისკენ. განსაკუთრებით დიდი დახმარება გაუწია პრინციპმა: „ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ. ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით იმნაირითვე განისჯებით“e. ამიტომ მიჰოკომ და მისმა ქმარმა გადაწყვიტეს, ერთმანეთის დადებით თვისებებზე ელაპარაკათ, ხოლო რაც შეეხება ნაკლოვან მხარეებს, ერთმანეთში მათი გამოჩხრეკის ნაცვლად, ესაუბრათ, როგორ გამოესწორებინათ ისინი. როგორი იყო შედეგი? მიჰოკო იხსენებს: „ამან ნამდვილი ბედნიერება მომიტანა. ყოველ ვახშამზე ჩვენი გადაწყვეტილების თანახმად ვიქცევით. საუბარში ბევრჯერ ჩვენი სამი წლის ბიჭუნაც კი გვიერთდება. ასეთი საუბრები ნამდვილად ძალას გვმატებს“.
ამ ოჯახმა შეთავაზებული მნიშვნელოვანი რჩევების გამოყენება დაიწყო და სძლია პრობლემებს, რომლებმაც მისი წევრების ურთიერთობა ისე დაძაბა, რომ ოჯახი დანგრევის პირას იყო. განა ეს მათთვის მარგალიტებით სავსე ჩანთაზე ძვირფასი არ აღმოჩნდა?
გსურთ ცხოვრებაში წარმატების მიღწევა?
დღეს ბევრისთვის ქონების დაგროვება სიცოცხლის მიზანს წარმოადგენს. ერთმა ამერიკელმა ბიზნესმენმა კი, რომელმაც საქველმოქმედო საქმისთვის ასობით მილიონი ამერიკული დოლარი გაიღო, თქვა: „ფული ბევრს იზიდავს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ არავის შეუძლია ერთდროულად ორი წყვილი ფეხსაცმლის ტარება“. ცოტას თუ ესმის ეს ფაქტი და კიდევ უფრო ცოტა თუ იკავებს თავს სიმდიდრის დაგროვებისგან.
ჰიტოში ღარიბ ოჯახში გაიზარდა და გამდიდრების დიდი სურვილი ჰქონდა. როდესაც ხედავდა, როგორ ათამაშებდნენ მევალეები თავიანთ მოვალეებს, იფიქრა: „გამარჯვებული ის არის, ვისაც მეტი ფული აქვსო“. ჰიტოშის ფულის ძალის იმდენად სჯეროდა, რომ, მისი აზრით, ადამიანის სიცოცხლის ყიდვაც კი იყო შესაძლებელი. სიმდიდრის დაგროვების მიზნით წყალგაყვანილობის დაწესებულებაში მოეწყო და მთელი წლის განმავლობაში დასვენების დღეების გარეშე მუშაობდა. ჰიტოში მალე მიხვდა, რომ რაც უნდა ბევრი ემუშავა, მას, როგორც სუბმოიჯარეს, არასოდეს ექნებოდა იმხელა ძალაუფლება, როგორიც მისთვის სამუშაოს მიმცემ მოიჯარეს ჰქონდა. მას ყოველდღე ღრღნიდა საქმის ჩავარდნისა და გაკოტრების შიში.
ერთხელ მის კარს ერთი მამაკაცი მიადგა და ჰკითხა, იცოდა თუ არა იმ ფაქტის შესახებ, რომ იესო ქრისტე მისთვის მოკვდა. ჰიტოში ფიქრობდა, რომ მისნაირებისთვის არავინ მოკვდებოდა, ამიტომ დაინტერესდა და თანხმობა განაცხადა შემდგომ საუბარზე. მომდევნო კვირას მოხსენების მოსმენისას გააოცა შემდეგმა დარიგებამ: „შეინარჩუნეთ თვალი სუფთად“. მომხსენებელმა განმარტა, რომ „სუფთაა“ თვალი, რომელიც შორსმჭვრეტელია და სულიერზე ამახვილებს ყურადღებას; მეორე მხრივ, თვალი „ბოროტია“ ანუ „მეტოქეობის სულით არის გამსჭვალული“, თუ მხოლოდ წუთიერი, ხორციელი, სურვილებისკენაა მიპყრობილი; ასეთი თვალი ბეცია. მასზე ძალიან იმოქმედა რჩევამ: „სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება“f. ესე იგი არსებობდა სიმდიდრის დაგროვებაზე აღმატებული რამ! მსგავსი სიტყვები მას არასოდეს სმენია.
აღფრთოვანებულმა მოსმენილის ცხოვრებაში გამოყენება და, ფულის საშოვნელად მძიმე შრომის ნაცვლად, ცხოვრებაში პირველ ადგილზე სულიერი ფასეულობების დაყენება დაიწყო. ჰიტოშიმ ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვაც დაიწყო. ბუნებრივია, ყოველივე ამის გამო სამუშაოსთვის ნაკლები დრო რჩებოდა, მაგრამ მისი საქმე უკეთესობისკენ შეტრიალდა. როგორ?
ნასწავლის გამოყენებით აგრესიული ბუნება შეიცვალა და მშვიდი და მეგობრული გახდა. მასზე განსაკუთრებული გავლენა იქონია დარიგებამ: „განიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა. ნუ იცრუებთ ერთიმეორის მიმართ, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი ადამიანი მისი საქმეებითურთ. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლებულია შემეცნებით მისი შემოქმედის ხატისამებრ“g. ამ რჩევის გამოყენებას მართალია არ გაუმდიდრებია, მაგრამ ‘ახალ პიროვნებად’ გარდაქმნამ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა კლიენტებზე და მისადმი ნდობით აღჭურვა. დიახ, ნაპოვნი სიბრძნის სიტყვები მას ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში დაეხმარა. მისთვის ისინი, პირდაპირი გაგებით, მარგალიტებით სავსე ჩანთაზე ძვირფასი აღმოჩნდა.
გსურთ ამ ჩანთის გახსნა?
გსურთ გაიგოთ, რა არის სიბრძნით სავსე ჩანთა, რომელიც ასე ძვირფასი აღმოჩნდა ზემოხსენებული ადამიანებისთვის? ეს არის ბიბლიური სიბრძნე, რომელიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული, და ეს არის წიგნი, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე ხელმისაწვდომია. შეიძლება თქვენ გაქვთ ეს წიგნი ან ადვილად შეგიძლიათ მისი შეძენა, მაგრამ, როგორც მარგალიტებით სავსე ჩანთის მხოლოდ ფლობა და მისი გამოუყენებლობა არ მოუტანდა მფლობელს სარგებლობას, ასევე ბიბლიის სახლში მხოლოდ დება ნაკლებად სასარგებლოა. რატომ არ გაგეხსნათ ეს, ეგრეთწოდებული, ჩანთა და არ გამოგეყენებინათ ბიბლიის ბრძნული, დროული რჩევები? იქნებ გენახათ, როგორ დაგეხმარებოდათ ისინი ცხოვრებისეული პრობლემების წარმატებით გადაჭრაში?
თუ მარგალიტებით სავსე ჩანთას მიიღებდით, განა მადლიერი არ იქნებოდით და არ ეცდებოდით, გეპოვნათ მწყალობელი და მადლობა გეთქვათ მისთვის? იცით, ვინ გვიწყალობა ბიბლია?
ბიბლია გვიმხელს, ვინ არის მასში მოცემული სიბრძნის წყარო: „წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა“ (2 ტიმოთე 3:16). ის აგრეთვე გვეუბნება: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“ (ებრაელთა 4:12). ამიტომაც არის მასში მოცემული სიბრძნის სიტყვები დღეს ჩვენთვის ასე დროული და ეფექტური. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან ამ გულუხვი მწყალობლის, იეჰოვა ღმერთის, შესახებ შემეცნების მიღებაში. ასე რომ, გაქვთ შესაძლებლობა ბიბლიაში მოცემული „სიბრძნით სავსე ჩანთის“ მფლობელი გახდეთ, ბიბლიაში, რომელიც არის სიბრძნის წიგნი დღევანდელობისთვის საჭირო ცნობით.
[სქოლიოები]
a ციტატა აღებულია 1 კორინთელთა 12:21, 22-დან.
c გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
e მათე 7:1, 2 (სსგ).
[ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]
სიბრძნის სიტყვები ემოციური წონასწორობის შესანარჩუნებლად
„თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება? მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ“ (ფსალმუნი 129:3, 4).
„მხიარული გული სახესაც ახარებს, გულის წუხილისას სულიც იტანჯება“ (იგავნი 15:13).
„ნუ იქნები ზედმეტად მართალი და მეტისმეტად ნუ დაბრძენდები — რად გინდა, რომ შეძრწუნდე?“ (ეკლესიასტე 7:16).
„გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35).
„განრისხდით, ოღონდ ნუ შესცოდავთ: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე“ (ეფესელთა 4:26).
[ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]
სიბრძნის სიტყვები ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის
„თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება, მრავალი მრჩევლის შემწეობით კი ხორციელდება“ (იგავნი 15:22).
„გონიერის ჭკუა ცოდნას იძენს და ბრძენთა ყური ცოდნას ეძიებს“ (იგავნი 18:15).
„მოსწრებული სიტყვა მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია“ (იგავნი 25:11).
„ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვასა და რისხვაში ნელი“ (იაკობი 1:19).
„შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს. როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე თქვენც. და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რაც სრულქმნილობის კავშირია“ (კოლასელთა 3:13, 14).
[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]
სიბრძნის სიტყვები ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად
„მრუდი პინები სისაძაგლეა უფლისთვის, სწორი საწონი — სასურველი“ (იგავნი 11:1).
„დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას — ქედმაღლობა“ (იგავნი 16:18).
„რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც საკუთარ თავს ვერ პატრონობს“ (იგავნი 25:28).
„გულისწყრომად ნუ იჩქარი, რადგან გულისწყრომა უგუნურთა მკერდში ბუდობს“ (ეკლესიასტე 7:9).
„წყალს გაატანე შენი პური, რადგან მრავალთა დღეთა შემდგომ კვლავ მოიძიებ“ (ეკლესიასტე 11:1).
„არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელებს“ (ეფესელთა 4:29).
[სურათი 7 გვერდზე]
ბიბლიის შესწავლა პირველი ნაბიჯია ‘სიბრძნით სავსე ჩანთით’ სარგებლობისთვის.