ავლენ მადლიერებას?
დასავლეთ აფრიკის მისიონერთა სახლში ერთ დროს ერთი ძაღლი ჰყავდათ, რომელსაც ტედი ერქვა. როდესაც მას ვინმე ხორცის ნაჭერს გადაუგდებდა, არ ცდილობდა სიამოვნება გაეგრძელებინა და კარგად დაეღეჭა, უცბათ ყლაპავდა. მცხუნვარე მზის ქვეშ ტედი ქშენით ელოდა, როდის გადაუგდებდნენ შემდეგ ლუკმას, თუ არა და, გატრიალდებოდა და წავიდოდა.
ტედი მცირე მადლიერებასაც კი არასოდეს გამოხატავდა; არც არავინ ელოდა ამას მისგან. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ძაღლი იყო.
მადლიერებას ხშირად ადამიანებისგან უფრო მოველით, ვიდრე ცხოველებისგან; მაგრამ ხშირად გული გვტკივა, როდესაც ვხედავთ, რომ ბევრი ცდილობს, გაუმაძღრად სულ უფრო და უფრო მეტი მიიღოს ცხოვრებისგან. არც ეს არის გასაკვირი, რადგან ბიბლიის წინასწარმეტყველების თანახმად უკანასკნელ დღეებში ადამიანები უმადურები იქნებოდნენ (2 ტიმოთე 3:1, 2).
ღვთის მსახურები კი სხვანაირად იქცევიან. ისინი ითვალისწინებენ მოციქულ პავლეს რჩევას თანამორწმუნეებისადმი: „იყავით მადლიერნი“ (კოლასელთა 3:15).
იეჰოვა მადლიერი ღმერთია
იეჰოვა ღმერთი მადლიერების გამოხატვის სრულყოფილ მაგალითს იძლევა. განვიხილოთ, როგორ ექცევა ის თავის ერთგულ მსახურებს. პავლემ ღვთის შთაგონებით ებრაელ ქრისტიანებს მისწერა: „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს“ (ებრაელთა 6:10).
ერთგული მსახურებისადმი იეჰოვას მადლიერების გამოხატვის უამრავი მაგალითი არსებობს: მან აბრაამი იმით აკურთხა, რომ მისი შთამომავლობა „ცის ვარსკვლავებივითა და ზღვის ქვიშასავით“ გაამრავლა (დაბადება 22:17). იეჰოვამ გამოცდების დროს იობის ერთგულებისთვის მას არა მარტო დაუბრუნა სიმდიდრე, რაც მანამდე ჰქონდა, არამედ „ერთი იმდენიც მიუმატა“ (იობი 42:10). ათასობით წლის განმავლობაში თავისი მსახურებისადმი იეჰოვას მოპყრობა შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტებას ამტკიცებს: „რადგან უფლის თვალი დაჰყურებს მთელს ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი“ (მეორე ნეშტთა 16:9).
ღვთის მადლიერება და სურვილი, დააჯილდოვოს ის, ვინც ცდილობს, მას ემსახუროს, იეჰოვას ძირითადი დამახასიათებელი თვისებებია. ამის აღიარება ძალზე მნიშვნელოვანია ქრისტიანობაში. პავლემ დაწერა: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ . . . თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6).
იეჰოვა მკაცრი და კრიტიკული რომ ყოფილიყო, ყოველი ჩვენგანი მსჯავრდებული იქნებოდა. ფსალმუნმომღერალმა ეს დიდი ხნის წინათ აღნიშნა: „თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?“ (ფსალმუნი 129:3). იეჰოვა არც უმადურია და არც — კრიტიკული. ის აფასებს თავის მსახურებს. იეჰოვა მადლიერი ღმერთია.
იესო — მადლიერი პიროვნება
იესო ქრისტე სრულყოფილად ირეკლავდა ზეციერი მამის თვისებებს; ის მადლიერი იყო იმისთვის, რასაც სხვები რწმენით აკეთებდნენ. განვიხილოთ, რა მოხდა ერთხელ იერუსალიმის ტაძარში: «მოიხედა [იესომ] და დაინახა, რომ მდიდრები ჰყრიდნენ თავიანთ შესაწირავს საგანძურში. დაინახა აგრეთვე ღარიბი ქვრივი, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო. თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო, ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულისგან ჩაყარა, მან კი თავისი სიდუხჭირისაგან ჩააგდო მთელი სარჩო, რაც ებადა“ » (ლუკა 21:1–4).
რაოდენობის მიხედვით, ამ ქალის შენაწირი მცირე იყო, განსაკუთრებით, მდიდრების შენაწირთან შედარებით. იქ მყოფთა უმრავლესობისგან განსხვავებით იესომ შეამჩნია ეს ქალი. მან დაინახა ქვრივის შესაძლებლობა და დააფასა.
შემდეგი შემთხვევა ეხებოდა მდიდარ ქალს, რომელსაც მარიამი ერქვა. მან სუფრასთან მჯდომ იესოს თავსა და ფეხებზე ძვირად ღირებული სურნელოვანი ზეთი სცხო. ზოგმა განსაჯა ის და თქვა, რომ შეიძლებოდა ზეთის გაყიდვა და ფულის ღარიბებისთვის დარიგება. რა უპასუხა მათ იესომ? მან უთხრა: „მოეშვით მაგას, რატომ არცხვენთ? მაგან ხომ სიკეთე მიყო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ სახარებას მთელ წუთისოფელში, იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისივე მოსაგონებლად“ (მარკოზი 14:3–6, 9; იოანე 12:3).
იესოს არ განუსჯია ქალის საქციელი და არ დანანებია, რომ ძვირფასი ზეთი სხვაგვარად არ გამოიყენეს. მან დააფასა მარიამის მიერ სიყვრულისა და რწმენის ასეთი გამოვლენა. ეს შემთხვევა ბიბლიაში იმისათვის ჩაიწერა, რომ არ დავიწყებულიყო მარიამის შესანიშნავი საქციელი. მსგავსი ცნობები გვიჩვენებს, რომ იესო მადლიერი პიროვნება იყო.
თუ ღვთის მსახური ხარ, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა და იესო ქრისტე დიდად აფასებენ შენს ძალისხმევას, რომელსაც წმინდა მსახურების წინსვლას ახმარ. ამის ცოდნა მათკენ გვიზიდავს და აღგვძრავს, მივბაძოთ მადლიერების გამოვლენაში.
სატანის კრიტიკული სული
ახლა განვიხილოთ პიროვნების მაგალითი, რომელმაც არ გამოავლინა მადლიერება; ეს სატანა ეშმაკია. მისმა უმადურობამ ღვთის წინააღმდეგ საშინელი აჯანყება განაპირობა.
სატანამ უკმაყოფილების კრიტიკული სული განივითარა და შემდეგ სხვებში დაიწყო მისი თესვა. გავიხსენოთ, რა მოხდა ედემის ბაღში. იეჰოვამ შექმნა პირველი კაცი და ქალი, დაასახლა სამოთხის ბაღში და უთხრა: „ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში“. ღმერთმა მათ ერთი რამ აუკრძალა: „მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო“ (დაბადება 2:16, 17).
მაგრამ მალე სატანამ კითხვის ქვეშ დააყენა ის, თუ რამდენად სანდოა იეჰოვა. მას უნდოდა უმადურობის გრძნობა გაეღვივებინა ევაში, რომ ღვთის წინააღმდეგ აეჯანყებინა, სწორედ ისე, როგორც ეს თვითონ გააკეთა. „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?“ — ჰკითხა სატანამ ევას (დაბადება 3:1). ამ სიტყვებში გულისხმობდა, რომ ღმერთი ევას რაღაც ძვირფასს უმალავდა, რაც მას თვალს აუხელდა და ღვთის მსგავსს გახდიდა. იმის მაგივრად, რომ მადლიერება გამოევლინა კურთხევებისთვის, რომლებიც იეჰოვასგან მიიღო, ევამ მოისურვა ის, რაც აკრძალული ჰქონდა (დაბადება 3:5, 6).
ამ მოქმედების დამღუპველი შედეგები კარგადაა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მას ევა დაერქვა, „რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა“, ის ყოველი მოკვდავის დედაც გახდა. მთელ კაცობრიობას ადამისგან მემკვიდრეობით ცოდვა გადაეცა, ცოდვას კი სიკვდილი მოსდევს (დაბადება 3:20; რომაელთა 5:12).
მიბაძეთ ღმერთსა და ქრისტეს
დაფიქრდით, რამდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან სატანა და იესო. სატანა აღწერილია, როგორც „ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, რომელიც ცილს სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღვთის წინაშე“ (გამოცხადება 12:10). იესო კი — როგორც ის, რომელსაც „ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ“ (ებრაელთა 7:25).
სატანა ცილს სწამებს ღვთის მსახურებს, იესო კი აფასებს და შუამდგომლობს მათ. როგორც ქრისტეს მიმბაძველები, ქრისტიანები უნდა ცდილობდნენ ერთმანეთის ღირსებები დაინახონ, მადლიერება გამოავლინონ და დააფასონ ერთ-ურთი. ასეთნაირად, ისინი მადლიერებას გამოხატავენ იეჰოვა ღმერთისადმი, რომელიც მადლიერების გამოვლენის უდიდესი მაგალითია (1 კორინთელთა 11:1).
[სურათი 17 გვერდზე]
იესო მადლიერი იყო მარიამის შესანიშნავი საქციელისთვის.