თავისუფლება ყველას სწყურია
„ადამიანი თავისუფალი იბადება, მაგრამ მაინც ყველგან ბორკილებშია“, — წერდა 1 762 წელს ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ჟაკ რუსო. თავისუფალი იბადება. რა შესანიშნავი აზრია! მაგრამ როგორც რუსომ შენიშნა, მთელი თავისი არსებობის მანძილზე კაცობრიობას არასოდეს ჰქონია თავისუფლება. ადამიანები მთელ ცხოვრებას „ბორკილებში“, ისეთი სისტემის ტყვეობაში ატარებენ, რომელიც მათ ხანგრძლივ ბედნიერებასა და სიცოცხლეში ყოველგვარ კმაყოფილებას ართმევს.
მრავალი დღესაც ხედავს, რომ ‘კაცი კაცზე მძლავრობს თავისდა საზიანოდ’ (ეკლესიასტე 8:9). ამბიციურ კაცებსა და ქალებს, რომლებიც ძალაუფლების მოპოვების სურვილს არიან აყოლილი, ნაკლებად ან სულ არ აინტერესებთ, რომ თავიანთი მოქმედებით სხვების თავისუფლებას ხელყოფენ. „გამძვინვარებულმა ტერორისტულმა რაზმმა 21 ადამიანი მოკლა“, — იუწყება ერთ-ერთი გაზეთი. სხვაში კი ლაპარაკია უსაფრთხოების თანამშრომელთა მიერ მოწყობილ სისხლისღვრაზე, „უწყინარი და უმწეო ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ამოჟლეტაზე, ყელის გამოღადვრაზე, პატიმრისთვის თავში ცეცხლსასროლი იარაღებით ჭრილობის მიყენებაზე, სოფლების გადაბუგვასა და ქაოსურ სროლაზე“.
გასაკვირი არ არის, რომ ხალხი მოწყურებულია და, რა თქმა უნდა, იბრძვის რეპრესიებისგან გათავისუფლებისთვის! მაგრამ სამწუხარო ჭეშმარიტება ის არის, რომ ერთი ადამიანის თავისუფლებისთვის ბრძოლას მეორის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვა მოაქვს. თითქმის ყოველთვის ამის მსხვერპლი უდანაშაულო მამაკაცები, ქალები და ბავშვები ხდებიან, მიზეზს კი „ამართლებენ“, როგორც ღირებულსა და სამართლიანს. მაგალითად, გასულ წელს ირლანდიის პატარა ქალაქ ომაში „თავისუფლებისთვის მებრძოლთა“ მიერ ავტომანქანაში ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად გარშემომყოფთაგან 29 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით — დაიჭრა.
ჯერაც „ბორკილებში“
რა მიიღწევა ამ ბრძოლებით? „თავისუფლებისთვის მებრძოლთა“ გამარჯვების შემდეგ, შესაძლოა, ქვეყანაში გარკვეულმა თავისუფლებამ დაისადგუროს. მაგრამ არის ეს ნამდვილი თავისუფლება? განა სიმართლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობაში, რომლებიც ეგრეთ წოდებული თავისუფალი ქვეყნებია, ხალხი ჯერაც სიღარიბის, არასრულყოფილების, ავადმყოფობისა და სიკვდილის უმოწყალო „ბორკილებშია“? სანამ მსგავსი პრობლემების მონობაში იმყოფება, როგორ შეუძლია ვინმეს თქვას, რომ თავისუფალია?
ძველ დროს ბიბლიის მწერალმა მოსემ ზუსტად აღწერა ცხოვრება, რომელიც კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მრავალს ჰქონია და დღესაც მრავალს აქვს. მან აღნიშნა, რომ ჩვენ შეიძლება დაახლოებით 70 ან 80 წელი ვიცოცხლოთ და „ამათგან უმეტესი ჯაფა და უსამართლობა“ იყოს (ფსალმუნი 89:10). ოდესმე შეიცვლება მდგომარეობა? გვექნება ოდესმე თითოეულ ჩვენგანს ისეთი ცხოვრება, რომელიც კმაყოფილებას მოგვგვრიდა? დადგება ოდესმე დრო, როდესაც აღარ იქნება ტკივილი და შიში, რომელიც დღეს მრავალს ასე ტანჯავს?
ბიბლია ამ კითხვებზე დადებით პასუხებს იძლევა. ის ‘ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებაზე’ ლაპარაკობს (რომაელთა 8:21, აქ). მოდი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ თავისუფლება, რომელზეც მოციქული პავლე წერდა პირველ საუკუნეში რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში, სადაც ნათლად განმარტა, როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს ამ ჭეშმარიტი, მარადიული ‘დიდებული თავისუფლების’ მოპოვება.
[საავტორო უფლება 3 გვერდზე]
From the book Beacon Lights of History, Vol. XIII