უთმობთ დროს ოჯახს?
„იაპონიაში უყვართ მამები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულები არიან სამსახურით და შვილებს არ ეთამაშებიან“, — ასეთი სათაური ჰქონდა ერთ-ერთ სტატიას იაპონურ გაზეთში (Mainichi Shimbun) რამდენიმე წლის წინათ. მასში ნათქვამი იყო, რომ სახელმწიფოს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილე იაპონელი ბავშვების 87,8 პროცენტმა სურვილი გამოთქვა, მომავალში ეზრუნათ თავიანთ მამებზე. მაგრამ ამ გაზეთის ინგლისურ გამოცემაში იმავე სტატიას სხვა სათაური ჰქონდა: „მამები და შვილები — უყურადღებობის მაგალითი“. იაპონური გამოცემისგან განსხვავებით, ეს სტატია ამ გამოკითხვის სხვა მხარეზე ამახვილებდა ყურადღებას: იაპონიაში სამუშაო დღეებში მამები მხოლოდ 36 წუთს უთმობენ შვილებს, დასავლეთ გერმანიაში — 44 წუთს, ხოლო შეერთებულ შტატებში — 56 წუთს.
შვილებს განა მარტო მამები უთმობენ ცოტა დროს. ოჯახის სარჩენად სულ უფრო და უფრო მეტი დედა გადის სახლიდან. მაგალითად, ბევრი მარტოხელა დედა იძულებულია იმუშაოს. ამიტომ მშობლები — როგორც მამები, ისე დედები — სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობენ შვილებს.
1997 წელს 12 000-ზე მეტი ამერიკელი მოზარდის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალგაზრდებში, რომელთაც ახლო ურთიერთობა აქვთ მშობლებთან, ნაკლებად არის მოსალოდნელი ნერვული სტრესი, თვითმკვლელობაზე ფიქრი, ძალადობაში მონაწილეობა ან ნარკოტიკების გამოყენება. ამ გამოკითხვაში მონაწილე ერთმა მკვლევარმა თქვა: „შვილთან ახლო ურთიერთობას ვერ დაამყარებთ, თუ გვერდში არ ეყოლებით მას“. შვილებისთვის დროის დათმობა და მათთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ურთიერთობის ნაკლებობა
ურთიერთობა განსაკუთრებით ისეთ ოჯახებში იკარგება, რომლებშიც მშობელი სამუშაოს საშოვნელად სახლიდან შორს მიდის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ურთიერთობის ნაკლებობა მხოლოდ ასეთ ოჯახებს არ ახასიათებს. ზოგი მშობელი, მართალია სახლში ცხოვრობს, მაგრამ სამსახურში შვილების გაღვიძებამდე მიდის, შინ კი ისეთ დროს ბრუნდება, როცა მათ უკვე სძინავთ. ამის შედეგად გამოწვეული ურთიერთობის ნაკლებობის ასანაზღაურებლად ზოგი მშობელი შაბათ-კვირასა და სხვა უქმე დღეებს უთმობს ოჯახს. ისინი ამბობენ, რომ შვილებთან ერთად „შესანიშნავად“ ატარებენ დროს.
მაგრამ ანაზღაურებს დროის სიმცირეს ის, რომ ეს დრო კარგად იქნა გატარებული? მკვლევარი ლორენს სტაინბერგი პასუხობს: „საერთოდ, ბავშვები, რომლებიც ბევრ დროს ატარებენ მშობლებთან ერთად, უფრო წარმატებულები არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც ნაკლებად არიან მშობლებთან. როგორც ჩანს, ძალიან ძნელია დროის სიმცირის ანაზღაურება. ის კი, რომ იმ მცირე დროს შესანიშნავად ატარებენ, გაზვიადებულია“. იმავე აზრის არის ერთი ბირმელი ქალიც. მისი ქმარი — ნამდვილი იაპონელი — სამსახურიდან შუაღამობით ბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ის შაბათ-კვირას ოჯახთან ერთად ატარებს, მისი მეუღლე ამბობს: „შაბათ-კვირა სახლში ყოფნა ვერ ანაზღაურებს კვირის დანარჩენ დღეებში ოჯახთან არყოფნას . . . შეგიძლიათ კვირის განმავლობაში არც ერთხელ ისადილოთ და მთელი კვირის მარაგი შაბათ-კვირა ჭამოთ?“
საჭიროა კეთილსინდისიერი მცდელობა
ოჯახში კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე გასაკეთებლად. ოჯახის რჩენისა და უზრუნველყოფის აუცილებლობა მამასა თუ მომუშავე დედას ურთულებს ოჯახისთვის დროის დათმობას. ბევრს, ვინც იძულებულია, სახლიდან შორს იცხოვროს, რეგულარული ურთიერთობა აქვს ოჯახთან ტელეფონის ან წერილების საშუალებით. მაგრამ სახლში იქნები თუ სხვაგან, კარგი ოჯახური ურთიერთობის შესანარჩუნებლად კეთილსინდისიერი მცდელობაა საჭირო.
მშობლებმა, რომლებიც არაფრად აგდებენ ოჯახთან ურთიერთობას, პასუხი უნდა აგონ თავიანთ უყურადღებობაზე. ერთი მამა, რომელიც ცოტა დროს უთმობდა ოჯახის წევრებს და არც კი სადილობდა მათთან ერთად, სერიოზულ შედეგებს წააწყდა. მისი ვაჟი ნერვიული გახდა, ქალიშვილი კი მაღაზიაში ქურდობაზე დაიჭირეს. ერთ კვირა დილას, როდესაც მამა გოლფის სათამაშო მოედანზე წასასვლელად ემზადებოდა, ვაჟმა თავი ვეღარ შეიკავა. „ამ სახლში მარტო დედაა მშობელი? — უყვირა მან. — ოჯახში დედა წყვეტს ყველაფერს. შენ კი არასოდეს . . .“ და ატირდა.
ამ სიტყვებმა დააფიქრა მამა. საბოლოო ჯამში, მან გადაწყვიტა, დასაწყისისთვის, ოჯახთან ერთად დაეწყო საუზმობა. პირველ ხანებში მხოლოდ ის და მისი მეუღლე აკეთებდნენ ამას. მაგრამ თანდათანობით მათ შვილებიც შეუერთდნენ და საუზმის დროს ურთიერთობის საშუალება მიეცათ. ამას ერთად ვახშმობაც მოჰყვა. ამგვარად, ეს კაცი ცდილობდა, ოჯახი სრული დანგრევისგან ეხსნა.
დახმარება ღვთის სიტყვიდან
ბიბლია აღძრავს მშობლებს, დრო გამონახონ შვილებთან ურთიერთობისთვის. წინასწარმეტყველ მოსეს მეშვეობით ისრაელებს შემდეგი დარიგება მიეცათ: „ისმინე, ისრაელო! ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით. გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომლებიც დღეს გამოგიცხადე. ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (მეორე რჯული 6:4–7). დიახ, მშობლებმა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ ინიციატივა, რომ ოჯახს დრო დავუთმოთ, თუ გვინდა, რომ შვილებს ღვთის სიტყვა გონებასა და გულში ჩავუნერგოთ.
საინტერესოა, რომ, როგორც ზემოხსენებულმა 1997 წელს ჩატარებულმა 12 000-ზე მეტი ამერიკელი მოზარდის გამოკითხვამ აჩვენა: „მოსახლეობის დაახლოებით 88 პროცენტი . . . რომლებმაც განაცხადეს, რომ მორწმუნეები არიან, რელიგიასა და ლოცვას დამცველად მიიჩნევს“. ჭეშმარიტ ქრისტიანებს ესმით, რომ ოჯახში სათანადო რელიგიური დარიგება ახალგაზრდებს იცავს ისეთი რამეებისგან, როგორიც არის: ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ნერვული სტრესი, თვითმკვლელობა, ძალადობა და ასე შემდეგ.
ზოგ მშობელს უჭირს ოჯახისთვის დროის გამონახვა. ეს განსაკუთრებით მარტოხელა დედებს ემართებათ, რომლებიც სიამოვნებით დაუთმობდნენ დროს შვილებს, მაგრამ იძულებული არიან იმუშაონ. როგორ შეუძლიათ მათ ოჯახთან ერთად ყოფნისთვის ძვირფასი დროის როგორღაც გამონახვა? ბიბლია მოგვიწოდებს: «არ დაკარგო [„პრაქტიკული სიბრძნე და“, აქ] განსჯის უნარი» (იგავნი 3:21). მშობლებმა „განსჯის უნარი“ უნდა გამოიყენონ, რომ ოჯახისთვის დრო იპოვონ. როგორ?
თუ დედა ხართ და სამსახურიდან შინ ქანცგაწყვეტილი ბრუნდებით, რატომ არ გეთხოვათ შვილებისთვის, რომ საჭმლის მომზადებაში მოგხმარებოდნენ? ერთად გატარებული ასეთი დრო ერთმანეთთან დაახლოების შესაძლებლობას მოგცემთ. თავდაპირველად შეიძლება მეტი დრო დაგჭირდეთ, რომ შვილები მოიხმარიოთ. მაგრამ მალე დაინახავთ, რომ ეს სასიამოვნოც არის და დროის დამზოგველიც.
თუ მამა ხართ, შაბათ-კვირისთვის შეიძლება ბევრი რამ გქონდეთ გასაკეთებელი. რატომ არ გაგეკეთებინათ ზოგი რამ შვილებთან ერთად? ერთად საქმიანობისას მათთან ურთიერთობისა და, ამავე დროს, მათთვის ძვირფასი დარიგების მიცემის საშუალება მოგეცემათ. ბიბლიური რჩევა — შვილებს ღვთის სიტყვა ჩააგონოთ — აღგძრავთ, ესაუბროთ მათ „სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას“, ერთი სიტყვით, ყოველი შესაძლებლობისას. ერთობლივი საქმიანობისას შვილებთან ურთიერობა „პრაქტიკული სიბრძნის“ გამოვლენაა.
ოჯახისთვის დროის დათმობას ხანგრძლივი სარგებლობა მოაქვს. „მოთათბირეებთან . . . სიბრძნეა“, — ნათქვამია ბიბლიურ იგავში (იგავნი 13:10). ოჯახთან ურთიერთობისთვის დროის გამონახვით შესანიშნავი შესაძლებლობა მოგეცემათ, ბრძნულად დაარიგოთ თითოეული წევრი ცხოვრების ყოველდღიური პრობლემების გასამკლავებლად. ასეთი დარიგება მომავალში ბევრ დროს დაგაზოგვინებთ და გულისტკივილისგან დაგიცავთ. გარდა ამისა, ეს ხელს შეუწყობს როგორც თქვენს, ისე ოჯახის სხვა წევრების ბედნიერებას. ასეთი დარიგებისთვის უნდა ისარგებლოთ იმ უხვი სიბრძნის მარაგით, რომელიც ღვთის სიტყვაში, ბიბლიაშია მოცემული. გამოიყენეთ ის, რომ ასწავლოთ შვილებს და წარმართოთ თქვენი ოჯახის ნაბიჯები (ფსალმუნი 118:105).
[სურათი 4 გვერდზე]
ახალგაზრდებში, რომელთაც ახლო ურთიერთობა აქვთ მშობლებთან, ნაკლებად არის მოსალოდნელი ნერვული სტრესი.
[სურათი 5 გვერდზე]
კარგ ურთიერთობას ოჯახურ ცხოვრებაში უხვი სარგებლობა მოაქვს.
[სურათი 6 გვერდზე]
შვილთან ერთად საქმიანობისას შეგიძლიათ ესაუბროთ და დაარიგოთ ის.