ჯანსაღი ურთიერთობა — კარგი ცოლქმრობის გასაღები
რობერტ ბარონმა 1778 წელს გამოიგონა ორმაგი ქმედების, რევერსიული მექანიზმის მქონე კლიტე, რომლის მიხედვითაც თანამედროვე კლიტეებს აკეთებენ. მისი კონსტრუქცია ითხოვდა ერთ გასაღებს, რომელიც ორ საკეტელას ერთდროულად ასწევდა.
მსგავსად ამისა, წარმატებული ცოლქმრობა ერთად და შეთანხმებულად მოქმედებაზეა დამოკიდებული. კარგი ცოლქმრობისა და ნამდვილი ბედნიერების მიღწევის გასაღები ჯანსაღი ურთიერთობაა.
რა შედის ჯანსაღ ურთიერთობაში
რა შედის ჯანსაღ ურთიერთობაში? ერთი ლექსიკონი ურთიერთობას განმარტავს როგორც „საუბრით, წერილობით ან ჟესტებით აზრების, შეხედულებებისა თუ ინფორმაციის გადაცემას ან გაცვლა-გამოცვლას“. მაშასადამე, ურთიერთობაში შედის გრძნობებისა და აზრების გაზიარება. ჯანსაღ ურთიერთობას კი ისეთი რამ მოსდევს, რაც აღსაშენებელი, გამამხნევებელი, სათნო, საქებარი და სანუგეშოა (ეფესელთა 4:29–32; ფილიპელთა 4:8).
ჯანსაღ ურთიერთობას შესაძლებელს ხდის ნდობა და ურთიერთგაგება. ეს თვისებები მაშინ ვლინდება, როცა წყვილი ცოლქმრობას უყურებს როგორც კავშირს სიცოცხლის ბოლომდე და ყველანაირად ცდილობს ამის დამტკიცებას. ასეთ ურთიერთობაზე XVIII საუკუნის ესეისტმა ჯოზეფ ედისონმა დაწერა: „ორი ადამიანი, რომლებიც ყველას შორის ერთმანეთს ირჩევენ, რომ ანუგეშონ და სიამოვნება მიანიჭონ ერთიმეორეს, ფაქტობრივად, ვალდებულებას იღებენ საკუთარ თავზე — გაითვალისწინონ ერთმანეთის სისუსტეები და ღირსებები და სიცოცხლის ბოლომდე მხიარულები, თავაზიანები, წინდახედულები, მიმტევებლები, მომთმენები და სიხარულით აღსავსეები იყვნენ“. როგორი ბედნიერი იქნება ასეთი წყვილი! ეს თვისებები, რომლებიც შეგვიძლია ძვირფასეულობას შევადაროთ, თქვენს ცოლქმრობასაც შეამკობს, ვინაიდან ჯანსაღი ურთიერთობით თქვენც შეგიძლიათ მათი შეძენა.
რა უშლის ხელს ჯანსაღ ურთიერთობას
წყვილთა უმეტესობა ცოლქმრობას ოპტიმისტურად, აღფრთოვანებითაც კი, უყურებს. მაგრამ ბევრისთვის აღფრთოვანება მალევე ქრება და ოპტიმიზმიც სადღაც იკარგება. დაჯერებულობა შეიძლება მწარე იმედგაცრუებამ, სიბრაზემ, შუღლმა და თვით ძლიერმა ათვალწუნებამ შეცვალოს. ასეთ შემთხვევაში ცოლქმრობა, უბრალოდ, გაძლების საგანი ხდება, „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“. ამიტომ კარგი ცოლქმრობისთვის აუცილებელი ჯანსაღი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ან შესანარჩუნებლად გარკვეული დაბრკოლებების გადალახვაა საჭირო.
ჯანსაღი ურთიერთობის ნამდვილი ხელის შემშლელი შეიძლება იყოს შიში — როგორი რეაგირება ექნება მეუღლეს გარკვეულ ინფორმაციაზე ან გამოთქმულ სურვილზე. მაგალითად, როცა ვინმე გებულობს, რომ სერიოზულად არის დაავადებული, შეიძლება უარყოფის შიში გაუჩნდეს. როგორ აუხსნას მან მეუღლეს, რომ მოსალოდნელი ოპერაცია ძირფესვიანად შეცვლის მის გარეგნობას ან მოქმედების უნარს? ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებით საჭიროა გულახდილი საუბარი და მომავალზე სერიოზულად დაფიქრება. სიტყვითა და საქმით სიყვარულში ხშირი დარწმუნება პირადი ინტერესის მაჩვენებელი იქნება, რაც ცოლქმრობას ნამდვილად სასიამოვნოს გახდის. შემდეგი სიტყვები ოჯახურ ცხოვრებაში ყველაზე პრაქტიკულია: „მეგობარი მუდამ მოყვარულია და . . . გაჭირვებისთვის იბადება“ (იგავნი 17:17).
ჯანსაღ ურთიერთობას გულისწყრომაც ხელს უშლის. ტყუილად არ ამბობენ, რომ ბედნიერი ცოლქმრობა ორი მიმტევებლის კავშირია. ამ აღწერას რომ შეესაბამონ, ცოლ-ქმარმა უნდა ეცადოს, მოციქულ პავლეს სასარგებლო რჩევის თანახმად მოიქცნენ: „მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე“ (ეფესელთა 4:26). ამ რჩევის გამოყენება, უდავოდ, მოკრძალებულ ურთიერთობას მოითხოვს, ნაცვლად სიბრაზისა თუ გულისწყრომის გულში ჩატოვებისა. კარგი ცოლ-ქმარი თავს არიდებს გაბრაზებას, ჩხუბსა და უკმაყოფილების გამოხატვას (იგავნი 30:33). ისინი ცდილობენ მიბაძონ ღმერთს, რომელიც არ მრისხანებს (იერემია 3:12). ისინი გულით უტევებენ ერთმანეთს (მათე 18:35).
ნებისმიერი სახის ურთიერთობას აშკარად ხელს უშლის გაბუტვა. ამაში შეიძლება შედიოდეს პირქუში გამომეტყველება, მძიმედ ამოოხვრა, მექანიკური მოქმედება და ერთის მხრიდან ლაპარაკზე უარის თქმა. ასე მოქმედი მეუღლე გარკვეულ წყენას გამოხატავს. მაგრამ ცოლქმრულ ცხოვრებას ბევრად უფრო გააუმჯობესებს პირადი გრძნობების გულახდილად და მშვიდად გამოხატვა, ვიდრე ჩუმად და პირქუშად ყოფნა.
ცოლქმრობაში კარგი ურთიერთობისთვის კიდევ ერთი გადასალახავი დაბრკოლებაა მეუღლის ყურადღებით — თუ საერთოდ — მოსმენის უგულებელყოფა. შეიძლება გადაღლილები ან, უბრალოდ, ძალიან დაკავებული ვიყოთ იმისთვის, რომ ერთმანეთის ყურადღებით მოსასმენად საჭირო გონებრივი და ემოციური ძალები მოვიკრიბოთ. გაუგებრობა ხშირად კამათის მიზეზი ხდება, რადგან ერთი ფიქრობს, რომ ყველაფერი გასაგებად იქნა ახსნილი, მეორე კი ამტკიცებს, რომ მსგავსი რამ პირველად ესმის. აშკარაა, ასეთი პრობლემები არასაკმარისი ურთიერთობის შედეგია.
როგორ შევუწყოთ ხელი ჯანსაღ ურთიერთობას
როგორც ვხედავთ, ძალიან მნიშვნელოვანია სიყვარულით აღსავსე, ჯანსაღი ურთიერთობისთვის დროის გამოყოფა! ზოგი იმდენ დროს ატარებს ტელევიზორთან სხვების ცხოვრების ყურებაში, რომ ცოტა დრო თუღა რჩებათ საკუთარისთვის. ამიტომ ჯანსაღი ურთიერთობისთვის ტელევიზორის გამორთვა ხშირად აუცილებელია.
მაგრამ არის დრო როგორც ლაპარაკისა, ისე დუმილისა. ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა: „ყოველივეს თავის დრო აქვს . . . ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა“. სიტყვების შერჩევაც აუცილებელია. „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“, — ამბობს ბიბლიური იგავი (ეკლესიასტე 3:1, 7; იგავნი 15:23). მაშ, განსაზღვრეთ, როდის აჯობებს გამოთქვათ აზრი ან გამოხატოთ გულის წუხილი. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ჩემი მეუღლე დაღლილია თუ დასვენებული და კარგ ხასიათზეა თუ არა? შესაძლებელია, რომ საკითხმა, რომლის განხილვაც მინდა, გააღიზიანოს ის? რომელი სიტყვები არ მოეწონა მას ამ საკითხზე ბოლო საუბრისას?“
კარგია გვახსოვდეს, რომ ხალხი უკეთესად რეაგირებს, როცა ხედავენ, რომ თანამოქმედება თუ თხოვნის შესრულება მათ სარგებლობას მოუტანს. თუ ცოლ-ქმარს შორის სიტუაცია იძაბება, იქნებ ერთ-ერთს ეთქვა: „რაღაც მაწუხებს და ჯობია ახლავე მოვაგვაროთ!“. რასაკვირველია, აზრის გამოთქმის ფორმა სხვადასხვა გარემოებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ჯობია მსგავსი რამის თქმა: „ძვირფასო, ვფიქრობდი ჩვენ მიერ ამას წინათ განხილულ საკითხზე და იმაზე, როგორ შეიძლება მისი მოგვარება“. თქვენი მეუღლე უფრო როგორ მიდგომას გამოეხმაურებოდა?
დიახ, მნიშვნელოვანია, როგორ ვამბობთ სათქმელს. მოციქულმა პავლემ დაწერა: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული“ (კოლასელთა 4:6). ეცადეთ, შეარჩიოთ სიტყვები და თავაზიანი ტონით ილაპარაკოთ. გახსოვდეთ, რომ „ამო [ანუ საამო] საუბარი გოლეული თაფლია, სულის სიტკბოა და ძვლის კურნება“ (იგავნი 16:24).
ზოგ წყვილს ურთიერთობისთვის შესანიშნავ ატმოსფეროს უქმნის ოჯახური საქმეების ერთად კეთება. ასეთი თანამშრომლობით ისინი იგრძნობენ, რომ ერთად არიან და დროც გამოენახებათ მარგებელი საუბრისთვის. სხვები ჯანსაღი ურთიერთობისთვის წყნარ გარემოში ერთად განმარტოებას ამჯობინებენ ისე, რომ არაფერი აკეთონ.
ხშირად ბევრის სწავლა შეიძლება, თუ დავაკვირდებით, როგორი ურთიერთობა აქვს თანხმობაში მცხოვრებ ცოლ-ქმარს. როგორ მიაღწიეს ამას? უფრო მეტად დასაშვებია, რომ მათი თანხმობა და თავისუფალი ურთიერთობა პირადი ძალისხმევის, მოთმინებისა და სიყვარულით აღსავსე ყურადღებიანობის შედეგია. ალბათ, მათაც ბევრის სწავლა მოუწიათ, რადგან კარგი ცოლქმრობა ავტომატურად არ მიიღწევა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ მეუღლის თვალსაზრისი, მხედველობაში მიიღოთ მისი მოთხოვნილებები და გონივრული სიტყვით განმუხტოთ მოსალოდნელი დაძაბულობა (იგავნი 16:23). ამიტომ, თუ დაქორწინებული ხართ, იმუშავეთ იმაზე, რომ სასიამოვნო იყოს თქვენთან ცხოვრება და ადვილი იყოს მობოდიშება. ეს უეჭველად დაგეხმარებათ კარგი ცოლქმრობის მიღწევაში.
იეჰოვა ღმერთს სურს, რომ ხალხს ბედნიერი, ხანგრძლივი ცოლქმრობა ჰქონდეს (დაბადება 2:18, 21). მაგრამ ამის გასაღები ცოლ-ქმრის ხელშია. ამისთვის საჭიროა, რომ ორივე მოსიყვარულე ადამიანმა ჯანსაღ ურთიერთობაში დახელოვნებით ერთად გააღონ წარმატებული ცოლქმრული ცხოვრების კარი.
[სურათი 22 გვერდზე]
ტელევიზორის გამორთვა მეტ დროს ტოვებს ურთიერთობისთვის.
[სურათები 23 გვერდზე]
ჯანსაღი ურთიერთობა ხანგრძლივი სიყვარულით აკავშირებს გულებს.