ფილიპე — გულმოდგინე მახარებელი
საღვთო წერილი ბევრ ცნობას შეიცავს მისაბაძი რწმენის მქონე ადამიანების შესახებ. ყურადღება მიაქციეთ ფილიპეს, პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიან მისიონერს. თუმცა ის მოციქული არ ყოფილა, მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებაში. ფილიპე ცნობილი გახდა როგორც „მახარებელი“ (საქმეები 21:8). რით დაიმსახურა მან ასეთი სახელი? და რის სწავლა შეგვიძლია მისგან?
ბიბლიურ ცნობაში ფილიპე ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის მოხსენიების შემდეგვე ჩნდება. იმ დროს ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე იუდეველებმა დრტვინვა დაიწყეს ებრაულ ენაზე მოლაპარაკე იუდეველების წინააღმდეგ და აცხადებდნენ, ჩვენი ქვრივების ყოველდღიური მომსახურება უგულებელყოფილიაო. ამ საკითხის მოსაგვარებლად მოციქულებმა ‘შვიდი სარწმუნო კაცი’ დანიშნეს. ფილიპეც მათ შორის იყო (საქმეები 6:1–6).
ეს შვიდი კაცი „სარწმუნო“ იყო. ჯეიმზ მოფატის თარგმანი ამბობს, რომ ისინი „კარგი რეპუტაციით“ სარგებლობდნენ. დიახ, ამ პასუხისმგებლობის დაკისრების დროისთვის ისინი უკვე ცნობილი იყვნენ როგორც პრაქტიკულად მოაზროვნე სულიერი კაცები. იგივეა დღეს ქრისტიან ზედამხედველებად მომსახურეთა შემთხვევაშიც. ასეთი კაცების დანიშვნა ნაჩქარევად არ ხდება (1 ტიმოთე 5:22). მათ ‘კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეთ გარეშეებისგან’, თანაქრისტიანები კი უნდა იცნობდნენ როგორც გონიერებსა და აზრიანებს (1 ტიმოთე 3:2, 3, 7; ფილიპელთა 4:5, აქ).
როგორც ჩანს, ფილიპე კარგად ასრულებდა თავის დავალებას იერუსალიმში. მაგრამ მალე ქრისტეს მიმდევრებზე სასტიკი დევნის ტალღა წამოვიდა და გაფანტა ისინი. სხვების მსგავსად ფილიპემაც დატოვა ქალაქი, მაგრამ მისი მსახურება არ დასრულებულა. ცოტა ხანში ის თავგამოდებით ქადაგებდა ახალ ტერიტორიაზე — სამარიაში (საქმეები 8:1–5).
ახალ ტერიტორიებზე ქადაგება
იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მისი მოწაფეები იქადაგებდნენ „იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე“ (საქმეები 1:8). სამარიაში ქადაგებით ფილიპეც ასრულებდა ამ სიტყვებს. თუმცა, საერთოდ, იუდეველები ზემოდან დაჰყურებდნენ სამარიელებს, ფილიპეს არ ჰქონია ამ ხალხის მიმართ წინასწარშექმნილი აზრი და მისი მიუკერძოებლობა კურთხეულ იქნა. ბევრი სამარიელი, მათ შორის ყოფილი გრძნეული სიმონი, მოინათლა (საქმეები 8:6–13).
გარკვეული დროის შემდეგ იეჰოვას ანგელოზმა ფილიპეს უბრძანა, წასულიყო უკაცრიელ გზაზე, რომელიც იერუსალიმიდან ღაზაში ეშვებოდა. იქ ფილიპემ ეტლში მჯდომი ეთიოპელი მოხელე დაინახა, რომელიც ხმამაღლა კითხულობდა ესაიას წინასწარმეტყველებას. მან ეტლთან მიირბინა და გამოესაუბრა. თუმცა პროზელიტი იყო და ღვთისა და საღვთო წერილის შესახებ ზოგი რამ იცოდა, ეთიოპელმა თავმდაბლურად აღიარა, რომ წაკითხულის გასაგებად დახმარება სჭირდებოდა. ამიტომ სთხოვა ფილიპეს, ეტლზე ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო. ქადაგების შემდეგ წყალს მიადგნენ. „რა მაბრკოლებს რომ მოვინათლო?“, — იკითხა ეთიოპელმა. ფილიპემ არ დააყოვნა მისი მონათვლა და ეთიოპელმაც გახარებულმა განაგრძო გზა. ეს ახალი მოწაფე, ალბათ, თავის სამშობლოში გაავრცელებდა კეთილ ცნობას (საქმეები 8:26–39).
რის სწავლა შეგვიძლია ფილიპეს მსახურებიდან, მათ შორის სამარიელებისა და ეთიოპელი მოხელისთვის ქადაგებიდან? არასოდეს უნდა ვიფიქროთ, რომ რომელიმე ერის, რასისა თუ სოციალური ფენის წარმომადგენლები არ დაინტერესდებიან კეთილი ცნობით. სამეფოს შესახებ ცნობა „ყველას“ უნდა ვაუწყოთ (1 კორინთელთა 9:19–23). თუ ყველასთან ვიქადაგებთ, იეჰოვა საშუალებას მოგვცემს, ‘ყველა ხალხი მოვიმოწაფოთ’ ამ ბოროტი სისტემის აღსასრულის მოსვლამდე (მათე 28:19, 20).
ფილიპეს შემდგომი საქმეები
ეთიოპელ მოხელესთან საუბრის შემდეგ ფილიპე აზოტში ქადაგებდა — „მიმოდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე კეისარიაში მივიდოდა“ (საქმეები 8:40). პირველ საუკუნეში ეს ორი ქალაქი არაებრაელი მოსახლეობით იყო სავსე. ჩრდილოეთით, კესარიისკენ, მიმავალი ფილიპე გზად, როგორც ჩანს, იუდეველებით დასახლებულ ისეთ ცნობილ რაიონებში ქადაგებდა, როგორიც იყო ლიდა და იაფო. როგორც ჩანს, მოგვიანებით სწორედ ამიტომ შეიძლებოდა ამ ადგილებში მოწაფეების ნახვა (საქმეები 9:32–43).
ბოლოს ფილიპე მოხსენიებულია ამ პერიოდიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ. მესამე მისიონერული მოგზაურობის დასასრულს პავლე პტოლემაისში გაჩერდა. „მეორე დღეს კი, — ამბობს პავლეს თანამგზავრი ლუკა, — პავლე და მასთან მყოფნი წავედით. კესარიას რომ მივაღწიეთ, შევედით . . . ფილიპე მახარებლის სახლში“. იმ დროისთვის ფილიპეს ჰყავდა „ოთხი ქალიშვილი, წინასწარმეტყველი ქალწულები“ (საქმეები 21:8, 9).
როგორც ჩანს, ფილიპე კესარიაში დასახლდა. მაგრამ მას მისიონერული სულისკვეთება არ დაუკარგავს, რადგან ლუკა „მახარებელს“ უწოდებს. ხშირად ეს გამოთქმა მიანიშნებს მასზე, ვინც ახალ რაიონებში კეთილი ცნობის საქადაგებლად საკუთარ სახლს ტოვებს. ფილიპეს რომ ოთხი წინასწარმეტყველი ქალწული ჰყავდა, იმაზე მიანიშნებს, რომ ისინიც გულმოდგინე მამის კვალს მიჰყვნენ.
დღევანდელ ქრისტიან მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ შვილები უპირველესი მოწაფეები არიან. გარკვეულ თეოკრატიულ დავალებებზე უარის თქმაც რომ მოუწიოთ ოჯახური მოვალეობების გამო, ასეთ მშობლებს შეუძლიათ, ფილიპეს მსგავსად, ღვთის გულწრფელ მსახურებად და სამაგალითო მშობლებად დარჩნენ (ეფესელთა 6:4).
პავლესა და მისი თანამგზავრების სტუმრობამ ფილიპეს ოჯახს სტუმართმოყვარეობის გამოვლენის შესანიშნავი შესაძლებლობა მისცა. წარმოიდგინეთ როგორ გაამხნევებდნენ ერთმანეთს! შეიძლება ლუკამ სწორედ მაშინ მოუყარა თავი დაწვრილებით ცნობებს ფილიპეს საქმიანობაზე, რაც მოგვიანებით საქმეების მე-6 და მე-8 თავებში ჩაიწერა.
იეჰოვა ღმერთი ბევრს აკეთებინებდა ფილიპეს სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად. გულმოდგინებამ შესაძლებლობა მისცა მას კეთილი ცნობა ახალ ტერიტორიებზე გაევრცელებინა და ოჯახში სულიერად ჯანსაღი ატმოსფერო შეექმნა. გინდათ მსგავსი უპირატესობებისა და კურთხევების მოპოვება? მაშინ კარგს იზამთ, თუ ფილიპე მახარებლის მიერ გამოვლენილ თვისებებს მიბაძავთ.