რისხვის გადმონთხევა დაბრკოლებად გეგცევათ
„თავი ხელში აიყვანე, დამშვიდდი, ენას კბილი დააჭირე!“. ნაცნობია თქვენთვის ეს ფრაზები? ალბათ, შინაგანი გაღიზიანებულობის დროს რომ დამშვიდებულიყავით, საკუთარ თავს გაუმეორებდით ზემოაღნიშნულ სიტყვებს. ზოგი, მდგომარეობიდან რომ არ გამოვიდეს, სასეირნოდ მიდის. ეს მარტივი საშუალებებია გულისწყრომის დასაცხრობად და სხვებთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად.
ბოლო წლებში სხვადასხვა სპეციალისტი ამ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო რჩევებს იძლევა; ამიტომ ბევრს ვერ გაუგია, შეიკავოს თუ არა თავი გულისწყრომის გადმონთხევისგან. მაგალითად, ზოგი ფსიქოლოგი ამბობს, რომ „თუ თავს უკეთესად იგრძნობთ“, შეგიძლიათ რისხვა გადმოანთხიოთ. სხვები კი გაფრთხილებას იძლევიან, რომ რისხვის ხშირად გადმონთხევა „უფრო მეტად იწვევს ნაადრევ სიკვდილს, ვიდრე სხვა საშიში ფაქტორები — მოწევა, სისხლის მაღალი წნევა და ქოლესტერინის სიჭარბე!“. ღვთის სიტყვა ხაზგასმით აღნიშნავს: „მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე“ (ფსალმუნი 36:8). რატომ იძლევა ბიბლია ასეთ კონკრეტულ რჩევას?
ემოციების შეუკავებლობის დროს შეუძლებელია საკუთარი მოქმედების გაკონტროლება. ეს ცხადი გახდა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისშივე. „ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა“, — ვკითხულობთ ბიბლიაში. სადამდე მიიყვანა ის ამან? კაენი იმდენად განრისხდა, რომ უგულებელყო იეჰოვას გაფრთხილება, ყოფილიყო სიკეთის მქნელი. კაენი თავშეუკავებლობამ სერიოზულ ცოდვამდე — ძმის მკვლელობამდე — მიიყვანა (დაბადება 4:3–8).
ისრაელის პირველი მეფე საულიც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა დავითის შესაქებად ნათქვამი სიტყვები მოისმინა: „გაჰყვიროდნენ მხიარული ქალები, ამბობდნენ: შემუსრა საულმა თავისი ათასი, ხოლო დავითმა თავისი ათი ათასი! მეტად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები“. საული იმდენად განრისხდა, რომ რამდენჯერმე დავითის მოკვლაც კი სცადა. მიუხედავად იმისა, რომ დავითი ყოველთვის ცდილობდა მასთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას, საულს არ სურდა, კარგი ურთიერთობა აღედგინა და მშვიდობიანად ყოფილიყო დავითთან, რის გამოც, საბოლოოდ, სრულიად დაკარგა იეჰოვას კეთილგანწყობილება (1 მეფეთა 18:6–11; 19:9, 10; 24:2–22; იგავნი 6:34, 35).
როცა ვინმე ქალი ან მამაკაცი რისხვას ანთხევს, მისი სიტყვები და მოქმედება, უეჭველად, ზიანს აყენებს გარშემო მყოფებს (იგავნი 29:22). კაენმა და საულმა რისხვა იმიტომ ვერ შეიკავეს, რომ ორივე შურიანი და მეტოქეობის სულით განმსჭვალული იყო. მაგრამ მრისხანება შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული; გაუმართლებელმა კრიტიკამ, შეურაცხყოფამ, გაუგებრობამ ან უსამართლო მოპყრობამ შეიძლება გულისწყრომა გამოიწვიოს.
კაენისა და საულის შემთხვევებმა ცხადყო, რომ მათ მნიშვნელოვანი რამ აკლდათ. როგორც ჩანს, კაენმა რწმენის გარეშე გაიღო თავისი მსხვერპლი (ებრაელთა 11:4). საულმა იეჰოვას კანონები უგულებელყო და შემდგომში თავის გამართლებასაც ეცადა, რის გამოც ღვთის კეთილგანწყობილება და ღვთის სულით ხელმძღვანელობის შესაძლებლობა დაკარგა. ამგვარად, ზემოთ მოხსენიებულმა ორივე მამაკაცმა გაიფუჭა იეჰოვასთან ურთიერთობა.
რაც შეეხება დავითს, ის სრულიად საპირისპიროდ მოქმედებდა. მას საულზე განსარისხებლად საკმაო მიზეზები გააჩნდა, რადგან ის დაუნდობლად ეპყრობოდა, მაგრამ დავითმა შეძლო თავის შეკავება. რატომ? მან თავად თქვა: „ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს“. დავითი არასდროს ივიწყებდა იეჰოვასთან ურთიერთობას, ეს კი გავლენას ახდენდა საულთან ურთიერთობაზე. ის თავმდაბლურად ყველაფერს იეჰოვას ანდობდა (1 მეფეთა 24:7, 16).
დიახ, რისხვის გადმონთხევას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. პავლე გვაფრთხილებს: „განრისხდით, ოღონდ ნუ შესცოდავთ“ (ეფესელთა 4:26). მართალია, შეიძლება სამართლიანად ვრისხდებით, მაგრამ არსებობს იმის საშიშროება, რომ გულისწყრომა დაბრკოლების ლოდად გვექცეს. ამიტომაც თავი უნდა შევიკავოთ, რომ არ განვრისხდეთ. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
პირველ რიგში მნიშვნელოვანია, მჭიდრო ურთიერთობა განვავითაროთ იეჰოვასთან. ღმერთს სურს, რომ გული გადავუშალოთ. მოვუყვეთ მას, რა გვაწუხებს და ვთხოვოთ «მანუგეშებელი [„მშვიდი“, აქ] გული», რომ შევძლოთ რისხვის ჩახშობა (იგავნი 14:30). დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ „ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი — მათი ვედრების მიმართ“ (1 პეტრე 3:12).
ლოცვის საშუალებით დამშვიდდებით და ხელმძღვანელობას მიიღებთ. ის დიდ გავლენას მოახდენს სხვებთან თქვენს ურთიერთობაზე. გაიხსენეთ, როგორ მოგეპყროთ იეჰოვა. საღვთო წერილი ამბობს, რომ იეჰოვამ „არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო“ (ფსალმუნი 102:10). მნიშვნელოვანია სხვების პატიება, „რათა ზიანი არ მოგაყენოთ სატანამ“ (2 კორინთელთა 2:10, 11). გარდა ამისა, ლოცვის საშუალებით ხელმძღვანელობისთვის გულს უხსნით ღვთის სულიწმიდას, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროთ ღრმად გამჯდარი არასწორი თვისებების აღმოფხვრაში. იეჰოვა სიხარულით იძლევა ‘თავის მშვიდობას, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება’, რისი ხელშეწყობითაც შეძლებთ თავის შეკავებას (ფილიპელთა 4:7).
ლოცვასთან ერთად მნიშვნელოვანია საღვთო წერილის რეგულარულად გამოკვლევა, რათა „შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება“ (ეფესელთა 5:17; იაკობი 3:17). როცა გიჭირთ რისხვის შეკავება, ეცადეთ იეჰოვას თვალსაზრისი იქონიოთ. დაფიქრდით საღვთო წერილში მოცემულ იმ კონკრეტულ მუხლებზე, რომლებიც გულისწყრომის დაცხრომასთან არის დაკავშირებული.
პავლე მოციქული მნიშვნელოვან რჩევას გვაძლევს: „სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის და უფრო მეტად მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალატელთა 6:10, აფ). თქვენი ფიქრებითა და მოქმედებით ყოველთვის მზად იყავით, სიკეთე მოიმოქმედოთ სხვებისთვის. ასეთი კეთილი საქმეების შედეგად აღიძრებით, უთანაგრძნოთ სხვებს, ნდობით განიმსჭვალოთ მათ მიმართ და მოაგვაროთ უთანხმოებები, რომელთა გამოც შეიძლება ადვილად რისხდებით.
ფსალმუნმომღერალმა თქვა: „ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს. დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება“ (ფსალმუნი 118:133, 165). ეს სიტყვები შეიძლება თქვენზეც გამართლდეს.
[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]
გულისწყრომის დაცხრომისთვის საჭირო ნაბიჯები
□ ლოცვით მიმართეთ იეჰოვას (ფსალმუნი 144:18).
□ ყოველდღიურად იკვლიეთ საღვთო წერილი (ფსალმუნი 118:133, 165).
□ ყოველთვის კეთილი საქმეებით იყავით დაკავებული (გალატელთა 6:9, 10).