ავადმყოფობის საიდუმლოება
პატარა ოუმაჯი დიარეით არის დაავადებული. დედამის ჰავას ეშინია, ბავშვს გაუწყლოება არ დაემართოს, რადგან თავის სოფლელ, ერთ-ერთ ბიძაშვილს ახლახან ამ ავადმყოფობით დაეღუპა შვილი. ოუმაჯის ბებიას, ჰავას დედამთილს, ბავშვის ექიმბაშთან წაყვანა უნდა. „ბოროტი სულის ბრალია ბავშვის ავადმყოფობა, — ამბობს ის. — არ უკეთებ თილისმას, რომ დაიცვას და შედეგიც სახეზეა!“
ასე ფიქრობენ ბევრ ქვეყანაში. ასობით მილიონ ადამიანს სწამს, რომ ავადმყოფობის მიზეზი ავი სულები არიან. შეესაბამება ეს ჭეშმარიტებას?
საიდუმლოების საბურველი
პირადად თქვენ შეიძლება არ გწამთ, რომ დაავადებას უხილავი სულები იწვევენ. შეიძლება გიკვირთ კიდევაც, რატომ ფიქრობენ სხვები ასე. მეცნიერულად ხომ დამტკიცებულია, რომ დაავადებების უმეტესობა ვირუსებისა და ბაქტერიებისგანაა გამოწვეული. მაგრამ გაიხსენეთ, რომ კაცობრიობამ ყოველთვის არ იცოდა ამ პაწაწინა პათოგენური მიკროორგანიზმების არსებობის შესახებ. მიკროორგანიზმების დანახვა ადამიანმა პირველად XVII საუკუნეში შეძლო, როდესაც ანტონ ვან ლევენჰუკმა მიკროსკოპი გამოიგონა. ამის შემდეგ კი მხოლოდ XIX საუკუნეში ლუი პასტერის აღმოჩენების წყალობით მეცნიერებმა დაინახეს პათოგენურ მიკროორგანიზმებსა და ავადმყოფობას შორის კავშირი.
რადგანაც კაცობრიობის არსებობის უმეტეს პერიოდში ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები უცნობი იყო, უამრავი ცრურწმენა განვითარდა, მათ შორის ის მოსაზრებაც, რომ ავადმყოფობა ავი სულების მიერ არის გამოწვეული. „ახალ ბრიტანულ ენციკლოპედიაში“ საუბარია იმის შესახებ, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ეს შეხედულება. მასში ნათქვამია, რომ ძველად ექიმბაშები ცდილობდნენ, ემკურნალათ სხვადასხვა მცენარის ფესვებით, ფოთლებითა და სხვა საშუალებებით, რაც ხელთ ჰქონდათ. ზოგჯერ ამ წამლების გამოყენება ეფექტური იყო, რის გამოც მკურნალობას ცრურწმენაზე დაფუძნებულ უამრავ რიტუალს ურთავდნენ. ეს კი ნამდვილი წამლის გასაიდუმლოებაში ეხმარებოდათ. ამგვარად, მკურნალებს გარანტია ჰქონდათ, რომ პაციენტი არ მოაკლდებოდათ. ასე გაეხვია მედიცინა საიდუმლოების საბურველში. ხალხს აქეზებდნენ, რომ დახმარებისთვის ზებუნებრივი ძალებისთვის მიემართათ.
ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაში მიმართავენ მკურნალობის ამ ტრადიციულ მეთოდებს. ბევრის აზრით, ავადმყოფობა გარდაცვლილი წინაპრების სულებისგან არის გამოწვეული. ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთი გვხდის ავად და ეს ავადმყოფობები ჩვენი ცოდვების საზღაურია. მიუხედავად იმისა, რომ განათლებული ადამიანებისთვის ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები ნათელი გახდა, შეიძლება მაინც ეშინოდეთ ზებუნებრივი ძალების.
გრძნეულები და ექიმბაშები ამას სათავისოდ იყენებენ. მაშ, რა უნდა გვწამდეს? სულებს უნდა მივმართოთ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად? რას ამბობს ამის შესახებ ბიბლია?