რატომ არის საჭირო დანაპირების შესრულება?
„ხმა იმას მიეცი, ვინც ნაკლებ დაპირებებს იძლევა და ნაკლებად გაგიცრუებს იმედებს“, — თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ბერნარდ ბარუხმა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დღეს ადამიანები დაპირებებს იმისთვის იძლევიან, რომ არ შეასრულონ. ასეთ დაპირებებში შედის საქორწინო აღთქმა, საქმიანი შეთანხმება ან ბავშვებისთვის მიცემული სიტყვა, რომ მეტ დროს გაატარებენ მათთან. აღარავინ აქცევს ყურადღებას ყველასათვის კარგად ცნობილ ანდაზას: „კაცი იმდენად ფასობს, რამდენადაც სიტყვის პატრონიაო“.
ბევრს პირობის მიცემისას აზრადაც არ აქვს მისი შესრულება; სხვები დაუფიქრებლად ჰპირდებიან და შემდეგ ვერ ასრულებენ ან უბრალოდ სიტყვას ტეხენ, რადგან ამის გაკეთება უფრო ადვილია.
მართალია, გაუთვალისწინებელი დაბრკოლებების გამო პირობის შესრულება შეიძლება რთული გახდეს. მაგრამ ნამდვილად შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს სიტყვის გატეხვას? საჭიროა სერიოზულად მოვეკიდოთ ჩვენს დანაპირებს? იეჰოვა ღმერთის მაგალითის განხილვა დაგვეხმარება იმის დანახვაში, თუ რატომ არის საჭირო ამ საკითხისადმი სერიოზული მიდგომა.
იეჰოვა ასრულებს თავის დანაპირებს
ჩვენ ვემსახურებით ღმერთს, რომლის სახელიც კი იმაზე მიანიშნებს, რომ ის ასრულებს თავის დანაპირებს. ბიბლიურ დროში ხშირად სახელი ახასიათებდა პიროვნებას. იმავეს თქმა შეიძლება ღვთის სახელზეც, იეჰოვა, რომლის მნიშვნელობაც არის „აქცევინებს“. ასე რომ, ღვთის სახელი გულისხმობს, რომ ის შეასრულებს თავის დანაპირებსა და განახორციელებს განზრახვას.
თავისი სახელის მნიშვნელობის შესაბამისად, იეჰოვამ ძველი ისრაელისადმი მიცემული ყველა პირობა შეასრულა. ამასთან დაკავშირებით მეფე სოლომონმა თქვა: „კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც სიმშვიდე მიანიჭა თავის ერს, ისრაელს, როგორც დაპირებული იყო. ერთი სიტყვაც არ დარჩენილა აღუსრულებელი იმ სასიკეთო სიტყვებიდან, თავისი მორჩილის, მოსეს პირით რომ ბრძანა“ (მესამე მეფეთა 8:56).
ღმერთი იმდენად სანდოა, რომ მოციქულ პავლეს შეეძლო ეთქვა: „ღმერთი, აძლევდა რა აღთქმას აბრაამს, რაკი არ შეეძლო, ვინმე თავისზე დიდი დაეფიცა, საკუთარი თავი დაიფიცა“ (ებრაელთა 6:13). დიახ, იეჰოვას სახელი და პიროვნება იმის გარანტიაა, რომ ის არასოდეს დატოვებს შეუსრულებელს თავის დანაპირებს, მაშინაც კი როცა მათი შესრულება შეიძლება ძვირად დაუჯდეს (რომაელთა 8:32). ეს ფაქტი გვაძლევს იმედს, რაც ჩვენი სულის ანუ სიცოცხლის ღუზის როლს ასრულებს (ებრაელთა 6:19).
იეჰოვას დანაპირები და ჩვენი მომავალი
ჩვენი იმედი, რწმენა და მთელი ჩვენი ცხოვრება დამოკიდებულია იეჰოვას დანაპირების შესრულებაზე. რა იმედი გვაქვს? „ჩვენ მისი [ღვთის] აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). ბიბლია აგრეთვე გვაძლევს იმედს, რომ „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ამ ცხოვრების გარდა რაღაც უფრო დიდი არსებობს. სინამდვილეში, რასაც მოციქული იოანე „აღთქმას“ უწოდებს“ (1 იოანე 2:25). მაგრამ ღვთის სიტყვაში მოცემული იეჰოვას დანაპირები მხოლოდ მომავალს არ ეხება. ისინი ჩვენს დღევანდელ ყოველდღიურ ცხოვრებასაც აზრით ავსებენ.
ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, . . . და მათს ღაღადისს მოისმენს“ (ფსალმუნი 144:18, 19). ღმერთი აგრეთვე გვარწმუნებს, რომ „აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს“ (ესაია 40:29). რამხელა ნუგეშია იმის ცოდნა, რომ ღმერთი ‘არ დაუშვებს, რომ ჩვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოვიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგვცემს’ (1 კორინთელთა 10:13). თუ გამოგვიცდია ოდესმე საკუთარ თავზე მისი დანაპირების შესრულება, ვიცით, რომ იეჰოვას ბოლომდე შეგვიძლია ვენდოთ. მაშ, როგორღა უნდა მოვეკიდოთ ღმერთისთვის მიცემულ პირობას, თუ გავითვალისწინებთ, რა სარგებლობას ვღებულობთ როგორც ღვთის მრავალი დანაპირებიდან, აგრეთვე მათი შესრულებიდან?
ღვთის წინაშე ჩვენი დანაპირების შესრულება
ღვთისადმი ჩვენი მიძღვნა ყველაზე მნიშვნელოვანი დანაპირებია. ამ ნაბიჯის გადადგმით, ვუჩვენებთ, რომ გვსურს მარადიულად ვემსახუროთ იეჰოვას. მიუხედავად იმისა, რომ მისი მცნებები მძიმე არ არის, ამ ბოროტ წუთისოფელში მათი შესრულება ყოველთვის ადვილი როდია (1 იოანე 5:3; 2 ტიმოთე 3:12). მაგრამ როდესაც ‘ხელს ვკიდებთ გუთანს’ და იეჰოვას მიძღვნილი მსახურები და მისი ძის, იესო ქრისტეს, მოწაფეები ვხდებით, აღარასოდეს უნდა გავიხედოთ უკან იმ ქვეყნიურისკენ, რაც ერთ დროს მივატოვეთ (ლუკა 9:62).
ლოცვისას იეჰოვას შეიძლება შევპირდეთ, რომ ყველანაირად შევეცდებით გარკვეული სისუსტის გადალახვას, ქრისტიანული თვისების განვითარებას თუ ჩვენი თეოკრატიული მსახურების რომელიღაც სფეროში გაუმჯობესებას. რა დაგვეხმარება ამ დანაპირების შესრულებაში? (შეადარეთ ეკლესიასტე 5:1—4).
გულწრფელი დანაპირები გულიდან და გონებიდან მომდინარეობს. ამიტომ, მოდი უფრო მტკიცე გავხადოთ ლოცვისას იეჰოვას წინაშე დადებული დანაპირები და გული გადავუშალოთ მას, გულწრფელად ვაღიაროთ რის გვეშინია, რა გვსურს და რა სისუსტეები გვაქვს. ჩვენ მიერ დაპირებულის შესახებ ლოცვა განგვიმტკიცებს მისი შესრულების გადაწყვეტილებას. ღვთისთვის მიცემულ სიტყვას შეიძლება ვუყუროთ როგორც ვალს. როდესაც ვალი ძალიან დიდია, მოვალეს შეუძლია თანდათანობით გაისტუმროს. მსგავსად ამისა, იეჰოვასადმი მრავალი დანაპირების შესრულებასაც დრო დასჭირდება. მაგრამ ჩვენი ერთგული რეგულარული მსახურებით, ვუჩვენებთ, რომ გვახსოვს ჩვენი დანაპირები და ის სათანადოდ გვაკურთხებს.
თუ ხშირად, შესაძლოა ყოველდღიურადაც, ვლოცულობთ, ვუჩვენებთ, რომ სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს დანაპირებს. გარდა ამისა, ამით ვანახვებთ ჩვენს ზეციერ მამას, რომ გულწრფელად გვსურს მათი შესრულება. ეს აგრეთვე ხშირი შეხსენება იქნება ჩვენთვის. დავითმა კარგი მაგალითი დაგვიტოვა ამასთან დაკავშირებით. ლოცვისას ის ევედრებოდა იეჰოვას: „ისმინე, უფალო, ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას. . . ვუგალობებ შენს სახელს უკუნისამდე, რომ შევასრულო ჩემი აღთქმანი დღითი-დღე“ (ფსალმუნი 60:2, 9).
დანაპირების შესრულება ნდობას აძლიერებს
თუ ღვთისთვის დაპირებულს არ უნდა მოვეკიდოთ გულგრილად, თანაქრისტიანისთვის მიცემული პირობის მიმართაც იგივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. ჩვენ ისეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს თანქრისტიანებთან, როგორიც იეჰოვასთან (შეადარეთ 1 იოანე 4:20). მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „იყოს თქვენი სიტყვა: ჰო — ჰო, არა — არა“ (მათე 5:37). ჩვენ იმითაც ‘მოვიმოქმედებთ სიკეთეს რწმენით ჩვენიანებისთვის’ თუ შევეცდებით, ჩვენი სიტყვა ყოველთვის სანდო იყოს (გალატელთა 6:10). ნებისმიერი შესრულებული დანაპირები ნდობას აძლიერებს.
სიტყვის გატეხვით მიყენებული ტკივილი მაშინ უფრო ძლიერია, როცა საქმე ფულს ეხება. იქნება ეს ვალის დაბრუნება, რაიმე სამსახურის გაწევა ან სავაჭრო გარიგება, ქრისტიანებმა პატიოსნად უნდა დაიცვან სიტყვა. ეს ღმერთსაც მოსწონს და ურთიერთნდობასაც აძლიერებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, როდესაც ‘ერთად ცხოვრობენ ძმები’ (ფსალმუნი 132:1).
გარიგების შეუსრულებლობა სირთულეებს იწვევს არა მარტო ურთიერთშორის, არამედ კრებაშიც. ერთი მიმომსვლელი ზედამხედველი ამბობს: „სავაჭრო გარიგებასთან დაკავშირებული კამათი — როცა ერთი თვლის, რომ მეორემ შეთანხმება დაარღვია — ხშირად ბევრის ყურს მისწვდება ხოლმე. ამას კი კრებაში დაყოფა მოჰყვება და სიტუაცია იძაბება“. ძალზე მნიშვნელოვანია, კარგად დავფიქრდეთ ნებისმიერ შეთანხმებაზე და მას ოფიციალური სახე მივცეთ.a
ძვირი პროდუქციის გაყიდვასთან ან დაბანდებასთან დაკავშირებით რეკომენდაციის მიცემისას წინდახედულობაა საჭირო, მითუმეტეს თუ პირადად ვღებულობთ მოგებას ამ საქმიანი გარიგებიდან. მსგავსად ამისა, სიფრთხილეა საჭირო, რომ არ გავაზვიადოთ გარკვეული პროდუქციის ან ჯანმრთელობისთვის საჭირო ნივთების სარგებლიანობა და არ დავპირდეთ დამბანდებლებს არარეალური მოგება. ქრისტიანი სიყვარულმა უნდა აღძრას, რომ არ დამალოს შესაძლო რისკი (რომაელთა 12:10). რადგანაც ძმების უმეტესობას ნაკლები გამოცდილება აქვს ასეთ საკითხებში, ისინი შეიძლება ადვილად გვენდონ რწმენის გამო. ძალიან ცუდი იქნება, თუ ეს ნდობა დაიკარგება.
როგორც ქრისტიანებს, ჩვენ არ შეგვიძლია ხელი მოვკიდოთ არაკანონიერ ან ისეთ საქმეს, რომლითაც უგულებელვყობთ სხვების ინტერესებს (ეფესელთა 2:2, 3; ებრაელთა 13:18). იმისათვის, რომ ‘მის კარავში დასადგურებულებმა’ იეჰოვას კეთილგანწყობილება დავიმსახუროთ, სანდოები უნდა ვიყოთ. თუნდაც ‘ჩვენს საზიანოდ დავიფიცოთ, არ უნდა შევცვალოთ’ (ფსალმუნი 14:1, 4).
ისრაელის მსაჯულმა, იფთახმა, შეჰფიცა ღმერთს, რომ, თუ ‘ხელში ჩააგდებინებდა ყამონიანებს’, მსხვერპლად შესწირავდა იმას, ვინც შინ დაბრუნებისას პირველი გამოეგებებოდა. პირველი კი თავისი ერთადერთი ქალიშვილი გამოეგება, მაგრამ მას სიტყვა არ გაუტეხავს. ქალიშვილის გულწრფელი თანხმობით მან ის იეჰოვას ტაძარში მუდმივ მსახურებას შესწირა, ეს მსხვერპლი მრავალი მიზეზის გამო, უეჭველია, მტკივნეული და ძვირადღირებული იყო (მსაჯულნი 11:30—40).
განსაკუთრებით კრების ზედამხედველები არიან ვალდებულები, შეასრულონ დანაპირები. პირველი ტიმოთეს 3:2-ის თანახმად ზედამხედველი უნდა იყოს „უმწიკვლო“. ბერძნული სიტყვა რომელიც აქ „უმწიკვლოდ“ არის გადმოთარგმნილი, ნიშნავს „იმას, ვისაც ვერაფერში დაადანაშაულებ, უნაკლოს, წუნდაუდებელს“. ეს „ნიშნავს არა მხოლოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობას, არამედ მის დამსახურებასაც“, — ნათქვამი იყო ერთ-ერთ ნაშრომში (A Linguistic Key to the Greek New Testament). რადგან ზედამხედველი უმწიკლო უნდა იყოს, მისი დანაპირები ნდობას უნდა იმსახურებდეს.
ჩვენი დანაპირების შესრულების სხვა საშუალებები
როგორ უნდა ვეკიდებოდეთ გარეშეებისთვის მიცემულ პირობას? „ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“, — თქვა იესომ (მათე 5:16). იმით, რომ სიტყვის პატრონი ვიქნებით, შეიძლება სხვა ადამიანი ქრისტიანული ცნობისადმი მივიზიდოთ. მსოფლიოში ამ საკითხთან დაკავშირებით წუთისოფლის დაცემული ნორმების მიუხედავად, უმრავლესობა აფასებს პატიოსნებას. დანაპირების შესრულება ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულის გამოვლენისა და სამართლიანობის მოყვარულთა დაინტერესების ერთ-ერთი გზაა (მათე 22:36—39; რომაელთა 15:2).
1998 სამსახურებრივი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებმა ერთ მილიარდზე მეტი საათი დაუთმეს ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის გავრცელებას (მათე 24:14). ჩვენი ქადაგება შეიძლება არ მოესმინათ, თუ არ შევასრულებდით სიტყვას, იქნება ეს საქმიანი გარიგებისას თუ სხვა დროს. რადგან ჩვენ ჭეშმარიტების ღმერთს ვაცნობთ ხალხს, ჩვენგან პატიოსნებას ელიან. ჩვენი სანდოობითა და პატიოსნებით ‘ვამკობთ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრებას’ (ტიტე 2:10).
მსახურებისას ჩვენი პირობის შესრულების საშუალება მაშინ გვაქვს, როდესაც ხელმეორედ ვაკითხავთ მას, ვინც სამეფოს შესახებ ცნობისადმი ინტერესს ავლენს. როცა ვპირდებით განმეორებით მისვლას, უნდა მივიდეთ. დანაპირების შესრულება დაგვეხმარება, არ ‘დავუკავოთ კეთილი საქმე იმას, ვინც ღირსია’ (იგავნი 3:27). ერთმა დამ ამასთან დაკავშირებით თქვა: „რამდენჯერმე შევხვდი ისეთ დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებმაც თქვეს, რომ მოწმეები დაჰპირდნენ ხელმეორედ მისვლას და არ მივიდნენ. რა თქმა უნდა, მესმის, რომ შესაძლოა სახლის პატრონი არ დახვდათ შინ ან რაიმემ შეუშალათ ხელი; მაგრამ მე არ მინდა, ჩემზეც იგივე თქვან; ამიტომ ყველანაირად ვცდილობ, შევხვდე დაინტერესებულ ადამიანებს. ვიცი, რომ თუ ვინმეს იმედი გავუცრუე, ცუდ წარმოდგენას დავუტოვებ იეჰოვაზე და ჩვენს ძმებზე“.
ზოგჯერ შეიძლება არ გვსურდეს ვინმესთან ხელახლა მისვლა, რადგან გვგონია, რომ ის არ დაინტერესდა. იგივე და ამბობს: „მე არ მინდა დავასკვნა, რამდენად დაინტერესდა ვინმე. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ პირველი შთაბეჭდილება ხშირად მცდარია. ამიტომ ვცდილობ, დადებითი თვალსაზრისი შევინარჩუნო და მათში მომავალი ძმები და დები დავინახო“.
ქრისტიანულ მსახურებასა თუ სხვა საკითხებში უნდა ვუჩვენოთ რომ ჩვენი სიტყვა სანდოა. მართალია, ზოგი რამ სათქმელად ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად — ძნელი. ერთმა გონიერმა კაცმა თქვა: „ბევრი გაიძახის თავის სიკეთეს, მაგრამ ერთგულ კაცს ვინ იპოვის?“ (იგავნი 20:6). ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სიტყვის ერთგულები და შემსრულებლები.
ღვთისგან უხვი კურთხევები
შეგნებულად ფუჭი დაპირებების მიცემა უპატიოსნობაა და ქვითრის გამოწერას ჰგავს, მაშინ როცა ბანკში სახსრები არ გაგვაჩნია. მაგრამ დიდ ჯილდოსა და კურთხვევებს მივიღებთ, თუ სიტყვის შემსრულებლები ვიქნებით. ერთ-ერთი კურთხევა, სუფთა სინდისია (შეადარეთ საქმეები 24:16). სინდისის ქენჯნა არ შეგვაწუხებს და კმაყოფილებასა და სიმშვიდეს ვიგრძნობთ. გარდა ამისა, ამგვარად ხელს შევუწყობთ კრების ერთიანობას, რაც ურთიერთნდობაზეა დამოკიდებული. ჩვენი ‘ჭეშმარიტი სიტყვით’ ვუჩვენებთ, რომ ჭეშმარიტების ღმერთის მსახურები ვართ (2 კორინთელთა 6:3, 4, 7).
იეჰოვა ყოველთვის იცავს თავის სიტყვას და სძულს „ცრუ ენა“ (იგავნი 6:16, 17). როცა ზეციერ მამას ვბაძავთ, უფრო ვუახლოვდებით მას. ამიტომ ნამდვილად გვაქვს ჩვენი დანაპირების შესრულების საფუძველი.
[სქოლიოები]
a იხილე 1995 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკის“ სტატია „რად დაგიჯდება ბიზნესი?“, გვერდები 28—31, (რუს.).
[სურათები 10 გვერდზე]
იფთახმა შეასრულა თავისი დანაპირები მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება მისთვის მტკივნეული იყო.
[სურათები 11 გვერდზე]
თუ ვინმეს დაჰპირდი მონახულებას, შეასრულე დანაპირები.