რატომ გვაქვს ასე ცოტა დრო?
დრო — ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობის განსაზღვრა შეიძლება გაგვიჭირდეს, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დრო არასოდეს გვყოფნის. ისიც ვიცით, რომ დრო სწრაფად გადის. ხშირად დანანებით ვიტყვით ხოლმე, დრო გარბისო.
ინგლისელი პოეტი ოსტინ დობსონი ჭეშმარიტებასთან ახლოს მივიდა, როდესაც 1877 წელს აღნიშნა: „გინდათ თქვათ, რომ დრო მიდის? ო, არა! ვაი, რომ დრო რჩება და ჩვენ მივდივართ“. მართლაც, დობსონი 1921 წელს, თითქმის 80 წლის წინათ, წავიდა, ხოლო დრო კვლავ არსებობს.
განუსაზღვრელად დიდი დრო
კაცობრიობის შემოქმედის შესახებ ბიბლია გვეუბნება: „ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი“ (ფსალმუნი 89:2). ასე რომ, დრო იმდენ ხანს იარსებებს, რამდენსაც თვით ღმერთი; ესე იგი დრო მარადიულად იქნება.
კაცობრიობის მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება ღვთის მდგომარეობისგან, რომლის განკარგულებაშიც მარადისობაა. ადამიანების შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „რადგან ყველა ჩვენი დღე გაილია შენი რისხვით, ვკარგავთ ჩვენს წლებს ბგერის უსწრაფესად. ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს — ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფა და უსამართლობაა, რადგანაც სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ“ (ფსალმუნი 89:9, 10).
რატომ არის დღეს სიცოცხლე ასე ხანმოკლე მაშინ, როდესაც ბიბლია ნათლად გვეუბნება, რომ ღვთის განზრახვის თანახმად, ადამიანებს მარადიულად უნდა ეცოცხლათ? (დაბადება 1:27, 28; ფსალმუნი 36:29). რატომ ხდება, რომ ღვთის განზრახვის თანახმად უსასრულოდ ცხოვრების ნაცვლად, ჩვენ საშუალოდ 30 000 დღეც არ ვცოცხლობთ? რატომ არის ადამიანის სიცოცხლე წამიერი? ვის ან რას მიუძღვის ბრალი ამაში? ბიბლია ამ კითხვაზე ნათელ, დამაკმაყოფილებელ პასუხს გვაძლევსa.
უფრო და უფრო ნაკლები დრო
ხანდაზმულები დაგვემოწმებიან, რომ ბოლო ათლწეულებში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა. ერთმა ჟურნალისტმა, დ-რ ზიბილე ფრიჩმა, აღნიშნა, რომ უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში სამუშაო კვირა 80-დან 38 საათამდე შემცირდა, „მაგრამ წუწუნი მაინც ვერ მივატოვეთ“. შემდეგ კი დააკონკრეტა: „დრო არა გვაქვს; დრო ფული ღირს; დრო ჰაერივით გვჭირდება; სიცოცხლე გადარბენაა“.
მეცნიერების მიღწევებმა გზა გახსნა ისეთი შესაძლებლობებისკენ, რომლებიც ადრინდელ თაობებს არც კი დასიზმრებიათ. მაგრამ რაც უფრო მეტია პროგრესი, მით უფრო მეტია გულისტკენა დროის სიმცირის გამო. დღესდღეობით მსოფლიოს მრავალ კუთხეში ადამიანებს ყოველი წუთი გათვლილი აქვთ და ერთი საქმის დამთავრებისთანავე მეორეს იწყებენ. მამა დილის 7 საათზე უნდა წავიდეს სამსახურში, დედამ ბავშვები სკოლაში 8 საათსა და 30 წუთზე უნდა გაუშვას, ბაბუა ექიმთან 9 საათსა და 40 წუთზე უნდა მივიდეს, ხოლო საღამოს 7 საათისა და 30 წუთისთვის ოჯახის ყველა წევრი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის უნდა იყოს მზად. ფაციფუცით ერთი საქმის დამთავრებისთანავე მეორეზე გადასვლისას, დასვენებისთვის დრო თითქმის არ რჩება. შემდეგ კი ვწუწუნებთ ყოველდღიური ერთფეროვნებითა და გაუთავებელი ფუსფუსით დაღლილობის გამო.
დროის უკმარისობა მხოლოდ ჩვენი პრობლემა როდია
ღვთის მოწინააღმდეგე, სატანა ეშმაკი, რომლის ხრიკებმაც კაცობრიობას სიცოცხლის ხანგრძლივობა შეუმოკლა, თვითონვე ემსხვერპლა საკუთარ ბოროტებას (შეადარეთ გალატელთა 6:7, 8). გამოცხადების 12:12-ში ლაპარაკია ზეცაში მესიანური სამეფოს დაბადების შესახებ, რაც იმედის საფუძველს გვინერგავს: „აბა, იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ! ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“.
ბიბლიის სანდო ქრონოლოგიისა და შესრულებული წინასწარმეტყველებების თანახმად, ახლა ამ ‘მცირე დროის’ მიწურულს ვცხოვრობთ. რა სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ სატანის მოქმედების დრო მალე ამოიწურება! სატანის ჩამოშორებისთანავე მორჩილ ადამიანებს სრულყოფილება დაუბრუნდებათ და მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემათ, რაც იეჰოვას მათი შექმნისას ჰქონდა განზრახული (გამოცხადება 21:1—4). დროის უკმარისობა პრობლემა აღარ იქნება.
შეგიძლიათ იმის წარმოდგენა, როგორი იქნება მარადიული ცხოვრება? არასოდეს შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რომ რაღაცის გაკეთება ვერ მოასწარით. თუ დრო გჭირდებათ, წინ იქნება ხვალინდელი დღე, მომდევნო კვირა ან წელი, — ფაქტობრივად, მთელი მარადიულობა!
გონივრულად გამოვიყენოთ დრო
სატანას ესმის, რომ ადამიანებზე მისი ზემოქმედების დრო შეზღუდულია და ცდილობს, მათ იმდენი საქმე გაუჩინოს, რომ ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მოსასმენად დრო არ ჰქონდეთ. ამიტომ კარგია, ყურად ვიღოთ ღვთის რჩევა: „ფრთხილად მოიქეცით — არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. მოივაჭრეთ ჟამი, ვინაიდან დღეები მუხთალია. მაშ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეიცანით, რა არის ღვთის ნება“ (ეფესელთა 5:15—17).
რამდენად მნიშვნელოვანია, დრო გონივრულად გამოვიყენოთ და ხანმოკლე სარგებლობის მომტან საქმეებზე დახარჯვის ნაცვლად, იმას დავუთმოთ, რაც უმნიშვნელოვანესია! ჩვენც ისეთივე აზროვნება უნდა გვქონდეს, როგორიც მოსეს ჰქონდა. ის იეჰოვას გულწრფელად ევედრებოდა: „ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ სიბრძნე გულისა“ (ფსალმუნი 89:12).
მართალია, დღევანდელ წუთისოფელში ყველა დაკავებულია, მაგრამ იეჰოვას მოწმეები მთელი გულით მოგიწოდებენ, თქვენი ძვირფასი დროის გარკვეული ნაწილი ღვთის მოთხოვნების შესწავლას დაუთმოთ, რათა ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით მარადიულად იცხოვროთ. ბიბლიის შესასწავლად, — ‘ღვთის ნების შესაცნობად’, — სისტემატურად კვირაში ერთი საათის გამოყოფა შესაძლებლობას მოგცემთ საკუთარ თავზე გამოსცადოთ შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტება: „ერიდე ბოროტს და ჰქმენ სიკეთე და იარსებებ სამარადჟამოდ. მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:27, 29).
[სქოლიოები]
a იხილეთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, თავი 6; გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.