ხანგრძლივი სიცოცხლის ძიებაში
„კაცი, ქალის ნაშიერი, დღემოკლეა და სავსეა მღელვარებით; ყვავილივით გამოდის და ჭკნება; ჩრდილოეთით გარბის და კვალს არ ტოვებს“ (იობი 14:1, 2).
დღესაც კი, ამ სიტყვების დაწერიდან 3 500 წლის შემდეგ, თითქმის არავინ უარყოფს სიცოცხლის ხანმოკლეობის შესახებ ამ განაცხადს. ადამიანებში ყოველთვის დაუკმაყოფილებლობის გრძნობას იწვევდა ის ფაქტი, რომ მცირე ხნით ჯან-ღონით სავსენი და ლამაზები იქნებოდნენ, შემდეგ კი დაბერდებოდნენ და დაიხოცებოდნენ. ამიტომ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ადამიანებს სიცოცხლის გასახანგრძლივებელი საშუალებების ძიება არ შეუწყვეტიათ.
იობის დღეებში ეგვიპტელები ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ცხოველთა სათესლე ჯირკვლებს ჭამდნენ, მაგრამ ამაოდ. შუა საუკუნეების ალქიმიკოსების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სიცოცხლის გასახანგრძლივებელი ელექსირის აღმოჩენა იყო. მრავალ ალქიმიკოსს სჯეროდა, რომ ხელოვნურად მიღებული ოქრო ადამიანებს უკვდავებას მოუტანდა. აგრეთვე სწამდათ, რომ ოქროს თეფშებიდან ჭამა სიცოცხლეს ახანგრძლივებდა. ძველ ჩინეთში დაოსისტები მიიჩნევდნენ, რომ მედიტაციით, სუნთქვითი ვარჯიშების შესრულებითა და დიეტით შეიძლებოდა სხეულის ქიმიური შედგენილობის შეცვლა და, ამგვარად, უკვდავების მიღწევა.
ესპანელი მკვლევარი ხუან პონსე დე ლეონი უკვდავ-უბერებლობის წყაროს დაუცხრომელი ძიებით არის ცნობილი. XVIII საუკუნის ერთი ექიმი თავის წიგნში Hermippus Redivivus (გაახალგაზრდავებული ჰერმიპუსი) ხალხს ურჩევდა, რომ გაზაფხულზე პატარა ოთახში ჩაკეტილი ქალწულების ამონასუნთქის ბოთლში დაგროვება და შემდეგ მისი გამოყენება სიცოცხლეს ახანგრძლივებსო. ლაპარაკიც კი არ არის საჭირო იმაზე, რომ ამ მეთოდებიდან არც ერთი იყო ქმედითი.
მას შემდეგ, რაც მოსემ იობის სიტყვები ჩაწერა, დაახლოებით 3 500 წელი გავიდა. ადამიანები მთვარეზე გაფრინდნენ. კაცობრიობამ გამოიგონა მანქანები და კომპიუტერები, შეისწავლა ატომი და უჯრედი, მაგრამ ასეთი ტექნიკური პროგრესის მიუხედავად, ჩვენ ჯერაც ‘დღემოკლენი და მღელვარებით სავსენი’ ვართ. მართალია, განვითარებულ ქვეყნებში ბოლო საუკუნის განმავლობაში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა საოცრად გაიზარდა, მაგრამ ეს შესაძლებელი გახდა ძირითადად იმით, რომ გაუმჯობესდა ჯანდაცვის სისტემის მომსახურება, მეტი ყურადღება ექცევა ჰიგიენას და უკეთესობა დაეტყო კვებასაც. მაგალითად, XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისამდე შვედეთში სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი მამაკაცებში 40-დან 75-მდე, ხოლო ქალებში 44-დან 80 წლამდე გაიზარდა. მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ადამიანის წყურვილი, რაც შეიძლება ხანგრძლივად იცოცხლოს, დაკმაყოფილდა?
არა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ქვეყანაში ხალხი ხანდაზმულობის ასაკს აღწევს, მრავალი საუკუნის წინათ მოსეს მიერ ჩაწერილი სიტყვები დღესაც ძალაში რჩება: „ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს — ოთხმოცი წელიწადი . . . რადგანაც სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ“ (ფსალმუნი 89:10). მოსალოდნელია თუ არა რაიმე ცვლილებები ახლო მომავალში? შეძლებს ადამიანი სიცოცხლის გახანგრძლივებას? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.