საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w99 10/15 გვ. 17-22
  • თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ძმა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ძმა
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რა ჰქონდა მას მხედველობაში?
  • ეცადეთ, შეიძინოთ ძმა
  • მოწიფული ქრისტიანებისგან დახმარების მიღება
  • მისი შეძენისთვის გაწეული ბოლო მცდელობა
  • მშვიდობა და სიწმინდე კრებაში
    ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
  • სიყვარულით მოაგვარეთ უთანხმოებები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • უხუცესებო, გამოავლინეთ სიყვარული და გულმოწყალება შემცოდველების მიმართ!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • დაე განმტკიცდეს კრება!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
w99 10/15 გვ. 17-22

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ძმა

„მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით. თუ გაგიგონებს, შეგიძენია შენი ძმა“ (მათე 18:15).

1, 2. რა პრაქტიკული რჩევა მოგვცა იესომ ძმასთან წამოჭრილ პრობლემასთან გამკლავების შესახებ?

იესოს მსახურებისთვის ერთ წელზე ნაკლები ჰქონდა დარჩენილი, როდესაც მოწაფეებს მნიშვნელოვანი დარიგება მისცა. ამ დარიგების წაკითხვა მათეს მე-18 თავში შეგიძლიათ. იქ მოცემული ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვანია, ბავშვივით თავმდაბლები ვიყოთ. შემდეგ იესო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საჭიროა არ დავაბრკოლოთ ‘ერთი მცირეთაგანი’, ვეცადოთ, შევიძინოთ მათგან გზააბნეულები დაღუპვისაგან გადასარჩენად. შემდეგ იესომ მოგვცა ძალზე პრაქტიკული რჩევა თანაქრისტიანებს შორის წამოჭრილი პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.

2 შეიძლება გახსოვთ კიდეც მისი სიტყვები: „თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით. თუ გაგიგონებს, შეგიძენია შენი ძმა. ხოლო თუ არ გაგიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი. თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე“ (მათე 18:15—17). როდის და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს რჩევა?

3. საერთოდ, როგორ უნდა მივუდგეთ საკითხს მაშინ, როცა ჩვენთან დამოკიდებულებაში სხვები ცდებიან?

3 წინა სტატიაში ხაზგასმული იყო, რომ თითოეული ჩვენგანი არასრულყოფილია და ცდება, ამიტომაც აუცილებელია, მიმტევებლები ვიყოთ. ეს განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როდესაც თანაქრისტიანის სიტყვებზე ან მოქმედებაზე ვნაწყენდებით (1 პეტრე 4:8). ხშირად ყველაზე კარგი გამოსავალია, ყურადღება არ გავამახვილოთ წყენაზე, უბრალოდ, მივუტევოთ მწყენინებელს და დავივიწყოთ მომხდარი. ასე მოქმედება შეიძლება ქრისტიანულ კრებაში მშვიდობის შემანარჩუნებელ მოქმედებად მივიჩნიოთ (ფსალმუნი 132:1; იგავნი 19:11). მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროდ ჩათვალოთ მწყენინებელ ძმასთან ან დასთან საუბარი. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია იესოს ზემოთ მოყვანილი სიტყვებით ვიხელმძღვანელოთ.

4. როგორ შეგვიძლია მათეს 18:15-ში მოცემული პრინციპის გამოყენება მაშინ, როდესაც თანაქრისტიანი ცდება?

4 იესოს რჩევის თანახმად, უნდა ‘მიხვიდე და ამხილო იგი [თანაქრისტიანი], როდესაც მარტონი იქნებით’. ეს გონივრულია. ზოგი გერმანული თარგმანი ამ ფრაზას შემდეგნაირად თარგმნის: მისი ცოდვა წარდგენილ იქნას „ოთხი თვალის“ წინაშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოდვა წარდგენილ იქნას თქვენი და მისი თვალების წინაშე. როდესაც პრობლემას განცალკევებით, თბილ ატმოსფეროში განიხილავთ, ჩვეულებრივ, მისი გადაჭრა უფრო ადვილია. ძმა, რომელმაც სიტყვით ან საქმით გაწყენინათ, თქვენთან, ერთი-ერთზე, უფრო მეტად აღიარებს თავის შეცდომას. თუ სხვა ვინმეც ისმენს ამ საუბარს, არასრულყოფილი ბუნება იმისკენ უბიძგებს, რომ არ აღიაროს დანაშაული ან ეცადოს, გაამართლოს თავისი მოქმედება. მაგრამ, თუ საქმეს მხოლოდ „ოთხი თვალის“ წინაშე არჩევთ, შეიძლება დაინახოთ, რომ თქვენ, უბრალოდ, ერთმანეთს ვერ გაუგეთ და ერთმანეთის წინაშე სულაც არ შეგიცოდავთ ან განზრახ ცუდი არაფერი გაგიკეთებიათ. როცა ორივე მიხვდებით, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, ადვილად მოაგვარებთ პრობლემას, არ დაუშვებთ, რომ უმნიშვნელო წყენინება სერიოზულ უთანხმოებაში გადაიზარდოს და თქვენი ურთიერთობა გააფუჭოს. ასე რომ, მათეს 18:15-ში მოცემული პრინციპის გამოყენება უმნიშვნელო წყენის დროსაც კი შეიძლება.

რა ჰქონდა მას მხედველობაში?

5, 6. კონტექსტიდან გამომდინარე, როგორ ცოდვებზეა მათეს 18:15-ში ლაპარაკი და რა მიუთითებს ამაზე?

5 თუ დავაკონკრეტებთ, იესოს რჩევა უფრო სერიოზულ შემთხვევებს ეხება. ქრისტემ თქვა: „თუ შენი ძმა შესცოდავს“. ფართო გაგებით „ცოდვა“ შეიძლება იყოს ნებისმიერი შეცდომა ან არასწორი მოქმედება (იობი 2:10; იგავნი 21:4; იაკობი 4:17). მაგრამ კონტექსტიდან გამომდინარე იესო, ალბათ, ცოდვაში სერიოზულ დანაშაულს გულისხმობდა, რადგან ამ მიზეზით შეიძლება შემცოდველი ‘წარმართად და მებაჟედ’ მიეჩნიათ. რას ნიშნავს გამოთქმა „წარმართი და მებაჟე“?

6 ამ სიტყვების მსმენელმა იესოს მოწაფეებმა იცოდნენ, რომ მათ თანამემამულეებს არ ჰქონდათ წარმართებთან ურთიერთობა (იოანე 4:9; 18:28; საქმეები 10:28). ამასთანავე ისინი აშკარად ერიდებოდნენ მებაჟეებს, წარმოშობით იუდეველებს, მაგრამ თავიანთი ხალხისთვის ზიანის მიმყენებლებს. ასე რომ, თუ დავაკონკრეტებთ, მათეს 18:15—17-ში სერიოზულ ცოდვებზე იყო ლაპარაკი და არა წყენინებაზე, რაც შეიძლება, უბრალოდ, მიუტევოთ და დაივიწყოთ (მათე 18:21, 22)a.

7, 8. ა) რომელი ცოდვები უნდა განიხილონ უხუცესებმა? ბ) მათეს 18:15—17-ის თანახმად, რომელი ცოდვების შედეგები შეიძლება ორ ქრისტიანს შორის მოგვარდეს?

7 რჯულის თანახმად, ზოგიერთი ცოდვის ჩადენის შემდეგ საკმარისი არ იყო, რომ დაზარალებულს ეპატიებინა შემცოდველისთვის. ღვთის გმობის, განდგომილობის, კერპთაყვანისმცემლობის, მრუშობის, სიძვისა და ჰომოსექსუალიზმის შესახებ უხუცესებისთვის (ან მღვდლებისთვის) უნდა ეცნობებინათ. იგივე პრინციპი მოქმედებს ქრისტიანულ კრებაშიც (ლევიანნი 5:1; 20:10—13; რიცხვნი 5:30; 35:12; მეორე რჯული 17:9; 19:16—19; იგავნი 29:24). მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, მათეს მე-18 თავში იესო ლაპარაკობდა იმ ცოდვებზე, რომელთა მოგვარებაც ორ ადამიანს შორის შეიძლებოდა. მაგალითად, ქრისტიანი გაბრაზების ან შურის გამო თანაქრისტიანს ცილს სწამებს. ან ქრისტიანი თანაქრისტიანთან დებს ხელშეკრულებას, რომ საამშენებლოდ ამა თუ იმ მასალას გამოიყენებს და დანიშნულ დროს დაამთავრებს სამუშაოს. მეორე კი პირობას დებს, გარკვეული დროის შუალედებით უხადოს ფული ან ერთიანად გადაუხადოს მთელი გასამრჯელო. კიდევ ერთი შემთხვევა, ქრისტიანი პატიოსან სიტყვას იძლევა, რომ თუ დამქირავებელი ასწავლის მას გარკვეულ ხელობას (იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამუშაოს შეიცვლის), არ გაუწევს მას კონკურენციას ან არ ეცდება დათქმული დროის განმავლობაში დამქირავებლის კლიენტების გადაბირებას ან კიდევ არ იმუშავებს დამქირავებლის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზეb. თუ რომელიმე შემთხვევაში ძმამ არ შეასრულა დადებული პირობა და ამავე დროს არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ცოდვა საკმაოდ სერიოზულად ჩაითვლება (გამოცხადება 21:8). მაგრამ ასეთი ცოდვებით გამოწვეული პრობლემები შეიძლება ორს შორის მოგვარდეს.

8 მაგრამ როგორ განაგრძობთ საქმის მოგვარებას? იესოს სიტყვებში სამი ნაბიჯი შეინიშნება. მოდი განვიხილოთ თითოეული მათგანი. ნაცვლად იმისა, რომ თითოეული მათგანი მკაცრად დადგენილ, სამართლებრივ პროცესად იქნეს მიჩნეული, კარგი იქნებოდა, ჩავწვდომოდით მათ არსს და არასოდეს გამოგვრჩენოდა მხედველობიდან სიყვარულიდან გამომდინარე მიზანი.

ეცადეთ, შეიძინოთ ძმა

9. რა უნდა გვახსოვდეს მათეს 18:15-ში მოცემული პრინციპის გამოყენებისას?

9 იესო დარიგებას შემდეგი სიტყვებით იწყებს: „თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როდესაც მარტონი იქნებით. თუ გაგიგონებს, შეგიძენია შენი ძმა“. ცხადია, ამ ნაბიჯს არ დგამენ მხოლოდ ეჭვების საფუძველზე. უნდა გქონდეთ დამადასტურებელი ფაქტები ან ზუსტი ინფორმაცია, რაც ძმისთვის თავისი შეცდომის დანახვებაში დაგეხმარებათ და რაც თავად მას მდგომარეობის გამოსწორების აუცილებლობას აგრძნობინებს. კარგი იქნებოდა დაუყოვნებელი მოქმედება, რათა საქმე არ გაზვიადდეს ან შემცოდველს ასე მოქმედება ძვალსა და რბილში არ გაუჯდეს. ისიც არ დაგავიწყდეთ, პრობლემის გულში ჩატოვებამ შეიძლება თქვენც ზიანი მოგაყენოთ. რადგან საუბარი მხოლოდ თქვენ ორს შორის უნდა წარიმართოს, თავი შეიკავეთ სხვებთან წინასწარ ამაზე საუბრისგან იმ მიზნით, რომ მათი მხარდაჭერა მოიპოვოთ ან მათ თვალში უკეთეს პიროვნებად გამოჩნდეთ (იგავნი 12:25; 17:9). რისთვის აკეთებთ ყოველივე ამას? იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ.

10. რა დაგვეხმარება ძმის შეძენაში?

10 მიზანი კი ძმის შეძენაა და არა მისი დასჯა, დამცირება ან განადგურება. თუ თანაქრისტიანი ნამდვილად არასწორად მოიქცა, ღმერთთან მის ურთიერთობას საფრთხე ემუქრება. თქვენ კი, ეჭვგარეშეა, გინდათ, რომ ეს ადამიანი დარჩეს თქვენს ქრისტიან ძმად. პრობლემის წარმატებით მოგვარების შესაძლებლობა მაშინ უფრო იზრდება, როდესაც ერთი-ერთზე საუბრისას მშვიდად ილაპარაკებთ; მოერიდებით უხეშ სიტყვებსა და ბრალმდებლურ ტონს. ამ სიყვარულიდან გამომდინარე საუბრისას გახსოვდეთ, რომ ორივე არასრულყოფილი, ცოდვილი ადამიანები ხართ (რომაელთა 3:23, 24). როდესაც შემცოდველი მიხვდება, რომ მის შესახებ არავისთან გიჭორავიათ; დაინახავს, რომ გულწრფელად გსურთ მისი დახმარება, საქმე შეიძლება ადვილად მოგვარდეს. ძმისადმი ასეთ გულმოწყალე, გულწრფელ მიდგომაში გონივრულობა განსაკუთრებით მაშინ გამოვლინდება, თუ ამ საუბრისას ორივე აღიარებთ, რომ, გარკვეულწილად, ორივე მხარეს მიგიძღვით დანაშაული ან თუ გაირკვევა, რომ პრობლემის მიზეზი ნამდვილად გაუგებრობა იყო (იგავნი 25:9, 10; 26:20; იაკობი 3:5, 6).

11. რის გაკეთება შეგვიძლია მაშინაც კი, როდესაც შემცოდველი არ ინანიებს?

11 თუ შემცოდველს დაეხმარებით იმის დანახვაში, რა გააკეთა ცუდი; ამასთანავე გააგებინებთ ამ შეცდომის სერიოზულობას, შეიძლება ის მონანიებისკენ აღიძრას. მაგრამ დასაშვებია, რომ სიამაყე ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს (იგავნი 16:18; 17:19). მაშინაც კი, როდესაც შემცოდველი თავიდან არ აღიარებს შეცდომას და არ ინანიებს, შემდგომ ნაბიჯზე გადასვლამდე იქნებ ცოტა დაგეცადათ. იესოს არ უთქვამს: „მიდი და მხოლოდ ერთხელ ამხილე იგი“. თუ ჩადენილი ცოდვა ისეთია, რომლის მოგვარებაც თქვენ შეგიძლიათ, გალატელთა 6:1-ის სულისკვეთებით ხელმეორედ მიდით ძმასთან და „ოთხი თვალის“ წინაშე კვლავ ესაუბრეთ მას. შეიძლება ამგვარი მოქმედებით წარმატებას მიაღწიოთ (შეადარეთ იუდა 22, 23). მაგრამ რა უნდა ქნათ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ცოდვაა ჩადენილი, ხოლო შემცოდველი არ ინანიებს?

მოწიფული ქრისტიანებისგან დახმარების მიღება

12, 13. ა) იესოს სიტყვების თანახმად, რომელი მეორე ნაბიჯი უნდა გადადგა შემცოდველის დასახმარებლად? ბ) ამ ნაბიჯის გადადგმისას რომელი რჩევა უნდა გვახსოვდეს ყოველთვის?

12 სერიოზული შეცდომა რომ დაგეშვათ, მოგეწონებოდათ, სხვებს მაშინვე რომ დაენებებინათ თქვენთვის თავი? ალბათ, არა. იესოს სიტყვებიდანაც სწორედ ის ჩანს, რომ ძმის შესაძენად გადადგმული პირველი ნაბიჯის შემდეგ საქმე შუა გზაზე კი არ მიატოვოთ, არამედ ეცადოთ, არც თქვენ და არც სხვებმა არ დაკარგოთ ძმა და ყოველი ღონე იხმაროთ, რომ ღვთისთვის მოსაწონი სახით თაყვანისმცემლობაში თქვენთან იყოს გაერთიანებული. იესოს რჩევის მეორე ნაბიჯი ასეთია: „თუ არ გაგიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა“.

13 იესომ თქვა: „წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი“. მას არ უთქვამს, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ შეგიძლიათ თქვენს პრობლემაზე ყველას ესაუბროთ, დაელაპარაკოთ მიმომსვლელ ზედამხედველს ან მისწეროთ ძმებს ამ პრობლემის შესახებ. თქვენ შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რომ მან შესცოდა, მაგრამ ეს შეიძლება მთლად ასეც არ იყოს. არ უნდა გაავრცელოთ ძმის შესახებ დამახინჯებული ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ჭორაობაში გადაიზარდოს (იგავნი 16:28; 18:8). იესომ თქვა, რომ წაიყოლოთ კიდევ ერთი ან ორი სხვა. რატომ? ან ვინ უნდა იყვნენ ისინი?

14. ვინ უნდა წავიყვანოთ თან მეორე ნაბიჯის გადადგმისას?

14 უნდა შეეცადოთ, შეიძინოთ ძმა. ამისათვის საჭიროა დაანახვოთ, რომ ცოდვა ჩაიდინა და აღძრათ, რომ მოინანიოს, რათა მშვიდობა შეინარჩუნოს როგორც თქვენთან, ასევე ღმერთთან. ამ მიზნის მისაღწევად უმჯობესი იქნებოდა, რომ თქვენს მიერ წაყვანილი „კიდევ ერთი ან ორი“ მისი ცოდვის მოწმეები ყოფილიყვნენ. შესაძლებელია ისინიც შეესწრნენ ცოდვას ან აქვთ სანდო წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია საქმიანი ურთიერთობისას მომხდართან (ან არმომხდართან) დაკავშირებით. თუ ეს შესაძლებელი არ არის, უნდა წაიყვანოთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც მსგავს საკითხში გამოცდილება აქვთ და, აქედან გამომდინარე, შეუძლიათ განსაზღვრონ, ნამდვილად იყო თუ არა მომხდარი ფაქტი ცოდვა. გარდა ამისა, მომავალში, საჭიროების შემთხვევაში, ისინი დაამოწმებდნენ იმის შესახებ, რა ითქვა, რა ფაქტები იქნა მოყვანილი და რა გაკეთდა სიტუაციის მოსაგვარებლად (რიცხვნი 35:30; მეორე რჯული 17:6). ასე რომ, ამ ადამიანების მიზანი ძმის შეძენაში დახმარების აღმოჩენაა და არა უბრალოდ, ნეიტრალურ დამკვირვებლად და მსაჯულებად ყოფნა.

15. რატომ შეიძლება ქრისტიანი უხუცესების დახმარება სასარგებლო აღმოჩნდეს, თუ მეორე ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი?

15 აუცილებელი არ არის, რომ ისინი, ვისაც თან წაიყვანთ კრების უხუცესები იყვნენ, მაგრამ მოწიფული მამაკაცები, უხუცესები, უკეთესი სულიერი დახმარების აღმოჩენას შეძლებდნენ. ასეთი უხუცესები არიან „როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე“ (ესაია 32:1, 2). მათ აქვთ და-ძმებისთვის გარკვეული საკითხების ახსნისა და გამოსასწორებელი მხარეების დანახვების გამოცდილება. ასე რომ, შემცოდველს მყარი საფუძველი აქვს, სჯეროდეს ამ მამაკაცებისა, რომლებიც არიან „ძღვენი ადამიანების სახით“c (ეფესელთა 4:8, 11, 12, აქ). ასეთი მოწიფული მამაკაცების თანდასწრებით საუბარი და მათთან ერთად ლოცვა სულ სხვა ატმოსფეროს ქმნის და გვარდება ისეთი პრობლემა, რომელიც ერთი შეხედვით მოუგვარებელი ჩანდა (შეადარეთ იაკობი 5:14, 15).

მისი შეძენისთვის გაწეული ბოლო მცდელობა

16. იესოს რჩევის თანახმად, რა იგულისხმება მესამე ნაბიჯში?

16 თუ გადადგმულმა მეორე ნაბიჯმა არ გაჭრა, მესამე ნაბიჯზე უკვე აუცილებლად კრების უხუცესები უნდა იქნენ ჩარეული. „თუ არც მათ [ორ ან სამ მოწმეს] გაუგონებს, ეკლესიას უთხარი. თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე“. რა მოჰყვება ამას?

17, 18. ა) რომელი მაგალითი დაგვეხმარება იმის გაგებაში, რომ მნიშვნელოვანია ‘ეკლესიას ვუთხრათ’ მომხდარის შესახებ? ბ) როგორ ვდგამთ ამ ნაბიჯს დღეს?

17 ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შემცოდველი კრების შეხვედრებზე ან სპეციალურად ამ მიზნით მოწვეულ შეხვედრაზე ყველას წინაშე გამოვიყვანოთ. თუ როგორი მოქმედება იქნებოდა მართებული, შეგვიძლია ღვთის სიტყვიდან გავიგოთ. ნახეთ, რა უნდა გაეკეთებინათ ძველ ისრაელში ურჩებისთვის, ღორმუცელებისა და ლოთებისთვის: „თუ კაცს ეყოლება ჯიუტი და ურჩი, დედ-მამის სიტყვის გაუგონარი შვილი, რომელსაც ჭკუას ასწავლიან, მაგრამ არ ესმის მათი, ხელი მოჰკიდოს დედ-მამამ და გაიყვანონ თავიანთი ადგილის კარიბჭესთან უხუცესების წინაშე, უთხრან თავიანთი ქალაქის უხუცესებს: ჯიუტია და ურჩია ეს ჩვენი შვილი, ჩვენი სიტყვის გაუგონარი, ღორმუცელაა და ლოთი. ჩაქოლოს იგი ამ ქალაქის მთელმა მოსახლეობამ“ (მეორე რჯული 21:18—21).

18 ვხედავთ, რომ შემცოდველის ცოდვებს არც მთელი ერი და, არც მისი შტოს ხალხი ისმენდა და განსჯიდა. ნაცვლად ამისა, მათ საქმეს მთელი კრებულის მიერ აღიარებული ‘უხუცესები’ განიხილავდნენ (შეადარეთ მეორე რჯული 19:16, 17, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ საქმე უნდა განეხილათ ‘იმჟამად მყოფი მღვდლებისა და მსაჯულების წინაშე’). მსგავსად ამისა, დღეს, საჭიროების შემთხვევაში მესამე ნაბიჯის გადადგმისას საქმეს განიხილავენ უხუცესები, რომლებიც კრების წარმომადგენლებად მსახურობენ. მათი მიზანიც იგივეა — თუ საერთოდ შესაძლებელია — შეძენილ იქნეს ძმა. მათი მცდელობა კი იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ სამართლიანად და მიუკერძოებლად მიუდგებიან საქმეს და შემცოდველისთვის განაჩენს წინასწარ არ გამოიტანენ.

19. რას ეცდებიან საქმის განსახილველად დანიშნული უხუცესები?

19 ისინი ეცდებიან აწონ-დაწონონ ფაქტები და მოუსმინონ მოწმეებს, რათა დაადგინონ, ნამდვილად მოხდა (ან ახლაც ხდება) თუ არა დანაშაული. მათი სურვილია, კრება გახრწნილობისგან და წუთისოფლის სულისგან შეუბილწავად შეინარჩუნონ (1 კორინთელთა 2:12; 5:7). საღვთო წერილით განსწავლული თვისებების გამოყენებით, შეეცდებიან თანაქრისტიანების ‘საღი მოძღვრებით შეგონებასა და მოკამათეთა დარწმუნებას’ (ტიტე 1:9). იმედია, შემცოდველი იმ ისრაელების მსგავსი არ იქნება, ვის შესახებაც იეჰოვას წინასწარმეტყველმა დაწერა: „გეძახდით და არ გამაგონეთ, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, ავს სჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც მე არ მომწონდა, იმას ირჩევდით“ (ესაია 65:12).

20. იესოს სიტყვების თანახმად, რა უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაში, როდესაც შემცოდველი არავის უგონებს და არ ინანიებს?

20 მაგრამ შემცოდველები საკმაოდ იშვიათად ავლენენ მსგავს პოზიციას. ასეთების შესახებ იესო არაორაზროვნად ამბობს: „მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე“. უფალს არ ურჩევია, რომ არაადამიანურად მოვქცეოდით შემცოდველს ან იმის სურვილი გვქონოდა, რომ მას ცუდი რამ შემთხვეოდა. მაგრამ მოციქული პავლე სავსებით ნათლად აღნიშნავდა, რომ ცოდვილები, რომლებიც არ ინანიებდნენ, კრებიდან მოეკვეთათ (1 კორინთელთა 5:11—13). ეს ღონისძიებაც კი, საბოლოოდ, შეიძლება ცოდვილის შეძენას მოემსახუროს.

21. რომელი შესაძლებლობის გამოყენება შეუძლიათ კრებიდან გარიცხულებს?

21 ის, რომ ეს შესაძლებელია ჩანს უძღები შვილის შესახებ იესოს იგავიდან. იგავის თანახმად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თბილი მამისეული კერის გარეთ ცხოვრების შემდეგ ცოდვილი „გონს მოეგო“ (ლუკა 15:11—18). პავლემ ტიმოთეს მიმართ წერილში აღნიშნა, რომ ზოგი შემცოდველი მოინანიებდა და ‘ეშმაკის მახისაგან გათავისუფლდებოდა’ (2 ტიმოთე 2:24—26). ჩვენ კი უნდა ვიმედოვნებდეთ, რომ ნებისმიერი, რომელიც ცოდვას არ ინანიებს და ამის გამო კრებიდან ირიცხება, იგრძნობს ღვთის მოწონებას, ერთგულ თანაქრისტიანებთან თბილი ურთიერთობის დანაკლისს და გონს მოეგება.

22. როგორ შეგვიძლია მაინც შევიძინოთ ძმა?

22 იესო სხვა ერის წარმომადგენლებსა და მებაჟეებს ისეთ ადამიანებად არ მიიჩნევდა, რომლებსაც გამოსყიდვა არ ეხებოდათ. მებაჟეთაგან ერთ-ერთმა, მათე ლევიმ, მოინანია, გულწრფელად „გაჰყვა“ იესოს და უფალმა მოციქულადაც კი აირჩია (მარკოზი 2:15; ლუკა 15:1). აქედან გამომდინარე, მაშინაც კი, თუ შემცოდველი დღეს ‘ეკლესიასაც კი არ გაუგონებს’ და მისგან მოიკვეთება, დაველოდოთ და ვნახოთ, დროთა განმავლობაში იქნებ მოინანიოს და სწორ გზაზე დადგეს. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუ ეს ასე მოხდება და შემცოდველი კვლავ კრების წევრი გახდება, რადგან ამგვარად შევიძენთ ძმას, რომელიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში კვლავ ჩვენს გვერდით დადგება.

[სქოლიოები]

a მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ახალ აღ[თქმაში] მოხსენიებული გადასახადების ამკრეფნი [მებაჟეები] მოღალატეებად და განდგომილებად ითვლებოდნენ. მათ წარმართებთან ხშირი ურთიერთობით წაბილწულებად და დამპყრობთა სასარგებლოდ ნებაყოფლობით მსახურებად მიიჩნევდნენ. მებაჟეებს ცოდვილებს მიაკუთვნებდნენ . . . [ისინი იუდეველთა საზოგადოებიდან] გარიყულები იყვნენ; წესიერ ადამიანებს მათთან ურთიერთობა არ ჰქონდათ; მათთან მხოლოდ მათსავით მოკვეთილები მეგობრობდნენ ან ამხანაგობდნენ“.

b საქმიანი ურთიერთობები ან საფინანსო საქმეები, გარკვეულწილად, მოტყუებასა და თაღლითობასთან არის დაკავშირებული, რაც შეიძლება იმ ცოდვათა შორის ჩაითვალოს, რომლებსაც იესო გულისხმობდა. თვალსაჩინო მაგალითისთვის მათეს 18:15—17-ში მოცემული მითითების შემდეგ იესო მოწყალე მეფისა და უმოწყალო მონის შესახებ იგავს ყვება, რომელშიც მონებმა ვალი ვერ გადაიხადეს.

c ბიბლიის ერთმა მკვლევარმა აღნიშნა: „ზოგჯერ შემცოდველი უფრო ადვილად ღებულობს რჩევას, როდესაც განაწყენებული მასთან მარტო კი არ მიდის, არამედ სხვა ორ ან სამ ადამიანთან (განსაკუთრებით, თუ ისინი პატივისცემას იმსახურებენ) ერთად. განსაკუთრებით, როდესაც შემცოდველსა და განაწყენებულს ერთმანეთისგან განსხვავებული აზროვნება აქვთ“.

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

◻ ძირითადად როგორი ცოდვების ჩამდენების მიმართ შეიძლება მათეს 18:15—17-ის გამოყენება?

◻ რა უნდა გვახსოვდეს პირველი ნაბიჯის გადადგმისას?

◻ ვინ შეიძლება დავიხმაროთ მეორე ნაბიჯზე?

◻ ვინ ღებულობს მონაწილეობას მესამე ნაბიჯში და ჯერ კიდევ რა გზით შეგვიძლია ძმის შეძენა?

[სურათი 18 გვერდზე]

იუდეველები მებაჟეებს თავიანთ წრეში არ ღებულობდნენ. მათემ მიატოვა მებაჟეობა და იესოს გაჰყვა.

[სურათი 20 გვერდზე]

ხშირად პრობლემის გადაჭრა „ოთხი თვალის“ წინაშე შეიძლება.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება