რამდენად გიყვართ ღვთის სიტყვა?
„რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ“ (ფსალმუნი 118:97).
1. როგორ ავლენს ღვთისმოშიში ხალხი ღვთის სიტყვისადმი სიყვარულს?
ასობით მილიონ კაცსა და ქალს აქვს ბიბლიის საკუთარი ეგზემპლარი. მაგრამ ბიბლიის ქონა და მისი სიყვარული სრულიად სხვადასხვა რამ არის. შეუძლია მას, ვინც ღვთის სიტყვას იშვიათად კითხულობს, სუფთა სინდისით თქვას, რომ ბიბლია უყვარს? რა თქმა უნდა, არა! არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ადრე ნაკლებად აფასებდნენ ბიბლიას, მაგრამ ახლა ყოველდღიურად კითხულობენ ამ წიგნს. მათ ისწავლეს ღვთის სიტყვის სიყვარული და ფსალმუნმომღერლის მსგავსად ახლა „დღენიადაგ“ მასზე ფიქრობენ (ფსალმუნი 118:97).
2. რა დაეხმარა იეჰოვას ერთ ერთგულ მოწმეს გაჭირვების დროს რწმენის შენარჩუნებაში?
2 ნაშო დორი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ღვთის სიტყვის სიყვარული ისწავლა. მშობლიურ ალბანეთში თანამორწმუნეებთან ერთად ის განსაცდელების მიუხედავად მრავალი ათწლეულის განმავლობაში ემსახურებოდა იეჰოვას. თითქმის მთელი ამ ხნის მანძილზე იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა იქ ოფიციალურად აკრძალული იყო და ეს ერთგული ქრისტიანები ბიბლიური ლიტერატურით განებივრებული არ ყოფილან. მაგრამ ამან ძმა დორის მტკიცე რწმენა ვერ შეარყია. როგორ? „ჩემი მიზანი იყო — ყვება ის, — ყოველდღიურად, სულ მცირე, ერთი საათი მაინც მეკითხა ბიბლია და ამას დაახლოებით 60 წლის განმავლობაში ვაკეთებდი, სანამ თვალთ სინათლე არ დამაკლდა“. დიდი ხანი არ არის, რაც ალბანურ ენაზე მთლიანი ბიბლია გამოიცა, მაგრამ ძმა დორიმ ბავშვობისას ისწავლა ბერძნული ენა და შეეძლო ამ ენაზე წაეკითხა ღვთის სიტყვა. ბიბლიის რეგულარულმა კითხვამ მრავალგვარი გასაჭირი აატანინა. ის ჩვენც დაგვეხმარება მრავალი სირთულის დაძლევაში.
„ინატრეთ“ ღვთის სიტყვა
3. ღვთის სიტყვის მიმართ რა დამოკიდებულება უნდა განავითარონ ქრისტიანებმა?
3 „როგორც ახალშობილმა ყრმებმა, — წერდა მოციქული პეტრე, — ინატრეთ სულიერი სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის“ (1 პეტრე 2:2). ახალშობილების მსგავსად, რომლებსაც სულმოუთქმელად სწადიათ დედის რძე, ქრისტიანები, რომლებსაც შეგნებული აქვთ თავიანთი სულიერი მოთხოვნილებები, უდიდეს სიამოვნებას პოულობენ ღვთის სიტყვის კითხვაში. თქვენც იგივეს განიცდით? თუ არა, გულს ნუ გაიტეხთ. თქვენც შეგიძლიათ განივითაროთ ღვთის სიტყვის კითხვის ძლიერი სურვილი.
4. რა შედის ბიბლიის კითხვის ყოველდღიურ ჩვეულებად ქცევაში?
4 ამის მისაღწევად თავდაპირველად შეეცადეთ, ბიბლიის რეგულარული (თუ შესაძლებელია ყოველდღიური) კითხვა ჩვეულებად გაიხადოთ (საქმეები 17:11). დასაშვებია, რომ ნაშო დორის მსგავსად თქვენ ვერ შეძლოთ ყოველდღიურად ერთი საათი დაუთმოთ ბიბლიის კითხვას, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ყოველდღიურად გარკვეული დრო გამოუყოთ ღვთის სიტყვის შესწავლას. მრავალი ქრისტიანი დილით რამდენიმე წუთით ადრე დგება, რათა ბიბლიის გარკვეულ მონაკვეთზე იფიქროს. რა შეიძლება იყოს ამგვარად დღის დაწყებაზე უკეთესი? სხვები ბიბლიის კითხვას დღის ბოლოს, ძილის წინ, არჩევენ. ზოგი კი ბიბლიას სხვა რომელიმე, მისთვის მოსახერხებელ დროს, კითხულობს. მნიშვნელოვანია ღვთის სიტყვის რეგულარული კითხვა, შემდეგ კი წაკითხულზე დაფიქრება. განვიხილოთ რამდენიმე ადამიანის მაგალითი, რომლებსაც ღვთის სიტყვის კითხვამ და წაკითხულზე ფიქრმა სარგებლობა მოუტანა.
ღვთის რჯულის მოყვარული ფსალმუნმომღერალი
5, 6. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით, ვინ არის 118-ე ფსალმუნის დამწერი, რას ვგებულობთ მის შესახებ ამ ფსალმუნის წაკითხვითა და მასზე დაფიქრებით?
5 ასმეთვრამეტე ფსალმუნის დამწერი მართლაც ძალიან აფასებდა ღვთის სიტყვას. ვინ დაწერა ეს ფსალმუნი? ბიბლია ამის შესახებ არაფერს გვეუბნება. მაგრამ კონტექსტი ამ ადამიანის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის და გვაგებინებს, რომ მის ცხოვრებას უპრობლემოდ არ ჩაუვლია. მის ნაცნობთაგან ზოგიერთები, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლებად ითვლებოდნენ, ბიბლიური პრინციპებისადმი მის სიყვარულს არ იზიარებდნენ. მიუხედავად ამისა, სწორ მოქმედებასთან დაკავშირებით ფსალმუნმომღერალზე მათ აზროვნებას არ უმოქმედია (ფსალმუნი 118:23). თუ ისეთ ვინმესთან ცხოვრობთ ან მუშაობთ, ვინც პატივისცემით არ ეკიდება ბიბლიურ ნორმებს, შეიძლება თქვენსა და ფსალმუნმომღერლის მდგომარეობას შორის მსგავსება დაინახოთ.
6 თუმცა, ფსალმუნმომღერალი ღვთისმოსავი იყო, საკუთარ თვალში მართალი კაცი სულაც არ ყოფილა. ის გულწრფელად აღიარებდა თავის ნაკლოვანებებს (ფსალმუნი 118:5, 6, 67). მაგრამ ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა ცოდვას მასზე არ ებატონა. „რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა?“ — იკითხა მან. „დაიცვას შენი სიტყვისამებრ“ — თვითონვე პასუხობს ის (ფსალმუნი 118:9). შემდეგ ფსალმუნმომღერალმა ხაზი გაუსვა ღვთის სიტყვის მძლავრ კეთილისმყოფელ გავლენას: „გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო“ (ფსალმუნი 118:11). მართლაც, ღვთის სიტყვა გვიცავს ცოდვის ჩადენისგან!
7. განსაკუთრებით ახალგაზრდებს რატომ უნდა ესმოდეთ ბიბლიის ყოველდღიურად კითხვის აუცილებლობა?
7 ახალგაზრდა ქრისტიანები კარგად იქცევიან, თუ მხედველობაში იღებენ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს. დღეს ისინი წუთისოფლის თავდასხმას განიცდიან. ეშმაკს ძალიან უნდა გახრწნას იეჰოვას თაყვანისმცემელი ახალგაზრდები. მისი მიზანია აცდუნოს ეს ქრისტიანები, რათა ხორციელ სურვილებს აჰყვნენ და ღვთის რჯული დაარღვიონ. კინოფილმები თუ სატელევიზიო პროგრამები ხშირად სატანის აზროვნებას ირეკლავს. ასეთი პროგრამების ვარსკვლავები მომხიბვლელები და მიმზიდველები ჩანან, ხოლო მათ შორის ამორალური ურთიერთობა ნორმალური მოვლენაა. რას გვეუბნებიან ასეთი პროგრამები? „არაფერია არანორმალური იმაში, რომ დაუქორწინებელ წყვილს სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდეთ, თუ ერთმანეთი ნამდვილად უყვართ“. სამწუხაროდ, ასეთი მსჯელობა ყოველწლიურად მრავალ ახალგაზრდა ქრისტიანზე ახდენს გავლენას. ზოგიერთი მათგანის რწმენის ხომალდი იმსხვრევა. მართალია, ეს გავლენა ძლიერია, მაგრამ არის ის იმდენად ძლიერი, რომ თქვენ, ახალგაზრდებო, ვერ გაუმკლავდეთ მას? არავითარ შემთხვევაში! იეჰოვა ახალგაზრდა ქრისტიანებს ასწავლის, როგორ მოერიონ ცუდ სურვილებს. ისინი სატანის ნებისმიერ იარაღს სძლევენ, თუ თავს ‘ღვთის სიტყვისამებრ დაიცავენ და მის სიტყვებს გულში ჩაიმარხავენ’. რამდენ დროს უთმობთ ბიბლიის რეგულარულ კითხვასა და წაკითხულზე ფიქრს?
8. ამ აბზაცში მოყვანილი მაგალითები როგორ დაგეხმარებათ უფრო მეტად დააფასოთ მოსეს რჯული?
8 ასმეთვრამეტე ფსალმუნის დამწერმა თქვა: „რარიგად მიყვარს რჯული შენი“ (ფსალმუნი 118:97). რომელ რჯულზე ლაპარაკობდა ის? იეჰოვას მიერ გამოცხადებულ სიტყვაზე, რომელშიც მოსეს რჯულიც შედიოდა. ერთი შეხედვით, ზოგი შეიძლება დრომოჭმულად მიიჩნევდეს ამ რჯულს და უკვირდეს, თუ როგორ შეიძლება მათი სიყვარული. მაგრამ, თუ ფსალმუნმომღერლის მსგავსად ვიფიქრებთ მოსეს რჯულის თავისებურებებზე, ჩვენც დავაფასებთ იმ სიბრძნეს, რომელიც მასშია ჩადებული. იქ მრავალი წინასწარმეტყველების გარდა მოცემულია წესები სანიტარიასა და კვებასთან დაკავშირებით, რაც სისუფთავესა და კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობდა ხელს (ლევიანნი 7:23, 24, 26; 11:2—8). რჯულის თანახმად, საქმიან ურთიერთობებში პატიოსნება მოითხოვებოდა. ამასთანავე ის მოუწოდებდა ისრაელებს, გაჭირვებული მოძმისადმი გულმოწყალება გამოევლინათ (გამოსვლა 22:25, 26; 23:6; ლევიანნი 19:35, 36; მეორე რჯული 24:17—21). სასამართლოზე მიკერძოებას ადგილი არ უნდა ჰქონოდა (მეორე რჯული 16:19; 19:15). ასმეთვრამეტე ფსალმუნის დამწერი ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, ეჭვგარეშეა, ხედავდა, რამდენად კარგად მიდიოდა მათი საქმეები, ვინც ღვთის რჯულს იცავდა და ეს რჯულის სიყვარულს განუმტკიცებდა. მსგავსად ამისა, როდესაც ქრისტიანები წარმატებით მიჰყვებიან ბიბლიურ პრინციპებს, ღვთის სიტყვის მიმართ მათი სიყვარული იზრდება და ისინი უფრო მეტადაც აფასებენ მას.
თავადი, რომელსაც არ შეშინებია სხვებისგან განსხვავებული ყოფილიყო
9. რა დამოკიდებულება ჰქონდა ღვთის სიტყვისადმი მეფე ეზეკიას?
9 ასმეთვრამეტე ფსალმუნში მოთხრობილი ამბები ძალიან გვაგონებს მეფე ეზეკიას ახალგაზრდობას. ბიბლიის ზოგი მკვლევარის აზრით, სწორედ ეზეკიამ დაწერა ეს ფსალმუნი. შეუძლებელია დანამდვილებით ამის თქმა, მაგრამ ვიცით, რომ ეზეკია ღვთის სიტყვას დიდი პატივისცემით ეკიდებოდა. თავისი ცხოვრებით მან აჩვენა, რომ მთელი გულით ეთანხმებოდა 118-ე ფსალმუნის 97-ე მუხლს. მის შესახებ ბიბლია ამბობს: „მიეწება იგი უფალს, არ განდგომია მას, და იცავდა მის ნაბრძანებს, მოსეს რომ უბრძანა უფალმა“ (მეოთხე მეფეთა 18:6).
10. რით არის გამამხნევებელი ეზეკიას ცხოვრების მაგალითი იმ ქრისტიანებისთვის, რომლებიც ურწმუნო მშობლებთან იზრდებიან?
10 ეზეკია, როგორც არსებული ფაქტებიდან ჩანს, ღვთისმოშიშ ოჯახში არ გაზრდილა. მამამისი, მეფე ახაზი, ურწმუნო, კერპთაყვანისმცემელი კაცი იყო. მან, სულ მცირე, ერთი ვაჟი — ეზეკიას ღვიძლი ძმა — ცრუ ღმერთისთვის შესაწირად ცეცხლში დაწვა (მეოთხე მეფეთა 16:3). მამის ცუდი მაგალითის მიუხედავად, ეზეკიამ შეძლო წარმართული გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ‘თავისი გზის სიწმიდის’ შენარჩუნება, რაშიც ღვთის სიტყვასთან გაცნობა დაეხმარა (მეორე ნეშტთა 29:2).
11. როგორც ეზეკიამ დაინახა, როგორ წარიმართა ორგული მამამისის საქმე?
11 ბავშვობისას ეზეკია საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ მართავდა სახელმწიფოს მისი კერპთაყვანისმცემელი მამა. იუდა მტრებით იყო გარშემორტყმული. არამის მეფემ, რეცინმა, მეფე ფეკახთან ერთად იერუსალიმი ალყაში მოაქცია (მეოთხე მეფეთა 16:5, 6). ედომელები და ფილისტიმელები თავს დაესხნენ იუდეველებს და იუდას რამდენიმე ქალაქიც კი დაიპყრეს (მეორე ნეშტთა 28:16—19). როგორ გაუმკლავდა ამ მდგომარეობას ახაზი? არამის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის მან იეჰოვას კი არა, აშურის მეფეს მიმართა და ძღვნად გასაგზავნი ოქრო-ვერცხლი უფლის სახლის საგანძურიდანაც კი გამოიტანა. მაგრამ ამ გზით მიღწეული მშვიდობა იუდასთვის ხანმოკლე აღმოჩნდა (მეოთხე მეფეთა 16:6, 8).
12. რა დაეხმარებოდა ეზეკიას მამის შეცდომების თავიდან არიდებაში?
12 გავიდა დრო. ახაზი გარდაიცვალა, მის შემდეგ კი მისი 25 წლის ვაჟი, ეზეკია (იეხიზკიაჰუ), გამეფდა (მეორე ნეშტთა 29:1). ის ახალგაზრდა იყო, მაგრამ ასაკს მისთვის ხელი არ შეუშლია კარგ მეფობაში. ურწმუნო მამის მაგალითის მიბაძვის ნაცვლად, ეზეკია მტკიცედ იცავდა იეჰოვას რჯულს, რომელშიც სპეციალურად მეფეებისთვის განკუთვნილი მითითება იყო: „როცა დაჯდება [მეფე] თავის სამეფო ტახტზე, წიგნში ჩაიწეროს ეს მეორე რჯული ლევიანი მღვდლებისაგან. თავისთან ჰქონდეს და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში და იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას“ (მეორე რჯული 17:18, 19). ღვთის სიტყვის ყოველდღიურად კითხვით ეზეკია იეჰოვასადმი შიშს ისწავლიდა და არ გაიმეორებდა იმ შეცდომებს, რომლებიც უღვთო მამამისმა დაუშვა.
13. როგორ შეიძლება ქრისტიანი დარწმუნებული იყოს, რომ სულიერი გაგებით, ყველაფერში, რასაც იქმს წარმატებული იქნება?
13 ღვთის სიტყვაზე გამუდმებით ფიქრისკენ რჯული არა მარტო მეფეებს მოუწოდებდა, არამედ ღვთისმოშიშ ისრაელებსაც. პირველ ფსალმუნში ჭეშმარიტად ბედნიერ კაცად აღწერილია ის, რომლის ‘მისწრაფება უფლის რჯულშია და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ’ (ფსალმუნი 1:1, 2). ასეთ ადამიანზე ფსალმუნმომღერალი ამბობს: „ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმუნი 1:3). ამის საპირისპიროდ, მათ შესახებ, ვისაც არ სწამს იეჰოვა ღმერთი, ბიბლია ამბობს: „ორჭოფი კაცი არამდგრადია თავის ყველა გზაზე“ (იაკობი 1:8). ყველა ჩვენგანის სურვილია, იყოს ბედნიერი და წარმატებით სარგებლობდეს. ჩვენს ბედნიერებას კი ბიბლიის რეგულარული, ყურადღებით კითხვა შეუწყობს ხელს.
იესოს ღვთის სიტყვა დაეხმარა
14. როგორ გამოვლინდა ღვთის სიტყვისადმი იესოს სიყვარული?
14 ერთხელ მშობლებმა იესო იერუსალიმში ტაძარში მოძღვართა შორის მჯდომი იპოვეს. ღვთის რჯულის მცოდნეებს ძალიან ‘აოცებდა მისი გონება და პასუხი’ (ლუკა 2:46, 47). მაშინ იესო 12 წლის იყო. დიახ, ამ ასაკშიც კი მას ძალიან უყვარდა ღვთის სიტყვა. მოგვიანებით, იესომ ეშმაკის გასაკიცხად საღვთო წერილიდან ციტატა მოიყვანა: „არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:3—10). ამის შემდეგ მალე იესომ თავის მშობლიურ ქალაქში, ნაზარეთში, დაიწყო საღვთო წერილზე დაყრდნობით ქადაგება (ლუკა 4:16—21).
15. სხვებთან ქადაგებისას როგორი მაგალითი დაგვიტოვა იესომ?
15 იესოს თავისი სწავლების საფუძვლად ხშირად მოჰყავდა საღვთო წერილის მონაკვეთები. მისი მსმენელები ‘გაოცებული იყვნენ მისი მოძღვრებით [„იმით, თუ როგორ ასწავლიდა ის“, აქ]’ (მათე 7:28). ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან იესოს მოძღვრება თვით იეჰოვა ღმერთისგან მომდინარეობდა. იესო ამბობდა: „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა. ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს. ხოლო ვინც ეძებს იმის დიდებას, ვინც იგი მოავლინა, ჭეშმარიტია და უსამართლობა არ არის მასში“ (იოანე 7:16, 18).
16. რამდენად გამოავლინა იესომ ღვთის სიტყვისადმი სიყვარული?
16 ასმეთვრამეტე ფსალმუნის დამწერისგან განსხვავებით, იესოში არ იყო არავითარი „უსამართლობა“. ის უცოდველი პიროვნება იყო, — ღვთის ძე, რომელმაც „დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე“ (ფილიპელთა 2:8; ებრაელთა 7:26). მაგრამ სრულყოფილების მიუხედავად, იესო ღვთის რჯულს სწავლობდა და იცავდა. ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის მიერ უმწიკვლოების შენარჩუნებაში. როდესაც იესოს დაპატიმრებას ცდილობდნენ და პეტრემ თავისი მოძღვრის დასაცავად ხმალი იშიშვლა, იესომ გაკიცხა მოციქული და ჰკითხა: „იქნებ გგონია, არ შემეძლოს შევევედრო მამაჩემს, რომ ახლავე მომგვაროს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც? აბა, როგორ აღსრულდება წერილი, ეს რომ არ მოხდეს?“ (მათე 26:53, 54). დიახ, საღვთო წერილის შესრულება იესოსთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სასტიკი ტანჯვისა და დამამცირებელი სიკვდილის აცილება. ღვთის სიტყვისადმი სიყვარულის როგორი შესანიშნავი გამოვლინებაა!
ქრისტეს მიმბაძველები
17. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ღვთის სიტყვა პავლე მოციქულისთვის?
17 მოციქული პავლე თანაქრისტიანებს სწერდა: „მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს“ (1 კორინთელთა 11:1). თავისი მოძღვრის მსგავსად პავლემაც განივითარა საღვთო წერილისადმი სიყვარული. მან თქვა: „შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული“ (რომაელთა 7:22). პავლეს ღვთის სიტყვიდან ხშირად მოჰყავდა ციტატები (საქმეები 13:32—41; 17:2, 3; 28:23). საყვარელი თანამსახურის, ტიმოთეს, დარიგების დასასრულს, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ღვთის სიტყვა ყოველი ‘ღვთის კაცის’ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს (2 ტიმოთე 3:15—17).
18. მოიყვანეთ XX საუკუნეში მცხოვრები იმ ადამიანის მაგალითი, რომელსაც ღვთის სიტყვისადმი დიდი პატივისცემა ჰქონდა.
18 დღეს იეჰოვას მრავალი მოწმე ბაძავს იესოს და მთელი გულით უყვარს ღვთის სიტყვა. მიმდინარე საუკუნის დასაწყისში ერთმა ახალგაზრდამ მეგობრისგან საჩუქრად ბიბლია მიიღო. ამ ძვირფასი საჩუქრის მიღებამ მასზე ასეთი გავლენა მოახდინა: „გადავწყვიტე წესად გამეხადა ყოველდღიურად ბიბლიის გარკვეული მონაკვეთის წაკითხვა“. ეს ახალგაზრდა ფრედერიკ ფრენცი იყო. ბიბლიისადმი სიყვარულმა მას ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში, რომელიც იეჰოვას მსახურებაში გაატარა, კმაყოფილება და წარმატება მოუტანა. მრავალს ახსოვს მისი შესანიშნავი უნარი ბიბლიის მთელი თავების ზეპირად გადმოცემისა.
19. როგორ გეგმავს ზოგი თეოკრატიული სამსახურის სკოლისთვის ბიბლიის ყოველკვირეულად წასაკითხი მონაკვეთების კითხვას?
19 იეჰოვას მოწმეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბიბლიის რეგულარულ კითხვას. ერთ-ერთი ქრისტიანული შეხვედრისთვის, თეოკრატიული სამსახურის სკოლისთვის, ყოველკვირა ისინი ბიბლიის რამდენიმე თავს კითხულობენ. შეხვედრის დროს ბიბლიის გარკვეული მონაკვეთი ირჩევა. ზოგს ურჩევნია ყოველკვირეულად წასაკითხი მასალის 7 ნაწილად დაყოფა და თითოეული ნაწილის ყოველდღიურად კითხვა. კითხვის პარალელურად ისინი უფიქრდებიან წაკითხულს. თუ შესაძლებელია, ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების დახმარებით ისინი დამატებით გამოკვლევასაც ატარებენ.
20. რა არის საჭირო ბიბლიის რეგულარული კითხვისთვის დროის მოსაძებნად?
20 ბიბლიის რეგულარულად წასაკითხად შეიძლება სხვა საქმეების ხარჯზე დაგჭირდეთ ‘ჟამის მოვაჭრება’ (ეფესელთა 5:16). მაგრამ სარგებლობა ბევრად გადაწონის ნებისმიერ მსხვერპლს. ბიბლიის ყოველდღიური კითხვის ჩვევის განვითარებასთან ერთად ღვთის სიტყვისადმი სიყვარული უფრო და უფრო გაგიღრმავდებათ. ცოტა ხანში თქვენც გაიმეორებთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ“ (ფსალმუნი 118:97). ასეთი აზროვნება, როგორც მომდევნო სტატია გვიჩვენებს, დიდ სარგებლობას მოგიტანთ ახლაც და მომავალშიც.
გახსოვთ თუ არა?
◻ როგორ გამოავლინა ღვთის სიტყვისადმი სიყვარული 118-ე ფსალმუნის დამწერმა?
◻ რა შეგვიძლია ვისწავლოთ იესოსა და პავლეს მაგალითიდან?
◻ როგორ შეგვიძლია ღვთის სიტყვისადმი სიყვარულის გაღრმავება?
[სურათები 10 გვერდზე]
ერთგულ მეფეებს ღვთის სიტყვა ხშირად უნდა წაეკითხათ. თქვენ?
[სურათი 12 გვერდზე]
იესოს ბავშვობიდანვე ჰქონდა ღვთის სიტყვისადმი სიყვარული.