იეჰოვა ღმერთი არასდროს მაკლებდა თავის წყალობას
მოგვითხრო იანის ანდრონიკოსმა
იდგა 1956 წელი. მხოლოდ ცხრა დღის დაქორწინებული ვიყავი, როცა ჩრდილოეთ საბერძნეთის ქალაქ კომოტინის სააპელაციო სასამართლოს წინაშე წარვდექი. ვიმედოვნებდი, რომ მომიხსნიდნენ 12-თვიანი პატიმრობის სასჯელს, რომელიც ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგების გამო გამომიტანეს. მაგრამ, როცა სააპელაციო სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა მომისაჯა, ჩემი იმედები დაიმსხვრა; როგორც შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო; წინ ჯერ კიდევ უამრავი სხვადასხვაგვარი განსაცდელის გადატანა მელოდა. მაგრამ ამ გამოცდების დროს იეჰოვა ღმერთი ყოველთვის მწყალობდა.
დავიბადე 1931 წლის 1 ოქტომბერს. იმ დროს ჩემი ოჯახი ქალაქ კავალაში (ძველი მაკედონიის ნეაპოლი) ცხოვრობდა, რომელსაც პავლე თავისი მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს ესტუმრა. როცა ხუთი წლის ვიყავი, დედაჩემი იეჰოვას მოწმე გახდა. მართალია, მას, თითქმის, არანაირი განათლება ჰქონდა მიღებული, მაგრამ რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემთვის ღვთისადმი სიყვარული და შიში ჩაენერგა. მამაჩემი მეტისმეტად კონსერვატიული ადამიანი იყო, რომელიც თავგამოდებით იცავდა ბერძნულ მართლმადიდებლურ ტრადიციებს. მას არ აინტერესებდა ბიბლიური ჭეშმარიტება და წინააღმდეგობას უწევდა დედას, ხშირად ძალადობასაც კი მიმართავდა.
ასე რომ, მე რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც მამა სცემდა და ლანძღავდა დედას. ბოლოს მიგვატოვა კიდეც. პატარაობიდანვე დედაჩემი მე და ჩემს უმცროს დას ქრისტიანულ შეხვედრებზე გვატარებდა. მაგრამ, როცა 15 წლის გავხდი, ახალგაზრდულ გულისთქმებს აყოლილი და დამოუკიდებლობის სულით შეპყრობილი, ჩამოვშორდი იეჰოვას მოწმეებს. ერთგული დედაჩემი ცრემლად იღვრებოდა და ყველანაირად ცდილობდა, რომ დახმარება აღმოეჩინა ჩემთვის.
სიღარიბისა და გარყვნილი ცხოვრების შედეგად სერიოზულად დავავადდი და სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ლოგინად ჩავარდნილი ვიყავი. სწორედ იმ პერიოდში ერთმა ძალიან თავმდაბალმა ძმამ, რომელიც დედაჩემს ჭეშმარიტების შეცნობაში დაეხმარა, ჩემში ღვთისადმი გულწრფელი სიყვარული დაინახა. ის გრძნობდა, რომ შეიძლებოდა ჩემი სულიერად გამოცოცხლება. სხვები ეუბნებოდნენ მას: „შენ ფუჭად კარგავ დროს იანის დასახმარებლად; მას უკვე არასდროს აღეძვრება ინტერესი სულიერი საკითხებისადმი“. მაგრამ ამ ძმის მიერ გამოვლენილმა მოთმინებამ და დაჟინებულობამ ნაყოფი გამოიღო. 1952 წლის 15 აგვისტოს 21 წლის ასაკში იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე.
ახალდაქორწინებული საპატიმროში
სამი წლის შემდეგ გავიცანი მართა, სულიერად მოაზროვნე და, რომელსაც შესანიშნავი თვისებები ჰქონდა და მალევე დავინიშნეთ. ერთ დღეს მართამ ისეთი რამ მითხრა, რასაც ნამდვილად არ ველოდი: „დღეს დაგეგმილი მაქვს კარდაკარ ქადაგება. წამოხვალ ჩემთან ერთად“? არასდროს უწინ არ მიმიღია მონაწილეობა ამ სახის მსახურებაში, რადგან უმეტესწილად არაფორმალურად ვქადაგებდი. იმ დროს საბერძნეთში სამქადაგებლო საქმიანობა აკრძალული იყო, რის გამოც ფარულად გვიწევდა ქადაგება. აკრძალვის შედეგად, ბევრს აპატიმრებდნენ, ასამართლებდნენ და მკაცრი სასჯელი გამოჰქონდათ მათთვის. მაგრამ, ჩემს საცოლეს უარს ხომ არ ვეტყოდი!
1956 წელს მართა ჩემი მეუღლე გახდა. ამ დროს იყო, როცა ქორწინებიდან მხოლოდ ცხრა დღის შემდეგ ქალაქ კომოტინის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად ექვსთვიანი პატიმრობა მომისაჯეს. იმ დროს გამახსენდა კითხვა, რომელიც რამდენიმე ხნის წინათ დავუსვი დედაჩემის მეგობარ ქრისტიან დას: „როგორ შემიძლია დავამტკიცო, რომ ჭეშმარიტი იეჰოვას მოწმე ვარ? მე არასდროს მქონია შესაძლებლობა, დამემტკიცებინა, რომ ღვთის რწმენა მქონდა“. როცა ეს და ჩემს სანახავად მოვიდა ციხეში, შემახსენა ჩემ მიერ დასმული კითხვა და მითხრა: „ახლა შეგიძლია დაუმტკიცო იეჰოვას, როგორ გიყვარს ის. ეს შენი მოვალეობაა“.
როდესაც შევიტყვე, რომ ჩემი ადვოკატი ფულს ითხოვდა იმისათვის, რომ ციხიდან გავეთავისუფლებინე, ვუთხარი, რომ სასჯელის მოხდა მერჩივნა. როგორი მოხარული ვიყავი, როცა ექვსთვიანი პატიმრობის ბოლოს ჩემმა ორმა თანაპატიმარმა მიიღო ჭეშმარიტება! მომდევნო წლების განმავლობაში კეთილი ცნობის გამო ბევრჯერ მომიწია წარდგომა სასამართლოს წინაშე.
რასაც ვირჩევდით, არასდროს ვნანობდით
1959 წელს, ჩემი განთავისუფლებიდან ორიოდე წლის შემდეგ, კრების მსახური ანუ თავმჯდომარე ზედამხედველი ვიყავი. იმ პერიოდში სამეფო მსახურების სკოლაში კრების უხუცესებისთვის სასწავლო კურსის გასავლელად მიმიწვიეს. ამავე დროს, შემომთავაზეს მუდმივი სამსახური საზოგადოებრივ საავადმყოფოში. ეს შესაძლებლობას მომცემდა, მერჩინა ჩემი თავი და ოჯახი. რას ავირჩევდი? მანამდე დროებით ვმუშაობდი ამ საავადმყოფოში სამი თვის მანძილზე და უფროსი ძალიან კმაყოფილი იყო ჩემ მიერ შესრულებული სამუშაოთი, მაგრამ, როცა სკოლაში მიმიწვიეს, მან უფასო შვებულების აღების უფლებაც არ დამრთო. მას შემდეგ, რაც ლოცვით გავაანალიზე ჩემი მდგომარეობა, გადავწყვიტე, პირველ ადგილზე სამეფოს ინტერესები დამეყენებინა და უარი ვთქვი შემოთავაზებულ სამსახურზე (მათე 6:33).
დაახლოებით იმავე პერიოდში საოლქო და სარაინო ზედამხედველები იმ მიზნით გვეწვივნენ, რომ ჩვენს კრებას მომსახურებოდნენ. მაშინ შეხვედრების ჩატარება ფარულად, კერძო ბინებში, გვიწევდა, რადგან ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოება და უფლებამოსილი პირები დიდ წინააღმდეგობას გვიწევდნენ. ერთხელ, კრების შეხვედრის დამთავრების შემდეგ, საოლქო ზედამხედველი მომიახლოვდა და მკითხა, თუ მიფიქრია სრული დროით მსახურების დაწყებაზე. მისმა ნათქვამმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, რადგან ის, რაც მან შემომთავაზა, მონათვლის დღიდან ოცნებად მქონდა გადაქცეული. მე ვუპასუხე, რომ „ძალიან მსურდა სრული დროით მსახურების დაწყება“. მაგრამ იმ პერიოდში უკვე მქონდა დამატებითი პასუხისმგებლობა, კერძოდ, ქალიშვილის აღზრდა. ძმამ მითხრა: „მიენდე იეჰოვას და ის დაგეხმარება შენი მიზნების განხორციელებაში“. ამგვარად, ოჯახური პასუხისმგებლობების უგულებელყოფის გარეშე მე და ჩემმა ცოლმა შევძელით, მოვრგებოდით ახალ პირობებში ცხოვრებას და 1960 წლის დეკემბერში სპეციალური პიონერული მსახურება დამეწყო აღმოსავლეთ მაკედონიაში; ჩემი ჩათვლით ამ ქვეყანაში მხოლოდ ხუთი პიონერი იყო.
მას შემდეგ, რაც სპეციალურ პიონერად ერთი წელი ვიმსახურე, ათენში არსებული ფილიალის წარმომადგენლობამ მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურება შემომთავაზა. ასეთი მსახურებისთვის ერთთვიანი მომზადების შემდეგ სახლში დავბრუნდი და როცა მართას ვუყვებოდი ჩემს შემთხვევებს, დიდი მანგანუმის მაღაროს უფროსი მეწვია და შემომთავაზა მანგანუმის გადამამუშავებელი საამქროს უფროსობა ხუთწლიანი კონტრაქტის, კეთილმოწყობილი სახლისა და მანქანის გარანტიით. მოსაფიქრებლად ორი დღე მომცა. ამჯერადაც, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ლოცვით მივმართე იეჰოვას და ვთქვი: „აჰა, მიმავლინე“ (ესაია 6:8). ჩემი მეუღლეც სავსებით თანახმა იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღებაზე. იეჰოვაზე მინდობილებმა დავიწყეთ მიმოსვლითი მსახურება და ისიც არასდროს გვაკლებდა თავის წყალობას.
მსახურება ყველანაირი გაჭირვების მიუხედავად
თუმცა ეკონომიკურად გვიჭირდა, წინ მივიწევდით და იეჰოვა ყოველივე აუცილებლით უზრუნველგვყოფდა. თავდაპირველად კრებების მოსანახულებლად პატარა მოტოციკლეტით დავდიოდი, რომლითაც 500 კილომეტრამდე გავდიოდი. ხშირად სირთულეებს ვაწყდებოდი, რამდენჯერმე ავარია მომიხდა. ზამთრის ერთ დღეს, როცა შეხვედრიდან ვბრუნდებოდი, ნიაღვარი გადავკვეთე, მოტოციკლეტის ძრავა გაჩერდა და მუხლებამდე დავსველდი. შემდეგ მოტოციკლეტს საბურავი დაეშვა. გზად გამვლელმა, რომელსაც ტუმბო აღმოაჩნდა, დახმარება გამიწია და ამგვარად უახლოეს სოფლამდე მივაღწიე, სადაც წესრიგში მოვიყვანე საბურავი. საბოლოოდ, გათოშილი და ქანცგაწყვეტილი, დილის სამ საათზე მივედი სახლში.
ერთხელ კი, როცა ერთი კრებიდან მეორეში მივდიოდი, მოტოციკლეტი მოცურდა და მუხლზე დამეცა, რის გამოც შარვალი გამეხა და გასისხლიანდა. მე არ მქონდა სხვა შარვალი, ამიტომ იმ საღამოს მოხსენება სხვა ძმის შარვლით წავიკითხე, რომელიც საკმაოდ დიდი იყო ჩემთვის. მაგრამ ყველა ამ სირთულის მიუხედავად, არ გამქრობია იეჰოვასა და საყვარელი ძმებისთვის მსახურების სურვილი.
ერთხელ მძიმედ დავშავდი, მკლავი მომტყდა და წინა კბილები ჩამემტვრა. იმ პერიოდში ჩემმა დამ მომინახულა, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და არ იზიარებდა ჩვენს რწმენას. რამხელა სიკეთე გამიკეთა ავტომანქანის ყიდვაში დახმარებით! როცა ათენში არსებულ ბეთელში მომსახურე ძმებმა შეიტყვეს ამ ავარიის შესახებ, გამამხნევებელი წერილი გამომიგზავნეს, რომელშიც სხვა ამბებთან ერთად რომაელთა 8:28-ში მოცემული სიტყვების ნაწილიც ჩართეს: „ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე ეწევა სასიკეთოდ“. ეს სიტყვები არაერთხელ გამართლებულა ჩემს ცხოვრებაში.
სასიამოვნო სიურპრიზი
1963 წელს სპეციალურ პიონერთან ერთად ვმსახურობდი ერთ სოფელში, სადაც ხალხი არ ეხმაურებოდა კეთილ ცნობას. ჩვენ გადავწყვიტეთ ცალ-ცალკე გვექადაგა. ქუჩის ერთ მხარეს ის ამუშავებდა, მეორეს კი — მე. ჯერ დაკაკუნებული არ მქონდა ერთ-ერთი სახლის კარზე, რომ ქალმა გააღო, მოულოდნელად შიგნით შემიყვანა და კარი ჩაკეტა. დავიბენი, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. მან საჩქაროდ სპეციალური პიონერიც შემოიყვანა სახლში, რის შემდეგაც ამ ქალბატონმა გვითხრა: „ჩუმად, არ გაინძრეთ!“. ცოტა ხანში გარედან მტრულად განწყობილი ხალხის ხმა შემოგვესმა. ჩვენ გვეძებდნენ. როცა ხმები მიწყნარდა, მანდილოსანმა გვითხრა: „ეს მე თქვენს დასაცავად გავაკეთე. მე პატივს გცემთ, რადგან მჯერა, რომ თქვენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ხართ“. ჩვენ გულწრფელად მადლიერნი ვიყავით მისი და წასვლისას სხვადასხვა ლიტერატურა დავუტოვეთ.
14 წლის შემდეგ, როცა საბერძნეთში საოლქო კონგრეს ვესწრებოდი, ერთი მანდილოსანი მომიახლოვდა და მითხრა: „ძმაო, გახსოვარ? მე ის ქალი ვარ, რომელმაც დაგიცვათ მოწინააღმდეგეებისგან, როცა ჩვენს სოფელში ქადაგებდით“. ის გერმანიაში გადასულა საცხოვრებლად, უსწავლია ბიბლია და შეერთებია იეჰოვას ხალხს. ახლა მთელი მისი ოჯახი ჭეშმარიტებაში იყო.
მართლაც, ამ წლების განმავლობაში ჩვენ კურთხეულნი ვიყავით „სარეკომენდაციო წერილებით“ (2 კორინთელთა 3:1, აქ). მათგან მრავალი, ვისაც დავეხმარეთ ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ შემეცნების შეძენაში, დღესდღეობით უხუცესად, სამსახურებრივ თანაშემწედ და პიონერად მსახურობს. რა ამაღელვებელია იმის ნახვა, რომ ტერიტორიებში, სადაც 60-იან წლებში ვმსახურობდი, თითებზე ჩამოსათვლელი იეჰოვას თაყვანისმცემლების რიცხვმა 10 000-სს გადააჭარბა! მთელ დიდებას ჩვენს მოწყალე ღმერთს ვუძღვნით, რომელიც გვხელმძღვანელობს მსახურების დროს.
„სნეულების სარეცელზე“
წლების მანძილზე მიმოსვლითი მსახურების დროს მართა არაჩვეულებრივად მეხმარებოდა; ის არასდროს კარგავდა სიხარულს. მაგრამ 1976 წლის ოქტომბერში სერიოზულად დაავადდა, რის გამოც მტკივნეული ოპერაცია გაიკეთა. მას ქვედა ნაწილი მოსწყდა და ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა. როგორ შევძელით ხარჯების დაფარვა და ემოციურ ტკივილთან გამკლავება? ჩვენ კვლავ მივენდეთ იეჰოვას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ის მოსიყვარულე და ხელგაშლილია. როცა მსახურებისთვის მაკედონიაში გავემგზავრე, მართა ათენში მცხოვრები ერთ-ერთი მოწმის სახლში ფიზიოთერაპიის გასაკეთებლად დარჩა. ის მირეკავდა და მაიმედებდა შემდეგი სიტყვებით: „მე შესანიშნავად ვგრძნობ თავს. განაგრძე შენი საქმე და როცა მოძრაობას შევძლებ, თანამგზავრობას გაგიწევ ჩემი ინვალიდის სავარძლით“. ეს ზუსტად ისე მოხდა, როგორც ის ამბობდა. ჩვენი საყვარელი ძმები ბეთელიდან ბევრ გამამხნევებელ წერილს გვიგზავნიდნენ. მართას არაერთხელ შეახსენებდნენ ფსალმუნის 40:4-ში მოყვანილ სიტყვებს: „უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს“.
რამდენადაც ჩემი ცოლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობდა, 1986 წელს გადაწყდა, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, მემსახურა სპეციალურ პიონერად კავალაში, სადაც ამჟამად ჩვენი საყვარელი ქალიშვილის ოჯახთან ახლოს ვცხოვრობ. გასულ მარტს ჩემი ძვირფასი მართა გარდაიცვალა. მან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ერთგულება შეინარჩუნა. როცა ძმები ეკითხებოდნენ, როგორ გრძნობდა თავს, ის ჩვეულებისამებრ პასუხობდა: „ძალიან კარგად ვარ იმიტომ, რომ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა მაქვს“. როცა ვემზადებოდით შეხვედრებისთვის ან ვიღებდით ჩვენთვის სასურველ მოწვევებს, რომ გვემსახურა იქ, სადაც უხვი მოსავალია, მართა ყოველთვის ამბობდა: „იან, ვიმსახუროთ იქ, სადაც მეტი საჭიროებაა“.
რამდენიმე წლის წინათ მეც მქონდა სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. 1994 წლის მარტში დიაგნოზი დამისვეს, რომ გული მქონდა დაავადებული; ჩემს სიცოცხლეს რომ საფრთხე არ დამუქრებოდა, გადაუდებელი იყო ოპერაციის გაკეთება. კიდევ ერთხელ ვიგრძენი იეჰოვას სიყვარული და მხარდაჭერა ამ კრიტიკულ პერიოდში. არასდროს დამავიწყდება ჩემს საწოლთან სარაიონო ზედამხედველის მიერ წარმოთქმული ლოცვა იმ დროს, როცა რეანიმაციიდან პალატაში გადამიყვანეს და გახსენების საღამო, რომელსაც ჩემს პალატაში წავუძეხი ჭეშმარიტებით დაინტერესებულ ოთხ სხვა ავადმყოფთან ერთად.
იეჰოვა ყოველთვის ჩვენი შემწე იყო
დრო სწრაფად გადის და ჩვენც ფიზიკურად ვუძლურდებით, მაგრამ შესწავლითა და მსახურებით სულით დღითი დღე ვახლდებით (2 კორინთელთა 4:16). 39 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვთქვი: „აჰა, მიმავლინე“. ეს ნამდვილად აზრით აღსავსე, ბედნიერების მომტანი და დამაჯილდოებელი ცხოვრების გზაა. დიახ, ზოგჯერ ვგრძნობ, რომ „ღარიბ-ღატაკი ვარ“, მაგრამ ასეთ დროს დარწმუნებული ვეუბნები იეჰოვას: „ჩემი დამხმარე და მხსნელი შენა ხარ“ (ფსალმუნი 39:18). იეჰოვა არასდროს მაკლებდა თავის წყალობას.
[სურათი 25 გვერდზე]
მართასთან ერთად (1956).
[სურათი 26 გვერდზე]
კავალის ნავსადგური.
[სურათი 26 გვერდზე]
მე და მართა (1997).