ბიბლია გვპასუხობს დღევანდელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან კითხვებზე
გამოსადეგი წიგნია ბიბლია დღეს? ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გასაცემად, უეჭველია, ეს ძველთაძველი წიგნი მკითხველს დღეისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით უნდა აძლევდეს რჩევებს. შეიცავს ბიბლია სასარგებლო რჩევებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია ამჟამად?
განვიხილოთ ორი აქტუალური საკითხი. ეს დაგვეხმარება გამოვიკვლიოთ, რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ბიბლია.
რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას?
თუ მხედველობაში მივიღებთ დღეს მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას, ერთ-ერთი კითხვა, რომელიც, ჩვეულებრივ, ყველაზე მეტად აინტერესებს ხალხს, არის ის, თუ რატომ უშვებს ღმერთი უდანაშაულოთა ტანჯვა-წამებას? ეს სამართლიანად დასმული კითხვაა, რადგან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება დამნაშავეობის, კორუფციის, გენოციდის ან რაიმე სხვა უბედურების მსხვერპლი.
მაგალითად, 1998 წლის ივნისში ჩრდილოეთ გერმანიაში ჩქარი მატარებელი ხიდს შეასკდა და ასზე მეტი მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ საშინელებამ დაშავებულებისა და დახოცილების მნახველი გამოცდილი ექიმები და მეხანძრეებიც კი შეძრა. ევანგელიკური ეკლესიის ერთმა ეპისკოპოსმა იკითხა: „დიდებულო ღმერთო, რატომ უნდა მომხდარიყო ეს?“. თვითონ ეპისკოპოსმა ამ კითხვას პასუხი ვერ გასცა.
მსგავსი შემთხვევებიდან ჩანს, რომ, როდესაც უდანაშაულოები იტანჯებიან ისე, რომ ვერ გებულობენ მიზეზს, ზოგჯერ ბოროტდებიან. სწორედ ამ დროს დაგვეხმარება ბიბლია, რადგან ის გვიხსნის, რატომ ხდებიან უდანაშაულოები ბოროტებისა და ტანჯვა-წამების მსხვერპლი.
დედამიწისა და ყოველივე მასზე არსებულის შექმნისას იეჰოვა ღმერთის განზრახვაში არ შედიოდა ის, რომ კაცობრიობა ბოროტებისა და ტანჯვა-წამების მსხვერპლი ყოფილიყო. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ ამაში? იმიტომ რომ, როდესაც დაასრულა თავისი შემოქმედებითი საქმიანობა, „დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31). შეეკითხეთ საკუთარ თავს: «ვიტყოდი რაიმე ცუდზე „ძალიან კარგიას“?». რა თქმა უნდა, არა! მსგავსად ამისა, როდესაც ღმერთმა განაცხადა, რომ ყოველივე „ძალიან კარგი“ იყო, დედამიწაზე ბოროტების ნატამალიც არ არსებობდა. მაშ, როდის და როგორ გაჩნდა ბოროტება?
მალე მას შემდეგ, რაც ღმერთმა ჩვენი წინაპრები, ადამი და ევა, შექმნა, ერთ-ერთი ძლიერი სულიერი ქმნილება ევას დაელაპარაკა და ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას სამართლიანობა და კანონიერი უფლება უზენაეს ხელისუფლებაზე (დაბადება 3:1—5). ეს ქმნილება, სატანა ეშმაკი, მოგვიანებით ამტკიცებდა, რომ ადამიანები გაჭირვების დროს ღვთის ერთგულები არ დარჩებოდნენ (იობი 2:1—5). როგორ იმოქმედა ასეთ სიტუაციაში იეჰოვამ? მან დაუშვა გარკვეული დროის გასვლა, რათა ცხადი გამხდარიყო, რომ ადამიანს არ შეუძლია მისგან დამოუკიდებლად თავისი ნაბიჯების წარმატებით მართვა (იერემია 10:23). როდესაც ადამიანები ღვთის კანონებისა და პრინციპების საწინააღმდეგოდ იქცევიან, შედეგი ცოდვაა, ცოდვას კი მრავალი ზიანი მოაქვს (ეკლესიასტე 8:9; 1 იოანე 3:4). მაგრამ იეჰოვამ იცოდა, რომ, მიუხედავად ამ არაკეთილსასურველი მდგომარეობისა, ზოგი მისადმი უმწიკვლოებას მაინც შეინარჩუნებდა.
ედემის ბაღში მომხდარი იმ საშინელი აჯანყებიდან დაახლოებით 6 000 წელი გავიდა. ძალიან დიდი დროა? იეჰოვას შეეძლო სატანა და მისი მომხრეები საუკუნეების წინათ გაენადგურებინა. მაგრამ ნუთუ უკეთესი არ არის, რომ იცდის, სანამ მისი უზენაესი ხელისუფლების სამართლიანობასა და ადამიანების ერთგულებასთან დაკავშირებული ყველანაირი ეჭვი არ გაიფანტება? განა დღევანდელ სასამართლო სისტემებში წლებს არ ანდომებენ ზოგ სასამართლო საქმეს, რომ გაირკვეს, ვინ არის მართალი და ვინ არა?
თუ გავითვალისწინებთ იმ საკამათო საკითხების მნიშვნელოვნებას, რომელთა წინაშეც იეჰოვა და კაცობრიობა აღმოჩნდნენ, — საკითხისა, რომელიც უზენაეს ხელისუფლებასა და ადამიანის ერთგულებას ეხება, — რა გონივრული იყო, რომ ღმერთმა საჭიროდ ჩათვალა დროის გასვლა! ახლა ნათლად ვხედავთ, რა მოჰყვება ადამიანის მიერ ღვთის კანონების უგულებელყოფასა და საკუთარ ძალაზე დანდობას. შედეგი ფართოდ გავრცელებული ბოროტებაა. სწორედ ამიტომ იტანჯება დღეს ამდენი უდანაშაულო ადამიანი.
მაგრამ, საბედნიეროდ, ღვთის სიტყვა გვატყობინებს, რომ ბოროტება მარადიულად არ იარსებებს. მალე იეჰოვა ბოლოს მოუღებს ბოროტებასა და ბოროტმოქმედებს. „ურჯულოები, — ნათქვამია იგავნის 2:22-ში, — ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან“. მეორე მხრივ, ღვთის ერთგულებს ელით დრო, — რომელიც უკვე ძალიან ახლოს არის — როდესაც „აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება“ (გამოცხადება 21:4).
მაშასადამე, ბიბლია ნათლად გვიხსნის უდანაშაულოების ტანჯვის მიზეზს. ამასთანავე, გვარწმუნებს, რომ ბოროტებასა და ტანჯვას მალე ბოლო მოეღება. მაგრამ დღევანდელი გაჭირვების გამო პასუხი გვესაჭიროება მეორე ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე.
რა არის სიცოცხლის მიზანი?
დღეს, ალბათ, ისე როგორც არასდროს კაცობრიობის ისტორიაში, ადამიანი სიცოცხლის აზრის გაგებას ცდილობს. ბევრი ეკითხება საკუთარ თავს: „რატომ ვცოცხლობ? როგორ ვიპოვო სიცოცხლის აზრი?“. ეს კითხვები მათ სხვადასხვა მდგომარეობის გამო უჩნდებათ.
ადამიანს შეიძლება რაღაც უბედურმა შემთხვევამ გაუმწაროს სიცოცხლე. მაგალითად, 1998 წლის დასაწყისში ბავარიაში (გერმანია) მცხოვრები 12 წლის გოგონა მოიტაცეს და მოკლეს. ერთი წლის შემდეგ დედამისმა აღიარა, რომ ყოველდღე ცდილობს სიცოცხლის აზრის პოვნას, მაგრამ უშედეგოდ. ზოგი ახალგაზრდაც ფიქრობს იმაზე, თუ რა არის სიცოცხლის აზრი. ისინი ეძებენ უსაფრთხოებას და სურთ იგრძნონ, რომ ვიღაცას სჭირდებიან, მაგრამ ფართოდ გავრცელებული პირმოთნეობისა და მექრთამეობის გამო იმედი უცრუვდებათ. სხვები ცხოვრებაში მთავარ ადგილს კარიერას უთმობენ, მაგრამ შემდეგ ხედავენ, რომ ძალაუფლება, პრესტიჟი და სიმდიდრე ვერ აკმაყოფილებს მათს შინაგან მოთხოვნილებას — იპოვონ სიცოცხლის აზრი.
რამაც უნდა აღძრას ადამიანი იმის საკითხავად, თუ რა არის სიცოცხლის აზრი, ეს კითხვა სერიოზულ და დამაკმაყოფილებელ პასუხს მოითხოვს. ბიბლია ამ მხრივაც დიდად გვეხმარება. ის განზრახვის მქონე ღმერთს უწოდებს იეჰოვას, რომელიც საფუძვლიანი მიზეზის გარეშე არაფერს აკეთებს. ააშენებდით სახლს უმიზეზოდ? ალბათ, არა, რადგან სახლის აშენება უზარმაზარ ფულად სახსრებს საჭიროებს და შეიძლება თვეების ან წლების განმავლობაში გაგრძელდეს. სახლს იმისთვის აშენებთ, რომ თქვენ ან ვინმე სხვამ იცხოვროს მასში. იგივეა იეჰოვას შემთხვევაშიც. მას დედამიწა და მასზე არსებული ყოველი ცოცხალი ქმნილება უმიზეზოდ და უმიზნოდ არ შეუქმნია (შეადარეთ ებრაელთა 3:4). რა აქვს მას განზრახული დედამიწასთან დაკავშირებით?
ესაიას წინასწარმეტყველებაში იეჰოვას ეწოდება ჭეშმარიტი „ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა“. „მან დაამყარა იგი [დედამიწა], საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა“ (ესაია 45:18). დიახ, დედამიწის შექმნიდანვე იეჰოვას მისი დასახლება ჰქონდა განზრახული. ფსალმუნის 113:24-ში ნათქვამია: „ცა — ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ“. ამგვარად, ბიბლია გვიჩვენებს, რომ იეჰოვამ დედამიწა იმისთვის შექმნა, რომ მორჩილი ადამიანებით დაესახლებინა, რომლებიც მოუვლიდნენ მას (დაბადება 1:27, 28).
შეაცვლევინა ადამისა და ევას აჯანყებამ იეჰოვას თავისი განზრახვა? არა. რატომ ვართ ამაში ასე დარწმუნებული? განვიხილოთ შემდეგი: ბიბლია ედემში მომხდარი აჯანყებიდან ათასწლეულების შემდეგ დაიწერა. თუ ღმერთმა შეიცვალა თავდაპირველი განზრახვა, რატომ არ არის ბიბლიაში ეს მოხსენიებული? პასუხი ნათელია — მისი განზრახვა დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
უფრო მეტიც, იეჰოვას განზრახვა არასოდეს რჩება შეუსრულებელი. ღმერთი ესაიას საშუალებით გვარწმუნებს: „როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან არ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს, ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე“ (ესაია 55:10, 11).
რას მოელის ღმერთი ჩვენგან
ამგვარად, ცხადია, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღვთის განზრახვა — დედამიწა მარადიულად მცხოვრები მორჩილი ადამიანებით დაასახლოს — შესრულდება. მათ შორის რომ ვიყოთ, ვისაც დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემა, ის უნდა ვაკეთოთ, რაც ბრძენმა მეფე სოლომონმა თქვა: „ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი“ (ეკლესიასტე 12:13; იოანე 17:3).
კაცობრიობასთან დაკავშირებულ იეჰოვას განზრახვასთან შეთანხმებულად რომ ვიცხოვროთ, საჭიროა შევიცნოთ ჭეშმარიტი ღმერთი და დავემორჩილოთ საღვთო წერილში მოცემულ მის მოთხოვნებს. თუ ახლა ვაკეთებთ ამას, შეგვიძლია გვქონდეს დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედი, სადაც არასოდეს შევწყვეტთ ღვთისა და მისი მშვენიერი შემოქმედების შესახებ რაიმე ახლის გაგებას. რა დიდებული იმედია!
ბევრი, ვინც სიცოცხლის აზრს ეძებს, ბიბლიას მიმართავს და უკვე ახლა დიდ ბედნიერებას იძენს. მაგალითად, ახალგაზრდა ალფრედი ვერ პოულობდა სიცოცხლის აზრს. ომში რელიგიის ჩარევამ ზიზღის გრძნობა განუვითარა; გულს სტკენდა პოლიტიკოსთა პირმოთნეობა და კორუფცია. ალფრედი ჩრდილო ამერიკელ ინდიელებს ეწვია იმ იმედით, რომ გაიგებდა, რა იყო სიცოცხლის აზრი, მაგრამ ევროპაში იმედგაცრუებული დაბრუნდა. გულგატეხილმა, ნარკოტიკებსა და თავაშვებულ მუსიკას მიჰყო ხელი. მაგრამ მოგვიანებით ბიბლიის რეგულარულმა და გულმოდგინე გამოკვლევამ ალფრედს სიცოცხლის ნამდვილი აზრი დაანახვა და კმაყოფილების გრძნობა შესძინა.
სანდო სინათლე ჩვენი ბილიკებისთვის
მაშ, რა შეგვიძლია დავასკვნათ ბიბლიასთან დაკავშირებით? აქტუალურია ის დღეს? რასაკვირველია, დიახ, ვინაიდან ის უზრუნველგვყოფს ხელმძღვანელობით დღეს აქტუალურ საკითხებში. ბიბლია გვიხსნის, რომ ღმერთი არ არის ბოროტების მიზეზი და გვეხმარება სიცოცხლის დამაკმაყოფილებელი მიზნის პოვნაში. გარდა ამისა, ბიბლიას შეუძლია კიდევ ბევრი რამ გვითხრას დღეს სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ღვთის სიტყვაში ლაპარაკია ისეთ თემებზეც, როგორიც არის: ქორწინება, ბავშვის აღზრდა, ადამიანთა ურთიერთობები და იმედი მიცვალებულთათვის.
თუ აქამდე არ გაგიკეთებიათ ეს, გირჩევთ, უფრო კარგად გამოიკვლიოთ ბიბლია. თქვენ დაინახავთ, რა ძვირფასი სახელმძღვანელოა ის ცხოვრებაში, და იმავეს იგრძნობთ, რასაც ფსალმუნმომღერალი გრძნობდა, რომელიც იეჰოვასგან მოელოდა ხელმძღვანელობას და მღეროდა: „ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე — ჩემი ბილიკისათვის“ (ფსალმუნი 118:105).
[სურათი 6 გვერდზე]
იცით, რატომ უშვებს ღმერთი უდანაშაულოთა ტანჯვას?
[სურათი 7 გვერდზე]
თქვენ შეგიძლიათ აზრით აღსავსე სიცოცხლით გაიხაროთ.