ბიოგრაფია
იეჰოვასადმი მსახურებისთვის უბრალოდ ცხოვრება
მოგვითხრო კლარა გერბერ-მოიერმა
92 წლის ვარ, ძლივძლივობით დავდივარ, მაგრამ ჯერ კიდევ ნათელი გონება და კარგი მეხსიერება მაქვს. დიდად მადლიერი ვარ, ბავშვობიდანვე იეჰოვასადმი მსახურების უპირატესობა რომ მქონდა! უბრალოდ ცხოვრებამ დიდად შეუწყო ხელი ამ განძს.
დავიბადე 1907 წლის 18 აგვისტოს ალიანსში (ოჰაიო, აშშ). ხუთი დედმამიშვილიდან ოჯახში უფროსი მე გახლდით. რვა წლის ვიყავი, როდესაც ერთმა სრული დროით მსახურმა ბიბლიის მკვლევარმა (ასე ერქვათ იეჰოვას მოწმეებს მაშინ) ველოსიპედით შემოიარა ჩვენს მერძევეობის ფერმაზე. ის დედაჩემს, ლორა გერბერს, კართან შეხვდა და შეეკითხა, იცოდა თუ არა, რატომ არსებობდა ბოროტება. დედას ეს საკითხი ყოველთვის აინტერესებდა.
მამასთან მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც ბეღელთან იყო, დედამ „საღვთო წერილის გამოკვლევის“ (ინგლ.) ექვსი ტომის კომპლექტი შეუკვეთა. მან დიდი ინტერესით წაიკითხა ეს წიგნები და სულით ხორცამდე შეძრა ბიბლიურმა ჭეშმარიტებებმა. მან შეისწავლა მეექვსე ტომი, სათაურით „ახალი ქმნილება“ და ნათლად დაინახა წყალში სრული ჩაძირვით ქრისტიანული მონათვლის აუცილებლობა. რადგან არ იცოდა, როგორ დაკავშირებოდა ბიბლიის მკვლევარებს, მამას სთხოვა, მოენათლა ჩვენს ფერმაზე, პატარა მდინარეში, მიუხედავად იმისა, რომ 1916 წლის ცივი მარტი იდგა.
არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ დედამ გაზეთში ნახა განცხადება მოხსენების შესახებ, რომელსაც ალიანსის ერთ-ერთ დარბაზში წაიკითხავდნენ. მოხსენების სათაური იყო „ღვთის გეგმა საუკუნეების მანძილზე“. დედა მაშინვე გამოეხმაურა ამ განცხადებას, რადგან „საღვთო წერილის გამოკვლევის“ პირველი ტომის სახელწოდება სწორედ ეს იყო. საზიდარში ცხენი შევაბით და მთელი ოჯახი წავედით პირველ შეხვედრაზე. მას შემდეგ შეხვედრებს ძმების სახლებში ვესწრებოდით კვირა და ოთხშაბათ საღამოობით. მალე დედა კვლავ მოინათლა ქრისტიანული კრების წარმომადგენელი ძმის მიერ. მამა, რომელიც ყოველთვის ფერმის საქმეებით იყო დაკავებული, საბოლოოდ, დაინტერესდა ბიბლიის შესწავლით და რამდენიმე წლის შემდეგ ისიც მოინათლა.
შეხვედრები ხელმძღვანელ ძმებთან
1917 წლის 10 ივნისს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელი პრეზიდენტი ჯ. რუტერფორდი ესტუმრა ალიანსს, რათა ესაუბრა თემაზე „რატომ ომობენ ერები?“. მაშინ ცხრა წლის ვიყავი და მშობლებთან და ორ ძმასთან, ვილისთან და ჩარლზთან, ერთად ვიყავი ამ შეხვედრაზე, რომელსაც ასზე მეტი შესანიშნავი მსმენელი ესწრებოდა. ძმა რუტერფორდის მოხსენების შემდეგ დამსწრეთა უმეტესობამ თეატრ „კოლუმბიასთან“, რომელშიც მოხსენება წარმოითქვა, სურათი გადავიღეთ. მომდევნო კვირას ამავე ადგილას წაიკითხა ა. მაკმილანმა მოხსენება თემაზე „ღვთის მომავალი სამეფო“. ჩვენს პატარა ქალაქში ამ ძმების სტუმრობა დიდი პატივი იყო.
დაუვიწყარი პირველი კონგრესები
პირველად 1918 წელს დავესწარი კონგრესს ატვოტერში (ოჰაიო), რომელიც ალიანსიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა. იქ დედაჩემი შეეკითხა საზოგადოების წარმომადგენელს, შეიძლებოდა თუ არა ჩემს ასაკში მონათვლა. მე ვგრძნობდი, რომ სათანადოდ მივუძღვენი თავი ღმერთს, რათა შემესრულებინა მისი ნება, ასე რომ, უფლება მომცეს, მოვნათლულიყავი იმ დღეს ვაშლის დიდი ხილნარის ახლოს პატარა მდინარეში. გამოვიცვალე ტანსაცმელი ძმების მიერ სპეციალურად ამისთვის აღმართულ კარავში და მოვინათლე ძველი და, ამავე დროს, სქელი ღამის პერანგით.
1919 წლის სექტემბერში მე და ჩემი მშობლები მატარებლით გავემგზავრეთ სანდასკში (ოჰაიო), ერის ტბაზე. აქ გემზე ავედით და სულ მოკლე ხანში შევედით სიდარ-პოინტში, სადაც ჩვენთვის დაუვიწყარი კონგრესი უნდა ჩატარებულიყო. გემიდან ჩამოსვლის შემდეგ ნავსაშენში წავიხემსეთ. მე ჰამბურგერი შემხვდა, რომელიც იმ დროისთვის ჩემთვის ნამდვილი ფუფუნება იყო. ო, რა გემრიელი იყო! ჩვენს რვადღიან კონგრესზე დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი 7 000-სს შეადგენდა. ხმის გამაძლიერებელი სისტემა არ იყო, ამიტომ დიდი ყურადღებით უნდა მესმინა.
ამ კონგრესზე „საგუშაგო კოშკის“ თანმხლები ჟურნალის „ოქროს ხანა“ (ახლა „გამოიღვიძეთ!“) გამოცემა გამოცხადდა. კონგრესზე დასასწრებად სკოლაში სწავლის დაწყების პირველი კვირა გავაცდინე, მაგრამ ნამდვილად ღირდა ამად. სიდარ-პოინტი კურორტული ადგილი იყო და რესტორანში ჰყავდათ მზარეულები, რომლებიც დელეგატებისთვის საჭმელს ამზადებდნენ. მაგრამ რაღაც მიზეზის გამო მზარეულებმა და ოფიციანტებმა მომსახურებაზე უარი განაცხადეს, ამიტომ ძმები, რომლებსაც საჭმლის მომზადება ეხერხებოდათ, საქმეს შეუდგნენ. მას შემდეგ ათწლეულების მანძილზე იეჰოვას ხალხი თვითონ ამზადებდა საჭმელს სარაიონო და საოლქო კონგრესის დელეგატებისთვის.
1922 წლის სექტემბერში კვლავ მოგვეცა შესაძლებლობა, ვწვეოდით სიდარ-პოინტს ცხრადღიან კონგრესზე, სადაც დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმაც 18 000-სს გადააჭარბა. სწორედ აქ მოგვიწოდა ძმა რუტერფორდმა: „აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ“. მაგრამ მე მსახურება ტრაქტატებისა და ჟურნალ „ოქროს ხანის“ გავრცელებით უკვე რამდენიმე წლით ადრე მქონდა დაწყებული.
მსახურების დაფასება
1918 წლის დამდეგს მონაწილეობა მივიღე მეზობელ ფერმებზე ტრაქტატის, „ბაბილონის დაცემა“, გავრცელებაში. რადგან ციოდა, სახლში შეშის ღუმელზე ტალკს ვაცხელებდით და საზიდარში ვდებდით, ფეხები რომ არ გაგვყინვოდა. ძალიან სქელ პალტოებს ვიცვამდით და სქელ ქუდებს ვიხურავდით, რადგან, თუმცა, საზიდარი გადახურული იყო, შიგ არანაირი გასათბობი საშუალება არ გვქონდა. მიუხედავად ყველაფრისა ეს ბედნიერი დრო იყო.
1920 წელს მომზადდა ჟურნალის ფორმის სპეციალური გამოცემა „დასრულებული საიდუმლო“, რომელსაც „ZG“-ს უწოდებდნენa. მე და ჩემმა მშობლებმა ალიანსში დავიწყეთ ამ პუბლიკაციის გავრცელება. იმ დღეებში ყველა მარტო დადიოდა კარდაკარ, ამიტომ, ცოტა არ იყოს, შიშით ავედი ერთ აივანზე, სადაც რამდენიმე ადამიანი იჯდა. ჩემი შესავლის შემდეგ ერთმა მანდილოსანმა თქვა, რა მშვენიერი პატარა მოხსენება წაგვიკითხაო, და პუბლიკაცია გამომართვა. იმ დღეს „ZG“-ს 13 ეგზემპლარი გავავრცელე და პირველად გამოვიყენე შედარებით გრძელი ოფიციალური შესავლები კარდაკარ მსახურებისას.
მეცხრე კლასში რომ ვიყავი, დედას ფილტვების ანთება დაემართა და თვეზე მეტხანს ლოგინად ჩავარდა. ჩემი უმცროსი და, ჰეიზელი, ჯერ პატარა იყო, ამიტომ სკოლა მივატოვე, რომ ფერმის საქმეებსა და ბავშვების მოვლაში მივხმარებოდი მშობლებს. მიუხედავად ამისა, ჩვენი ოჯახი ბიბლიურ ჭეშმარიტებას სერიოზულად ეკიდებოდა, ამიტომ რეგულარულად ვესწრებოდით კრების ყველა შეხვედრას.
1928 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დამსწრეებს ტრაქტატი „ცხრანი სადღა არიან?“ დაგვირიგდა. მასში განხილული იყო ლუკას 17:11—19, სადაც ბიბლია ამბობს, რომ ათიდან მხოლოდ ერთმა განწმენდილმა კეთროვანმა თავმდაბლად გადაუხადა იესოს მადლობა სასწაულებრივად განკურნებისთვის. ეს ჩემს გულს შეეხო და საკუთარ თავს ვკითხე: „მე რამდენად მადლიერი ვარ?“.
რადგან სახლში ახლა უკვე ყველაფერი გვარდებოდა და რადგან ჯანმრთელი ვიყავი და ხელსაც არაფერი მიშლიდა, გადავწყვიტე, დამეტოვებინა სახლი და დამეწყო პიონერული, ანუ სრული დროით, მსახურება. მშობლებმა ეს გადაწყვეტილება მომიწონეს. ასე რომ, მე და ჩემმა მეგობარმა, აგნეს ალეტამ, დანიშნულება მივიღეთ და 1928 წლის 28 აგვისტოს საღამოს ცხრა საათზე ავედით მატარებელში. ორივეს თითო ჩემოდანი და თითო ბიბლიური ლიტერატურის სატარებელი ზურგჩანთა გვქონდა. სადგურზე ჩემი დები და მშობლები ტიროდნენ; იმავე დღეში ვიყავით ჩვენც. მეგონა, ვეღარასოდეს ვნახავდი მათ, რადგან გვჯეროდა, რომ არმაგედონი ახლოს იყო. მეორე დილას ჩვენი დანიშნულების ადგილზე, ბრუკსვილში, ჩავედით (კენტუკი).
პანსიონში დავიქირავეთ პატარა ოთახი, მოვიმარაგეთ სპაგეტი და სენდვიჩებიც გავიკეთეთ. ყოველდღე სხვადასხვა მიმართულებით მივდიოდით; მარტოები ვქადაგებდით და ვთავაზობდით მობინადრეებს ხუთ აკინძულ წიგნს 1,98 ამერიკული დოლარის ოდენობის შესაწირავზე. თანდათანობით მთელი ქალაქი შემოვიარეთ; შევხვდით ბევრ ადამიანს, რომლებიც საკმაოდ დაინტერესებული იყვნენ ბიბლიით.
დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ბრუკსვილსა და მის შემოგარენში, აგრეთვე ოგასტაში ყველასთან მივედით. ასე რომ, მსახურება მეიზვილში, პარიზსა და რიჩმონდში გავნაგრძეთ. მომდევნო სამი წლის განმავლობაში კენტუკის ბევრ რაიონში ვიქადაგეთ, სადაც არც ერთი კრება არ იყო. ხშირად გვეხმარებოდნენ მეგობრები და ოჯახის წევრები ოჰაიოდან, რომლებიც ერთი კვირით ან უფრო მეტი ხნით ჩამოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან და მსახურებაში გვიერთდებოდნენ.
სხვა დაუვიწყარი კონგრესები
1931 წლის 24—30 ივლისს კოლუმბუსში (ოჰაიო) ჩატარებული კონგრესი ნამდვილად დაუვიწყარი იყო. სწორედ ამ კონგრესზე გამოცხადდა, რომ უნდა მიგვეღო ბიბლიაზე დაფუძნებული სახელი — იეჰოვას მოწმეები (ესაია 43:12). მანამდე, როდესაც გვეკითხებოდნენ, რომელ რელიგიას მიეკუთვნებითო, ვეუბნებოდით, რომ „ბიბლიის საერთაშორისო მკვლევარები“ ვიყავით. მაგრამ ეს, სინამდვილეში, მთლად კარგად არ გვანსხვავებდა სხვებისგან, რადგან ზოგ სხვა რელიგიურ ჯგუფსაც ჰყავდა ბიბლიის მკვლევარები.
ჩემი თანამშრომელი აგნესი გათხოვდა და მარტო დავრჩი; ამიტომ გულმა ფანცქალი დამიწყო, როდესაც გამოაცხადეს, რომ, ვინც ეძებდა პიონერ თანამშრომელს, უნდა გამოცხადებულიყო გარკვეულ ადგილზე. იქ შევხვდი ბერთა და ელსი გარტიებს და ბესი ენსმინგერს. მათ ორი ავტომობილი ჰყავდათ და მეოთხე პიონერ დას ეძებდნენ თანამშრომლობისთვის. კონგრესიდან ერთად წავედით, თუმცა მანამდე ერთმანეთს არ ვიცნობდით.
ზაფხულში მთელ პენსილვანიის შტატში ვქადაგებდით. მერე, როცა ზამთარი დადგა, ვითხოვეთ, რომ შედარებით თბილ სამხრეთ შტატებში — ჩრდილოეთი კაროლინაში, ვირჯინიასა და მერილენდში — დავენიშნეთ. გაზაფხულზე კვლავ ჩრდილოეთში დავბრუნდით. ასე მოქმედებდნენ მაშინ პიონერები. 1934 წელს ჯონ ბუთმა და რუდოლფ აბულმა, რომლებიც იგივენაირად იქცეოდნენ, რალფ მოიერი და მისი უმცროსი ძმა, უილარდი, ჰაზარდში (კენტუკი) წაიყვანეს.
რალფი რამდენჯერმე მყავდა ნანახი, მაგრამ ერთმანეთი უფრო კარგად გავიცანით ვაშინგტონში გამართულ დიდ კონგრესზე, რომელიც 1935 წლის 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ტარდებოდა. მე და რალფი ერთად ვისხედით, როდესაც წაიკითხეს მოხსენება „უამრავ ხალხზე“ (გამოცხადება 7:9—14). მანამდე გვწამდა, რომ უამრავი ხალხის წარმომადგენლები ზეციური კლასის ის წევრები იყვნენ, რომლებიც 144 000-ზე ნაკლებ ერთგულებას იჩენდნენ (გამოცხადება 14:1—3). ამიტომ არ მინდოდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ვყოფილიყავი!
როდესაც ძმა რუტერფორდმა ახსნა, რომ ეს უამრავი ხალხი ერთგული არმაგედონგადატანილთა კლასი იყო, რომელთაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი ჰქონდათ, ბევრს გაუკვირდა. შემდეგ მან აუდიტორიას თხოვნით მიმართა, ვინც უამრავი ხალხის ნაწილად თვლიდა თავს, ამდგარიყო. მე არ ავდექი, რალფი კი ადგა. მოგვიანებით ჩემთვის უფრო ნათელი გახდა ეს საკითხი და 1935 წლის ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე უკანასკნელად მივიღე სიმბოლოები: პური და ღვინო. მაგრამ დედაჩემი აგრძელებდა სიმბოლოების მიღებას სიკვდილამდე, 1957 წლის ნოემბრამდე.
მუდმივი თანამშრომელი
მე და რალფს მიწერ-მოწერა გვქონდა. მე ვმსახურობდი ლეიკ-პლასიდში (ნიუ-იორკი), ის კი — პენსილვანიაში. 1936 წელს მან თავისი ავტომობილისთვის პატარა მისაბმელი ვაგონი გააკეთა და პოტსტაუნიდან (პენსილვანია) ნიუარკში (ნიუ-ჯერზი) ჩავიდა 16—18 ოქტომბერს გამართულ კონგრესზე დასასწრებად. ერთ საღამოს, კონგრესის პროგრამის შემდეგ, რამდენიმე პიონერი წავედით რალფის ავტომობილის ახალი მისაბმელის სანახავად. მე და ის მისაბმელში პატარა ბაკანთან ვიდექით, როდესაც მკითხა: „მოგწონს ეს მისაბმელი?“.
თავი რომ დავუკარი, ისევ მკითხა: „გინდა აქ იცხოვრო?“.
„კი“, — ვუპასუხე მე და მან ნაზად მაკოცა, რაც არასოდეს დამავიწყდება. ორიოდე დღის შემდეგ დაქორწინება გადავწყვიტეთ. 19 ოქტომბერს, კონგრესის დამთავრებიდან მომდევნო დღეს, ბრუკლინში წავედით და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ სტამბა დავათვალიერეთ. შემდეგ ვთხოვეთ, სადმე დავენიშნეთ. მაშინ ტერიტორიის განაწილებას გრანტ სუიტერი ხელმძღვანელობდა; მან გვკითხა, ვინ დაამუშავებდა ამ ტერიტორიას. რალფმა უთხრა: „ჩვენ, თუკი დაქორწინება შეგვიძლია“.
„საღამოს ხუთ საათზე მოდით და ამ საქმეს მოვაგვარებთ“, — გვითხრა ძმა სუიტერმა. ასე რომ, იმ საღამოს დავქორწინდით ერთი მოწმის სახლში, ბრუკლინის მახლობლად. ადგილობრივ რესტორანში რამდენიმე მეგობართან ერთად ვივახშმეთ და შემდეგ რალფის ავტომობილით ნიუარკში (ნიუ-ჯერზი) გავემგზავრეთ.
ცოტა ხანში გადავედით ჰითსვილში (ვირჯინია), სადაც ერთად გვქონდა პირველი პიონერული დანიშნულება. ჯერ ნორთუმბერლენდის რაიონში ვმსახურობდით, შემდეგ კი ფულტონისა და ფრანკლინის რაიონებში (პენსილვანია) გადავედით. 1939 წელს რალფი ზონალურ საქმიანობაზე მიიწვიეს: რიგრიგობით უნდა მოგვენახულებინა ბევრი კრება. ჩვენ ტენესის შტატის კრებებში ვმსახურობდით. მომდევნო წელს ვაჟი, ალენი, შეგვეძინა და 1941 წელს ზონალური საქმიანობა შევწყვიტეთ, რის შემდეგაც სპეციალურ პიონერებად დაგვნიშნეს მარიონში (ვირჯინია). ეს მაშინ თვეში 200-საათიან მსახურებას ნიშნავდა.
ცვლილებები
1943 წელს იძულებული ვიყავი, შემეწყვიტა სპეციალური პიონერული მსახურება. პატარა მისაბმელში ცხოვრება, თოთო ბავშვის მოვლა, საჭმლის მომზადება, სარეცხის რეცხვა და თვეში დაახლოებით 60 საათი მსახურება — ეს იყო ყველაფერი, რის გაკეთებაც შემეძლო. მაგრამ რალფი აგრძელებდა სპეციალურ პიონერულ მსახურებას.
1945 წელს დავბრუნდით ალიანსში (ოჰაიო), გავყიდეთ მისაბმელი, რომელშიც ცხრა წელი ვიცხოვრეთ, და გადავედით ჩემს მშობლებთან ფერმაზე არსებულ სახლში საცხოვრებლად. სწორედ იქ, წინა აივანზე, დაიბადა ჩვენი ქალიშვილი, რებეკა. რალფმა ქალაქში არასრული განაკვეთით სამუშაო იშოვა და (სრული დროით) პიონერული მსახურება განაგრძო. მე ფერმაზე ვმუშაობდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო, მას რომ პიონერული მსახურების გაგრძელება შეძლებოდა. თუმცა ჩემმა ოჯახმა მიწის ნაკვეთი და სახლი შემოგვთავაზა, მაგრამ რალფმა უარი თქვა. მას უნდოდა, არაფერს შეეშალა ხელი ჩვენთვის, რათა სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად უფრო სრულად მსახურება შეგვძლებოდა.
1950 წელს გადავსახლდით პოტსტაუნში (პენსილვანია) და თვეში 25 ამერიკულ დოლარად ვიქირავეთ სახლი. მომდევნო 30 წლის მანძილზე ეს ქირა სულ 75 ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. ვგრძნობდით, რომ იეჰოვა გვეხმარებოდა, კვლავაც უბრალოდ გვეცხოვრა (მათე 6:31—33). რალფი კვირაში სამ დღეს მუშაობდა დალაქად. ყოველკვირეულად გვქონდა ბიბლიის შესწავლა ჩვენს ორ შვილთან ერთად, ვესწრებოდით კრების შეხვედრებს და მთელი ოჯახით ვქადაგებდით კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ. რალფი ადგილობრივ კრებაში თავმჯდომარე ზედამხედველად მსახურობდა. რადგან უბრალოდ ვცხოვრობდით, შეგვეძლო იეჰოვასადმი მსახურებაში ბევრი გაგვეკეთებინა.
საყვარელი მეუღლის დაკარგვა
1981 წლის 17 მაისს სამეფო დარბაზში ვისხედით და საჯარო მოხსენებას ვუსმენდით. რალფი თავს ცუდად გრძნობდა და დარბაზის ბოლოში იდგა. მან ერთი დამსწრის პირით შემომითვალა, რომ სახლში მიდიოდა. ეს რალფის მხრიდან ისეთი უჩვეულო რამ იყო, რომ ვიღაცას ვთხოვე, მაშინვე წავეყვანე სახლში. რალფს ძლიერი შეტევა ჰქონდა და ერთ საათში დაიღუპა. იმ დილით, „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის დამთავრების შემდეგ, კრებას გამოუცხადეს, რომ რალფი გარდაიცვალა.
იმ თვეს რალფს უკვე 50 საათზე მეტი ჰქონდა მსახურებაში გატარებული. მან სრული დროით პიონერად 46 წელზე მეტი იმსახურა; ასზე მეტ ადამიანთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა, რომლებიც, საბოლოოდ, იეჰოვას მონათლული მოწმეები გახდნენ. ის სულიერი კურთხევები, რომლებიც წილად გვხვდა, ნამდვილად ღირდა იმ მსხვერპლად, რაც წლების მანძილზე გავიღეთ.
მადლიერება უპირატესობებისთვის
ბოლო 18 წელია მარტო ვცხოვრობ, ვესწრები შეხვედრებს, ვქადაგებ, როგორც შემიძლია, და ვსწავლობ ღვთის სიტყვას. ახლა მოხუცებულთა სახლში ვცხოვრობ. სულ რამდენიმე ავეჯის ნაჭერი მაქვს; ვარჩიე, ტელევიზორი არ მქონდეს; ჩემი ცხოვრება სულიერად მდიდარია. ჩემი მშობლები და ორი ძმა სიკვდილამდე ერთგულები იყვნენ, ორი და კი კვლავაც ერთგულად მისდევს ჭეშმარიტებას.
მიხარია, რომ ჩემი შვილი, ალენი, ქრისტიან უხუცესად მსახურობს. მრავალი წლის მანძილზე მას სამეფო და საკონგრესო დარბაზებში ხმის გამაძლიერებელი სისტემები გაჰყავდა, ამავე საქმეს ემსახურება ზაფხულის კონგრესებზეც. მისი მეუღლე ღვთის ერთგული მსახურია და მათი ორი ვაჟიც უხუცესია. ჩემმა გოგომ, რებეკა კარესმა, 35 წელზე მეტი გაატარა სრული დროით მსახურებაში, აქედან ოთხი წელი ბრუკლინში არსებულ იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში იმსახურა. მან და მისმა ქმარმა ბოლო 25 წელი შეერთებული შტატების სხვადასხვა კუთხეში მიმოსვლით მსახურებაში გაატარეს.
იესომ თქვა, რომ სამეფო წააგავს დაფარულ განძს, რომლის პოვნაც შესაძლებელია (მათე 13:44). მე მადლიერი ვარ, რომ ჩემმა ოჯახმა ეს განძი ამდენი წლის წინათ იპოვა. დიდი უპირატესობაა, გაიხსენო იეჰოვასადმი ერთგულ მსახურებაში გატარებული 80 წელი — ისიც ყოველგვარი სინანულის გარეშე! თავიდან რომ შემძლებოდა ცხოვრების დაწყება, ისევ ისე ვიცხოვრებდი, რადგან ‘სიცოცხლეზე მეტია ღვთის წყალობა’ (ფსალმუნი 62:4).
[სქოლიო]
a „დასრულებული საიდუმლო“ იყო „საღვთო წერილის გამოკვლევის“ მეშვიდე ტომი. პირველი ექვსი ტომი ჩარლზ ტეიზ რასელის მიერ იყო დაწერილი. „დასრულებული საიდუმლო“ რასელის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.
[სურათი 23 გვერდზე]
1917 წელს ალიანსში (ოჰაიო) ძმა რუტერფორდის მოხსენება მოვისმინეთ.
[სურათი 23 გვერდზე]
მე და რალფი მის მიერ გაკეთებული მისაბმელის წინ.
[სურათი 24 გვერდზე]
მე და ჩემი ორი შვილი დღეს.